რა აძლევს ადამიანს სიმშვიდეს და როგორ შეიძლება მისი მოპოვება
რა აძლევს ადამიანს სიმშვიდეს და როგორ შეიძლება მისი მოპოვება
გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

მაცხოვარი, როდესაც შევიდა შიშისაგან ოთახში ჩაკეტილ მოწაფეებთან, უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა, უჩვენა მათ ხელები და გვერდი და, როცა მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით, ისევ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა (იოან.20,19-21). ვფიქრობ, აქ შეიძლება იმის დანახვა, რომ ორჯერ მშვიდდება ადამიანი: პირველი, უფლის დანახვისას, უფალთან მისვლის დროს, და მეორე, მისი შეცნობის შემდეგ, რადგან, როგორც წერია, პირველ მშვიდობასა და მეორე მშვიდობას შორის "უჩვენა ხელებიცა და ფერდიც", რაც უფლის შეცნობის სიმბოლოა.

შეუძლებელია, ადამიანს შინაგანი სიმშვიდე ჰქონდეს უფალთან შეხვედრის, ანუ რწმენის, და უფლის შეცნობის გარეშე. ჩვენ ხშირად ვამბობთ სიტყვებს: "ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა". ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს სრულად მხოლოდ ღვთის დიდების შეცნობა ამშვიდებს. როცა ადამიანი შეიცნობს, თუ რაოდენ დიდია ღმერთი, როგორ უყვარს მას თავისი ქმნილება, როგორ ზრუნავს და ჯვარსაც კი ეცმის მისთვის, მაშინ მშვიდდება იგი სრულიად და პავლე მოციქულივით შეუძლია თქვას: თუ ღმერთი ჩვენსკენაა, მაშინ ვის შეუძლია შეგვეწინააღმდეგოს (რომ.8,31).

რწმენითა და შეცნობით ორგზის დამშვიდებულ ადამიანს მოციქულთა მსგავსად ეუბნება მაცხოვარი: მიიღეთ სულიწმიდა; ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ და, ვისაც დაუტოვებთ მის ცოდვებს შეუნდობლად, შეუნდობელივე დარჩებათ (იოან.20,22-23), რადგან ადამიანების მდგომარეობის დანახვის მადლი, თუ ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი, მხოლოდ უფლის რწმენითა და უფლის შეცნობით დამშვიდებულ ადამიანს ეძლევა სულიწმიდის მიერ.

ნათქვამია, სასწაული მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ქრისტეს აზრი მიუწვდომელია. ვინც ქრისტეს აზრს - ქრისტეს ცნობიერებას - ჩასწვდება, ის ხედავს, რომ მის ცხოვრებაში მოხდა სასწაულზე დიდი რამ ისევე, როგორც პავლე მოციქულის შემთხვევაში, რომელიც ამბობს, მე ქრისტეს გონება მაქვსო (1კორ.2,16). ქრისტეს გონება, ანუ მისი სწავლების ჩაწვდომა, არის ყველაზე დიდი ნეტარება ადამის მოდგმისთვის, სწავლების უარყოფა კი - ყველაზე დიდი უბედურება. როგორც მოციქული ამბობს: თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაფარულია დაღუპულთათვის (2კორ.4,3); შენ ცოდნის უნარი მოიშორე, მეც მოგიშორებ შენ ჩემს წინაშე (ოსია 4,6).

ვისაც ჯერ კიდევ არ გაუაზრებია, რომ არაამქვეყნიურია ჩვენი მეფობა, შეუძლებელია დამშვიდდეს მანამ, სანამ ამქვეყნიურს არ მოიპოვებს და იმ მდიდარივით, რომელმაც დიდი მოსავალი მიიღო, არ იტყვის: იხარე, სულო ჩემო. მიწიერ ადამიანს მხოლოდ მიწიერის სიმრავლე ამშვიდებს, თუმცა იმაზე არ ფიქრობს, რამდენად ხანგრძლივია ასეთი დამშვიდება; არც იმაზე ფიქრი სურს, რომ მალე სული წაერთმევა (ლუკ.12,19-20) და ყოველივე, რაც მის სულს ამშვიდებდა, მატყუარა და ყალბი აღმოჩნდება.




ბეჭდვა
1კ1