გვესაუბრება ათონის მთაზე მდებარე წმინდა პავლეს მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერი, სქემმონაზონი ირინეოსი:
-ხშირად გვებადება კითხვა, რა არის ლოცვა? როგორ ვილოცოთ? რატომ ვილოცოთ?
და მცირეოდენი მონდომების შემდეგ პასუხები უბრალოდ გვეძლევა. ლოცვა ეს მცდელობაა განვიღმრთოთ ჩვენი დაცემული ბუნება, იმ სარკმელში გავიხედოთ საიდანაც ჩვენი შემოქმედი გვიმზერს. ლოცვა ეს თვითონ შემოქმედებაა და მლოცველი ადამიანი ხელოვანია ამ შემოქმედებაში. ლოცვა ეს შერიგებაა ღმერთთან და დაშორება ბოროტ ძალასთან. იგი სუნთქვაა და მის გარეშე უჰაერობა ისადგურებს სულში.
ლოცვა ეს ნაყოფია და არა ნერგი! დიახ, შეუძლებელია მან ილოცოს ვისაც არ აქვს: სიყვარული, სინანული, სიმშვიდე, სიმდაბლე, კაცთმოყვარება... რადგან ამ ყველაფრის კეთილი ნაყოფია ლოცვა! შეუძლებელია ილოცო და არ გიყვარდეს, რადგან ვის მიმართაც ლოცულობ, ის თავად სიყვარულია. წმინდა ეფრემ ასური ბრძანებს: "კართა მიღმა რჩება და არ შეიწირება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინენ უფლისადმი, რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს". შეუძლებელია ილოცო და არ გქონდეს სინანული, რადგან იგია მშობელი გულწრფელი ლოცვისა, რადგან თუ არ დავმდაბლდი ვერ ამაღლდება ჩემი ლოცვა, თუ არ განვიცადე ჩემი თავი, მე ვერ განვიცდი ლოცვის სიტკბოებას და ვერ მივალ მადლის მოპოვებამდე, თუ ვერ ვხედავ ჩემს ჭუჭყს და სისუსტეს მე ვერ დავინახავ ჩემი ლოცვის სისუფთავეს და ძალას.
და მაინც რატომ არის ნაყოფი ლოცვა?! კიდევ დავამატოთ, რომ ყოველგვარი ნაყოფი სიმშვიდეში აღმოცენდება, რადგან იქ, სადაც სიმშვიდე არაა, იქ უნაყოფობაა და ამიტომ სიმშვიდის პირმშოა ლოცვა და თუ ვინმე იკითხავს კაცთმოყვარება რაღა შუაშია ლოცვასთან, მან იცოდეს კაცთმოყვარების გარეშე მკვდარია ლოცვა: ჩვენ გვახსოვს სახარებიდან როგორ ლოცულობს გეთსამანიის ბაღში კაცობრიობაზე შეყვარებული ღმერთი. აი ამის მიმსგავსებული უნდა იყოს ჩვენი ლოცვა. წმინდა თეოფანე დაყუდებული თავის "ოთხი სიტყვა ლოცვის შესახებ", ბრძანებს: "ნუ ილოცები როგორღაც, არამედ ყურდღებითა და გრძნობით აღასრულეთ იგი". ლოცვის დროს საჭიროა ყურადღების მობილიზაცია, შეგრძნება მარტოდ ყოფნისა, რადგან უფალი სახარებიდან, ლოცვის დროს განმარტოებაზე მიგვითითებს. ყურადღებას ლოცვისას ქმნის შინაგანი განწყობა, თუ როგორია იგი, რამდენად მოჭარბებული, რამდენად უხვი, რამდენადაა მოუთმენელი...
ცრუობს ის, ვინც ამბობს: ლოცვა მწუხარებაა, არამედ სიხარულია იგი, მწუხარების ჭაობიდან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც აცოფებს ჭაობის მეუფეს, ბნელ და ბოროტ ძალას, რომელიც მარტოობაში იხრჩობა... ჩვენი ლოცვა უნდა იყოს სიხარულით სავსე. ღიმილნარევი, ცრემლებით გაჟღენთილი, იმედით აღსავსე, ჩემი და ამავდროულად სამყაროს ყველა ხმაზე მაღალი, რადგან ის თავად ყველაფრის ღმერთთან და მეუფესთან საუბარია. დაკვირვებული ვართ ყველა, როცა ვინმე ჩვენზე დიდ პიროვნებასთან სასაუბროდ ვემზადებით, შეიძლება კვირები დაგვჭირდეს მოსამზადებლად და რაოდენ დიდი მომზადებაა საჭირო უფალთან სასაუბროთ, მასთან ცოცხალ დიალოგში.
