სულის საკვები და სამოსი
სულის საკვები და სამოსი
ლოცვა წყაროა ცხოველი, რომლითაც სული იკლავს წყურვილს, იგი სულიწმინდის სუნთქვაა, ჩვენი სულის ჰაერია, სულიერი ცეცხლი, სულის საკვები და სამოსია, ხოლო "თქუენ, საყვარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდით თავთა თქუენთა, სულითა წმიდითა ილოცევდით" (იუდ. 1:20).

გამოცდილება გვასწავლის, რომ ორი ან სამი ერთად მლოცველი ადამიანის გულითად ლოცვას უფალი უმალ შეისმენს, რომ ლოცვის ჟამს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, თუ როგორ ბინდდება გარეთ ანდა როგორ გვავიწროებს მტერი. ამ დროს მტკიცედ უნდა დავეყრდნოთ თვით ლოცვის სიტყვებს და ვირწმუნოთ, რომ მასში დაფარულია სულიწმინდის საიდუმლო: ჭეშმარიტება, სინათლე, ცხოველსმყოფელი ცეცხლი, ცოდვათა მიტევება, სიმშვიდე და გულის სიხარული, ცხოვრება და ნეტარება.

როცა არ ლოცულობს ადამიანი, უგუნურად და განუსჯელად იქცევა, რადგან ყოველმხრივ განალაღებს ხორცს, ასიამოვნებს, აძლიერებს მას, სულს კი უგულებელყოფს. ყოველი კაცი ხომ ორი საწყისის - სულისა და ხორცის - მთლიანობაა.

ჭეშმარიტი ქრისტიანი მოუკლებლად უნდა ლოცულობდეს, რადგან გამუდმებით სცოდავს. მადლიერებაც მუდმივი უნდა იყოს, რადგან უფალი ყოველ წუთს გვიგზავნის წყალობას. მისდამი შიშიც უსაზღვროდ დიდია. ღმერთს ხოტბასაც გამუდმებით უნდა აღვუვლენდეთ, რადგან ყოველთვის ვხედავთ მისთა საქმეთა სიდიადეს, რაც განსაკუთრებით ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულში ვლინდება.

ლოცვის სიტყვებს "უფალო, შემიწყალე" შეისმენს ღმერთი და შეასრულებს კიდეც, თუკი მას მთელი გულით წარმოვთქვამთ. ასეთივე ძალა აქვს სხვა სიტყვებსაც. ჩვენივე სიტყვებით გამოთქმული, გულწრფელი ლოცვა შეისმინება, თუ მას უბრალო გულით და დაეჭვების გარეშე ვიტყვით.

განუწყვეტელ და მხურვალე ლოცვას იმის მტკიცე რწმენამდე მივყავართ, რომ ჩვენი სული უკვდავია, იმქვეყნიური არამიწიერი სამყარო კი - სანეტარო, რადგან ლოცვის ჟამს განცდილ ნეტარებას ადამიანი უფლისგან იღებს.

სახარება გვიმოწმებს ერთურთისთვის ლოცვის უდიდეს სარგებლობას.

ქანაანელი დედაკაცი თავისი ასულისთვის ილოცვიდა, მისთვის ევედრებოდა უფალს და სნეულმაც დედის ლოცვით სასწაულებრივი კურნება მიიღო.

წმინდა მოციქული იაკობი პირდაპირ შეგვაგონებს: "აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთიერთსა, რაითა განიკურნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკობი 5:16). რითაც არ უნდა ევნებოდეს ადამიანი, რაც არ უნდა ტანჯავდეს მას: სინდისის ქენჯნა, მძიმე სხეულებრივი სნეულება თუ სასოწარკვეთა ცხოვრებისეულ უბედურებათა გამო, - მოყვასთა ლოცვა მისთვის ნებისმიერ დროს შეიძლება ქმედითი და კეთილისმყოფელი იყოს. ამიტომაც გვასწავლის მაცხოვარი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ ვილოცოთ, არამედ მოყვასთათვისაც და რომ ასეთ მეოხმყოფელობით ლოცვა-ვედრებას იგი ყოველთვის მოწყალედ მოხედავს. უფალმა განკურნა ასისთავის მსახური; მანვე შეუშრო ცრემლები ძმაზე უნუგეშოდ მოტირალ მართასა და მარიამს; მოციქული პეტრე უფლის ანგელოზმა საპყრობილიდან გამოიყვანა, რადგან მორწმუნენი გულმოდგინედ ლოცულობდნენ მისთვის (საქმე მოციქულთა 12:5). პავლე მოციქულიც თავის წარმატებას ღვთის სიტყვის ქადაგებისას ხშირად მიაწერდა თავის მრავალრიცხოვან მოწაფეთა ლოცვებს.

ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ კეთილმსახურთა ლოცვა ქმედითი იყო, ვინაიდან ისინი ასევე კეთილმსახური ადამიანებისთვის ილოცვიდნენ... თუნდაც ასე იყოს - განა შეეწევა ცოდვილს მისებრ ცოდვილისავე მიერ აღვლენილი ლოცვა? "ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკობი 5:16), - გვასწავლის სახარება, ხოლო "ცოდვილისაი არა ისმინის ღმერთმან" (იოანე 9:31).

