"რომელთაც გული გერჩით და სული კეთილისადმი აღგზნებული გაქვთ, გამოდით კეთილის თესლის დასათესად"
"რომელთაც გული გერჩით და სული კეთილისადმი აღგზნებული გაქვთ, გამოდით კეთილის თესლის დასათესად"
გვსურს ახალი რუბრიკა "სიტყვა კაზმული" შემოგთავაზოთ და დროდადრო გაგაცნოთ ქართველ (არა მარტო ქართველ) მამათა ქადაგებები, პირადი წერილები, ჩვენი ღირსეული ერისკაცების მჭევრმეტყველების ნიმუშები. ამჯერად მამა დავით გარსიაშვილის სიტყვა კაზმული მოვისმინოთ.

დეკანოზი დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილი დაიბადა 1870 წელს სოფელ საგარეჯოში. მამამისი დავითგარეჯის მედავითნე იყო. იგი ადრე გარდაიცვალა და ოთხი მცირეწლოვანი შვილი დედამ - ნინომ გაზარდა.

1879 წელს დ. გარსიაშვილი შევიდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1887 წელს სწავლა განაგრძო სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1893 წელს დაამთავრა.

იმავე წელს მღვდლად აკურთხეს და გაამწესეს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში. აქ მან 1922 წლის ივნისამდე იმსახურა. 1896 წელს ამავე ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო დაწყებითი სკოლა, სადაც იგი ოთხი წელი ყველა საგანს ასწავლიდა.

1914-1918 წლების I მსოფლიო ომში სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე ჰოსპიტლის მღვდელი იყო. 1922 წელს დ. გარსიაშვილი გადაიყვანეს ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, 1934 წელს - სიონის საკათედრო ტაძარში, ხოლო 1945 წელს დაინიშნა კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც სიკვდილამდე მსახურებდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე, 1932-1952 წწ.) განკარგულებით დ. გარსიაშვილი დაინიშნა თბილისის სამღვდელოების მოძღვართა მოძღვრად. გარდაიცვალა 1957 წელს.

სიტყვა თქმული დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილის მიერ
ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მე-40 დღეს დღიდან ილიას წამებისა. 1907 წ.

"იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად".

"სოფელსა შინა იყო, და სოფელმან იგი ვერ იცნა, თვისთა თანა მივიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს" (იოანე I, 9, 10, 11).

