შეიყვარე სიმართლე
შეიყვარე სიმართლე
ღვთის სასუფეველი სიმართლის ზეიმია
მაცხოვარი ბრძანებს: "ნეტარ იყუნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ". ისინი კი არ არიან ნეტარნი, რომელთაც შიათ პური და სწყურიათ წყალი, რადგან პურისა და წყლის მიღება ნეტარება ჯერ კიდევ არ არის; ნეტარნი არ არიან ისინი, რომელთაც შიათ ქვეყნიური ბედნიერება, პატივი, სიმდიდრე, ამაო, უსარგებლო ცოდნა; ყოველივე ამაში არ არის ნეტარება ადამიანის სულისა; ნეტარნი არიან, რომელთაც შიათ და სწყურიათ სიმართლისათვის, ესენია: სათნოებები, ქრისტეს მცნებების შესრულება, გამართლება ღვთის წინაშე. უფალმა არ თქვა უბრალოდ: რომლებიც ეძებენ, არამედ თქვა, რომლებიც ითმენენ შიმშილსა და წყურვილს, ანუ ეძიებენ ღვთის სიმართლეს, ეძებენ სიმართლეს, უპირველესად, თავიანთ თავში, შემდეგ კი ყველანაირად ცდილობენ, სხვებმაც იცხოვრონ ქრისტეს მცნებებით. ღვთის ნება - ესაა ის საზრდო, რასაც არიან ისინი მოშიებულნი. სწორედ ამ საზრდელზე ამბობს უფალი: "ჩემი ჭამადი არს, რათა ვჰყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისა და აღვასრულო საქმე მისი" (ინ. 4,34). მაგრამ რა გზით არის შესაძლებელი ამ სიმართლის შეცნობა; რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღვთის სიმართლე და ნება აღვასრულოთ; საიდან ეძლევა ადამიანს ძალა ღვთის სიმართლის ქმნისა და თავის მხრივ, რა ძალა აქვს სიმართლეს?.. როგორ მონაწილეობს ის ჩვენი ცხოვრების წარმართვაში?..

მეოთხე მცნება: "ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ".

დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე: ამ სიტყვებით მაცხოვარი გვეუბნება, რომ ქრისტიანი, მორწმუნე ადამიანი უნდა იყოს სიმართლისათვის მებრძოლი და იმდენად მოწადინებული სიმართლის დამკვიდრებისათვის, რამდენადაც მშიერი და მწყურვალი ადამიანი - შიმშილისა და წყურვილის დასაკმაყოფილებლად. შიმშილისა და წყურვილის დაკმაყოფილებისაკენ ხორციელი ლტოლვა შედარებულია სულიერ ლტოლვასთან, სიმართლის ძებნასთან. ადამიანს, როდესაც ამ ხორციელ მოთხოვნილებებს განიცდის, ამქვეყნად თითქმის ყველაფერი ავიწყდება, მისი გონება, ძალისხმევა და სულისკვეთება მის დასაკმაყოფილებლად არის მომართული. შიმშილი და წყურვილი მეტად მტკივნეული და მძიმედ გადასატანია ადამიანისთვის. შემთხვევითი არაა, რომ უფალი სიმართლისათვის მისწრაფებას სწორედ ასეთ ძლიერ ლტოლვას ადარებს. ის, ვინც იბრძვის სიმართლისათვის, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი უნდა იყოს; მაგრამ, ამავე დროს, იგი უნდა იყოს თავმდაბალი და არა ამპარტავანი, ვინაიდან მარტო ჭეშმარიტი სარწმუნოების ქონა საკმარისი არ არის სიმართლის მისაღწევად. საჭიროა თავმდაბლობა და სიყვარული, რადგან სიმართლისთვის ბრძოლა დაუნდობლობას, სისასტიკეს არ გულისხმობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა საკუთარი თავი სხვებზე მაღლა დააყენოს და თავისი სიმართლით ამპარტავნებდეს. ამავე დროს მას უნდა უყვარდეს თითოეული ადამიანი, მათ შორის ისინიც, ვინც სცოდავს.

წმიდა გრიგოლ ნოსელი ამ ნეტარებების განმარტებისას გვეუბნება, რომ ადამიანებს საკვებისადმი სხვადასხვა მიდრეკილება აქვთ: ზოგს საჭმელთაგან ტკბილი უფრო უყვარს, ზოგს - მჟავე, ზოგი ხორცს ეტანება, ზოგიერთს კი სულ სხვა საჭმელი ურჩევნია. ასეთივე განსხვავებაა სულიერ მიდრეკილებებშიც. ადამიანთა ერთი ნაწილი მიდრეკილია იმისკენ, რომ იყოს მდიდარი ან დიდებით გარემოცული, ზოგს კი ურჩევნია, უზრუნველი, საამო ცხოვრება ჰქონდეს. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა სულიერი ინტერესი სხვაგვარია. ამგვარი ადამიანები ცდილობენ უფლისათვის სათნოდ იცხოვრონ. როგორც ხორციელი საკვების მიმართ, არსებობს განსხვავება სულიერ მიდრეკილებებშიც. იმისდა მიხედვით, თუ რისკენ არის მიდრეკილი ადამიანი, თავადაც შესაბამისად ისეთი ხდება. წმინდა გრიგოლ ნოსელი მატერიალურ მაგალითებთან აკეთებს პარალელს და ცდილობს მორწმუნის ყურადღება სულიერ საკითხებზე გადაიტანოს. იგი ამბობს, რომ თუკი ადამიანი სწორად იკვებება, ისეთ საზრდელს იღებს, რაც სხეულისთვის სასარგებლოა, მაშინ მისი ჯანმრთელობა უფრო მტკიცეა, მისი ხორციელი სიცოცხლეც უფრო დიდხანს გრძელდება. ასევეა სულიერი თვალსაზრისითაც. თუკი ჭეშმარიტ სულიერ საზრდელს ვიღებთ, თუკი სწორი მიმართულებით ვითარდება ჩვენი სული, თუკი მიდრეკილნი ვართ არა ლოთობის, მრუშობის, სიძვის, ამპარტავნების, სხვათა განკითხვისაკენ, არამედ იმისკენ, რომ ვიყოთ თავმდაბალნი, მოწყალენი, ურისხველნი, მშვიდნი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი სულიერი მდგომარეობა უფრო ჯანსაღია და ჩვენც თავს მარადიული სიცოცხლისათვის ვამზადებთ. თავის ფიზიკურ არსებობაზე მზრუნველ ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყოს ჯანმრთელი - ადრე თუ გვიან მაინც სიბერის მსახვრალი ხელი უძლურებისა და სისუსტისაკენ მიდრეკს. მაგრამ თუ ადამიანი სულიერად ძლიერდება, სულიერ სათნოებებს აგროვებს, მაშინ მისი საუნჯე, სახარების სიტყვებისამებრ, ზეცაში გროვდება, სადაც ვერც მღილი შეჭამს და ვერც მპარავი მოსტაცებს. ვერასოდეს ვერანაირი ძალა ამ საუნჯეს ვერ განაქარვებს და, შესაბამისად, ადამიანი სულიერ სიცოცხლეს, სულიერ სიჯანსაღეს მოიხვეჭს, რომლის წართმევაც არავის შეუძლია, ეს არის მარადიული ფასეულობა, რომელსაც მარადისობაში გადაჰყავს ადამიანი.

საინტერესოა, რა იგულისხმება სიტყვაში "განძღნენ". ეს ნიშნავს, რომ ვინც სიმართლისათვის იბრძვის, ვისაც შია და სწყურია სიმართლისათვის, აუცილებლად "განძღება". რა თქმა უნდა, სიტყვა "განძღომა" სულიერი თვალსაზრისით უნდა მოვიაზროთ. ანუ სიმართლისათვის მებრძოლი ადამიანი აუცილებლად პოვებს ამ სიმართლეს და პოვებს არა მარტო ამ ცხოვრებაში (და არა იმდენად აქ), არამედ იმქვეყნიურ, მარადიულ სიცოცხლეში.

უფალი ყოვლადსამართლიანია. როდესაც ადამიანი ხვდება სამოთხეში, სასუფეველში, ყოვლადსამართლიან უფალთან, რა თქმა უნდა, იგი უკვე იმყოფება ყოვლადსამართლიანობის უმთავრესი და ჭეშმარიტი წყაროს სიახლოვეს. იგი არის სიმართლეში, ვინაიდან სასუფეველში არიან სიმართლე, ჭეშმარიტება. ამქვეყნად შეიძლება ადამიანმა ვერ დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ვერ გაიტანოს თავისი ჭეშმარიტება, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ ეს ყოველივე დროებითია, და თუ იგი მართლაც მიილტვის ჭეშმარიტებისაკენ, ეს ჭეშმარიტება მას იქ ელოდება, სადაც მარადიულად ჰგიებს და მომავალშიც იქნება. ეს ადგილი, ბუნებრივია, სასუფეველია.

