ჩვენს ქვეყანაში მამათა და შვილთა ცივი ომი მიმდინარეობს
ჩვენს ქვეყანაში მამათა და შვილთა ცივი ომი მიმდინარეობს
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-მოვუსმინოთ ახალგაზრდებს! დადგა დრო,რომ გვერდით გადავდოთ ჩვენი ეგოიზმი, რომელიც ფარულ შენად არის უკვე ქცეული და მოვუსმინოთ ახალგაზრდებს შენიშვნების გარეშე. შენიშვნა სწავლების ყველაზე მეტად მიუღებელი ფორმაა. ხშირად ძველ თაობას ჰგონია, რომ დატუქსვითა და თითის ქნევით რამეს მიაღწევს მომავალ თაობასთან. ძალიან ვცდებით მეგობრებო, რადგანაც ბავშვები ჩვენგან სიყვარულსა და თანადგომას ელიან.

ეკლესიის წინაშე ახალი გამოწვევა დადგა. ლიბერალურმა სიომ მეტად ღრმად შემოაღწია ჩვენს ქვეყანაში და საეკლესიო წიაღიდან და ახალგაზრდობის ნამდვილი გახლეჩა დაიწყო.აღარ ემთხვევა მომავალი თაობისა და ეკლესიის აზრები ერთმანეთს,რატომ?იმიტომ, რომ ჩვენს ქრისტიანულ ლიბერალიზმს არ ვიცნობთ და სწორად ვერ წარმოვადგენთ ქრისტიანობის უსაზღვრო სიყვარულს! ეს ვისი პრობლემაა? რა თქმა უნდა ჩვენი. გვეშინია, ღიმილის,თანასწორობის, თანამშრომლობის,ახალგაზრდების აზრის მოსმენა არ გვინდა, გამოუცდელი არიან და რა უნდა თქვან ისეთი, რომ გაგვაკვირვონ და საინტერესო იყოს. კიდევ გვეშინია იმ ფარული შიშის, რომ თავზე არ ავიდნენ, თანასწორობა არ მოინდომა. გვავიწყდება დიდი ილიას პოეზიიდან სიტყვები: აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია. მოვუსმინოთ ბავშვებს და ქრისტეს სიტყვების მნიშვნელობა ცოცხლად დავანახოთ.ეს ჩვენი სასულიერო პირების დიდ შინაგან მონდომებაზეა დამოკიდებული.

წმინდა მთაზე, სიმონა პეტრას მონასტერს ხშირად ვსტუმრობ ხოლმე და იქ გარკვეულ მორჩილებასა ვასრულებ, ეკლესიას ვალაგებ და მიწევს უშუალო ურთიერთობა მოხუც ბერებთან. ერთხელ ერთმა გამოცდილმა და ასაკოვანმა მღვდელ-მონაზონმა მოკრძალებულად კითხვა დამისვა:

-მამაო ვიცი, საქართველოში კარგად არის საქმე ქრისტიანობის კუთხით, მაგრამ ახალგაზრდობისათვის,რას აკეთებთ, როგორც იტყვიან რა პროექტები გაქვთ უანგაროდო. დავფიქრდი და სათქმელიც მქონდა, რადგანაც ბათუმის ეპარქიაში მეუფე დიმიტრის კურთხევით მრავალი მიუსაფარი ბავშვი უანგაროდ ცხოვრობს პანსიონში და სხვა დიდი პროექტებიც გვაქვს მეთქი. ბერს გაეღიმა, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, თურმე თვითონაც ბავშვთა სახლში გაზრდილი ყოფილა. ღმერთმა დალოცოს თქვენი მეუფე, ეს დიდებულია მამაო, ასე მითხრა და თვალები შორს ზღვის ჰორიზონტს მიაპყრო. ვინ იცის ამ დიდი მონაზვნის გულში რა მოგონებები წამოვიდა. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა: -ეკლესიაში შეკრებებს თუ აწყობთ, ბავშვებს თუ უსმენთ?

