მოთმინება საქმით უფრო გამოიხატება
მოთმინება საქმით უფრო გამოიხატება
უწმინდესი და უნეტარესი ილია II ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს, მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან. თუ გსურთ გაიმარჯვოთ - მოთმინებით, რადგან ვინც დაითმენს, ნამდვილად დიდ წარმატებას ის მიაღწევს.

ტერმინი, "იობის მოთმინება", ბიბლიიდან არის შემოსული მეტყველებაში. ის განზოგადებულად ადამიანის უსაზღვრო მოთმინებას გულისხმობს. უკავშირდება ძველი აღთქმის პერსონაჟს - იობ მრავალვნებულს. ბიბლიაში აღწერილია ცხოვრება კაცისა, რომელიც ისეთი სათნოებითა და ღვთისმოყვარეობით იყო გამორჩეული, რომ მაშინაც კი, როდესაც დაკარგა ოჯახი, მსახურები, სიმდიდრე და ჯანმრთელობა, ერთი სიტყვითაც არ წამოსცდენია აუგი შემოქმედზე - გასაჭირს იტანდა ღირსეულად - მშვიდად და უდრტვინველად.

იობის ბედისწერა მსგავსია ადამიანის ბედისწერისა დედამიწაზე. ძველ ებრაელებს სჯეროდათ, რომ ამქვეყნიური სიკეთეები და ბედნიერება ადამიანს ეძლევა კეთილკრძალული ცხოვრების მეოხებით. თუ ყოველივე წაერთმევა და გაუბედურდება, ნიშნავს, რომ კეთილკრძალული საქმეები შეერყა და შესცოდა. ანუ ჯილდოცა და სასჯელიც ადამიანს ეძლევა მხოლოდ მიწიერ ცხოვრებაში. ასეთი შეგნების დროს ძნელია, უდანაშაულო ტანჯვის არსს ჩასწვდე. ამიტომ ამას ვერ იგებდნენ თვით იობის მეგობრებიც - მისი მანუგეშებლები. იობი კი თაყვანისცემას არ აკლებდა უფალს და ერთგულად მორჩილებდა მის კანონებს.

და უცებ ასეთ ადამიანს წაერთმევა დღეკეთილობა და უბედურდება. მეგობრები ცდილობენ რაიმე ცოდვის მოძებნას, რაც გაამართლებდა მის ტანჯვას, როგორც მიზეზშედეგობრივსა და გააზრებულს. საბოლოოდ, ღმერთმა გაამართლა იობი და გაამტყუნა მისი მანუგეშებლები.

ადამიანებს უჭირთ, შეეგუონ სამყაროში მიმდინარე მოვლენათა განპირობებულობას და, ამდენად, უდანაშაულო ტანჯვის არსს. ბევრს ჰგონია, თუ არსებობს უდანაშაულო ტანჯვა, ესე იგი არც ღმერთი არსებულა, ანუ ღვთიური განგებულებაც არა ყოფილა. ამ ეჭვების გამაბათილებელია იობ მრავალვნებულის ცხოვრება.

***
მოთმინება თითოეულ ადამიანში სულიერი სიმშვიდის გამოხატულება რომ არის, ეს მის გარეგნულობაზე საგრძნობლად აისახება. სულმოკლე და მუდამ მშფოთვარე ადამიანში ნაკლებად სახლობს სიმშვიდე და ამას გვერდით მყოფნიც ამჩნევენ.

საბერძნეთში, ათენში მოვილოცე წმინდა პატაპიოსის დედათა მონასტერი. იქ, სადაც წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეულია დაბრძანებული, ტაძრის კედელზე წმინდა იპომონის ფრესკაა გამოსახული. როგორც იქაურმა დედებმა მითხრეს, წმინდა იპომონი კონსტანტიტოპოლის უკანასკნელი იმპერატორის დედა გახლდათ. ცხოვრების უკანასკნელი წლები მონაზვნად გაატარა და წუთისოფლიდან წასვლის შემდეგ წმინდანად შერაცხეს. ბერძნულად "იპომონი" მოთმინებას ნიშნავს. დედებმა წმინდა იპომონოს ხატი მაჩუქეს და ცხოვრებაში მოთმინება და სულიერი სიმშვიდე მისურვეს.

***
გვესაუბრება სოფელ გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მამა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი თადეოზი (თანდაშვილი):

- მოთმინება ყველაზე დიდი სათნოებაა. ის სულიერების ნაყოფია. მომთმენ ადამიანს აქვს სულიერი სიმშვიდე. ეს ნიშნავს, რომ მას ძალიან ბევრი რამისთვის მიუღწევია. დიდი შრომაა საჭირო, რომ ადამიანმა მოთმინება გამოიმუშავოს. მან უნდა იგრძნოს ეს სათნოება და ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს მის სულს, მის ცხოვრებას. სულსწრაფს არ აქვს მოთმინება, მორჩილება, ის ყოველთვის ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებს. ხოლო ვისაც აქვს ეს სულიერი ნაყოფი, მაშინ თითოეული საერო საქციელიც კი, მოთმინებით გაკეთებული, შემდეგ წინ უხვდება, როგორც გონიერი და წინ გადადგმული სწორი ნაბიჯი.