უფალს თითქოს ასეთი თვისება ვუპოვე, ის ყოველთვის გისმენს და არაფერს ამბობს, არამედ მოქმედებს და ამით უბრალოდ ბედნიერი რჩები შენ. ყოვლად დაუშვებელია მასთან საუბრისას გამოვიყენოთ მაღალფარდოვანი და ხელოვნური სიტყვები, რადგან ეს ვერ იქნება მასთან, როგორც ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობაში, ნაყოფის გამომღები, არამედ ჩვენი გონება, ბაგე და გული გამუდმებით ღაღადებდეს, "შემიწყალე", "შეგვიწყალე". აი, ესაა ანბანი და ნაწარმოები, პოემაც და პროზაც ლოცვისა, აი ესაა ფილტვები მისი; აღმოსავლურ ფილოსოფიაში წერია: "რატომ ვესროლო მსხალს ქვები, როცა დამწიფდება და თვითონ ჩამოვარდება". დაახლოებით ასეთი განწყობაა საჭირო ლოცვის შემეცნებისას, რადგან ხშირია შემთხვევა ჩვენ გვინდა ბევრი ლოცვა და არა მოუკლებელი ლოცვა. ვკითხულობთ კანონებს, დაუჯდომელებს, პარაკლისებს და ბაგეებს ვიღლით, რადგან "უფალო შემიწყალეს" ვერ ვამბობთ ისე, რომ უფალმა გაიგოს "მცირედსა ზედა სარწმუნო იყავ მაღალსა ზედა დაგადგინო" (მათე. 25;21), ბრძანებს უფალი: და ეს რა თქმა უნდა ლოცვასაც ეხება, რადგან ლოცვა თვითონ დაიწყებს დამწიფებას ჩვენში და ჩვენ არ უნდა დავუწყოთ მას ხელოვნური ზრდა ან მოწყვეტა, არამედ ის მოგვეცემა როგორც კეთილი ნაყოფი, რადგან ნახავს უფალი რომ მცირედზე კმა ვართ და მაღალზე დაგვადგენს ვითარცა ჩვენი მეუფე.
უნდა ითქვას, რომ ლოცვა ინდივიდუალურია და დაუშვებელია ერთნაირად ილოცოს მონოზონმა და ერისკაცმა. მონაზონს ისე სჭირდება ლოცვა, როგორც ჰაერი, ერისკაცს - როგორც წყალი, ბავშვს - როგორც რძე, მოხუცს - როგორც ტკბილი. ერთხელ, ლოცვისას შვებაზე მეტად დაღლა ვიგრძენი, ჩემს მოძღვარს ვკითხე, თუ რა იყო ამის მიზეზი. მან ასეთი გაკვეთილი შემომთავაზა: ერთ დღეს არაფერი მეჭამა, მეორე დღეს კი ორჯერ მიმეღო საკვები, მესამე დღეს კი ჩვეულებრივ მეტრაპეზა. ჩავატარე ეს ცდა. ვკითხე, თუ რატომ გამაკეთებინა ეს, მან მიპასუხა, რომ ის დღე, როცა არაფერი ვჭამე, ჰგავს იმ დღეს, რომელ დღესაც არ ვილოცე და ღამით სულს მოშივდა, მეორე დღე კი ჰგავს იმას, როცა ვილოცე ერთად ყველა ლოცვა, მესამე დღე ნორმალურია, რადგან ზომიერად ვილოცე, მაშინ მივხვდი, რომ თუ ხორცს სჭირდება სწორი კვება, სულსაც სჭირდება გამოკვება და ზრდა. ლოცვით ნაკვები და ნაზარდი სული ძლიერია, ლაღია, ბედნიერია, ის არ განიცდის ტკივილსა და მწუხარებას. ბოლოს კი დიდი ათონელი მამის, ბერი იოსებ ისიხასტის სიტყვებით დავასრულოთ "მე დარწმუნებული ვარ, შენ იპოვნი შენს ლოცვას". აი, სწორედ მაშინ ღვთის მადლი დაგვიჩრდილავს მხურვალებას და გაგაგრილებს...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი