ეკლესია ესაა ადგილი შეხვედრისა, ადამიანის ღმერთთან შეერთებისა და ამავე დროს ამ შეერთების სასწაულისა.
ამასთან დაკავშირებით მართებული იქნებოდა იმის თქმა, რომ მორწმუნის ცხოვრებასა და საერთოდ ეკლესიაში არსებობს სამი მომენტი, რომელიც აბსოლიტურად აუცილებელია. პირველი - ეს, რა თქმა უნდა, ღვთის ქმედებაა, რომელიც ჩვენ მასთან გვაერთებს. აქ მხედველობაში მაქვს არა ხორცშესხმა, არამედ საიდუმლოება, ღვთის ის ქმედებანი, რომელსაც ახდენს ჩვენზე, მაგრამ არა ჩვენს გარეშე, რადგანაც ჩვენის მხრიდან ამას სჭირდება ჩვენი გულახდილობა, რწმენა, წყურვილი მასთან შეხვედრისა. მეორეს მხრივ, ღვთისაგან მადლი კი გვეძლევა, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს მადლი გახდეს ჩვენთვის არა მხოლოდ მონაპოვარი, არამედ მისით განვიმსჭვალოთ გულის სიღრმემდე. და თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ეკლესიის წევრები, ქრისტეს მოწაფეები, მაშინ აქ დგება ერთგულების საკითხიც. ერთგულება კი ეს არის მუდმივი ღვაწლი, მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ ცოდვებთან, ბოროტებასთან, რაც ცხოვრებაში გვხვდება. და ბოლოს ამ ბრძოლის საფუძველზე, ღვთის მადლით, საიდუმლოდ ხდება სულ სხვაგვარი შეხვედრა, მუდმივი, სულ უფრო ჩაღრმავებული, რომელიც ლოცვაში წარმოიშვება. აი, სწორედ ამ ლოცვაზე მინდა გითხრათ ცოტაოდენი რამ.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ლოცვის გარეგნულ ან ფორმალურ მხარეზე. ხშირად აღსარებაზე მოსულნი უჩივიან, რომ სათანადოდ ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ლოცვებს. მაგრამ ლოცვა მარტო ამაში არ მდგომარეობს. ლოცვის ძირითადი არსი არის ღვთისკენ სწრაფვა, მასთან პირისპირ შეხვედრა. საბოლოო ჯამში, ლოცვა - ეს არის ღვთის წინაშე წარდგომა, რომელიც იწყება სიტყვებით და შემდეგ გადაიზრდება, ღრმავდება მჭვრეტელობით მდუმარებაში.
მე წამიკითხავს ერთ მოღვაწეზე, რომელიც საფრანგეთის ერთ პატარა ეკლესიაში იყო მღვდელი. ერთხელ მივიდა ეკლესიაში და დაინახა მოხუცი, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ იყურებოდა. მღვდელმა ჰკითხა:
- პაპა, რას აკეთებ აქ საათობით? არც ბაგეებს ამოძრავებ, არც სკვნილი გიჭირავს ხელში. რას აკეთებ აქ?
მოხუცმა შეხედა და მშვიდად მიუგო:
- მე ხატს ვუყურებ. იგი მე მიყურებს, და ჩვენ ისეთი ბედნიერები ვართ.
ეს იყო ჭეშმარიტი შეხვედრა მჭვრეტელობითი მდუმარების სიღრმეებში.
მახსენდება კიდევ ერთი, ნაკლებად ცნობილი ადამიანი, ჩემი სულიერი მამა - მამა ათანასე ნეჩაევი. სიკვდილის წინ მან მომწერა, რომ შეიცნო მჭვრეტელობითი მდუმარების საიდუმლო და უკვე შეუძლია სიკვდილი. სამი დღის შემდეგ იგი მართლაც გარდაიცვალა.