ამ სიტყვებით, ძმანო ქართველნო, ამერ-იმერნო, დიდებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი გულისხმობს კაცთა მხსნელს, მაცხოვარს იესო ქრისტეს. გვაუწყებს მის ღვაწლს ქვეყნისათვის და აგვიწერს ენით გამოუთქმელ მის უბედურ ამქვეყნიურ ხვედრს. ისტორია გვასწავლის, თუ რა პირობებში იშვა ხორციელად იესო ნაზარეველი ბეთლემსა ურიასტანისასა. მისი დაბადების წინა ხანა წარმართთა ხალხთა, საზოგადოდ, და ისრაელთა, კერძოთ, ბნელი იყო, როგორც პოლიტიკურის და საზოგადოებრივის, ისე სარწმუნოებისა და ზნეობრივის მხრივ. ნაცვლად სიმართლისა, ღირსებისა და ყოველი ადამიანის პიროვნების დაცვისა, ღრმად გაედგა ფესვი უსამართლობას, დამცირებასა და პიროვნების შელახვას. იმ დროს წარმართთა საუკეთესო პირნი ნათლად ხედავდნენ და გრძნობდნენ, რომ ამგვარი მდგომარეობა კაცთა არანორმალურია, და რომ საჭიროა თავის დაღწევა ამ არა სასიხარულო და არა სასურველ მდგომარეობისაგან. მაგრამ, მათი აზრით, ამ დიადი საქმისათვის კაცობრიობა უძლური იყო. საჭირო იყო ზესთა-ბუნებითი ღვთაებრივი შემწეობა. და აი, ურიათა შორის, მართლაც, ზესთბუნებითად იშვა მხსნელი სოფლისა, ნათელი ჭეშმარიტი - იესო. მიზანი მისი შობისა იყო: განათლება ქვეყნად ყოველი კაცისა დაბადებულისა. ამ მიზნით აღჭურვილმა იესომ იწყო ცხოვრება კაცთა შორის ურიათა ქვეყნის სოფლებსა და ქალაქებში და კიდითი-კიდე ჰფენდა სიტყვასა და ნათელსა ჭეშმარიტსა ადამიანთა განსანათლებლად: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს" (მათე V, 48). და ისმოდა ძლიერად მქუხარე ხმა ქრისტესი და მით კაცობრიობას უსახავდა ამ ქვეყნად ცხოვრების იდეალს. ქადაგებდა მშვიდობას და კაცთა შორის სათნოებას, ძმობას, ერთობას და ურთიერთ შორის უდიდეს სიყვარულს. "მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ" (იოანე XIV, 27)... "ამით ჰსცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთას" (იოანე XIII, 35), მშვიდობა და ამგვარი სიყვარულია, ძმანო ქართველნო, ქვა-კუთხედი ამ ქვეყნად კაცთა ბედნიერებისა და წინმსვლელობისა. და აი, უფროსი და უმაგალითო სიყვარული ქრისტესი კაცობრიობისადმი! დიდებული მოძღვარი კაცთადმი სიყვარულისათვის ჯვარს-აცვა მტრობამ, სიძულვილმა, შურმა, უვიცობამ, გამცემლობამ, ვერცხლისმოყვარეობამ... და ესე საზიზღრობა მით უფრო სავალალო და სავაგლახო იყო, რომ ღვთაებრივი მოძღვარი ქრისტე იესო "თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს", ე.ი. ხორციელად ურიათა შორის შობილი მსოფლიო მქადაგებელი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა იესო ურიებმავე არა დაინდეს, არ შეიწყნარეს, გასცეს, უსასტიკესი სასჯელი მიაყენეს, ჯვარს-აცვეს, ლახვრითა გვერდსა უგმირეს. ასეთი საზიზღრობა ჩაიდინეს ურიათა, რომელთათვის იესო ხშირად იტყოდა: "არა ვიდრე მოვლინებულ ვარ გარნა ცხოვართა მათ წარწყმედილთა სახლისა ისრაილისათა" (მათე XV, 24). ჰოი, უვიცობავ, სიბნელევ და უმადურობავ! ფართო იყო ასპარეზი თქვენი თარეშობისა ქვეყანასა ზედა მცხოვრებ კაცთა შორის ჟამსა იესოს დაბადებისა და მის ტანჯვა-წამებათა!

