შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით
შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით
გვესაუბრება დიდი დიღმის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა ირაკლი დუმბაძე:

- სულიწმინდის მადლია ზიარება, ანუ ევქარისტიის საიდუმლოება, როდესაც პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქმნება. უხილავი და მიუწვდომელი ღმერთი ნაწილობრივ სამი სახით გამშვენდება ჩვენში - ძლიერებაში, ყოვლადგრძნობასა და მადლმოსილ ქმედებაში. ღვთის ყოვლადგრძნობა არის ის, როდესაც მაცხოვარი განკაცდა, განკაცების დროს თავისი ღვთაებრივი ბუნება დამალა და კაცობრივი ბუნებით მოგვევლინა. ევქარისტიის დროს ჩვენ ვერც ღვთაებრივ ბუნებას ვხედავთ და ვერც კაცობრივს. ღმერთი ყოველივე ამას წმინდა პურსა და ღვინოში მალავს. ღვთის მადლმოსილება ამ საიდუმლოშია. ღმერთი თითოეულ ჩვენგანს თავის სისხლსა და ხორცს სთავაზობს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქრისტემ ერთგზის გაწირა თავი თვისი, ერთხელ ეცვა ჯვარს, ერთხელ ევნო, მაგრამ ევქარისტიულ საიდუმლოში ის ყოველ ლიტურგიაზე ევნება თითოეული ჩვენგანისთვის. ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს.

- ქრისტიანის დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს ზიარებასთან?

- ეს ღვთაებრივი საიდუმლო, რომელიც ჩვენი სულის აღსაშენებლად მოგვეცა, დასაჯელად არ უნდა იყოს მიღებული. მაგალითად, როდესაც მოსე წინასწარმეტყველმა, რომელიც ებრაელი ერის უდიდესი წინასწარმეტყველი იყო და თავისი სიმამრის ცხვრებს მწყემსავდა, ერთხელ იხილა შეუწველი მაყვალი, მაყვალი, რომელიც იწვოდა, მაგრამ ამავე დროს არ იწვოდა. გაკვირვებული მოსე ფიქრობდა, მიახლებოდა თუ არა. მიუახლოვდება მაყვალს და ესმა საღვთო ხმა, - გაიხადე ფეხსაცმელი, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმინდააო. ფეხთსაკვრელი სიმბოლურად ნიშნავს იმ ხორციელი ცხოვრების მიდრეკილებების დატევებას, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ბუნებაშია. პავლე მოციქულს რომ დავესესხოთ, თითოეული ჩვენგანის ბუნება ცოდვისაკენ არის მიდრეკილი. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია არასწორი ნაბიჯის ადვილად გადადგმა, ვიდრე სწორისა. პავლე მოციქული ამაზე ამბობს: "ვაი, საბრალო კაცი ვარ მე, ხშირად არ მინდა ბოროტება, იმას ადვილად ვჩადი და სიკეთე, რომელიც ჩემს გულს სწადია, იმის აღსრულება ძალიან ძნელიაო". თითოეული ჩვენგანი უნდა ლამობდეს ხორციელი, არასწორი მიდრეკილებების დატევებას. თუ ეს ასე არ იქნა, ადამიანი, რომელიც უღირსად ეზიარება, კურნების ნაცვლად სასჯელს მიიღებს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, იმიტომ არის თქვენს შორის მრავალი სნეულება, რომ უღირსად მიეახლებით ამ წმინდა პურსო. არასწორი ცხოვრების გამოსწორებას აღსარებით ვცდილობთ ხოლმე ყოველი ზიარების წინ. რა თქმა უნდა, თავისთავად წმინდა საიდუმლოებაც მიმტევებელია - ეს საიდუმლოებანი, ევქარისტიული პური და ღვინო, გვეძლევა მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ. ქრისტიანმა, რომელიც ეზიარება, პირველ რიგში თავისი შინაგანი სულიერი სამყარო უნდა განიწმინდოს. არაფერი დაუმალოს მოძღვარს, რათა განწმენდილი გულით, გონებით მიეახლოს ღმერთს.