ლოცვაში ჩაღრმავება მდგომარეობს ადამიანის ღმერთთან პირისპირ შეხვედრაში. მე ვიზუალურ აღქმას არ ვგულისხმობ, არამედ ჩვენი სულის ყველაზე საიდუმლო და იდუმალ სიღრმეებში მასთან შეხვედრას. სწორედ ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, და ეს უნდა ვისწავლოთ.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ მდუმარება - ეს ერთი. დავდგეთ ან დავჯდეთ ღვთის წინაშე და ვისწავლოთ მდუმარება. მოგონებები, ყოველი აზრი დავიცხროთ, ყოველი გრძნობა დავიმშვიდოთ. ამის სამაგალითოდ მინდა გავიხსენო მრავალი წლის წინანდელი ამბავი: ის-ის იყო მღვდელი გავხდი და გამგზავნეს მოხუცებულთა თავშესაფარში. იქ ერთი 101 წლის მოხუც ქალს შევხვდი, რომელმაც წირვის შემდეგ მითხრა:
- მამა ანტონ, მინდა მირჩიოთ როგორ მოვიქცე. აგერ უკვე რამდენი ხანია მუდამ ვამბობ იესოს ლოცვას და ვერასდროს ვერ განვიცადე უფლის ჩემს გვერდზე ყოფნა. მითხარით, რა გავაკეთო?
მაშინ ასეთი გამზადებული პასუხი გავეცი:
- იპოვეთ ადამიანი, რომელსაც აქვს ლოცვის სულიერი გამოცდილება და იგი ყველაფერს გეტყვით.
შემომხედა და მითხრა, რომ თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე არაერთ ასეთ ადამიანს შეხვედრია, მაგრამ მათგან პასუხი არ მიუღია.
- ახლა თქვენ გნახეთ. - მითხრა მან, - და ვიფიქრე: "ალბათ არც ამან იცის, მაგრამ იქნებ შემთხვევით (მაპატიეთ ასეთი გამოთქმისთვის) მან წამოროშოს რაღაც ისეთი, რაც სარგებლობას მომიტანს".
მაშინ მე გავიფიქრე:
"თუ ეს ასეა, მაშინ მე "ბალაამის ვირივით" ვარ, რომლითაც წინასწარმტყველი ღვთისათვის არა სათნო საქმეზე მიდიოდა და დავასკვენი: "თუ ვირმა შესძლო ალაპარაკება, მეც შეცევდები რაიმეს თქმას".
- როგორ ფიქრობთ, როდისღა მოახერხებს ღმერთი რაიმე გითხრათ, ან გაგრძნობინოთ გვერდით ყოფნა, თუ თქვენ გამუდმებით ლაპარაკობთ?
- მაშ რა უნდა ვაკეთო?
- აი, რა! დილით რომ ადგებით, მიალაგეთ ოთახი, აანთეთ კანდელი ხატის წინ, დაჯექით ისე, რომ ხედავდეთ ხატებსაც და კანდელსაც, ღია ფანჯარასაც, (მაშინ ზაფხული იყო) და ბუხარზე განლაგებულ ახლობლების ფოტოებსაც. აიღეთ ჩხირები და მდუმარედ ქსოვეთ ღვთის წინაშე. არ გაბედოთ არც ერთი ლოცვის თქმა. იჯექით მშვიდად და ქსოვეთ.
მან უნდობლად შემომხედა და წავიდა. მეორე დღესაც იქ უნდა მეწირა. ვიმედოვნებდი, რომ მოხუცი არ ესწრებოდა წირვას, რადგან ვშიშობდი, რომ მომხვდებოდა მისგან. მაგრამ იგი იქ აღმოჩნდა. მსახურების შემდეგ შემოვიდა ჩემთან და მითხრა:
- მამა ანტონ, იცით, გამომივიდა.
- რა გამოგივიდათ?