ჩვენ სწორედ ამგვარი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, სიმართლისათვის ბრძოლა ჩვენი ამპარტავნების წყაროდ იქცეს. მაშინ ეს არ იქნება სიმართლისათვის ბრძოლა, რადგან ამ დროს ადამიანის მთელი მზერა, მთელი მისი ყურადღება მიმართულია არა ჭეშმარიტებისაკენ, არამედ საკუთარი თავისაკენ. იგი თავს მიიჩნევს სიმართლისათვის მებრძოლად, სინამდვილეში კი უკვე აღარ აინტერესებს სიმართლე; მას ის კი არ უნდა, რომ მდგომარეობა მართლაც გამოსწორდეს და ჭეშმარიტება დამკვიდრდეს, არამედ მხოლოდ ის სურს, რომ თავად ჰქონდეს სიმართლისათვის მებრძოლის სახელი. ხანდახან თავის თავში შეიძლება უცნაური რამ აღმოაჩინოს - მას შეიძლება კიდეც ეწყინოს, თუკი რაიმე გამოსწორდება და ის ჭეშმარიტება, რისთვისაც ამდენს ხანს იბრძოდა, ადამიანთა მიერ იქნება აღიარებული. ეს იმიტომ, რომ მას აღარ ექნება საშუალება, სხვები განიკითხოს, თავისი "სიმართლით" თავი სხვებზე აღამაღლოს და საკუთარი თავი სიმართლისათვის მებრძოლის კვარცხლბეკზე დააყენოს.

ამიტომ ყოველივე ის, რაც სახარებაში გვიწერია და წმიდა მამები გადმოგვცემენ, სიბრძნითა და იმ ჭეშმარიტების გაგების სურვილით უნდა მივიღოთ, რაც მათშია გადმოცემული, და არა ისე, როგორც ეს ჩვენ გვსურს და ჩვენს დაცემულ გონებასა და სულს მიესადაგება.


მერვე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა".

მამა იოანე კრესტიანკინი: ამ მცნების მიხედვით სიმართლე ნიშნავს ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ქრისტესმიერი მცნებებით ცხოვრებას. მაშასადამე, ნეტარია ის, ვინც დევნილია თავისი რწმენის, სათნოებების, კეთილი საქმეებისა და ურყევი, მტკიცე სარწმუნოების გამო.

რატომ დევნის ჭეშმარიტ რწმენას, კეთილზნეობასა და სიმართლეს ეს სოფელი, თუკი ყოველივე ასე კარგად მოქმედებს ადამიანზე - ამკვიდრებს საზოგადოებაში ერთობას, ურთიერთსიყვარულს, კეთილ ჩვევებს, მშვიდობას, სიწყნარესა და წესრიგს? - იმიტომ, რომ წუთისოფელი ბოროტებაშია ჩაფლული, ადამიანებმა შეიყვარეს "სიბოროტე უფროის სახიერებისა" (ფს. 51,3).

მაცხოვარმა ელეონის მთაზე ქადაგებისას დასახა ცხოვრების ორი გზა: ფართო და ვიწრო. "ვრცელ ბჭეს მივყავართ დაღუპვისაკენ და ამ გზაზე მრავალი მიდის. ვიწრო ბჭეს კი მივყავართ მარადიული ნეტარებისკენ - ცხონებისაკენ. "ვიწრო ბჭე" მოითხოვს ღვაწლს, მუდმივ სულიერ ბრძოლას ცოდვის წინააღმდეგ და აღსავსეა მრავალი დაბრკოლებით. ჩვენს წინააღმდეგ აღდგება ჩვენივე სხეული, პირველქმნილი ცოდვით წარყვნილი ჩვენი ბუნება, რომელსაც სულს უხუთავს ზრუნვა სულისა და ხორცის სიწმინდისათვის. აღდგება კაცთა მოდგმის მტერი, რომელსაც ეჯავრება ადამიანის ზრუნვა ცხონებისათვის. აღდგებიან გარშემომყოფი ადამიანებიც, რომლებსაც მორწმუნეთა კეთილი ცხოვრება საკუთარ უკეთურებათა სამხილებლად მიაჩნიათ.