***
აღსარების საიდუმლოს დახმარებით ღმერთს ვურიგდებით. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ხშირად საუბრობს ზიარებაზე. ქრიატიანებს მიმართავს, - კეთილ საქმესა და ზიარებას ნუ დაივიწყებთ, რომ ესევითარნი მსხვერპლნი სათნო არიან ღვთისა. ზიარება არის ერთგვარი მსხვერპლშეწირვა ღვთისადმი, ჩვენი მადლიერების შეწირვა ღვთისადმი. ხაზგასმით გვეუბნება მაცხოვარი, - როდესაც მსხვერპლის შესაწირად მიდიხარ, პირველი გაგახსენდეს შენზე გულძვირი, პირველ რიგში შენდობა ითხოვე შენი ძმისგან. ხშირად ადამიანი შეუნდობელი გულით მოდის საზიარებლად და ეს ზიარება მისთვის არა აღსაშენებელი, არამედ დამანგრეველი ხდება. კაცი ხშირად უარს ამბობს ზიარებაზე, თითქოს მოკრძალების გამო, და დიდი ხნის განმავლობაში რჩება ამ საიდუმლოს გარეშე. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა წმინდა მამა, მათ შორის, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, ღვთის წინაშე ამბობდა, რომ ის უღირსი იყო.Bბასილი დიდი ასე მიმართავს მაცხოვარს: არა ვარ ღირსი, რათა მოგეახლო, უფალო. არა ვარ ღირსი, რომ შენი ზეციური კარის წინაშე წარვდგე.

- ადამიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს?

- მეზვერე ზაქე, მაცხოვარი რომ დაენახა, ლეღვის ხეზე ავიდა. ღმერთი მის გულმოდგინებას აჯილდოებს - თავად მაცხოვარი ეახლება ზაქეს შინ,Mმეზვერეს, რომელთანაც ებრაელები ცდილობდნენ, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონოდათ. სახარებაში აღწერილია ორი ეპიზოდი: ასისთავი სთხოვს ებრაელებს, ევედრონ მაცხოვარს, მონა განუკურნოს. იესო გადაწყვეტს, ასისთავს შინ ეახლოს, მაგრამ ასისთავი ხალხს მიაგებებს და ეუბნება, - უფალო, არა ვარ ღირსი, შენ ჩემს სახლში შემოხვიდეო. ღმერთმა ორივეს ასეთი განწყობა შეაქო, ეს იყო გულწრფელი განწყობა. ერთის გულმოდგინე განწყობა, რომ სურდა ღმერთი ეხილა და ღმერთმა მისი გულმოდგინება დააჯილდოვა, მეორისა - შინაგანი კრძალვა. მაცხოვარიც ამ გულწრფელი კრძალვის გამო ამბობს, - ისრაელთა შორის ამგვარი სარწმუნოება არ მიხილავსო. ღმერთი ამ კრძალვასაც აჯილდოებს. მთავარია, გვქონდეს მოწიწება, გულწრფელი კრძალვა და ღმერთი აუცილებლად დაგაჯილდოებს.

***
ხშირად ადამიანი ზიარებაზე სიზარმაცის გამო ამბობს უარს. ეზარება ზიარების ლოცვების წაკითხვა, წირვა-ლოცვაზე დოგმა. ზიარებაზე უფრო მისთვის იოლია მხოლოდ წირვას დაესწროს, თან ნაწილობრივ - გონებაგაფანტული იდგეს. ზიარება ჩვენგან მეტ გულისხმიერებას, გულმოდგინებას მოითხოვს. ყველა ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს, რამდენად გულწრფელია ჩვენი შინაგანი განწყობა, მაგრამ უთუოდ უნდა აღინიშნოს: ეკლესიაში, ისევე როგორც საერო სახელმწიფოში, არსებობს საერო სამართალი, დედამიწაზეც არსებობს ასევე ღვთაებრივი სამართალი. საერო სამართლის წინაშე თითოეული ჩვენგანი თანასწორუფლებიანია, ღვთაებრივი სამართლიანობის აღსრულების დროს დედაეკლესია ცდილობს, ისარგებლოს საეკლესიო კანონების დადგენილებით. ერთ-ერთი მძიმე სასჯელი, რაც ადამიანების არასწორ ქმედებაზე ეკლესიას გამოაქვს, არის უზიარებლობა, როდესაც ადამიანს ეკლესია მოაშორებს იმ ნუგეშს, რასაც ღმერთთან ყოფნა გამოხატავს. როგორც ლოცვებში ამბობენ წმინდა მამები, - მე შენთან და შენ ჩემში.Aამიტომ ძალიან დიდი უგუნურება არის ქრისტიანისთვის ზიარებაზე უარის თქმა. როდესაც ეკლესია მოგვიწოდებს, - შიშითა ღვთისათა სარწმუნოებით მოვედით, შიშში იგულისხმება სწორედ შინაგანი კრძალვა, რომ ჩემი მოუმზადებლობით წინააღმდგომი არ გავხდე იმ ნუგეშისა, რასაც ღმერთი ზიარების დროს თითოეულს გვაძლევს.