- გავაკეთე როგორც თქვენ მითხარით. დავჯექი, ჩუმად ვიყავი. ირგვლივაც სიჩუმე იყო, მერე კი გავიგონე ჩხირების ხმა, როცა ისინი ერთმანეთს ეხებოდნენ. ამან კიდევ უფრო გააღრმავა მდუმარების გრძნობა ირგვლივ. რაც უფრო აღვიქვამდი ამ მდუმარებას, მით უფრო შევიგრძნობდი, რომ ეს არ იყო მხოლოდ სიჩუმე, მის შუაგულში თვითონ უფალი იდგა. მაშინ ვიგრძენი, რომ სიტყვებით ლოცვა იგივეა, რაც უსიტყვო; და ვიგრძენი, რომ მე უფალთან ვიყავი. იგი მე მიცქეროდა, მე კი მას. და ისე კარგად ვიყავით ორივე ერთად!
დიახ, ახლა მან უკვე იცოდა, რომ თუ მოუნდებოდა ლოცვა ან ღვთის არსებობის შეგრძნება, მისთვის საკმარისი იქნებოდა დადუმებულიყო, სანამ არ იგრძნობდა, რომ მდუმარებით გააღწია გრძნობათა იმ უწესრიგობიდან, რომელიც მასში არსებობდა, და მას უკვე შეეძლო საუბარი ღმერთთან, რადგან იგი მასთან პირისპირ იდგა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, და ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ ამის კეთება. რასაც მე ვამბობ ჩემი მოგონილი როდია. ამის შესახებ დაწვრილებით და ნათლად წერს თეოფანე დაყუდებული.
ჩვენ არ შეგვიძლია მთელი ცხოვრების მანძილზე გამუდმებული ლოცვა, სხვაგვარი მომენტებიც არსებობს. ჩვენ უმეტესად ვკითხულობთ ლოცვებს და არც შეგვიძლია რომ არ ვიკითხოთ, რადგან ჩვენი მცირე სულიერი გამოცდილებით არ ძალგვიძს გამუდმებით ვიყოთ ასეთ ჭვრეტით მდგომარეობაში. ჩვენ არ ძალგვიძს, ამას მივაღწიოთ უცებ, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. ამისთვის გვაქვს ჩვენ მოცემული დილისა და ძილად მისვლის ლოცვები, წირვა-ლოცვა, დაუჯდომლები, და ა.შ. როგორ უნდა შევუთავსოთ ყოველივე ამას ის, რაზეც ჩვენ ზემოთ ვსაუბრობდით? მე ხშირად მეუბნებიან:
- ვკითხულობ დილისა და ძილად მისვლის ლოცვებს და არ შემიძლია იმ ყველაფრის კეთება, რაც იქ წერია.
მე ყოველთვის ვეუბნები ამის მთქმელს:
- კი მაგრამ რატომ გგონია, რომ ყოველივე ამის გაკეთებას შეძლებ. შეხედე, ყოველ ლოცვას აწერია რომელიმე წმინდანის სახელი: ბასილი დიდი, სიმონ ახალი ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი და ა.შ. ნუთუ შენ შეგიძლია ლოცვიდან ლოცვაზე გადასვლისას განიცადო და თითოეული მათგანის გამოცდილებას შეუერთდე, შეურწყა შენსას იმათი გამოცდილება, რომელთაც დაწერეს ან შეადგინეს ეს ლოცვები?!
მე შეგნებულად ვიხმარე სიტყვა "დაწერეს ან შეადგინეს". ფსალმუნები და ლოცვები არავის არ დაუწერია. არავინ მჯდარა მაგიდასთან და არ შეუთხზავს ისინი. ეს ლოცვები სულის ძახილია, რომელიც ისევე გადმოედინება, როგორც სისხლი ჭრილობიდან, აღფრთოვანების ან სინანულის, სასოწარკვეთის ან ტკივილის, ან იმედის დროს. და რომელიც წმინდანმა მერე აღბეჭდა ფურცელზე, რომ არ დავიწყებოდა ის, რაც ოდესღაც შეემთხვა. და თუ ჩვენ გვინდა წმიდათა ლოცვებით ლოცვა, ჯერ ერთი, უნდა შეგვეძლოს მათი წრფელი გულით კითხვა, მათ წაკითხვამდე კი უნდა მივმართოთ წმინდანს და ვითხრათ:
- წმინდაო ბასილ, წმინდაო იოანე, წმინდაო სვიმეონ, მე გამოვიყენებ შენს ლოცვებს, მაგრამ მე არ ძალმიძს მათი დატევა. მე მათ გავიმეორებ მთელი სიწრფელით, მთელი ჩემი გონებით, გულისხმისყოფით, შენ კი აღამაღლე ისინი ღვთის ტახტამდე.
