ლოცვა მფარველი ანგელოზის მიმართ
წმინდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა.
უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმინდაო ანგელოზო ღვთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ხორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და რაოდენი ვსცოდე ღამესა ამას, დამიფარე მე დღეინდელსა დღესაცა ამას და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდგომთათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი და მეოხ-იყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.ნათლობის დროს ღმერთი ყოველ ქრისტიანს მფარველ ანგელოზს მიუვლენს, რომელიც უხილავად გვიცავს ყოველგვარი ბოროტებისგან, ამიტომ ჩვენც ყოველდღე უნდა შევთხოვოთ, დაგვიცვას, გაგვაძლიეროს და განგვამტკიცოს.
ლოცვა მფარველი წმინდანისადმი
ევედრე ღმერთსა ჩემთვის, წმინდაო (წმინდანის სახელი), რამეთუ გულმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის.ყოველ ქრისტიანს ნათლობის დღიდან ანგელოზის გარდა მფარველად ის წმინდანიც ჰყავს, ვის სახელზეც ინათლება. ისიც ისევე ზრუნავს მასზე, როგორც მოყვარული მშობელი და იცავს ყოველგვარი განსაცდელისა და უბედურებისგან, რაც კი ამქვეყნად შეიძლება შეემთხვეს. ამიტომ მფარველ წმინდანსაც გულმოდგინედ უნდა ვევედროთ, რადგან ისიც ყოველთვის ლოცულობს ჩვენზე უფლის მიმართ.
ლოცვა ცოცხალთათვის
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი, მასწავლებელი ჩემი (სახელი), რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი და ყოველნივე მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა.
ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ სხვებზეც, გვიყვარდეს და ვლოცულობდეთ მათთვის, რადგან ყველა ერთი ზეციური მამის შვილები ვართ. ეს ლოცვები არა მარტო მათთვისაა სასარგებლო, ვისთვისაც ვლოცულობთ, არამედ ჩვენთვისაც, რამდენადაც ეს მათ მიმართ სიყვარულის გამოვლენაა, უფალი კი გვასწავლის, რომ სიყვარულის გარეშე ღვთის შვილი ვერავინ გახდება.
ჩვენ უნდა ვილოცოთ სამშობლოსთვის, სულიერი მოძღვრისთვის, მშობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისთვის, სულიერი და-ძმებისთვის, მეგობრებისთვის და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, როგორც ცოცხალთათვის, ისე გარდაცვლილთათვის, რამეთუ ღვთის წინაშე ყველა ცოცხალია (ლუკ. 20:38).
ლოცვა გარდაცვლილთათვის
მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა შენთა (მათი სახელები) და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნო ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, მიუტევენ მათ ყოველნივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება.ამ ქვეყნიდან წასულებს ჩვენ გარდაცვლილებს ვუწოდებთ, რადგან სიკვდილის შემდეგ ადამიანი უკვალოდ კი არ ქრება, არამედ მისი სული სხეულს განეშორება და სხვა, ზეციურ სამყაროში გადაინაცვლებს. იქ სული საყოველთაო აღდგომამდე რჩება, რომელიც იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას აღსრულდება, როცა, როგორც უფალმა თქვა, გარდაცვლილთა სულები ისევ შეუერთდებიან საკუთარ სხეულებს და აღდგებიან. მაშინ ყველას დამსახურებისამებრ მიეზღვება: მართალნი ზეციურ სასუფეველს, მარადიულ ნეტარ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ, ცოდვილნი კი - მარადიულ სასჯელს.
ლოცვა სწავლის დაწყების წინ
ყოვლად სახიერო უფალო, გარდამოგვივლინენ ჩვენ მადლი სულისა წმიდისა შენისა, მომნიჭებელი გულის-ხმის-ყოფისა და განმაძლიერებელი ძალთა სულთა ჩვენთათა, რათა ჩვენ, ყურადმღებელნი გარდმოცემულისა ჩვენდა სწავლისა, აღვიზარდნეთ შენ, შემოქმედისა ჩვენისა, სადიდებლად, მშობელთა ჩვენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ.ეს ლოცვა მიმართულია მამა ღმერთისადმი, რომელსაც შემოქმედს ვუწოდებთ. მას ვთხოვთ, მოგვივლინოს სულიწმიდა, რათა მან თავისი მადლით გააძლიეროს ჩვენი სულიერნი ძალნი - გონება, გული და ნება, რათა გულმოდგინედ ვსწავლობდეთ და ეკლესიისა და სამშობლოს ერთგულ შვილებად და მშობლების ნუგეშად აღვიზარდოთ.