აი, რა აზრები გაგვახსენა, ძმანო, დიდებულ ილიას მოწამებრივმა სიკვდილმა. დღეს მეორმოცე დღეა მისი ვერაგულად მკვლელობისა, მაგრამ ზემო ნათქვამი აზრები მაინც უფრო და უფრო თავს გვევლებიან და არ გვშორდებიან. გავიხსენოთ ხანა საქართველოს ცხოვრებისა წარსულ XIX საუკუნის დასაწყისიდან, ე.ი. დღიდან საქართველოს სამეფოს რუსეთთან შეერთებისა იმ დრომდე, სანამ წამებული ილია სამშობლოს ასპარეზზე გამოვიდოდა სამოქმედოთ და ჩვენ დავრწმუნდებით ხსენებულ დროის დიდ მსგავსებაში იესო ქრისტეს დაბადების წინა დროსთან. ილიას დაბადების და სამოძღვროდ გამოსვლის დროს იგივე უსამართლობა, ძალმომრეობა, დამცირება და პიროვნების შელახვა იყო საქართველოში გამეფებული, რაიცა ქვეყნად ქრისტეს დაბადების წინა დროს. დაუმატოთ ამას ბატონ-ყმობის გამხრწნელი ზეგავლენაცა, რაც ისედაც უფერულ ცხოვრებას ჩვენის ხალხისას უფრო უფერულად და აუტანლადა ჰხდიდა. აი, ამისთანა გასაჭირ დროს მაშინდელ საუკეთესო ქართველთა შორის გამოჩნდა დიდი ბუნების და ნებისყოფის ადამიანი, ახალ დროის იარაღით - სწავლით აღჭურვილი, ყოველ მხრივ განათლებული, რომელიც შესძლებდა ქართველი ერისათვის ახალი ცხოვრების შექმნას, უვალ და ეკლიან გზის გაკაფვას, მისი ევროპის ერთა ფერხულში ჩაბმას. ასრულდა ასეთი ნატვრა! XIX საუკუნის მესამოცე წლების დასაწყისს მოევლინა საქართველოს ილია, ვითარცა მაცხოვარი იესო და მისნი დიდებულნი მოციქულნი ქვეყნიერებას. საქართველოს და მის ძეთა საკეთილდღეოდ ილია, ვითარცა მოციქული, საზრდოთა ჰხმარობს ქრისტესა მცნებას; ჰქადაგობს კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, თანასწორობას; გვასწავლის შრომის მოყვარეობას და უნარიანობას, მომავლისათვის ბედთანა ბრძოლას: სიტყვით თუ საქმით, თუ მწერლობით თანამოძმეთ შთაგვაგონებდა და გვინერგავდა გულში ჭეშმარიტებისადმი სიყვარულს და უხვად ჰფენდა ჩვენს შორის განათლებასა. საკმაო იყო მხოლოდ ხილვა მისი ნათელი სახისა, ანუ ხსენება მისი სახელისა და უმალვე ზემორე ჩამოთვლილ თვისებებით ჩვენი აღჭურვა და შეიარაღება. გულადი მებრძოლი და შეუპოვარი მოქალაქე იყო ილია თვისი ერის ინტერესების დაცვის საქმეში. ჭეშმარიტად ღვაწლი ილიასი დიდია წინაშე საქართველოისა და მისი ერისა. კალამი ჩვენი უძლურია ამ ღვაწლის დაფასებისათვის. ვიტყვით მხოლოდ მოკლედ, რომ მისი ღვაწლი და მოქმედებანი სავსებით შეთანხმებულია სახარების შინაარსთან და დიდებულ გალილეველთა მეთევზურთა ტანჯვასა და შრომასთან. და აი, ამგვარი კაცი, "თვისთა თანა მოვლინებული, თვისთა არა შეიწყნარეს". ასეთმა საზარელმა სინამდვილემ გონს მოგვიყვანოს, გონებანი განგვიწმინდოს და გულის-სიტყვანი განგვიმართლოს, სულით და ხორცით ნუღარ წავწყმდებით. საქართველოს წარსულმა ცხოვრებამ, შინაურმა თუ გარეულმა, შეჰქმნა მრავალრიცხოვანი გუნდნი მოწამეთა. ფართოა საქართველოს ეროვნული სამსხვერპლო წინაშე ღვთისა და, აჰა, ეს ერთი გვამიც წარჩინებულ ქართველთაგანისაცა მსხვერპლად შეიწირა ღმერთმან ჯვარ-ცმულმან ქართველი რის ხელახლად აღორძინებისა და განდიდებისათვის. ჭეშმარიტად, წამებული ილია ღვაწლით შემოსილია! დასასრულ, უნდა აღინიშნოს ქრისტეს მსგავსი თავდადებული სიყვარული ილიასი ქართველთადმი, ლამაზი პოეტური ნიჭით მის მიერ წინწასწარ თქმული:
"ღმერთო, ღმერთო!.. თვალწინ მიდგა დიდ ტანჯული მე ძე შენი...
ვით მით ყველა, ისეც ჩემით ერი ჩემი დაიხსენი".

ძაძებით მოსილნო, დაობლებულნო ძმანო ქართველნო! აღარა გვყავს ილია - მამა ქომაგი, უკვე სამწუხარო ფაქტის წინაშე ვდგევართ, რასაც ვეღარსად წაუვალთ.

ტანჯულ ილიას თქმისამებრ:
"ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს".

იუდას მიერ გულ-დასერილნო და ლახვარ-ნაკრავნო ქართლოსიანნო! "აქ არის ჩვენი მაღალი დანიშნულება და საღმრთო ვალი!".

თვითეულმა ჩვენგანმა გულის ფიცარზედ დავიწეროთ ღვაწლი ილიასი, პირნათლად აღვასრულოთ მცნებანი მისნი და მით საშვილიშვილოდ უკვდავ ჰვყოთ სახელი მისი. ამინ.

"კვირიაკესა ხორცთა კალოებისა"... [ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში
წარმოთქმული ქადაგება]. 1927 წ., 27 თებერვალი.

მოახლოებულია წმინდა დიდმარხვა, ძვირფასნო და საყვარელნო! დგება განსაკუთრებული დრო ადამიანთა განწმენდისა და უკეთურებათა მოსპობისა, კაცად კაცადის სინიდისის მხილებისა, გულში ჩახედვისა, გონებით ზეცას ამაღლებისა, ღმერთთან ბაასისა. ჩვენ, მორწმუნენი, ვალდებულნი ვართ, მოვემზადნეთ, რათა ღირსეულად მივეგებოთ მას. ამ მიზნით წმინდა ეკლესიას წინ წარუმძღვარებია მომზადებითი ხასიათის კვირიაკენი. ერთი - მეზვრისა და ფარისეველისა, მეორე - უძღები შვილისა და მესამე - ხორცთა აღებისა.