ასე დავიწყებთ ურთიერთობას წმინდანთან და იმასთან, რაც მან ჩადო ამ ლოცვაში. ამ ლოცვაში კი მან ჩადო ყველაფერი: თავისი ცოდნა ღვთის შესახებ, ცოდნა თავისი თავის შესახებ, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება - იგი შეერწყა ამ ლოცვას.
როცა ჩვენ ვიწყებთ ლოცვების კითხვას, ზოგიერთი ადგილი ჩვენთვის გასაგები და ახლობელია, მაგრამ ზოგი მათგანი ჩვენთვის დაფარული და გაუგებარია. ჩვენ უძლურნი ვართ ჩვენგან გამომდინარე ვთქვათ ზოგიერთი სიტყვა, რომელიც თავისი გამოცდილების სიღრმიდან წარმოსთქვა წმინდანმა.
ჩემი ჭაბუკობისას ერთ ამხანაგს ვეჩხუბე. მივედი მამა ათანასესთან და ვუთხარი:
- რა ვქნა, ვეჩხუბე კირილეს და არ შემიძლია მისი პატიება.
მამა ათანასემ მშვიდად შემომხედა და მითხრა:
- "მამაო ჩვენო"-ს წაკითხვისას იმ ადგილამდე რომ მიხვალ "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი", ასე თქვი "უფალო, ნუ მომიტევებ მე თანანადებს ჩემსას, რადგან არ შემიძლია კირილეს მივუტევო".
- არ შემიძლია ამის თქმა.
- ასე უნდა თქვა, სხვანაირად არ შეიძლება შენ რომ თქვა.
მაშინ შევეცადე ასე მეთქვა, მივედი ამ ადგილამდე და რომ ვერ შევძელი ამ სიტყვების წარმოთქმა, დავბრუნდი მამა ათანასესთან.
- მაშ, თუ არ შეგიძლია ამ სიტყვების წარმოთქმა, გამოტოვე.
ამასაც შევეცადე და ვერ შევძელი, რადგან სწორედ ეს მიტევებაა ის ზღვარი, რაც დევს ჩემს ცხონებასა და დაღუპვას შორის. ისევ დავბრუნდი მამა ათანასესთან.
იგი მეუბნება:
- რაო, გეშინია რომ დაიღუპები? მაშინ აი, ასე თქვი:
- უფალო, მე ძალიანაც მინდოდა მეპატიებია კირილესთვის, მაგრამ ვერ შევძელი. შენ ხომ შეგიძლია შემინდო, რადგან მე ეს მსურდა.
ეს რომ ვცადე გამომივიდა და რომ დავინახე როგორ თანდათან ვიძირებოდი ამ განცდებში, ვიგრძენი ჩემი სიბრაზის უაზრობა. ამან კი მაფიქრებინა:
"შემიძლია კირილეს პატიება; იგი არც ისე დამნაშავეა ჩემს წინაშე. ჩვენ ორივე დამნაშავე ვართ".
ამის შემდეგ მას შევურიგდი, მერე კი თავისუფლად, მშვიდად შევძელი იმ ღვთაებრივი სიტყვების წარმოთქმა, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანის ცხონება.
ლოცვის სიტყვები უნდა წარმოსთქვა წრფელი გულით. და თუ არ შეგვიძლია რაიმეს თქმა წრფელდ, ასე მაინც ვუთხრათ უფალს:
- მე მხოლოდ იმ სიტყვებს ვამბობ, რომლებიც წერია ამ ლოცვებში. ჩემი მხრიდან კი არ შემიძლია შენთვის ამის თქმა. შემეწიე, რომ ოდესმე მაინც შევძლო ეს.
