2 ივნისი წმინდა ნინოს მშობლების - წმინდა ზაბულონისა და სოსანას ხსენების დღეა
2 ივნისი წმინდა ნინოს მშობლების - წმინდა ზაბულონისა და სოსანას ხსენების დღეა
1996 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა განჩინება:

"სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ!
ქართველი ერის განმანათლებლის, წმიდა ნინოს მშობლები, ზაბულონ და სოსანა, ოდეს მძლავრობდა წარმართთა სარწმუნოება და მრავალნი ეწამებოდნენ ქრისტესთვის, იყვნენ დაუფარავი აღმსარებელნი ჭეშმარიტი ღმერთისა და ნათლისმცემელ მრავალთა, შემდგომად კი, დაუტევეს რა ყოველი მონაგები, შეუდგნენ ღმერთსა, ზაბულონ - უდაბნოსა შინა, ხოლო სოსანა - გლახაკთა მსახურებასა შინა.
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი განაჩინებს, რათა წმიდა ნინოს მშობლები მოციქულთა სწორის აღზრდისათვის და ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის შერაცხილ იქნენ წმიდანთა დასში და ეწოდოთ: ზაბულონს - ღირსი მამა ზაბულონი და სოსანას - ღირსი დედა სოსანა".მათი ხსენების დღედ დაწესდა 20 მაისი (2 ივნისი).

წმიდა ზაბულონი დაიბადა კაბადოკიაში დაახ. 280 წელს. წმიდა ზაბულონის მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაბადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით წმიდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილი იყო. როგორც წყაროები გვამცნობენ, წმიდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა "კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღვთისა სახელით ზაბულონი" და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური, მან მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა.

იმავე ხანებში ქალაქ კოლასტრაში (სხვა ვარიანტით კოლასეში) ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც ყავდა ქალ-ვაჟი. ვაჟის სახელი იყო იუბენალი, ხოლო ქალისა - სოსანა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ და-ძმა დარჩა ობლად, ამიტომ ადგნენ და საცხოვრებლად გადავიდნენ წმიდა ქალაქ იერუსალიმში.   მალე იუბენალმა მიიღო იკონომოსობა, ხოლო მისი და   სოსანა - მაცხოვრის საფლავის მომვლელ წარჩინებულ ქალს - სარა ბეთლემელს მორჩილებდა.

ზაბულონს თავი გამოუჩენია ბრანჯთა აჯანყების ჩახშობაში. ბრანჯები, რეინის ოლქში მცხოვრები საფრანგეთის ძველი მოსახლეობა იყო. ისინი აუმხედრდნენ რომაელებს და შეებრძოლნენ მათ პატალანის ველზე. და ღმერთმა გააძლიერა ჭაბუკი ზაბულონი, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, სძლია და განდევნა, მათი მეფე-მთავრები დაატყვევა და რომში მეფეს მიჰგვარა. მეფემ დატყვევებულებს სიკვდილი მიუსაჯა. სიკვდილმისჯილმა ფრანგებმა დაიწყეს ტირილი და ევედრებოდნენ ზაბულონს: "ჯერ უფლება მოგვეცი, რომ თქვენი სჯული მივიღოთ და მერე დაგვსაჯეთო". - ზაბულონმა დატყვევებულთა ეს თხოვნა მაშინვე აცნობა პატრიარქს და ყველანი მოანათლინა. შემდეგ ისინი შეიყვანეს ღვთის ტაძარში და ქრისტეს წმიდა  ხორცსა და სისხლს აზიარეს.

მეორე დღეს სიკვდილმისჯილთ სამკვდრო სამოსელი შეიმოსეს და წმიდა ნათლისღებით აღბეჭდილნი უშიშრად მოელოდნენ სიკვდილს. ზაბულონმა შეხედა მათ ცხვრებივით მოდრეკილ თავებს, ატირდა და  იმპერატორ მაქსიმიანესთან   შუამდგომლობით ისინი სიკვდილით დასჯისაგან გაათავისუფლა.

ბრანჯების თხოვნით ზაბულონი მათ სამშობლოში გაემართა და იქ ათი საერისთავო გააქრისტიანა. "და იყო მუნ ათ დღე. და აზიარნა ერნი იგი ყოველნი საიდუმლოსა ქრისტესსა, დაუტევნა მღდელნი და განუწესა ყოველი წესი ქრისტიანობისა". ზოგიერთი მკვლევარის აზრით, წმ. ნინოს ცხოვრებაში აღწერილ ზაბულონის სამისიონერო საქმიანობას რეალური ისტორიული საფუძველი უდევს.

სამშობლოში დიდძალი ძღვენით დაბრუნებულმა ზაბულონმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო, მოელოცა წმიდა ადგილები და თავისი სიმდიდრე იქაური გლახაკებისთვის დაერიგებინა. ასეც მოიქცა. იერუსალიმში დაუახლოვდა იუბენალს. სარა ბეთლემელის რჩევით პატრიარქმა თავისი და სოსანა ფრანგთა "მამასა და ემბაზს", "ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით სრულ" ზაბულონს   მიათხოვა.

წმიდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში - კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, იგი ერთადერთი შვილი იყო თავისი მშობლებისა, რომელსაც ისინი ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ.

"აღმზარდა მე დედამან ჩემმან წიაღთა შინა თჳსთა, მსახურებასა შინა გლახაკთასა და დღე და ღამე დაუცადებელად"-ამბობდა შემდგომში წმინდა ნინო. როცა წმინდა ნინო თორმეტი წლისა გახდა, მისმა მშობლებმა გაყიდეს ყოველივე, რაც ებადათ, წავიდნენ იერუსალიმს და გაუყვეს გლახაკებს. იერუსალიმში ზაბულონმა მიიღო კურთხევა პატრიარქისაგან და განეშორა მეუღლეს. დამშვიდობებისას თავისი ასული ნინო ჩაიკრა მკერდში, და აცრემლებულმა უთხრა:

"შენ მხოლოო ასულო ჩემო, ესე-რა დაგიტეობ ობლად ჩემგან და მიგათუალავ(მიგანდობ) შენ მამასა ზეცათასა და ყოველთა მზრდელსა ღმერთსა. რამეთუ იგი არს მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, ხოლო შენ მარიამ მაგდანელისა შური აღიღე(მიჰბაძე მათ)  ქრისტეს სიყუარულისათჳს და დათა მათ ლაზარესთა. და უკეთუ შენ ეგრეთ შეიყუარო იგი, ვითარცა მათ შეიყუარეს, მან ეგრეთვე მოგცეს შენ ყოველივე, რაცა ითხოვო მისგან". უთხრა ეს და მოეხვია უკანასკნელად.მერე კი  გადალახა იორდანე და მეუდაბნოე მამებს შეუერთდა. 

წმინდა ნინოს დედა  პატრიარქმა დიაკონისად აკურთხა და  უძლური და გლახაკი დედების მსახურად დაადგინა.


ზვიად მაისურაძის ფრესკა

ბეჭდვა
1კ1