***
მაცხოვართან მოციქულები ბავშვებს არ უშვებდნენ და იესომ მიმართა მათ: - ყრმანი მოუშვით ჩემთან, მაგნაირების არის ზეციური სასუფეველიო. ბავშვების მიშვება ღმერთთან ნიშნავს იმას, რომ არა მარტო ისინი უნდა მოინათლონ, არამედ საიდუმლოებებშიც იყვნენ ჩართულნი. სიფრთხილე მართებს თითოეულ ჩვენგანს - არ შეიძლება, ზიარებამდე ცოტა ხნით ადრე მშობელმა ასაუზმოს შვილი, რათა ზიარების შემდეგ პირღებინება არ დაეწყოს. რა თქმა უნდა, კრძალვა ყველა ჩვენგანს გვმართებს, მაგრამ ზიარებაზე მისვლის აკრძალვა არასწორია. ბავშვის აღზრდა დედის მუცლიდანვე იწყება. ბავშვი განსაკუთრებულად გრძნობს, როდესაც იბადება, დედა მაზიარებელი იყო თუ არა. პატარას ზიარება მის ცხოვრებაზე აუცილებლად აისახება.Aეკლესია ყოველთვის მოუწოდებს მშობელსაც, შვილებსაც, ხშირად იყვნენ მაზიარებლები ქრისტეს სისხლისა და ხორცისა. მაკარი დიდის ცხოვრებაში აღწერილია ასეთი ფაქტი: ერთი დაოჯახებული ქრისტიანი ქალბატონი შეუყვარდება ერთ კაცს. მან ვერაფრით მოიგო ქალის გული და ჯადოქრობას მიმართავს. ქალი ყველას ცხენად ეჩვენება. გაწამებულ ქალს მეუღლე წმინდა მაკარისთან მიიყვანს, წმინდა მამა მას ლოცვით განკურნავს. შემდეგ მეუღლე ჰკითხავს, - რატომ დაუშვა ღმერთმა ჩვენზე ასეთი განსაცდელი, რომ ბოროტი ჩარეულიყო ჩვენს ცხოვრებაშიო. მაკარი დიდი საოცარ პასუხს აძლევს, - იმიტომ დაუშვა, რომ სამი კვირა არ ზიარებულაო. ძველად ქრისტიანი, რომელიც ქალაქში იქნებოდა და სამი კვირის განმავლობაში არ ეზიარებოდა, უნდა განყენებულიყო ეკლესიისგან. ასე რომ, ზიარების დროს ჩვენ თავად ღმერთს ვუერთდებით. როგორც ზიარებისწინა ლოცვებში წერია, ჩვენ ზიარების წინ ღვთის ტაძრის წინაშე ვართ წარმდგარნი და ჩვენ, უღირსები, წმინდა ზიარებას - უფლის სისხლსა და ხორცს მოველით. მაცხოვრის სისხლსა და ხორცს ნაზიარები ადამიანი უნდა ცდილობდეს, ღვთისგან ეს უდიდესი ჯილდო ამ ქვეყანაზე სწორად ამუშაკოს.

როდესაც მაცხოვარს ეკითხებიან სახარებაში, - ყველაზე დიდი მცნება რომელიაო, პასუხობს, - ის, რომ ადამიანმა შეიყვაროს ღმერთი მთელი გულით, გონებით, შესაძლებლობებით, სულით, შეიყვაროს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. ღმერთმა თავისი სიყვარული გამოხატა იმით, რომ საკუთარი თავი გაწირა და თითოეულ ჩვენგანს თავისი სისხლი და ხორცი მისცა. ჩვენი სიყვარული ღვთისადმი თუნდაც იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ამ წმინდა საიდუმლოს გარეშე ცხოვრება არ შეგვეძლოს. ყველა ჩვენგანს მუდამ უნდა უნდოდეს იმ ღვთაებრივი საიდუმლოს დაუფლება, რასაც წმინდა სისხლი და ხორცი ჰქვია. ადამიანს, რომელსაც ვიღაც უყვარს, სწადია განუყრელად მასთან ყოფნა, მასთან ურთიერთობა. შეიძლება ამით დავასკვნათ, - ჩვენ ღმერთი გვიყვარს თუ არა.

ბეჭდვა
1კ1