ხორცთა აღების კვირიაკეს ჟამს იკითხება მახარებელ მათეს წმინდა სახარებიდან იესო ქრისტეს სწავლა მის მეორე მოსვლის დროს საშინელ სამსჯავროზე.

ურიათა შორის მონის სახით შობილი და მოვლინებული ქრისტე კვალად მოვა ღვთაებრივი დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოზნი მოვლენ მის თანა, - ასე ბრძანებს წმინდა სახარება მათესი და დასჯდება იგი საყდართა დიდებით თვისითასა. მაშინ იესო ქრისტეს წინაშე შეიკრიბებიან ყოველნი ნათესავნი და გაირჩევიან იგინი ურთი-ერთისაგან, როგორც მწყემსმა გაარჩიოს ცხოვარნი თიკანთაგან. ცხოვარნი დადგებიან მარჯვენით მისსა, ხოლო თიკანნი - მარცხენით. ეტყვის მეუფე მარჯვენით მდგომთ: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამიდგან სოფლისა. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასვით მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა.

მაშინ მიუგონ მართალთა მათ: უფალო! როდის გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშველ და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ უძლური, ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? მიუგებს მათ უფალი: ამინ გეტყვით თქვენ: რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. მაშინ ეტყვის მეუფე მარცხენით მდგომთ: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის. რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და არა მასვით მე; უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავ და არა შემმოსეთ; უძლურ ვიყავ და საპყრობლესა და არა მოხვედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა: უფალო! როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან წყურიელი, ან უძლურებასა, ან საპყრობილესა და არ გმსახურეთ შენ? მიუგებს მათ მეუფე: ამინ გეტყვი თქვენ: რავდენი არ უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა, მეც არა მიყავით. და წარვლენ ესენი სატანჯველსა საუკუნოსა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა.

საყვარელნო! თუ კაცს უნდა ციური სასუფევლის მოპოვება, წმინდათა თანა განსვენება, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არცა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული, და ცხოვრება იგი დაუსრულებელი, მისთვის საჭირო და სავალდებულო ყოფილა კეთილთა საქმეთა ქმნა, მოწყალების გაცემა - "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე V, 7). საშინელ განკითხვის დღეს ღვთისაგან ჩვენ შეწყალებულნი ვიქმნებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკუეთუ ჩვენც შევიწყალებთ ღარიბთ, დავრდომილთ, ჭირში და იწროებაში მყოფთა მოძმეთა ჩვენთა.

კეთილთა საქმეთა ქმნით მორწმუნენი გამომხატველნი არიან ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ღვთისადმი წმინდა სიყვარულისა. მოციქული იაკობი წერს თავის კათოლიკე ეპისტოლეში: "რა სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე სთქვას, სარწმუნოება მაქვს და საქმენი არა ჰქმონდენ?" (კ. იაკობ. II, 14), "რამეთუ ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკვდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს" (კ. იაკობ. II, 26).

დღეს წაკითხული სახარებიდან უფალი ღმერთი იესო ქრისტე მოგვიწოდებს, რომ მარხვის დაცვას თან უნდა სდევდეს კეთილთა საქმეთა ქმნა. კაცი სიტყვით მორწმუნე და საქმით არაფრის მქმნელი უნაყოფო ხის მსგავსია: "ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოიკვეთოს და ცეცხლსა დაედვას" (მათე III, 10).

მაშ, ძვირფასნო, დავასრულოთ ბაასი შემდეგი ჩვენდა სამოძღვროდ წამებული მოამაგე ადამიანის მიერ თქმული, ქრისტეს მოძღვრებით ნაკარნახევი სწავლით:

"კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,-
აბა მე დღეს ვის რა ვარგე?"


ამგვარი მიზნების შესასრულებლად, აჰა, მორწმუნენო, ფართო ასპარეზი, წმიდა და დიდი შვიდკვირეული მარხვა, წმიდა ეკლესიის მიერ დაწყებული ქრისტეს მკვდრეთით ბრწყინვალე აღდგომის ღირსეულად კაცთაგან მისაგებებლად. რომელთაც გული გერჩით და სული კეთილისადმი აღგზნებული გაქვთ, გამოდით კეთილის თესლის დასათესად, რათა კეთილივე მოიმკოთ ქრისტეს საშინელი სამსჯავროს განკითხვის დღეს.

ამინ.
ბეჭდვა
1კ1