ყოველი ასეთი ამბოხი, განსაკუთრებით იმათი მხრიდან, ვინც კარგი თვალით არ უყურებს მორწმუნეებს, მიმართულია უფლის წინააღმდეგ. ბოროტ, გარყვნილ ადამიანებს მუდამ სძაგდათ მართალნი, სდევნიდნენ მათ და ყოველთვის გააგრძელებენ მათ დევნას. ისტორიას ახსოვს მდევნელთა სახელები, რომელთაგან უპირველესი კაენი იყო. ესავი სდევნიდა სათნო იაკობს, იაკობის უფროსი ვაჟები სდევნიდნენ იოსებს და გაყიდეს კიდევაც იგი ეგვიპტეში, რათა მისი კეთილზნეობა მუდამ თვალწინ არ ჰქონოდათ სამხილებლად. მშვიდობისმოყვარე დავითს მუდამ სდევნიდა უბადრუკი საული. იუდეველები სდევნიდნენ და სცემდნენ თავიანთ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ამხელდნენ მათ უკანონო ცხოვრებას და, ბოლოსდაბოლოს, მათ შეიპყრეს და მოკლეს თავად აღსრულება სჯულისა და წინასწარმეტყველთა, სიმართლის მზე - უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ხანგრძლივი დროის მანძილზე მეფობდა საშინელი დევნა ქრისტეს ერთგულთა და მიმდევართა. როგორც თავად უფალი ბრძანებს, ამ დევნას საფუძვლად სიმართლის სიძულვილი ედო, არა ზოგადად სიმართლისა - საზოგადოებრივი ცხოვრების, სამსახურებრივი, ყოფითი ურთიერთობების, არამედ ადამიანთათვის ყველაზე არსებითის - ქრისტესმიერი სიმართლისა. მხოლოდ ეს სიმართლე აკმაყოფილებს ადამიანის სულის ძირითად მოთხოვნებს და მხოლოდ მას ძალუძს ნამდვილი დახმარება.

სიმართლისათვის დევნა სხვადასხვა სახით გამოიხატება: ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, წმინდა მოწამეთა მხეცური ტანჯვიდან დაწყებული, მორწმუნეთა მიმართ დაცინვით, გაკიცხვით, შეურაცხყოფითა და იგნორირებით დამთავრებული. მათზე ავრცელებენ აზრს, თითქოს თანამედროვეობას ჩამორჩენილი, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მავნებელი პირები იყვნენ. ამ მტრობის საფუძველი არა მარტო ადამიანების არამედ თავად ღმრთის სიმართლის მიმართ სიძულვილია.

რას გვავალებს ჩვენ ეს მცნება?

უპირველესად, სიმართლისა და ჭეშმარიტების სიყვარულს. მეორე, რასაც ნეტარების მერვე მცნება მოითხოვს ჩვენგან, არის სიმამაცე და სიმტკიცე სარწმუნოების, ანუ ჭეშმარიტების დაცვის და დამოწმების საქმეში. დაბოლოს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავითმინოთ დევნა სიმართლისათვის, დავუმატოთ იგი უფლის მიმართ ურყევ სასოებას.


რას ნიშნავს სწორი და სამართლიანი დამოკიდებულება ისეთ ფენომენთან, როგორიცაა - სამშობლო, მოყვასი?

დეკანოზი იოანე მამულაშვილი:
თითოეული ჩვენგანი უნდა ეცადოს გააკეთოს მაქსიმუმი იმისა, რისი პასუხისმგებლობაც მას აკისრია. ესაა მისი მსახურება ქვეყნისადმი. ყველაზე მეტი უფლებები და პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, ხელისუფალთ აქვთ. მათ ქვეყნის ტერიტორიული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად მოეთხოვებათ სულიერი და ეროვნული ღირებულებების დაცვა და განვითარება. შემდეგ კი ხალხის მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფას, განათლების ხელშეწყობას და სხვა. უწმინდესი ბრძანებს, რომ საერთოდ, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, სულით არ უნდა დავეცეთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის.

"ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი უმეტეს შემთხვევაში სწორედ მეორე მიზეზით იყო ხოლმე განპირობებული. ეს დღესაც ასეა. ბუნებრივია, პრობლემებიდან თავის დაღწევის საშუალებაც ჩვენს ხელთაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომაც ყველამ თავისი წილი შეცდომებისა უნდა გამოასწოროს".

