ადამიანი სანთლის მსგავსად უნდა ენთოს ღვთის წინაშე ლოცვითა და ერთგულებით
ადამიანი სანთლის მსგავსად უნდა ენთოს ღვთის წინაშე ლოცვითა და ერთგულებით
წმინდა წერილი - როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმა - ნათელყოფს, რომ სანთლის ანთება ტაძარში ღვთისმსახურებისა და ლოცვის დროს თვით უფლის მიერაა დაწესებული და ღვთის უშუალო მითითებით ხდება. ძველი აღთქმის პირველსავე მოძრავ ტაძარში, უფლის კურთხევის თანახმად, ღვთისმსახურება სანთლებით უნდა აღსრულებულიყო. გამოსვლათა წიგნის 25-ე თავში მოთხრობილია, რომ უფალი მოსე წინასწარმეტყველს ტაძარში ღვთისმსახურებისთვის სანთლების, სასანთლეებისა და ლამპრების (კანდელების) დამზადებას ავალებს: "გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან, ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე" (გამ. 25:31-36); "გააკეთე შვიდი ლამპარი, რომ აინთონ ეს ლამპრები მის წინა მხარის გასანათებლად" (გამ. 25:37); "მუდმივად ენთოს ლამპარი, საღამოდან დილამდე, უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო წესი... თაობიდან თაობამდე". ამგვარად, უფალმა ეს წესი სამარადისოდ განაჩინა.

წმინდა სანთლები ახალი აღთქმის ეკლესიის ღვთისმსახურების კუთვნილებადაც იქცა. მას ჯერ ქრისტეს მოციქულები იყენებდნენ შეკრების დროს. "საქმე მოციქულთაში" ვკითხულობთ, რომ კვირის ღვთისმსახურებისას მაცხოვრის მოწაფეები ყოველთვის ანთებდნენ სანთლებს: "იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებილ ვიყვენით" (20:8).

წმინდა სანთლები დღემდე გამოიყენება საეკლესიო მსახურების დროს, ლოცვითი კანონის აღსრულებისას თუ სხვაგვარი საჭიროების შემთხვევაში.

რა სულიერი მნიშვნელობის მატარებელია წმინდა სანთელი? რის ნიშნად ინთება ის ღვთისმსახურების დროს? რას შეგვახსენებს მისი წვა? რატომ მიიჩნევა საუკეთესო შესაწირავად ცვილის სანთელი? - ამ და სხვა საკითხებს ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი) განგვიმარტავს.

- რისი სიმბოლოა ღვთის საყდარში სინათლე, ნათელი?

- მართლმადიდებლურ ტაძარში სინათლე, ნათელი ზეციურ, ღვთაებრივ ნათელს გამოხატავს, უწინარეს ყოვლისა კი იესო ქრისტეს, როგორც მარადიულ ნათელს, რომელიც სააქაოს ეფინება. ქრისტეს ერთ-ერთი სახისმეტყველებითი ეპითეტი ხომ სწორედ სინათლეა. ამის შესახებ თავად უფალი ბრძანებს: "მე ვარ ნათელი სოფლისა; რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა" (იოანე 8:12).

- ესე იგი, სანთელი უწინარესად ძე ღვთისას - იესო ქრისტეს - სიმბოლოდ წარმოგვიჩნდება...

- წმინდა მამათა ნაშრომებში ღმერთი გააზრებულია ნათლად, სინათლედ, რომელიც სიკეთის წყაროა. დიონისე არეოპაგელის, ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელისა თუ სხვა წმინდა მამათა თხზულებებში განსაკუთრებული სხივმოსილებით ანათებს წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასის - ძე ღვთისას - სახე. სასულიერო მწერლობაში მას მრავალ სახელს სდებენ: "მზე სიმართლისა", "მნათობი ნათელი", "სოფლის განმანათლებელი", "ბუნებითი იგი ნათელი", "სანთელი" და სხვა. იმავე წმინდა მამათა ნაშრომებში არაერთგზის არის აღნიშნული, რომ "ნათელი არს ქრისტე მიუჩრდილებელი", ხოლო სანთელი - ძე ღვთისას სიმბოლო ღვთისმეტყველთა ნაშრომებში რამდენიმე საუკუნის წინ გვხვდება. რაც მთავარია, ამაზე პირდაპირ მიანიშნებს იესო ქრისტეს შესახებ ნათქვამი სიტყვები: "იგი იყო სანთელი ანთებული და საჩინო".

