სჯობს, მზე არ ამოვიდეს, ვიდრე დღემ ფსალმუნთგალობის გარეშე ჩაიაროს
სჯობს, მზე არ ამოვიდეს, ვიდრე დღემ ფსალმუნთგალობის გარეშე ჩაიაროს
დავითი ფსალმუნებს ამ სიტყვებით იწყებს: "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა" (ფს. 1,1). რატომ იწყება ფსალმუნთა წიგნი მაინცდამაინც ნეტარებით? ამის შესახებ წმინდა ბასილი დიდი წერს: "რაც საფუძველია სახლისთვის, ფსკერი - ხომალდისა და გული - ცხოველის სხეულისთვის, იგივე მნიშვნელობა აქვს ამ მოკლე შესავალს მთელი ფსალმუნის შედგენილობისათვის. რადგან ფსალმუნთა ავტორს განზრახული აქვს, სიტყვის გაგრძელებასთან ერთად შეგვაგონოს მრავალი რამ, რაც დიდ ჯაფას მოითხოვს, იგი ღვთისმოსავებს წინასწარ მიგვითითებს ნეტარ დასასრულზე, რათა ჩვენთვის მომზადებული სიკეთის სასოებით ცხოვრების უკუღმართობანი წუხილის გარეშე დავითმინოთ. ისევე, როგორც მოგზაურებს ოღროჩოღრო და ძნელად სავალ გზას თავშესაფარზე ფიქრი უმსუბუქებს, ვაჭრებს ზღვაში შესვლას მოგების წყურვილი აბედვინებს, ხოლო მიწათმოქმედნი მძიმე შრომას ნაყოფიერი მოსავლის იმედით ივიწყებენ, ასევე საერთო მოძღვარი ცხოვრებისა, დიდი მასწავლებელი სული ჭეშმარიტებისა პირველ რიგში ჯილდოს გვთავაზობს, კერძოდ, მოგვიწოდებს, მზერა იმ ჯაფის დასასრულისკენ მივმართოთ, რომელიც ჩვენი ხვედრია და მარადიული სიკეთის მოლოდინით დავტკბეთ".

რა მნიშვნელობით არის გამოყენებული ფსალმუნთა წიგნში სიტყვა "ნეტარება", ვის უწოდებს დავით წინასწარმეტყველი ნეტარს და რით უნდა დაიმსახუროს კაცმა ნეტარება, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე:

- ფსალმუნი წმინდა წერილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნია. მისი საშუალებით ღვთაებრივი სული ესაუბრება ცოდვილ კაცობრიობას. წმინდა ბასილი დიდი ფსალმუნის განმარტებისას აღნიშნავდა: "სჯობს, მზე არ ამოვიდეს, ვიდრე დღემ ფსალმუნთგალობის გარეშე ჩაიაროსო". ფსალმუნი ღმერთკაცობრივი შემოქმედებაა. იგი ღვთის უდიდესმა სათნომყოფელმა დავით წინასწარმეტყველმა გამოთქვა. წმინდა დავითი თავის უკვდავ ქმნილებას "ნეტარებით" იწყებს, რადგან სურს, ყველას გააგებინოს: მართალია, საღვთო გზა თავის იძულებასთან, მრავალ ტკივილთან არის დაკავშირებული, მაგრამ საბოლოო შედეგი სჯულიერი ცხოვრებისა - ნეტარებაა. მას არა მხოლოდ ცხოვრების აღსასრულს ეზიარებიან, არამედ ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც, რადგან მართალი სათნოებითი ცხოვრება საღვთო ნეტარების მატარებელია და საწინდარია მომავალი მარადიული ნეტარებისა.

- ფსალმუნში ვკითხულობთ: "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხის უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა" (ფს. 31,1-2). ე.ი. ცოდვებისაგან თავისუფლება ნეტარების საფუძველია...