მაგრამ ამას, მართლაც, ვერასდროს შევძლებთ, თუ არ მივუბრუნდებით და არ ჩავუღრმავდებით ლოცვის სიტყვებს. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ორი რამ: ჯერ ერთი, ის, რასაც წმინდა თეოფანე დაყუდებული გვასწავლის: ლოცვების კითხვისას კი არ უნდა შევიგრძნოთ და გავიაზროთ სიტყვები, არამედ მაშინ, როცა შეგვეძლება მშვიდად დავჯდეთ და ჩავუფიქრდეთ მას. ჩვენ შეგვიძლია ასე დავსვათ საკითხი:
- აი, სიტყვები, რასაც განიცდიდა წმინდანი ღვთის წინაშე მდგარი, როგორც ხედავდა საკუთარ თავს, ცხოვრებას. მაგრამ რას განვიცდიდი მე მათი წარმოთქმისას?! ჩვენ უნდა შევიგრძნოთ, მივიყვანოთ ჩვენს შეგრძნებამდე, ჩვენს გულამდე და თითქოსდა ჩვენი მოგონებების სიღრმიდან, ჩვენი ცხოვების გამოცდილებიდან გამომდინარე ამოვატივტივოთ ზედაპირზე ყველაფერი ის, რაც შეესაბამება ლოცვის სიტყვებს, ისე, რომ მისი კითხვისას, მთელი ჩემი სულიერი და ადამიანური გამოცდილება მოვიხმო ლოცვის სიტყვებით. მაშინ ყოველი ლოცვა თანდათანობით გაცოცხლდება, იქცევა ჩემს ლოცვად; და მაშინ თითოეული სიტყვა დაიტვირთება ჩემი პირადი გამოცდილებით. მეორეც, არსებობს ლოცვები, რომელთაც ადამიანის ცხოვრების წესის განსაზღვრაც შეუძლიათ. მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირის დღის ყოველი საათისთვის საკითხავი 24 მოკლე ლოცვა. იგი ძილად მისვლისას იკითხება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ყოველ დღე ამოვარჩიოთ ამ ლოცვებიდან ერთი და მთელი დღის განმავლობაში თუ არა, რამდენიმე საათით მაინც დავუთმოთ მასზე ფიქრს ადგილი. მაგალითად ეს სიტყვები ლოცვიდან:
"უფალო, მასწავლე მე სინანული!"
დაფიქრდი, შეიგრძენი, რას ნიშნავს სინანული. როცა ამას გაიაზრებ და შეიგრძნობ, რამდენიმე საათი მაინც შეიცადე, რომ ისწავლო სინანული.
არის სხვა ლოცვებიც:
"უფალო, მომეცი მე ცრემლი და ხსოვნა სიკვდილისა! უფალო, მომეცი უბიწოება, მორჩილება და სიმდაბლე!"
ანდა ავიღოთ ამ ლოცვიდან ერთ-ერთი სათნოება და ერთი დღე მაინც მთლიანად მას ვადუთმოთ. შევეცადოთ რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც ამ სიტყვის შესაბამისად არ ვცოდოთ. მაშინ ყოველი ლოცვა გაცოცხლდება. და როცა ჩვენ დავდგებით სალოცავად ღვთის წინაშე, ჩვენ უბრალოდ კი არ გავიმეორებთ წმინდანის სიტყვებს, არამედ მისივე სიტყვებით აღვავლენთ ლოცვას ღვთის წინაშე იმ ბიჭუნასავით, დედას რომ უთხრა, მას შემდეგ რაც იძულებით წააკითხა ძილად მისვლის ლოცვები:
- დედა, ახლა კი მოდი მართლა ვილოცოთ. ვევედროთ ღმერთს ჩვენი სიტყვებით.
ჩვენც ამით ხომ არ დაგვეწყო...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი