განუზომელ წყალობას იღებს. ამიტომ ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, იცოდეს ლოცვის ნებისმიერი დეტალი, წესი. ლოცვის დროს ქცევის წესებზე გვესაუბრება ვაზისუბნის ცხრა კოლაელ ყრმათა სახელობის ტაძრის მსახური მღვდელი გურამი (გურამიშვილი).
- მამაო, არის თუ არა სავალდებულო დილა-საღამოს ლოცვა?
- ლოცვა ღმერთთან საუბარია, ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის უფალთან მიტანაა. ამიტომ ის ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა. დილა-საღამოს ლოცვები ის ელემენტარული პირობაა, რაც შეიძლება მორწმუნემ აღასრულოს. გაღვიძებისთანავე მადლობა უნდა შევწიროთ უფალს, რომ მშვიდობიანი დილა გაგვითენა და მთელი დღის მანძილზე შეწევნა ვთხოვოთ. ასე უნდა მოვიქცეთ ძილის წინაც. ჩვენ ვლოცულობთ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ მთავრობასა და მხედრობაზე, სამღვდელო და სამონაზვნო დასზე, ახლობლებზე, გზაშეცდომილებზე, მიცვალებულებზე და მტრებზეც კი. გარდა ამისა, პატრიარქის კურთხევით, აუცილებლად უნდა ვთქვათ 7-გზის ლოცვებიც, რათა არ დავივიწყოთ მამა-პაპათა ტრადიცია. როგორც წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "7-გზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა".
- როდის უნდა ვთქვათ დილის ლოცვა, გაღვიძებისთანავე თუ შეიძლება ჯერ რაიმე საქმის გაკეთება? ძილის ლოცვა უშუალოდ ძილის წინ უნდა ვთქვათ?
- ქრისტიანის დღე დილის ლოცვით უნდა იწყებოდეს. ცხადია, ლოცვის დაწყებამდე უნდა მოვწესრიგდეთ და შემდეგ წარვდგეთ უფლის წინაშე. დაუშვებელია დილის ლოცვის წინ ჭამა ან სერიოზული საქმის გაკეთება. ზოგჯერ გადაუდვიათ ლოცვა, სხვა საქმისთვის მოუკიდიათ ხელი და მერე საერთოდ დავიწყებიათ. გასაგებია, შეიძლება ზოგჯერ ძალიან დატვირთული ვართ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სულ რაღაც 15 წუთი ყოველ დილით უფალს დავუთმოთ.
რაც შეეხება ძილად მისვლის ლოცვას, დასაშვებია, რომ ის უშუალოდ დაწოლის წინ არ ითქვას. საღამოს დაახლოებით 10 საათის შემდეგ უკვე შეიძლება მისი თქმა, თუმცა ამის შემდეგ სერიოზული საქმის კეთება არ არის სასურველი.
- არსებობს დილისა და საღამოს ლოცვის მცირე ვარიანტიც. როდის შეიძლება მათი თქმა?
- რა თქმა უნდა, რადგან არსებობს მცირე ლოცვები, ე.ი. მათი წაკითხვა შეიძლება კიდეც. მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს სისტემატური ხასიათი. უმეტესად მცირე ლოცვას სიზარმაცის გამო ამბობენ ხოლმე. თუ ქრისტიანი თავიდანვე არ შეეჩვია სიზარმაცის დაძლევას, ლოცვას, შემდეგ ამას ვერასდროს შეძლებს. ამიტომაც ისინი, ვინც მცირე ლოცვებს ამბობენ, თანდათან ღმერთს ივიწყებენ, ტაძარშიც იშვიათად დადიან და ბოლოს ან ეკლესიიდან საერთოდ მიდიან, ან "ფორმალურ" მორწმუნეებად რჩებიან. დილა-საღამოს ლოცვა სრულად უნდა ვთქვათ. გავა დრო და სიტყვებსაც დავუკვირდებით. ბოლოს კი თავად გაგვიჩნდება ლოცვის მოთხოვნილება. თუმცა შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა და როცა მართლაც სხვა გამოსავალი არ გვექნება, დასაშვებია მცირე ლოცვების თქმა. თუმცა, ვიმეორებ, ეს იშვიათ, გამონაკლის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს.
- ფსალმუნები, დაუჯდომლები ქრისტიანმა ინდივიდუალურად უნდა იკითხოს. არის თუ არა აუცილებელი ამ ლოცვებზე მოძღვრის კურთხევა?
- ცხადია, მოძღვარი იმიტომ არსებობს, რომ მან იცის სულიერი შვილის მდგომარეობა, თუ რამდენად შეძლებს ამა თუ იმ ლოცვის კანონის კითხვას. ამიტომაც მსგავსი საკითხები აუცილებლად მას უნდა შევუთანხმოთ. ზოგჯერ შეიძლება მორწმუნეს გულით მოუნდეს ამა თუ იმ ლოცვის თქმა. ასეთ დროს შეიძლება ილოცოს. თუ ამას ერთჯერადი ხასიათი ექნება, ცხადია, ეს დანაშაული არ იქნება.
- როცა წირვა-ლოცვას ვესწრებით, შეიძლება თუ არა იმ დღეს კანონი დავუტევოთ?
- თუ ვატყობთ, რომ ძალიან გადავიღალეთ, ზერელედ ლოცვას სჯობს კანონი დავუტევოთ. მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. ამიტომ ყველაფერი მღვდელთან უნდა შევათანხმოთ.
- შეიძლება თუ არა ზიარების წინ ლოცვები გავყოთ და ნაწილ-ნაწილ წავიკითხოთ?
- ეს შესაძლებელია, რადგან ზიარების წინ ლოცვები შედარებით გრძელია. მათი წაკითხვა, განსაკუთრებით ახალმოსულებს, უჭირთ. ამიტომ ლოცვა მექანიკურ ჩვევად რომ არ გვექცეს, სჯობს რამდენიმე ნაწილად დავყოთ. მთავარია, მაქსიმალურად დავუკვირდეთ სიტყვებს, მივხვდეთ, ვის წინაშე ვდგავართ, რას ვაკეთებთ.
- რამდენად აუცილებელია ჭამის წინ და შემდეგ ლოცვა?
- ეს აუცილებელია. უნდა გამოვხატოთ მადლიერება იმის გამო, რომ უფალმა საზრდელი მოგვცა. ჩვენ ღვთის მიმართ საოცრად უმადურნი ვართ. ვერასდროს ვაფასებთ იმ სიკეთეს, რაც მან დაუმსახურებლად მოგვანიჭა. თუმცა, საკმარისია რაიმე განსაცდელი შეგვემთხვას, უმალ ღვთის ყვედრებასა და გმობას ვიწყებთ ხოლმე.
- რა ძალა აქვს მიცვალებულთათვის ლოცვას?
- თითოეული ჩვენგანი შედგება ხორცისა და სულისაგან. ხორცი მიწაა და მიწად მიიქცევა, სული კი უფლისაა და მასთან მიდის. გარდაცვლილნი მოკვდნენ მხოლოდ ფიზიკურად, მათი სული კი კვლავ ცოცხალია. ამიტომ უნდა ვილოცოთ მათთვის, მოვიხსენიოთ ლოცვაში. ძალიან კარგი იქნება, თუ მათ სახელზე გადავიხდით პანაშვიდს და წირვას შევუკვეთავთ. ჩვენ მოგვეთხოვება ზრუნვა ჩვენს მოყვასზე, მიუხედავად იმისა, არიან ისინი თუ არა ჩვენს გვერდით.
- წმინდა მამები ამბობენ, რომ დედის ლოცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
- დედის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ყოველი მშობელი უნდა მადლობდეს უფალს, რომ დედობის ღირსი გახდა და ყოველდღე უნდა ლოცულობდეს შვილის კეთილდღეობისთვის. დედის ლოცვას ბევრჯერ გადაურჩენია დაღუპვის პირას მდგომი შვილი.
- შეიძლება თუ არა ლოცვა ერთმა იკითხოს, მეორემ კი უსმინოს?
- დიახ, სავსებით დასაშვებია. მსგავსი რამ ხშირად ხდება ხოლმე. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ არ შეიძლება მსმენელი ამ დროს სხვა რამეზე ფიქრობდეს.
- აუცილებელია თუ არა ლოცვის დროს უშუალოდ ხატებთან ვიდგეთ? შეიძლება სხვაგან ვილოცოთ?
- ეს დასაშვებია, მაგრამ ვეცადოთ, ასე იშვიათად მოვიქცეთ. მამათა სწავლებით, ქრისტიანი გულში მუდამ უნდა ლოცულობდეს, მუდამ უფალზე ფიქრობდეს. შეიძლება სხვა საქმე ვაკეთოთ და გულში ვილოცოთ.
- ლოცვის დროს გონების მოკრება ძალიან რთულია. როცა ლოცვისას ცუდი აზრები მოგვდის, არ უნდა ავყვეთ, უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როცა კარგი აზრები მოგვდის?
- ეს ბოროტის ერთ-ერთი ხრიკია. როცა ცუდი, ბილწი აზრებით გონებას ვერ გაგვიფანტავს, უკვე კარგ აზრებს გვაწვდის. ამიტომ ლოცვის დროს უნდა ვეცადოთ არანაირ აზრს არ ავყვეთ. ლოცვის შემდეგაც გვექნება დრო ამაზე საფიქრალად.
- თუ მსახურებისას გონება გაგვეფანტა, შეიძლება თუ არა იესოს ლოცვით გონების მოკრება?
- ცხადია, თუ ვერ ვახერხებთ კონცენტრირებას, წმინდა მამები გვირჩევენ, გონება იესოს ლოცვით მოვიკრიბოთ.
- იესოს ლოცვის ორი ვარიანტი არსებობს, ბიზანტიური - "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" და რუსული - "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელს ვიტყვით?
- ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ, ლოცვა რაც უფრო მოკლეა, მით უფრო ადვილია კონცენტრირება. ამიტომ უმეტესად ბიზანტიურ ვარიანტს ამბობენ ხოლმე, მაგრამ თუ ჩვენს გულს რუსული ვარიანტი უფრო ეხება, სჯობს ის ვთქვათ.
- რომელი ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ბავშვები ლოცვას? აუცილებელია თუ არა ისინი მსახურებას დავასწროთ? ზოგჯერ ეს უხერხულობას და დისკომფორტს ქმნის.
- აუცილებელია, რომ ბავშვები პატარაობიდანვე, ნათლობიდანვე მივაჩვიოთ ლოცვას, ეკლესიას. ყოველ კვირას, დღესასწაულზე მივიყვანოთ ტაძარში და ვაზიაროთ. ასე ისინი ეკლესიურ გარემოს მიეჩვევიან და შეიძლება აღარც იტირონ ხოლმე. მაგრამ თუ პატარა ძალიან ატირდა და ვერ ვაჩერებთ, უმჯობესი იქნება ცოტა ხნით ეზოში გავიყვანოთ, დავამშვიდოთ და ისე შემოვიყვანოთ. რაც შეეხება ასაკს, უკვე 6-7 წლიდან უნდა ნელ-ნელა მივაჩვიოთ ლოცვას.
- რატომ ვევედრებით სხვადასხვა წმინდანს სხვადასხვა დროს?
- უმეტესად ყველა წმინდანს სხვადასხვა საქმეში შეწევნისთვის ევედრებიან. ეს წმინდანების ცხოვრებიდან გამომდინარეობს. მაგალითად, ჩვენი ტაძარი ყრმა კოლაელთა სახელობისაა. ეს წმინდანები როცა ეწამნენ, ბავშვები იყვნენ. ამიტომაც ყრმათა მფარველად ითვლებიან. წმინდა პანტელეიმონი მკურნალი იყო, მას უძლურებისას ევედრებიან და ა.შ. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ამ წმინდანებს სხვა საქმეშიც ვთხოვოთ შემწეობა.