- ჭეშმარიტად, ნამდვილი ნეტარება თვით ღმერთია. მხოლოდ მასში შეიძლება ადამიანმა განსვენება ჰპოვოს. დავით მეფსალმუნე თავისი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება იყო: ბრძენი, მდიდარი, კარგი მხედართმთავარი, მორჭმული მეფე. მას ყველაფერი ჰქონდა ამქვეყნიური ბედნიერებისთვის, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ უთქვამს - ამაშია ნეტარებაო. ნეტარებად მხოლოდ უცოდველობა შერაცხა. ცოდვა - მეტაფიზიკური ბოროტება, სამყაროს უდიდესი ტრაგედიაა და ვერც სიმდიდრე, ვერც ძალაუფლება და ვერც ამა სოფლის სხვა სიკეთენი ვერ დაიცავს კაცს ამ ბოროტებისაგან. ბედნიერებისათვის საჭიროა სიკეთე, რითაც მარადიული ფასეულობები მიიღწევა. ნეტარება და ბედნიერება ცოდვებისაგან გათავისუფლება და ღმერთთან თანაზიარებაა.

- ფსალმუნში ვკითხულობთ: "ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისა სასო მისსა არს, და არა მიხედნა ამაოებასა", არცა სიცბილსა ტყუვილისასა" (ფს. 39,4). და კიდევ: "ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა" (ფს. 105,3). ე.ი. სამართლიანობის დაცვა და უფლისადმი სასოება ნეტარს ხდის კაცს?..

- ცხოვრება მუდმივად ითხოვს ადამიანისგან გადაწყვეტილებების მიღებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამას ადამიანი უფლის სიტყვას აფუძნებდეს. სხვაგვარად შეუძლებელია თავიდან აიცილო მრუდე, მტყუანი გზა. სიმართლით რომ ვიცხოვროთ, უნდა ვფლობდეთ მას, მუდმივად ვეძებდეთ მართალ გზას და ყოველთვის ვცდილობდეთ, ამ სიმართლით ვიხელმძღვანელოთ. მაშინ ვყოფთ სამართალსაც. რადგან ის აღასრულებს სამართალს, ვინც თვითონ ცხოვრობს სიმართლით. ასე ცხოვრება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა გვაქვს ნდობა ღვთისა და იმედი, რომ უფლის სიტყვა არასდროს გვიმტყუნებს.

- თანაგრძნობის უნარი ("ნეტარ არს, რომელმან გულისხმაჰყოს გლახაკისა და დავრდომილისა, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან" (ფს. 40,1)) რამდენად უძღვის ადამიანს ნეტარების გზაზე?

- თანაგრძნობის უნარი გამოვლინებაა სიყვარულისა. უფალი სიყვარულია, ამიტომაც თუ გვინდა ნათლით ვიცხოვროთ და წყვდიადში არ დავდიოდეთ, ცხოვრების გზად სიყვარული უნდა ავირჩიოთ. ეს იოლი არაა, ბევრი წინააღმდეგობა ეღობება. მთავარი კი ცოდვაა, რომლის სათავეა ეგოცენტრიზმი. თუ დავიწყებთ მის შეზღუდვას და ვიცხოვრებთ უფლის სიტყვით, ბოროტება, სიძულვილი, რომელიც ჩვენშია, ნელ-ნელა შეიზღუდება და გაჩნდება ნიშნები სიყვარულისა და თანაგრძნობისა. ესაა ბუნებრივი მიმდინარეობა მოვლენებისა. თანაგრძნობა სიყვარულის გამოვლინებაა, ის კი ღმერთის მყოფობაზე მიუთითებს, ხოლო სადაც ღმერთია, იქ ნეტარებაა. ამიტომ თუ არ გვაქვს თანაგრძნობა და გვგონია, საღვთო გზას ვადგავართ, მწარედ ვცდებით.

- ფსალმუნში ვკითხულობთ: "ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისად" (ფს. 32,12). ანდა: "ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობა შენი, უფალო, ნათლისა პირისა შენისათა ვიდოდენ" (ფს. 88,15). ქართველ ერზე რა შეიძლება ითქვას, როგორ უკავშირდება ნეტარება ილიას სიტყვებს: "ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?"