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ როგორც სანთელია წყარო სინათლისა, ასევეა წყარო მარადიული ნათლისა ქრისტე, რადგან სწორედ მისგან მოგვემადლა ნათელი ცხოვრებისა. ამიტომაც განასახიერებს ანთებული სანთელი ღვთიურ მადლს, მარადიულ სულიერ ნათელს.

- წმინდა სანთლებს მართლმორწმუნე ქრისტიანები სხვადასხვა დროს ანთებენ, მაგრამ ყველაზე საინტერესოა საეკლესიო ღვთისმსახურების დროს ანთებული სანთლების სიმბოლური მნიშვნელობა... რას განასახიერებს სიმბოლურად ტაძარში დანთებული სანთელი?

- უფალი იესო ქრისტე მოვიდა ჩვენთან, რათა ჯოჯოხეთის - მარადიული სიბნელის, წყვდიადის - ტყვეობიდან დავეხსენით და ჩვენთვის ნათელში, ცათა სასუფეველში დამკვიდრების გზა ეჩვენებინა. საეკლესიო ღვთისმსახურებათა დროს წმინდა სანთლები ინთება ნიშნად ქრისტეს მიერ სიკვდილისა და მარადიული სიბნელის სამყაროს - ჯოჯოხეთის - დათრგუნვისა და გამოხატავს ამ უზენაესი გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულსა და ზეიმს. "ღვთისმსახურების დროს ინთება სანთლები სიხარულის აღსანიშნავად, რათა ხილული ნათლის სახით დავინახოთ ის ნათელი, რომლის შესახებაც ნათქვამია ფსალმუნში: "სანთელ არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ - ალაგთა ჩემთა", - ამბობს მეოთხე საუკუნის მოღვაწე წმინდა იერონიმე, მეორე საუკუნის საეკლესიო მოღვაწე და ღვთისმეტყველი ტერტულიანე კი ბრძანებს: "ჩვენთან არასოდეს აღესრულება ღვთისმსახურება სანთლების გარეშე, მაგრამ ჩვენ მათ ვიყენებთ არა ღამის წყვდიადის გასაძევებლად, არამედ იმისთვის, რომ ანთებული სანთლის მეშვეობით გამოვსახოთ იესო ქრისტე ანუ შეუქმნელი ნათელი, ურომლისოდაც დღის სინათლეზეც ღამის წყვდიადში ვიხეტიალებდით".

ამგვარად, სანთელი, რომელსაც მორწმუნენი ტაძარში ხატების წინ ანთებენ, უდიდესი სულიერი მნიშვნელობის მატარებელია. მას რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, მორწმუნეთა მიერ ხატის წინ დანთებული სანთელი სიმბოლურად გამოხატავს შეუქმნელ, მარადიულ ნათელს - იესო ქრისტეს. გარდა ამისა, იგი მლოცველთა მოწიწების, მოკრძალებისა და ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამომხატველია. ამავე დროს წარმოადგენს საეკლესიო შესაწირს - როდესაც ადამიანი სანთლის საფასურს იხდის, ნებაყოფლობით სწირავს თავისი შრომის ნაწილს ღმერთსა და მის საყდარს, რაც უფლისგან დადგენილი პასუხისმგებლობაა და ყველა ადამიანს ევალება.

ხატის წინ დანთებული სანთელი სიმბოლოა ჩვენი მხურვალე და მადლიერი სიყვარულისა, ჩვენი დაუშრეტელი რწმენისა და სასოებისა მარადიული სიცოცხლისთვის ჯვარცმული უფლის მიმართ. ამდენად, როცა ვანთებთ სანთელს უფლისა და მის წმინდანთა ხატების წინ, ვაღიარებთ, რომ გვაქვს რწმენა და სასოება ღვთისა და მისი წმინდანებისა, მათი მადლიანი შეწევნისა, რომელიც უხვად ეძლევა ყველას, ვინც რწმენითა და მხურვალე ლოცვით მიეახლება და ევედრება უფალსა და მის წმინდანებს.

ანთებული სანთელი ლოცვის წმინდა სიმბოლოც არის და იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი სანთლის მსგავსად უნდა ენთოს ღვთის წინაშე ლოცვითა და ერთგულებით. რაც მთავარია, სანთელს უნდა ემსგავსებოდეს ქრისტიანის მიწიერი ცხოვრება - მასავით უნდა იყოს იგი ანთებული მაცხოვრის მცნებათა აღსასრულებლად, თავისი ცხოვრების წესით კი სხვებისთვის ქრისტეს მიერ ნაქადაგები გზის მანათობლად უნდა იქცეს.

ანთებული სანთელი მოგვაგონებს იმქვეყნიურ, მიღმიერ ღვთაებრივ სინათლეს, რომელიც ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში - ცათა სასუფეველში - მართალთა და ცხონებულთა სულებს ანათებს, ახარებს და ათბობს. ამავე დროს, სანთლის წვა და ნათება გამოხატავს ჩვენს სწრაფვას განღმრთობისკენ - ახალ, ქრისტესმიერ ქმნილებად ქცევისაკენ. "ბოლომდე ჩაღვენთილი სანთლის ნაღვენთიც ხომ მშვენიერებაა და იმ მშვენიერებას მოგვაგონებს, რომელიც ოდესღაც რბილად მოციმციმე, მაგრამ წყვდიადის დამანგრეველი ძალა იყო", - ამბობს ეფემია წინამძღვარი ცნობილ რომანში "დათა თუთაშხია".

ანთებული სანთელი არა მარტო ანათებს, ათბობს კიდეც, რაც გამომხატველია კაცობრიობისადმი, ადამიანთა მთელი მოდგმისადმი ქრისტეს გულმხურვალე სიყვარულისა, რომელიც ათბობს და ანათებს ჩვენს სულებს და სანთლიდან ამავალი ალის მსგავსად ჩვენი ფიქრი ზეციური მეუფისკენ აჰყავს.

- რატომ ითვლება საუკეთესო შესაწირად ცვილისაგან დამზადებული სანთელი?

- ცვილს ფუტკარი ყვავილებისგან ამზადებს. წმინდა მამათა განმარტებით, მრავალი სურნელოვანი ყვავილისგან მოგროვილი და ფუტკრის ნექტრისგან წარმოქმნილი ცვილი სიმბოლურად უზენაესის მიერ შექმნილი მთელი სამყაროს ძღვენს წარმოადგენს. ამდენად, როცა ღმერთს ცვილისაგან დამზადებულ სანთელს ვწირავთ, გამოვხატავთ სურვილს, ძღვნად მივართვათ უფალს რისამე საუკეთესო და ძვირფასი ნაყოფი; ცვილის სირბილე კი ღვთის მორჩილებისთვის ჩვენი მზადყოფნის გამომხატველია; როგორც ყველაზე წმინდა და სუფთა, სიმბოლურად მისი შემწირველის სულიერ სისუფთავესა და სიწმინდეს გამოხატავს და შეგვახსენებს, რომ სულის განწმენდაზე ვიზრუნოთ.

- სანთელი ყოველგვარი ღვთისმსახურების დროს ინთება, რაც ზოგადად ქრისტეს მიერ მარადიული სიბნელის - ჯოჯოხეთის - დათრგუნვით გამოწვეული სიხარულის გამომხატველია, მაგრამ არსებობს მსახურებანი, რომელთა დროსაც სანთლები სპეციალური მნიშვნელობით იხმარება. მაგალითად, თორმეტი ვნების სახარების კითხვისას და დიდი პარასკევის მწუხრზე, გარდამოხსნის გამოსვენებისას. დიდ შაბათსაც მორწმუნენი ტაძარში ანთებული სანთლებით დგანან. რას მივანიშნებთ ამ მსახურებათა დროს სანთლის ანთებით?

- ვნების სახარების კითხვისას მორწმუნეებს ანთებული სანთლები უჭირავთ ქრისტეს ვნებათა თანაგანცდისა და ვნებული მაცხოვრის მიმართ სულიერი სიყვარულით ანთების ნიშნად. ესე იგი, ამ ქმედებით გამოვხატავთ, რომ განვიცდით ქრისტეს ვნებას და სანთელივით ვართ ანთებულნი ჯვარცმული მაცხოვრის სიყვარულით. ვნების სახარების კითხვის დასასრულს მორწმუნენი სანთლებს აქრობენ და მომდევნო წლის დიდ პარასკევამდე ინახავენ. მათ წინაშე მაშინ ლოცულობენ, როცა ვნებებთან ბრძოლაში განძლიერება სჭირდებათ.

რაც შეეხება საკურთხევლიდან გარდამოხსნის გამოსვენებისას და დიდი შაბათს გარდამოხსნის წინ ანთებული სანთლებით დგომას, ეს ნიშანია იმისა, რომ გვწამს ჯვარცმული და დაფლული უფლისა, მისი ბრწყინვალე აღდგომისა.

- რაც შეეხება სააღდგომო ლიტანიობის დროს ანთებული სანთლებით მსვლელობას?

- სააღდგომო ლიტანიობისას ანთებული სანთლებით მსვლელობა ხდება იმ მენელსაცხებლე დედათა გასახსენებლად, რომლებიც ანთებული სანთლებით მირბოდნენ მაცხოვრის საფლავისკენ. მორწმუნენი არა მარტო სააღდგომო ლიტანიობისას, არამედ მთელი სააღდგომო ღვთისმსახურების განმავლობაში დგანან ანთებული სანთლებით ხელში, რათა ქრისტეს, მარადიული ნათლის, აღდგომით გამოწვეული სულიერი სიხარული გამოხატონ, აღდგომისა, რომლის შემდეგაც გაიხსნა სასუფევლის კარი და მარადიულ ნათელში დამკვიდრების საშუალება მოგვეცა.

- რას განასახიერებს ნათლობის, ჯვრისწერისა და ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებისას დანთებული სანთლები?

- ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას ემბაზზე დამაგრებული სამი სანთელი სიმბოლურად გამოხატავს წმინდა სამებას და მიანიშნებს, რომ ნათლობის საიდუმლო სრულდება წმინდა სამების სახელით. ამავდროულად იმასაც შეგვახსენებს, რომ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას მოქმედებს ყოვლადწმინდა სამების მადლი, მოსანათლს კი ანთებული სანთელი უჭირავს სადიდებლად ღვთაებრივი ნათლისა. "ნათლობის სანთელი ამავდროულად განასახიერებს ზეციური ნათლის წინამძღვრობას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ უნდა შევხვდეთ უფალს", - ბრძანებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისას კი წყვილს ანთებულ სანთლებს აწვდიან როგორც ცოლქმრული ჩაუქრობელი სიყვარულის ნიშანსა და გამოხატულებას. ამავე დროს ჯვრისწერის სანთლები ქორწინებით შეერთებულთა თანაცხოვრების სიწმინდეზეც მიანიშნებს, ანუ ჯვრისწერის დროს ანთებული სანთლებით წყვილი გამოხატავს სურვილს, იცხოვროს ეკლესიის კურთხევით - უბიწოდ და სუფთად, და მარადჟამს უყვარდეს ერთმანეთი.

ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებისას ანთებული სანთელი მაგრდება ზეთის ჩამოსასხმელ ჭურჭელზე, რაც სიმბოლურად საიდუმლოს დროს სულიწმინდის ნიჭების მოქმედებაზე მიანიშნებს. ავადმყოფს, რომლის სახელზეც აღესრულება ზეთის კურთხევის საიდუმლო და მისთვის მლოცველებს ანთებული სანთლები უჭირავთ უფლისადმი რწმენისა და იმედის გამოსახატავად, გამოსახატავად სასოებისა, რომ სნეულს მოეფინება ღვთის ნათელი მადლი, რომლის ძალითაც სულიერ და ფიზიკურ კურნებას მიიღებს.

- რის ნიშნად ინთება სანთელი გარდაცვლილის თავთან და მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე?

- გარდაცვლილის თავთან ანთებული სანთელი მოწმობს, რომ იგი მართლმორწმუნე ქრისტიანი იყო, პანაშვიდებზე ანთებული სანთელი კი გამოხატავს რწმენას, რომ გარდაცვლილის სულმა მიწიერი ცხოვრებიდან გადაინაცვლა ზეცაში - სასუფეველში, საღმრთო ნათელში - და მისი სული მარადიულ ნათელ ცხოვრებაში დაემკვიდრა.

- რომელ ხატებთან ინთება სანთლები უწინარესად?

- სანთელი პირველ რიგში უნდა დავანთოთ მაცხოვრის და ღვთისმშობლის, ასევე ტაძრის მთავარ ხატთან - იმ წმინდანის ხატთან, ვის სახელზეც არის ნაკურთხი ტაძარი; ამის შემდეგ სანთელი ინთება ცოცხალთათვის, ჯანმრთელობისთვის და მიცვალებულთათვის. ჯანმრთელობის შესავედრებლად ან სხვა საჭიროებისთვის სანთლებს მაცხოვრის, ღვთისმშობლის და იმ წმინდანთა ხატების წინ ანთებენ, რომლებსაც ღმერთმა მიანიჭა განსაკუთრებული ძალა და მადლი სხვადასხვა განსაცდელის ჟამს შეწევნისა. მაგალითად, ჯანმრთელობას შევთხოვთ წმინდა პანტელეიმონსა და სხვა მკურნალ წმინდანებს. გარდაცვალებულთათვის კი სანთელი ინთება ჯვარცმის წინ.

- რატომ არის მიღებული მიცვალებულთათვის სანთლის დანთება ჯვარცმის წინ?

- რაკი მაცხოვარმა კაცობრიობის ცოდვები ჯვარცმული სიკვდილით, საკუთარი სისხლით გამოისყიდა და გაგვიღო სასუფევლის კარი, ამიტომაც ვავედრებთ ჯვარცმულ მაცხოვარს მიცვალებულთა სულებს და შევთხოვთ, რომ მათ ზეციური ნეტარება მიმადლოს.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა, რამდენ სანთელს დავანთებთ?

- როდესაც მორწმუნე ტაძარში სანთელს იძენს, მან უპირველესად უნდა უწყოდეს, რომ იგი ჩინებულ ძღვენს, საუკეთესო მსხვერპლს სწირავს ღმერთს. უფალი ხედავს არა შესაწირი სანთლების რაოდენობას, არამედ შემწირველის განწყობას, რომლითაც იგი სანთელს იძენს და ანთებს. ღმერთი სიყვარულით იღებს ყოველ გულწრფელ და ერთგულ შესაწირს, რაოდენ მცირეც უნდა იყოს იგი, როგორც ამას წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი შენიშნავს. ამდენად, ადამიანს შეუძლია შეიძინოს იმ რაოდენობის სანთელი, რამდენის შეძენის სურვილი და შესაძლებლობაც აქვს.
ბეჭდვა
1კ1