ამ ლოცვის ნაცვლად სწავლის დაწყების წინ შეიძლება წავიკითხოთ ლოცვა სულიწმიდის მიმართ: ”მეუფეო ზეცათაო...”
ლოცვა სწავლის შემდგომ
გმადლობ შენ, შემოქმედო, რამეთუ ღირს მყავ ჩვენ მადლსა შენსა ყურადღებისათვის სწავლისა. აკურთხენ ჩვენნი მთავარნი, მშობელნი და მასწავლებელნი, მიმყვანელნი ჩვენდა ცნობად კეთილისა, და მოგვეც ჩვენ ძალი და სიმხნე, რათა ახლად შევუდგეთ სწავლასა ამას, ამინ.ეს ლოცვაც მამა ღმერთისადმია მიმართული. ჯერ ვმადლობთ მას, რომ შეგვეწია სწავლის დროს, შემდეგ ვთხოვთ, რომ წყალობა მოანიჭოს ჩვენს უფროსებს, მშობლებს, მასწავლებლებს, რომლებიც ყოველივე სასარგებლოს გვასწავლიან და, ბოლოს, ვთხოვთ, რომ მოგვცეს ძალა და სურვილი იმისა, რომ წარმატებით გავაგრძელოთ სწავლა.
ამ ლოცვის ნაცვლად სწავლის შემდგომ შეიძლება წავიკითხოთ ღვთისმშობლის ლოცვა: ”ღირს არს...”
ლოცვა საზრდოს მიღების წინ
თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, უფალო, და შენ მოსცი მათ საზრდელი ყოველსა ჟამსა; აღაღებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ შენისა, ამინ.აქ გამოვხატავთ რწმენას, რომ ღმერთი საზრდოს ყოველთვის დროულად გამოგვიგზავნის, ისევე, როგორც ყოველ ცოცხალ არსებას აძლევს ყოველივე სიცოცხლისთვის აუცილებელს.
ამ ლოცვის ნაცვლად საზრდოს მიღების წინ შეიძლება წავიკითხოთ უფლის ლოცვა: ”მამაო ჩვენო...”
ლოცვა საზრდოს მიღების შემდეგ
გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან. ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ, ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩვენთანა და გვაცხოვნენ ჩვენ, ამინ.ამ ლოცვაში ვმადლობთ ღმერთს, რომ მოგვცა ხორციელი საზრდო და ვთხოვთ, არც გარდაცვალების შემდეგ მოგვაკლოს მარადიული ნეტარება. ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც სხვადასხვა ამქვეყნიური სიკეთით ვსარგებლობთ.
ლოცვა ძილის შემდეგ
ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმინდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა და არა თანაწარმწყმიდე მე უშჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისამებრ კაცთმოყვარე მექმენ მე და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა. აწცა განმინათლენ თვალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა და გულისხმისყოფად გზათა შენთა და ქმნად ნებისა შენისა და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.ამ ლოცვაში ჩვენ ვმადლობთ ყოვლადწმიდა სამებას, რომ სულგრძელების გამო არ განგვირისხდა ჩვენი უსჯულოებისთვის და ვთხოვთ, გაგვაძლიეროს და შეგვეწიოს, რათა ვადიდებდეთ მის სახელს, გაგვინათოს გონება, რათა გულისხმავყოფდეთ მის სწავლებას და მის ნებას აღვასრულებდეთ.
ლოცვა ძილად მისვლისა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაიცა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოზი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩემთა და შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.აქ ღმერთს ვევედრებით, მოგვიტევოს მთელი დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები, მშვიდობის ძილი მოგვცეს და ბოროტისგან დასაცავად ჩვენი მფარველი ანგელოზი მოგვივლინოს.
***
ყველა ის ლოცვა, რომლებიც სამ ნაწილად დაყოფილ ამ წერილში განმარტებებითურთ გადმოგეცით, აუცილებელი მინიმუმია ყოველი ქრისტიანისთვის. მათ გარდა დილას, საღამოს და დღის განმავლობაშიც, სასურველია, წავიკითხოთ სხვა ლოცვებიც. ლოცვის წესის გასაცნობად და კურთხევის მისაღებად, უმჯობესი იქნება, თუ მოძღვარს მიმართავთ.მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ნიკოლოზ ლანჩავამ