- რაში გამოიხატება მოთმინება?

- მოთმინება არის ძალიან დიდი სათნოება. შეუძლებელია ერთი სიტყვით თქვა, ის საქმით უფრო გამოიხატება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადამიანი უნდა იყოს გონიერი. გონიერი გონივრულად წყვეტს ყოველივეს, სულიერი თვალსაზრისით ცხოვრობს და განსაცდელებს მოთმინებით, მორჩილებით და ღვთის ნებით იღებს.

როდესაც განსაცდელს ღვთის ნებითა და მორჩილებით იღებ, აცნობიერებ, რომ ეს ღვთის ნებაა, და შენი საქციელ-ქმედებით ღვთის ნება უნდა მიიღო. თუმცა ადამიანმა უნდა განასხვაოს, სად არის ღვთის ხელი და სად - ბოროტება. ამიტომ ვახსენეთ გონიერება. ადამიანი უნდა იყოს გონიერი და გონიერებით, სულიერი თვალთახდევით, სულიერი განსჯით უნდა გადაწყვიტოს, სად გაჩუმდეს და სად იმოქმედოს. ზოგჯერ მოძღვარს ფიზიკურად ვერ ეხმიანები. ქრისტიანობა წიგნიერი რელიგიაა. ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს სახარება. წმინდა მამების ცხოვრება. სწორედ იქ ნახავთ იმ მაგალითებს, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და რა არის მოთმინება.

ახალგაზრდა თაობა სულერად განათლებული უნდა აღვზარდოთ და მათ სკოლებში მივცეთ ის განათლება, რაც ცხორებაში გამოადგება. სულიერებაში არის ისეთი რაღაც, არა მარტო სულს ადგება, არამედ მატერიალურ ცხოვრებაშიც სწორ გზაზე აყენებს და არ აძლევს საშუალებას სიბინძურესა და ჭაობში ჩავარდეს.

***
ბერმონაზვნობაში უფრო მეტად გამძაფრებით არის განსაცდელები, ტკივილები, შეურაცხყოფები. ეს ყველაფერი კი ღვთის მადლიერებით უნდა მიიღო. მადლიერი უნდა იყოს ადამიანი. როცა ადამიანი მადლიერია, ის დაითმენს ყველანაირ განსაცდელს, გასაჭირს, ტკივილს და ნაკლებად დაეცემა. ნაკლებად ექნება ტკივილი. ადამიანს თუ არ აქვს საკუთარი თავის კონტროლის საშუალება, გაუჭირდება ცხოვრება როგორც ერში ასევე მონასტერშიც. ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი თავის, გრძნობების მართვა და ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეზე უარის თქმა, რაც მის ცხოვრებას და სულს ზიანს მოუტონს. სწორედ ეს არის მორჩილება. მორჩილება და მონობა ერთმანეთისგან განსხვავდება. მორჩილება არის, როდესაც შენ შეგნებული გაქვს და ყველაფერს ერთი თვალით ზომავ და ყველაფერს იღებ როგორც ღვთის სასჯელს ან ღვთის მადლს. მონობა არის, როდესაც ადამიანი ნების გარეშე, ძალადობით აკეთებს.

***
აღსარება არის ყველაზე დიდი წყალობა, რაც ღვთისგან არის დადგენილი. აღსარება არის სულის განწმენდის, ცოდვების მიტევების საშუალება, როცა თავისუფლდები ყველანაირი ცოდვისაგან. ის სიმძიმე გეხსნება, რომლის სიმძიმესაც ვეღარ იტევ და ვეღარ ატარებ. ყველა ადამიანი ასეა და ყველა ადამიანს აქვს პრობლემები. ამიტომ უფალმა დაადგინა ტაძარი, სასულიერო პირები და ამიტომ მისცა ღმერთმა ადამიანს დიდი საიდუმლო, რასაც აღსარება ჰქვია.

ალბათ, თითეულ ჩვენგანს ექნება სიმძიმეები და ამის მკურნალობა შეიძლება ეკლესიის წიაღში, აღსარებით, მარხვითა და ლოცვით. ღმერთმა მოგვცეს მოთმინება, სიმშვიდე და ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე. როდესაც ადამიანს აქვს სიბრძნე, ის აუცილებლად სწორად გადაწყვეტს, მოითმენს, აპატიებს, მიუტევებს და შეიყვარებს.

ბეჭდვა
1კ1