ათონელი ბერები გვიამბობენ, როგორ ვილოცოთ იესოს ლოცვა
ათონელი ბერები გვიამბობენ, როგორ ვილოცოთ იესოს ლოცვა
ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებით, ყველაზე ტევადი და ეფექტური ლოცვის ფორმა იესოს ლოცვაა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ბერები მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლობენ იესოს ლოცვის სწორად წარმოთქმას. გთავაზობთ რამდენიმე ათონელი მამის სწავლებას იესოს ლოცვაზე:

ღირსი პაისი ათონელი

"უმჯობესია ის (ლოცვა) სრულად წარმოვთქვათ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", რადგან ეს ლოცვა რწმენის მთელ დოგმატს შეიცავს. თუ გიჭირს მისი სრულად წარმოთქმა, მაშინ თქვი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". სულ სხვაა ლოცვა ღვთისმშობლისადმი და წმინდანებისადმი და სხვა - იესოს ლოცვა. იესოს ლოცვას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს: ამ ლოცვით ადამიანი უერთდება ქრისტეს, გონება უერთდება ღმერთს. მაგრამ გონება ლოცვაში უნდა იმყოფებოდეს - აი ესაა საიდუმლო. როცა წმინდანებისადმი ვლოცულობთ, ესეც კარგია, მაგრამ განუწყვეტელი ლოცვისათვის უსარგებლოა. მიეჩვიე, მეტი ილოცო, რათა გონებამ მრავალჯერ მიმართოს "უფალ იესო ქრისტეს", და ამგვარად ბუნებრივად იქნები უწყვეტ ლოცვაში".


ღირსი პორფირე კავსოკალიველი

"როცა ქრისტე გულში შემოდის, ცხოვრება იცვლება. ქრისტე - ყველაფერია. ვის გულშიც ქრისტე ცოცხლობს, ისეთ რამეს განიცდის, ამის გამოხატვა შეუძლებელია: წმინდას და საიდუმლოს. ასეთი ადამიანი დიდ სიხარულშია. დამიჯერეთ! ეს სიმართლეა! ამას განიცდიდნენ წმინდა მთის მოსაგრენი. ისინი, მოწყურებულნი, განუწყეტლივ ჩურჩულებენ ლოცვას: უფალო იესო ქრისტე...".

"უფალს მივმართოთ როგორც მდაბალმა მსახურებმა, მავედრებელი ხმით, თხოვნით. მაშინ ჩვენი ლოცვა სათნო იქნება უფლისათვის. მოდით, მოკრძალებით დავდგეთ ჯვარცმულის წინ და ვთქვათ: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ამით ყველაფერია თქმული". "გული რადიომიმღებია, ხოლო ვნებები - რადიოეთერის ხარვეზები... იმისათვის, რომ ქრისტემ ჩვენში თავი გამოავლინოს, როცა მოვუწოდებთ ლოცვაში "უფალო იესო ქრისტე", ჩვენი გული სუფთა უნდა იყოს, თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ხარვეზისაგან, სიძულვილისგან, ეგოიზმისგან, სიბრაზისგან. ჩვენ უფალი უნდა გვიყვარდეს, მას კი - ჩვენ".


ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი


"ლოცვის კანონის დაწესებისას რაოდენობა თავად განსაზღვრე ან სულიერ მოძღვარს ჰკითხე რჩევა. მაგრამ თავიდან ბევრი არ დაიწესო, ხოლო შემდგომ, ლოცვით აღფრთოვანების კვალდაკვალ, თანდათანობით მოუმატე. თუ სურვილი გაგიჩნდება, კიდევ გაიმეორო დაწესებული რაოდენობით ჩამოლოცვა, უარს ნუ ეტყვი საკუთარ თავს, მაგრამ ამას მუდმივ წესად ნუ დაიდგენ, მხოლოდ ამ ერთხელ მიეცი ნება. და რამდენჯერაც არ უნდა გთხოვოს გულმა ასეთი გამეორება, უარი არ უთხრა".


სქემარქიმანდრიტი კვირიკე ათონელი


"ამ ლოცვის დროს (ისევე, როგორც ზოგადად ლოცვისას), უნდა გვქონდეს მიზანი და განზრახვა, რომლითაც წარმოვთქვამთ ლოცვას, რადგან უფალი მიზანს უყურებს, ხოლო მის გარეშე თქვენს ლოცვას არ შეისმენს, არ მიიღებს. წარმოთქვით ლოცვა და მის დაწყებამდე იფიქრეთ იმ ვნებაზე თუ არეულ აზრებზე, რომლებიც ლოცვისას ყველაზე ხშირად გიშლიან ხელს".

"იესოს ლოცვა წარმოთქვით არა იმისთვის, რომ ლოცვის ნიჭი შეიძინოთ, არამედ იმისთვის, რომ დაამარცხოთ ვნებები უფლის ნებით, შემოქმედისადმი ერთგულებით. თქვენ - უფლის მიერ ქმნილმა - აღიარეთ მის წინაშე, რომ უძლური ხართ და შესთხოვეთ მადლისმიერი შეწევნა, რომელიც თავმდაბლობით მიიღება". "იესოს ლოცვა უფალთან თანამყოფობის გაცნობიერებით წარმოითქმება, უნდა გჯეროდეს, რომ შენ კი არ ჭვრეტ უფალს, უფალი გიყურებს და იცის ყველაფერი, რაც შენშია".



ბეჭდვა
1კ1