რაც შეეხება მოყვასთან დამოკიდებულებას, მოყვასის მიმართ ჩვენი სამართლიანი მიდგომა ასეთი უნდა იყოს: "ყველაფერში, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ" (მათე 7.12).

რა მოკლე განმარტებაა, მაგრამ როგორი მრავლისმომცველი! ეს სიტყვები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ცხოვრების წესად გვქონდეს. უნდა ვეცადოთ იმასაც, რომ არ ვიყოთ გულგრილნი სხვათა მიმართ გამოჩენილი უსამართლობისადმი და დავიცვათ ტყუილ-უბრალოდ დაჩაგრული ადამიანი.

სამართლის ქმნა და სიმართლის მსახურება აუცილებელი პირობაა ყოველი ქრისტიანისთვის. ღმერთი სიმართლით მცხოვრებთ მადლით მოსავს, ცრუთ და თვალთმაქცთ კი განეშორება. თუმცა ისეც ხდება, რომ სიცრუის გზით მავალნი ზოგჯერ წარმატებულნი ჩანან; მაგრამ არ დაბრკოლდეთ, ეს დროებითია; სიმართლე ბოლოს მაინც აუცილებლად იზეიმებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს და პირიქით, უბედურებამ შეიძლება კეთილდღეობაზე მეტი სიკეთე მოუტანოს კაცს.


ნიღბები. თვალთმაქცობა. სიმართლის შენიღბვა.


არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი): არცთუ იშვიათად სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ და ვერ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დაზიანებულია ჩვენი შინაგანი "მე". ჩვენ დავემსგავსეთ მსახიობებს სიცრუესა და თვალთმაქცობაში. მივეჩვიეთ ნიღბის ტარებას. მაგალითად, ადამიანი ხვდება თავის უფროსს და სახეზე უჩნდება ყალბი ღიმილი, აღტაცება, მაგრამ როგორც კი შორდება მას, მაშინვე ან გალანძღავს, ან რაიმე ბინძურ ჭორს მოიგონებს. ხოლო როდესაც იგივე ადამიანი ხვდება თავის ხელქვეითებს, ხშირად უკარება იერი ედება. თუ ვინმე გვჭირდება, როგორ ვეპყრობით? - ვუმზერთ ალერსიანად, ვესაუბრებით ტკბილად, გვსურს შევიტყოთ, როდის არის მისი დაბადების დღე. ერთი სიტყვით, ვეპირფერებით. ხოლო თუ გვხვდება კაცი, რომელსაც უნდა, რაღაც გვთხოვოს, - ვცდილობთ, თავი ავარიდოთ. სახეზე მუდმივად რაღაც უცხო ნიღაბი გვაქვს.

ეს გაორებაც ფარისევლობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მიუხედავად ჩვენი ცოდვილი, ნაკლოვანი ბუნებისა, მაინც ძალიან დიდი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე და ვერ ვაცნობიერებთ იმას, თუ რამდენად ნაკლებად ვაშენებთ შინაგან ტაძარს, შინაგან "მე"-ს. არადა მთელი ქრისტიანული ცხოვრების არსი სწორედ საკუთარი თავის გამოსწორებაში მდგომარეობს. ჩვენი სულიერი სილამაზე უპირველეს ყოვლისა კეთილი საქმეებით, კეთილშობილებით, ღვთისნიერებით უნდა მჟღავნდებოდეს...


როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვიფიქროთ, ვიაზროვნოთ, ვიგრძნოთ ისე, რომ სიმართლე შეგვიყვარდეს და მან დაიკავოს ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი?