- ილიას სარკაზმში დიდი ტკივილია გამჟღავნებული. ეს ის სევდაა, ძველი დიდების დაკარგვას რომ მოჰყვება. თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მისი პოლიტიკური გაძლიერება დაკავშირებული იყო იმ ეპოქის ქართველების კეთილმორწმუნეობაზე, ხოლო რწმენის მოკლება ავბედობის მომასწავებელი იყო. მრავალი სიკეთე უძღვნა ქართველებს ღმერთმა, მაგრამ ყველაზე დიდი საუნჯე ჭეშმარიტი რწმენაა. "ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაი შენი". აქ იგულისხმება ჭეშმარიტი რელიგია. ისაა ერთადერთი სრულყოფილი საკომუნიკაციო ენა ერსა და ღვთაებას შორის. ბევრ ერს არ გააჩნია ასეთი საუნჯე. ეს ღვთაებრივი განძი მართლმადიდებლობაა და ჩვენი ბრალია, თუკი სიბნელეში სვლას ვამჯობინებთ. ხომ გახსოვთ, "ცუდად შვრებინ მაშენებელნი..."

- "ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა და რომელნი ვლენან გზათა მისთა. ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ, ნეტარ იყო, და კეთილი გეყოს შენ. ცოლი შენი, ვითარცა ვენახი მსხმო, კიდეთა სახლისა შენისათა. შვილნი შენნი, ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოს ტაბლისა შენისა" (ფს. 127,1-5). უფალი ამქვეყნადაც ჰპირდება ნეტარებას იმათ, ვინც მას ეკრძალვის და მის მცნებებს ასრულებს...

- ამქვეყნიური კეთილდღეობა ხშირად მოჰყვება სჯულიერ ცხოვრებას. მაგრამ ეს აუცილებელი პირობა სულაც არაა. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ წმინდანთა ცხოვრებებიდან, რომლებიც სიღარიბესა და სნეულებაში ცხოვრობდნენ, მაგრამ მეეჭვება, მათზე ბედნიერი მდიდრულ პალატაში ვინმე ვიპოვოთ. ბედნიერება სულიერი ფასეულობაა და სულაც არ სჭირდება მატერიალური საშუალება თავისი მიზნების აღსასრულებლად. მთავარი მიზანი ადამიანისა მადლის მოპოვება უნდა იყოს და არა მატერიალური კეთილდღეობა, რომელიც ბედნიერებას ვერ მოგვანიჭებს. "ეძიებდე სასუფეველსა ღმრთისასა და ყოველივე შეგეძინოს". მოიპოვე მადლი და რაც საჭიროა ცხოვრებისათვის, მოგეცემა - ასეთია წმინდა წერილის თვალსაზრისი და ნეტარია ის, ვინც მას ცხოვრების წესად აქცევს.

- რა იგულისხმება სიტყვებში: "ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მოგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩვენ. ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა" (ფს. 136,10)?

- მოგეხსენებათ, ძველი აღთქმა განსხვავდება ახლისაგან. პირველი ნაკლებად სულიერია და მრავლადაა მასში სისასტიკის მაგალითები. ფსალმუნის ეს სიტყვები გამოვლინებაა ძველი აღთქმის პრინციპისა "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ". დამპყრობლები ისრაელს სასტიკად ეპყრობოდნენ. ისინი უმოწყალოდ ხოცავდნენ ისრაელელ ჩვილებს. ფსალმუნი წინასწარმეტყველებს, რომ მათ თავიანთი ნამოქმედარი უკან დაუბრუნდებათ. ახალი აღთქმა სხვაგვარია. იგი გვასწავლის მტრის სიყვარულს და უარყოფს სისასტიკის ყოველგვარ გამოვლინებას.

წმინდა მამების სწავლებით, ამ სიტყვების გაგება ასევე სხვაგვარად შეგვიძლია: ასე უნდა მოვექცეთ უკეთურ აზრებს. ისინი ჩანასახშივე უნდა გავანადგუროთ და შევახეთქოთ კლდეზე იესოს ლოცვით. ამით შევაჩერებთ ბოროტების განვითარებას და წარვმართავთ ჩვენს შინაგან ცხოვრებას მისკენ, ვინც არის: "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება".
ბეჭდვა
1კ1