- შეიძლება თუ არა ლოცვის დროს დაჯდომა?
- თუ ჯანმრთელობა ხელს არ გვიწყობს, შეიძლება დავსხდეთ. ზოგჯერ ჯანმრთელიც იღლება ხოლმე და ჯდება. თავიდან გაგვიჭირდება ფეხზე მდგარი ლოცვა, მაგრამ მერე ამას იმდენად გავითავისებთ, რომ სხვანაირად ვერ მოვიქცევით. ლოცვის დროს ხშირად ჯდომა შეიძლება განცხრომაში გადაიზარდოს და ლოცვა საერთოდ ვერ შევძლოთ.
შინაც ფეხზე დგომაა საჭირო. თუ ვატყობთ, რომ დავიღალეთ, ცოტა ხნით შევისვენოთ და კვლავ განვაგრძოთ ლოცვა.
- რედაქციაში მოდის მრავალი შეკითხვა პირჯვრის წერის შესახებ. როგორ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი?
- მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ დაადგინა ხილული ეკლესია, მოვიდა ამ ქვეყანაზე და ჯვარს ეცვა, რითაც კაცობრიობა იხსნა საუკუნო სიკვდილისაგან, ჯვარი გახდა მორწმუნეთა თაყვანისცემის საგანი. ჯვარცმიდან მოყოლებული, ჯვარი გახდა ქრისტიანის იარაღი და კაცთა შორის ჩვენი სარწმუნოების მანიშნებელი. ამ მიზეზით ვისახავთ პირჯვარსაც. აუცილებელია, ჯვარი სრულად გამოვსახოთ, ანუ ქვედა ნაწილი ზედაზე გრძელი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვისახავთ ამობრუნებულ ჯვარს, რაც არასწორია.
- თუ შეიძლება შინ საკმევლისა და სანთლის დანთება?
- რა თქმა უნდა. კარგიც კია. შეგვიძლია დავანთოთ საკმეველი და ოთახებში შემოვატაროთ.
- რა დანიშნულება აქვს ქალისთვის ლოცვის დროს თავშალს?
- თავშალი მორჩილების სიმბოლოა. ქალი უნდა იყოს მორჩილი მამაკაცის, ეკლესიის, ღვთისა. პავლე მოციქული კორინთელთა ეპისტოლეში ქალებს მანდილის დახურვისკენ მოუწოდებს. ამიტომ ეკლესიაშიც და სახლშიც ლოცვისას აუცილებლად უნდა გეხუროთ თავშალი.
- რა უნდა ვთხოვოთ უფალს? ზოგის აზრით, ბევრი თხოვნა ღმერთს შეაწუხებს.
- უფალს ვერც შევაწუხებთ და ვერც დავღლით. ჩვენ ნებისმიერი, ღვთის სათნო საქმისთვის შეგვიძლია ვთხოვოთ უფალს წყალობა. დაუშვებელია ღმერთს ვინმეს დასჯა, სამაგიეროს გადახდა და ა.შ. მოვთხოვოთ. ეს სასჯელად დაგვიბრუნდება.
- ხმამაღლა უნდა ვილოცოთ თუ სჯობს გულში ვიკითხოთ?
- ეს ინდივიდუალურია. ზოგს ხმამაღლა ლოცვა ურჩევნია, ასე უფრო ახერხებს გონების მოკრებას. ზოგი - პირიქით. ხმამაღლა ლოცვისას სიტყვების მოსმენა უფრო ადვილია, რადგან გონებაში თქმის დროს შეიძლება ისე გაგვეფანტოს აზრები, რომ ლოცვა შევწყვიტოთ კიდეც. თან ხმამაღლა ნათქვამი უფრო კარგად გვესმის. მაგრამ ზოგისთვის ასე ლოცვა უფრო გამფანტველია, ვინაიდან შინაარსის ნაცვლად იმას უკვირდებიან, თუ როგორ წარმოთქვამენ სიტყვებს. ასე რომ, თავად ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ავირჩიოთ, როგორ ვილოცოთ. მთავარია ლოცვის არსს ჩავწვდეთ.