მამა იოანე კრესტიანკინი:
უფლის სიმართლე, ქრისტიანული სარწმუნოება და მისი მცნებებით ცხოვრება რომ გვიყვარდეს, მაშინ ჩვენი ცხოვრების ყოველ წუთს გავუფრთხილდებოდით და გამოვიყენებდით საღმრთო სჯულის ღრმად შესწავლისათვის, ლოცვის, კეთილ საქმეთა აღსრულების, ჩვენი ბუნებიდან ცუდი მიდრეკილებების აღმოფხვრისათვის. ჩვენ კი ისე გავითქვიფეთ მიწიერების სიყვარულში, რომ ურწმუნოთაგან მხოლოდ ეკლესიაში სიარულითა და რამდენიმე საეკლესიო წესის აღსრულებით განვსხვავდებით. შავი სამოსით, მანდილითა და ხელზე სკვნილით სიარული თქვენს წოდებას არ შეესაბამება და ამიტომ სასაცილოა, ურწმუნოთა დაცინვის საგანია. შემოსილხართ ძაძებით და გგონიათ, რომ ამით უფალს ემსახურებით? შეინანეთ უფლის წინაშე, ვინაიდან ჯერ კიდევ მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებსაც სწორედ სამოსით, გარეგნულად უყვარდათ გამორჩევა სხვათაგან, უთხრა უფალმა: "ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაითა და ყოვლითა არაწმიდებითა, ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა" (მთ. 23,27-28).

ამ მცნების მიხედვით სიმართლე ნიშნავს ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ქრისტესმიერი მცნებებით ცხოვრებას. მაშასადამე, ნეტარია ის, ვინც დევნილია თავისი რწმენის, სათნოებების, კეთილი საქმეებისა და ურყევი, მტკიცე სარწმუნოების გამო.


რა განსხვავებაა ჭეშმარიტ და ცრუ განსწავლულობას შორის?

წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი: განსწავლულობა მიხრწნილი ადამიანის სულის ლამპარია, რომელიც ანათებს იმ ადგილს, სადაც "სიბნელე უკუნეთისა სუფევს უკუნისამდე". მაცხოვარმა შეძლო დაცემული ადამის მოდგმისათვის იმ ლამპრის უკან დაბრუნება, რომელიც მათ შემოქმედისაგან ებოძათ ოდესღაც, შესაქმის ჟამს და რაც შეცოდებისთანავე დაკარგეს. ეს ლამპარი სულიწმიდაა, სული ჭეშმარიტებისა, განბრძნობილი სრული ჭეშმარიტებით, გამომეძიებელი ღვთაებრივი სიღრმეებისა, დაფარულ საიდუმლოთა გამომაჩინებელი, ადამიანის სულისათვის იმ ცოდნის მიმნიჭებელი, რომელიც მისთვის საჭირო და აუცილებელია. მეცნიერს, რომელსაც სურს ჩაუღრმავდეს სულიერ სიბრძნეს, პავლე მოციქული ასე მიმართავს: "უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ-იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1 კორ. 3-18). ჭეშმარიტად, განსწავლულობა თავისთავად სიბრძნე როდია, არამედ ლტოლვა სიბრძნისაკენ. დაეუფლო ჭეშმარიტ შემეცნებას, რომელიც უფალმა უბოძა კაცთა მოდგმას, მხოლოდ რწმენის გზით არის შესაძლებელი, ცოდვით დაცემული ადამიანის აზროვნებისათვის იგი შეუცნობელია და ამიტომ ჰიპოთეზებითა და ვარაუდებითაა სავსე ამგვარი მეცნიერება. კაცობრივი სიბრძნე წარმართთა და უსჯულოთა ხვედრია და მისი საფუძვლები სრულიად ეწინააღმდეგება სულიერ, ღვთაებრივ სიბრძნეს. შეუძლებელია ერთდროულად იყო ორივე სიბრძნის მიმდევარი: ან ერთს უნდა აქციო ზურგი, ან მეორეს განუდგე დაუყოვნებლივ. დაცემული ადამიანი "ცრუ არს". მცდარი შეხედულებების წყალობით გაჩნდა "ცრუ აზროვნება", ანდა მცდარ შეხედულებათა და აზრთა მთელი სისტემა, რომელიც გარეგნულად ჩანს როგორც "აზროვნება". სინამდვილეში კი აბდაუბდა და ბოდვაა ბოროტისაგან შეპყრობილი ადამიანის გონებისა, რომელიც ცოდვისა და დაცემის სასიკვდილო წყლულითაა დაავადებული. გონების ამგვარი სნეულება ნათლად გამოსჭვივის ფილოსოფიურ მეცნიერებებში".

ასე რომ, ნეტარია ის, ვინც ჭეშმარიტი სიბრძნე შეიძინა. უწინარესად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და მერმე ყოველი შეგეძინოთ თქვენ, - ბრძანებს უფალი. ღვთის სასუფეველი კი სიმართლის ზეიმია, რომლის ღირსიც გაგვხადოს უფალმა. ამინ!

ბეჭდვა
1კ1