მაგრამ არც ცოდვილის ლოცვაა განწირული წარუმატებლობისთვის. საჭიროა მხოლოდ რწმენა იმისა, რომ ღმერთი ყოველ ცოდვას შეუნდობს ადამიანს და ნებისმიერი უძლურებისგან განკურნავს. ამისთვის კი აუცილებელია სინანული, რომლის ძალითაც ადამიანის სულს შენდობის საღმრთო მადლი მოეფინება. და, კვალად, აუცილებელია სიყვარული. აბა, წარმოვიდგინოთ, რა მგზნებარებით, მორჩილებითა და თავდადებით ლოცულობს ხოლმე განსაცდელის დროს და ძმისთვის, ცოლი - ქმრისთვის, დედა - შვილისთვის. ამგვარი მდაბალი ლოცვის შესახებ არის ნათქვამი, რომ იგი "ღრუბელთა შორის აღვალს" (ზირაქ. 35:17). წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი მოგვითხრობს ერთი ადამიანის შესახებ, რომელიც ტყვედ იყო ჩავარდნილი და საპყრობილეში ბორკილდადებული იტანჯებოდა. მისი ცოლი განუწყვეტლივ ლოცულობდა მისთვის და შესაწირიც მიჰქონდა ეკლესიაში, ხოლო როცა ქმარი ტყვეობიდან გათავისუფლდა, ჰყვებოდა, რომ დროდადრო ბორკილები თავისით იმსხვრეოდა და ძირს ცვიოდა. აღმოჩნდა, რომ ეს იმ დღეებში ხდებოდა, როცა ცოლი მისთვის მსხვერპლს სწირავდა. ამ შემთხვევაში წმინდანი როდი ილოცვიდა წმინდანისთვის, არამედ ცოდვილი ქალი - თავისი ცოდვილი მეუღლისთვის... პავლე მოციქულიც ხომ ყველა მორწმუნეს სთხოვდა, ჩემთვის ილოცეთო, - მათ შორის კი, რაღა თქმა უნდა, ცოდვილებიც იყვნენ, - და თავის ხსნას სასიკვდილო ხიფათთაგან სწორედ მათ ლოცვებს მიაწერდა, ვისაც ზოგჯერ თვითონვე ამხილებდა (II კორინთ. 1:10-11).

ამრიგად, განვაგდოთ ჩვენგან მცირედმორწმუნეობა, რომელიც დროდადრო შეგვიპყრობს ხოლმე და ქრისტეს განგვაშორებს და ღრმა თავმდაბლობითა და მორჩილებით მის წინაშე ქვე-დავემხოთ. და, როგორც იტყოდა მოციქული, "გლოცავ თქვენ, ძმანო, უფლისა ჩვენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყვარულითა მით სულისაითა, თანამოღვაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთვის ღმრთისა მიმართ" (რომ. 15:30). ნეტარია, ვისაც გულთბილი მლოცველნი ჰყავს, რათა თუნდაც მათი შეწევნით მოისმინოს ოდესმე უფლის მადლმოსილი ხმა: "შვილო, მოგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!.."

დაბოლოს, სახარებაში ჩვენს ყურადღებას იპყრობს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები ეშმაკთა შესახებ: "ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა". ამრიგად, თვით მაცხოვრის სიტყვით, სწორედ მარხვა და ლოცვა განაგდებენ ადამიანისგან ბოროტ სულს. მაგრამ რატომ არის, რომ ხშირად ხანგრძლივად ვლოცულობთ და ვმარხულობთ, მაგრამ არ ძალგვიძს ბოროტ ვნებათაგან - ეშმაკის ამ აღმონაცენთაგან - თავის დახსნა? იქნებ იმიტომ, რომ იმგვარად ვერ ვლოცულობთ და ვმარხულობთ, როგორც უფალმა დაგვიდო მცნებად?

ქრისტიანული ლოცვა და ქრისტიანული მარხვა სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ ცოდვა განდევნოს ჩვენი სულიდან და გააჯანსაღოს იგი. მწუხარებისგან როდი ვტირით, როცა კვამლის გამო გვდის თვალთაგან ცრემლი; მსგავსად ამისა, ჩვენს ლოცვასა და მარხვაში სული არ მონაწილეობს, თუკი ვილოცავთ და ვმარხულობთ მხოლოდ ჩვეულების ძალით ან სხვა რამ გარეგანი მიზეზით. მაგრამ როცა წეს-ჩვეულებანი ერწყმის ჩვენი სულის ლოცვითსა და მარხვით განწყობას და მის გამოხატვას ემსახურება, მაშინ უკვე ვეღარც ცოდვა გაბატონდება ჩვენს არსებაში. ჩვენი სული ზურგს აქცევს მას, მთელი ძალით ცდილობს თავი დააღწიოს მის ხელმწიფებას და მისგან გათავისუფლებისთვის ღმერთს შესთხოვს შეწევნას.

წმინდა მამათა სიტყვით, რომელთაც საკუთარი გამოცდილებით შეუცნიათ ცხოვნების ჭეშმარიტი გზა, მარხვა და ლოცვა ის ორი ფრთაა, რომლებითაც ჩვენი სული ამა ქვეყნიდან ზეცად ამაღლდება. როგორც ფრინველს არ ძალუძს, უფრთოდ აფრინდეს, ასევე არ შეუძლია ჩვენს სულს, ლოცვისა და მარხვის გარეშე ხორციელი, ამქვეყნიური, ცოდვიანი ცხოვრებიდან სულიერ, ზეციურ წმინდა ცხოვრებად გადასახლდეს. ამასთან, ოდენ ერთი ფრთა არ არის საკმარისი, რათა ფრთოსანმა ზეციურ მყარზე ლაღად იფრინოს. ასევე ოდენ ლოცვა მარხვის გარეშე ანდა მხოლოდ მარხვა ლოცვის გარეშე არ არის საკმარისი ცხოვნებისთვის.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1