ლოცვა უფალ იესო ქრისტეს მიმართ სინანულისა და ცოდვათა მიტევებისათვის
ლოცვა უფალ იესო ქრისტეს მიმართ სინანულისა და ცოდვათა მიტევებისათვის
ლოცვა სულის სარკმელია, რომელიც უშუალოდ წარემართება ცათა შინა და თუ ამ ლოცვას ახლავს წრფელი სინანული, "გული შემუსვრილი და დამდაბლებული", უფლისმიერი სიხარული და შემწეობა უმალ დაივანებს ჩვენში. ეს ლოცვა ერთ-ერთმა ჩვენმა ჟურნალისტმა დაწერა. წავიკითხეთ, სინანული ჩაგვეღვარა. მოძღვარსაც წავაკითხეთ, მოგვიწონა და გადავწყვიტეთ, თქვენთვისაც მოგვეწოდებინა. იქნებ თქვენი სულის სიმებსაც შეეხმიანოს.

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო ჭეშმარიტო, სულის ჩამდგმელო, მაცოცხლებელო და გამომზრდელო ჩემო, გმადლობ შენ ჩემ მიერ განვლილი სიცოცხლის ყოველი წუთისთვის, რაც შენი უსაზღვრო წყალობითა და სიყვარულით მომმადლე მე. გმადლობ შენ, ძეო ზეციურო, რომელმაც ჯოჯოხეთში გამიხსენე მე, სამოთხეში დამვიწყებელი შენი. შემიწყალე მე, ძეო სახიერო, რომელმაც შევაგინე, შეურაცხვყავ და ამა სოფლის სიცრუეს სასყიდლით თუ უსასყიდლოდ, ნებით თუ უნებლიეთ მივყიდე შენ მიერ მონიჭებული სიწმინდე, მადლი და თითოეული ნიჭი. არათუ უმადურობის მიწაში დავფალ ისინი, არამედ ბოროტება გავიმრავლე და ურწმუნოება მოვივაჭრე მისით. მაპატიე, ნაზარეველო, ფარისევლობა ჩემი, რომელმაც მართალი ღმერთი, ჩემთვის ჯვარცმული, ჯვარზე გაკრული მიგატოვე და სიწმინდის "დასაკლავად", ცოდვის პასექის ძღვნად შესაწირად ეშმაკისაკენ გავეშურე; შემინდე მე, რომელიც იუდასავით ვეზიარები შენს წმინდა სისხლსა და ხორცს და მაცხოვნებელი ტრაპეზის დატოვებისთანავე ცოდვაზე ამბორით გაგცემ შენ.

უფალო, გევედრები, მომეცი მე ძალა, შევიძულო ამა სოფლის ამაოება, როგორც მან შეგიძულა შენ, ჯვარს ვაცვა მისი უსამართლობა ჩემში, როგორც მან უსამართლოდ ჯვარს გაცვა შენ. მაპატიე, სულგრძელო, მე, რომელიც მხოლოდ სიტყვით ხოტბას გასხამ შენ, საქმით კი დღენიადაგ ვღაღადებ: "ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე".

ქრისტე ღმერთო, მაცხოვარო ჩემო, სულიწმიდისაგან, ქალწულისაგან უთესლოდ ხორციელად შობილო, გევედრები შენ, აღმოფხვარი ჩემში ყოველი თესლი ამპარტავნებისა, ბოროტებისა, შურისა, უსიყვარულობისა, სიძვისა და უსამართლობისა, რომელიც არათუ მხოლოდ გცოდავ, არამედ განმკითხველი ვარ ცოდვისა. ვნების შხამი არათუ მაღიზიანებს, არამედ ხშირი ჩასუნთქვის შედეგად მისი სიბინძურე განწმენდილ ჰაერად ეჩვენება ჩემს ცოდვილ სულს.

უფალო იესო ქრისტე, დაუსაბამო მამის მხოლოდშობილო ძეო, მუხლს ვიყრი შენი დიდებისა და სიწმინდის წინაშე და გთხოვ, მაპატიე ცოცხლად სიკვდილი ჩემი, რაც დავიწყებით, არხსოვნით, მიტოვებითა და აღთქმის დარღვევით მოიწია ჩემზე. უფალო, მომმადლე მე სიმტკიცე, შემართება, სიცოცხლე და მხნეობა, რომ მარად შენთან ვიყო, "რათა არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემზედა". შენი მწამს, შენზე ვსასოებ და შენით ვცოცხლობ, რადგან ნათელი ბნელში უკეთ ჩანს, ჯანმრთელობა - ავადმყოფობაში, შენი ძლიერება და სიყვარული კი უძლურებაში ვლინდება და ამოიცნობა, რადგან შენ ხარ სიბრძნე მამისა, ნათელი ყოველი სიკეთისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვა
1კ1