- მთელი წლის მანძილზე იცვლება ლოცვის კითხვის წესი. როდის რა უნდა წავიკითხოთ?
- დილა-საღამოს ლოცვები არ ითქმის ბრწყინვალე შვიდეულში (აღდგომიდან 1 კვირა), ამ დროს იკითხება პასექის ჟამნი. ისინი ლოცვანში წერია. "ღირს არსის" ნაცვლად აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება "ანგელოზი ღაღადებს". გარდა ამისა, "ღირს არსი" იცვლება საუფლო დღესასწაულებზეც. ესენიც ლოცვანშია მითითებული. არ შეიძლება ფსალმუნთა კანონის კითხვა ბრწყინვალე შვიდეულში.
გარდა ამისა, ზიარების შემდგომ ლოცვებში ვკითხულობთ იმ წმინდანის ტროპარს, რომლის წირვაზეც ვეზიარეთ. დიდი მარხვის ყოველ კვირა დღეს, 14 იანვარსა და შობის წინა დღეს სრულდება წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია. დიდმარხვის შუა კვირაში - წმინდა გრიგოლ დიოლოგოსის, დანარჩენ დღეებში კი წმინდა იოანე ოქროპირისა.
- მამაო, ზოგის აზრით, დაწერილი ლოცვების თქმა არ არის საჭირო, საკმარისია ჩვენი სიტყვებით ლოცვა. რას ეტყოდით მათ?
- ასეთი დამოკიდებულება, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია. ცხადია, ჩვენი სიტყვებით ლოცვას არავინ გვიშლის, ეს აუცილებელიც კია, მაგრამ ამან უკიდურესობაში არ უნდა ჩაგვაგდოს და საერთო მსახურებებს, ლოცვებს არ უნდა მოგვწყვიტოს. რაც დაადგინა უფალმა, ეკლესიამ, მოციქულებმა, წმინდა მამებმა, განა შეიძლება დავივიწყოთ? ჩვენი სარწმუნოება ხომ სწორედ იმიტომაა ჭეშმარიტი, უცდომელი, რომ წმინდა წერილს ეფუძნება, რომ არასდროს გადაგვიხვევია ჭეშმარიტების გზიდან. ამგვარი მსჯელობა უმეტესად სიზარმაცის გამართლებაა. ხვდებიან, რომ ტაძარში უნდა იარონ, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ და სანაცვლოდ ჰიპოთეზებს თხზავენ, თითქოს ეს ყველაფერი არ არის საჭირო. ამას ისინი ამბობენ, რომლებიც არასდროს ყოფილან წირვა-ლოცვაზე, არასდროს წაუკითხავთ ლოცვები. თუ კაცი ამ მადლს ეზიარება, შეუძლებელია, მისი ძალა ვერ გაიგოს. მსახურებას უდიდესი ძალა აქვს. განა შეიძლება, თუ სულიერად ბრმა არ ხარ, უგულებელყოფა წირვისა, რომლის დროსაც ზეცა ჩამოდის დედამიწაზე? ეს სხვა არაფერია, თუ არა სიბრმავე. თვალნი აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ. ლოცვები ხომ ლიტერატურული ნიმუშები არ არის. ისინი წმინდა მამების სულიერი მდგომარეობის გამოხატულება იყო. ისინი ამას გრძნობდნენ, განიცდიდნენ. ვიკითხოთ ჩვენც, რომ მათსავით ღირსი გავხდეთ, გვქონდეს ჭეშმარიტი სინანული და სიყვარული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე