ნუ დაფარავთ საკუთარ გულისსიტყვებს
ნუ დაფარავთ საკუთარ გულისსიტყვებს
ბერი იოსებ ისიქასტი წიგნში, "მონაზვნური გამოცდილების შესახებ", გადმოგვცემს: აღიარეთ თქვენი გულისსიტყვები ბერთან, მოერიდეთ ფარულად ჭამასა და განკითხვას. საკუთარი სინდისის მხილებას ყური დაუგდეთ. თუ შენ, როგორც ადამიანმა, სცოდე, რაიმე უსიამოვნო უთხარი ძმას, ან რაიმე ცუდი გულისსიტყვა ჩაუნერგე, დამდაბლდი, მეტანია გაუკეთე და შეეცადე, გამოსწორდე. დაე, თითოეულმა თქვენგანმა ყოველდღიურად გამოსცადოს საკუთარი თავი, რადგან ბერს ყოველი თქვენი შეცდომის დანახვა და მხილება არ ძალუძს. თუ გულისსიტყვები გაქვს ბერის წინააღმდეგ, სინდისი არ მოგასვენებს. საკუთარი თავის გამოსწორებას ნიადაგ უნდა ვცდილობდეთ, შეგნებული გვქონდეს, სად ვიმყოფებით, მაგრამ ეს ყველაფერი რომ შესაძლებელი გახდეს, ერთი მთავარი პირობაა აუცილებელი: მორჩილება.

თუ მონაზონი თავის გულისსიტყვებსა და აზრებს მალავს, ეს მის ეგოიზმსა და თვითკმაყოფილებაზე მიუთითებს. ევას რომ ადამისთვის გაემხილა, რაც ეშმაკმა უთხრა, ცილისწამებასაც აღარ აჰყვებოდა და დაცემაც აგვცდებოდა. თუკი პავლე მოციქული, "ჭური რჩეული", რომელსაც სულიწმინდა ესაუბრებოდა და მიუთითებდა, როგორ მოქცეულიყო, არ ენდო საკუთარ თავს - ვაითუ ამაოდ ვირჯები, იქნებ არასწორს ვქადაგებო, - მაშ, რა ყოფილა დაფარვა, თუ არა ეშმაკეული სენი ეგოიზმისა?!"

გულისსიტყვა სამსჯავროზე წარდგება
ერთ მონასტერში მღვდელმსახური კმევას ასრულებდა და როდესაც წინამძღვარს მიუახლოვდა, არ უკმია, გზა განაგრძნო. წინამძღვარი აღშფოთდა, მღვდელმა კი უპასუხა:

- შემინდე, მამაო. სტასიდიაში ვერ დაგინახე.

იქვე მყოფმა მამებმა წინამძღვარს უთხრეს, რომ მღვდელი მჭვრეტელი იყო და ამიტომ აჯობებდა, მისი ქცევის მიზეზი საკუთარ თავში გამოეძია. წინამძღვარი ჩაფიქრდა და აღიარა, რომ კმევის დროს იგი გულისსიტყვით მონასტრის ერთ-ერთ მეტოქში იყო.

წმინდა ნექტარიოს ეგინელმა გოგონას, რომელსაც მონაზვნობა სურდა და მისგან კურთხევას ითხოვდა, უთხრა: - შვილო ჩემო, ათიოდე ცხვარი გვყავს, მიდი და მწყემსე.

- მაკურთხე, - მიუგო უკვე მორჩილად შემდგარმა გოგონამ და დავალებული მსახურების შესრულებას შეუდგა.

ერთხელ მან წმინდა ამბას შესჩივლა:

- გერონდა, გულისსიტყვები მეძალება და მაფორიაქება: "რისთვის მოხვედი, მონაზონი გინდოდა გამხდარიყავი თუ მწყემსი?"

- შვილო ჩემო, - მიუგო წმინდანმა, - როდესაც ტაძარში კმევას ვასრულებ, სტასიდაში გხედავ ხოლმე.

ეს მონაზონი, მიუხედავად იმისა, რომ პირუტყვის სამწყემსურში იყო, ლოცულობდა და ფიქრით ეკლესიაში იმყოფებოდა, ზემოთ ნახსენები წინამძღვარი კი, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში იდგა, გონებით მონასტრის მეტოქში იყო. ზრახვა განისჯება - იგი უვარგისებადაც გვხდის და უკეთესებადაც. მონაზონს საქმე არა აქვს, აქვს მხოლოდ ზრახვა.

არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი წიგნში, "სულიერ შვილებს მონაზვნობის შესახებ", ამბობს: - შვილო, სიწმინდეზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან ეს მონაზვნურ სულს აღანთებს. სიწმინდე იმის საუკეთესო მოწმობაა, რომ მონაზვნური მოქალაქობა ანგელოზებრივია. სიწმინდეს სულიწმინდა მოჰხედავს, მასში დაემკვიდრება და მონაზონს სამოთხის განცდა დაეუფლება. სიწმინდეს თავს ესხმის ეშმაკი, რომ სულიწმინდის მიერ მის მოხილვას ხელი შეუშალოს.

ამიტომაც გვაწუხებს, შვილო, ბოროტი გულისსიტყვები, რომ სულიწმინდის ჭურჭელი არ გავხდეთ და მონაზვნური ცხოვრების ანგელოზებრივი სახე არ ვიგრძნოთ. მაშ ასე, მოდი, ვიღვაწოთ ღვთის მადლით, სულისა და ხორცის სიწმინე მოვიპოვოთ.

გვესაუბრება დეკანოზი ნეოფიტე დავითაშვილი:

- გულისთქმების დასაბამი ამ სოფლის გემოთმოყვარეობიდან მოდის. ყოველივე ეს თითქოს ვიცით, მაგრამ მაინც ამისკენ მივილტვით. შეუძლებელია ადამიანი ორი ბატონის მსახური იყოს. ხშირად ჩვენით ვიღებთ გადაწყვეტილებას და არა უფლის ნებით, უფალზე მინდობით, ულოცველობით. რა საოცარი სიტყვებია - "იყავ ნება შენი". როცა ღვთის წყალობა მოვა და სურვილი შეგვისრულდება, ამ დროს გრძნობ, რომ ეს შენი კი არა, ღვთისაა. სერიოზული საქმე ყოველთვის მოძღვართან უნდა შეათანხმო. ადამიანის ცოდვილი ბუნება დაცემულია ფიქრით, აზრით, სიტყვით და საქმითაც. პირადად მე ვცდილობ ღვთის ნებას მივენდო. ზოგჯერ ჩემს თავსაც დავეყრდნობი ხოლმე, თუმცა ვიცი, რომ ეს კარგ შედეგს არ მომიტანს. ლოცვა-კურთხევით სიარული ყოველთვის ღვთის წყალობის მომტანია.

ხშირად, როცა რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ, ორი აზრი მოგვდის - ბოროტის და კეთილის, ამ შემთხვევაში არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ. ადამიანს ხშირად უწევს გულისთქმებთან ჭიდილი. ვიდრე მოძღვარი გავხდებოდი, მანამდე მონასტერში ვცხოვრობდი. როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობდი თავს, მაგრამ განგებამ ერულ ცხოვრებაში დამაბრუნა. ყველას თავისი არჩევანი აქვს გასაკეთებელი. არ შეიძლება მონასტერში განკითხვის ცოდვამ გიბიძგოს. მე ხანდახან განმიკითხავს და ამას შედეგიც მოჰყოლია. ადამიანს ერთი საერთო მტერი ჰყავს - ეშმაკი და ის ყველას გვებრძვის.Uუფალს ვერაფერს დავუმალავთ, თითოეული ადამიანის გულის მოძრაობას ხედავს და განსჯის.

რაც შეეხება ღვთის ნიჭებს - სიყვარულს, სიხარულს, სიმშვიდეს, მყუდროებას, მოწყალებას, მარხვას, ლოცვას, ეს არ არის გულისთქმა, დანარჩენი ყველაფერი გულისთქმებია.Uუფალმა იცის ჩვენი სისუსტეები, შეიძლება სურვილი გვქონდეს, მაგრამ არ გამოგვივიდეს. უფალი ამას შეიწირავს. ზოგს გამოსდის, მაგრამ უფალი არ იწირავს, რადგანMმისი გულიდან არ გამოსულა. თუ უფალი არ დაეხმარა, შეუძლებელია, ადამიანი თავად ებრძოდეს გულისთქმებს. მთავარია, წრფელი გულით გამოვთქვათ სინანული, როცა გული ნანობს, სულ სხვაა.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღვთისმშობელმა წყალობა მოგმადლოთ.

ბეჭდვა
1კ1