გავჩერდი და ვუპასუხე: - საკვირაო სკოლის ეგიდით ვაკეთებთ ამასთქო. ბერი ისევ გაირინდა და ზღვის ჰორიზონტს მიაპყრო თვალები,იგი უფრო შორს იცქირებოდა ვიდრე მე ამ დიდი მონაზვნის მონუსხული ცოცხით ხელში მდგომარე.ისევ შემობრუნდა და მითხრა: მომავალი თაობა მიიყვანეთ ქრისტესთან,სიყვარული ასწავლეთ მამაო, თორემ დავიღუპებით! ადგა ფეხზე ოდნავ მოხრილი, თეთრი, გრძელი წვერით და წყლიანი თვალებით დანაოჭებული სახით და წავიდა თავისი მორჩილების შესასრულებლად. მე ვიდექი კარგა ხანი. არც კი ვიცი რამდენი, მაგრამ იმ ჰორიზონტს გავსცქეროდი, რომელსაც ის ჩრდილივით თხელი და თავმდაბალი მონოზონი. დავბრუნდი თუ არა ბათუმში მაშინვე წმინდა ბარბარეს შევევედრე, გამოეჩინა ჩემთვის გზა, რომლითაც ბავშვებს დააინტერესებდა და შედეგმაც არ დააყოვნა. დღეს ჩვენს ტაძარში უამრავი ბავშვი ეუფლება ხელსაქმეს. ხეზე კვეთას, ასევე საეკლესიო გალობას, სახარების ტექსტზე ღრმად ვმუშაობთ, რომ ქრისტე გაიაზრონ და დაუახლოვდნენ მის სიყვარულს, მაგრამ ვფიქრობ მაინც არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, ასეთ პროექტებში ფინანსები არ იდება.


ამ პროექტს, რომელიც ზემოთ აღვნიშნე დამფინანსებელი არავინ ჰყავს, მხოლოდ კეთილი ნების ადამიანები მეხმარებიან ერთჯერადად, რათა ბავშვებისთვის მასალები ვიყიდო. დიდი სიხარულით მინდა მათი სახელები ვთქვა:ირაკლი თურმანიძე, კომპანია "მარდი ჰოლდინგის" მფლობელი, გენა სურმანიძე შორეული ნაოსნობის კაპიტანი.ეს ორი ადამიანი აკეთებს ამ მამულიშვილური საქმეს და უღრმესი მადლობა ამ კეთილშობილურ საქმეში..

ეკლესია ეს არის სიყვარულის კუნძული და აქედან უნდა ამოვიდეთ, მთავარ ნიშნულად სიყვარული უნდა დავისახოთ, რომ ჩვენი მომავალი თაობა ღმერთთან მივიყვანოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ წმინდა მთის ბერები ამაზე ლოცულობენ და ფიქრობენ. ფინანსებს არ იშურებს მონასტრები, რათა პროექტები დააფინანსოს. ერთ მაგალითს გეტყვით, რომელიც ორმილიის მონასტერში თესალონიკის, რომელიც ღვთაებრივი ბერის, არქიმანდრიტი ემელიანე სიმონა პეტრელის დაარსებულია და ითვლება მეტოქიონად ათონის მონასტრისა. ორმილია დედათა მონასტერია ას ოთხმოცი მონაზვით წარმოდგენილი. წინამძღვარია გერონდისა დიდ მონაზონი, რომელმაც წლების წინ ევროპული გრანტის მეშვეობით ბავშვთა ბანაკი დააარსა მონასტრიდან მოშორებით. იქ ბავშვები ღვთისმსახურებაში იღებენ მონაწილეობას და სხვა სათნოებებს სწავლობენ. საოცრება ვნახე თვით ლოცვითი მსახურების ტიპიკონი მწუხრისა და ცისკრის. ბავშვები გალობდნენ და მედავითნეონდნენ. საბავშვო ტიპიკონი მორგებული ბავშვების სულიერ შესაძლებლობაზე. აი, ეს გვჭირდება ჩვენ დღეს, რომ ბავშვებმა შეძლონ ღმერთთან მიახლოება.

მეუფე შიოს ქადაგება როცა მოვისმინე, გავხსნათ კარიბჭე მომავლისთვისო.ერთგვარ ნათელ შუქად მოეფინა ჩემს გულს. ბავშვები პირადად ჩემთვის სიცოცხლის წყაროა და მომავლის იმედი. მეტი პროექტები ახალგაზრდებისათვის, მეტი ზრუნვა და ღიმილი ვაჩუქოთ მათ. გავუხსნათ კარი და მივიღოთ წიაღში, რომელიც მარადიულობის გარანტია და ვასწავლოთ ბავშვებს, რომ მარადიულიობის მისაღწევად შეიქმნა ადამიანი და ამ ფასეულობებზე დავაშენოთ სულიერი ზრდის კულტურა, რომელიც განსაზღვრავს ნათელ მომავალს.


ო ჯ ა ხ ი
ეს უკვე ცალკე ფენომენია და პავლე მას უწოდებს - კლესიას. ოჯახი ეკლესიაა კაცი ქრისტეს სახეა,ხოლო ქალი წარმოადგენს ემბაზს, რომლისაგანაც იშვება ყრმა.
დედა! ეს ღვთაებრივი სიტყვაა და განსაზღვრავს მომავალს, სიცოცხლეს, სიკეთეს.

აღვნიშნეთ, რომ.არ შეიძლება შენიშვნებისა და აგრესიის ფონზე გაიზარდოს ბავშვი. ჩვენი დედების უმრავლესობა უცხოეთშია და იქ შრომობენ, რათა შვილები შიმშილით არ დაიხოცონ. სამწუხაროდ, მამები აქ ამ სისხლითა და ოფლით ნაშოვ ფულზე ცხოვრობენ, ელოდებიან თვის ბოლოს, როდის დაერიცხებათ თანხა. ზოგჯერ სასმელში იკლავენ დარდებს. ეს ხომ უკვე ტრაგედიაა, ოჯახის ტრაგედია.არ დავადანაშაულოთ დედები, რადგანაც აქედან ხშირად უქნევენ თითს. ჩვენი საზოგადოების ნაწილს, რომლებსაც ფინანსური პრობლემა არ აქვთ და ბრტყელი სიტყვებით ამბობენ: -დედამ უნდა აღზარდოს შვილი...განა იმ დედებმა ეს არ იციან? განა მას არ ენატრება, შვილები? ვაი, რომ ისინი იქ იმიტომ არიან, რომ ჩვენში საოცრად გაუტანელი საზოგადოება ჩამოყალიბდა.მაპატიეთ ამ მხილებისთვის, მაგრამ, შეიძლება ცოლი და ქმარი წლებით დაშორდნენ ერთურთს და მერე ჩვენ იქ ოჯახური იდილია მოვითხოვოთ?! შიმშილის ზღვარზეა საზოგადოების ნაწილი, სოფლები და ქალაქები დედებისაგან დაიცალა, შია შვილებს და იმიტომ დაიცალა, რას ვაკეთებთ? როგორ ვცდილობთ, რომ დავუბრუნოთ ოჯახებს დედები . შვილების სითბოს გარეშე განა ისინი არ არიან დაცლილი და დეპრესიული? განა ახლა თერთმეტი წლის ბავშვის თბითმკვლელობამ ცოტა მაინც არ უნდა დაგვაფიქროს, რომ სახელმწიფო კარგავს თავის ფუნქციას. ამიტომაც იზრდება აგრესია და დაპირისპირება მოზარდებში. ვინ დავადანაშაულოთ? მშობელი? მიჭირს ეს დედებს ვერ დაადანაშაულებს. აქ მამაკაცებმა უნდა ივარგონ და თუ საჭიროა მამაკაცებმა უნდა იშრომონ უცხოეთშიც. ქალის ნაოფლარს, კაცი არ უნდა შეჰყურებდეს.იტყვიან უცხოეთში უფრო ქალის საქმეაო...

კაცსაც შეუძლია აკეთოს ქალის საქმე. ქალზე ძალადობა სწორედ აქედან იწყება. ამაზე დღეს არავინ საუბრობს. ყოველი მესამე. ოჯახი ინგრევა საქართველოში, რატომ?იმიტომ, რომ ვერ ვიაზრებთ და გვეშინია პასუხისგებლობის აღება საკუთარ თავზე და აი ამ ფონზე იზრდება მომავალი თაობა. ჩვენ კიდევ კარგი მომავალი გვყავს, მიუხედავად ამ საშინელი სიტუაციისა. აბორტი, შვილთა კვლა, შვილებზე ფიზიკური ძალადობა ,განა ძალადობა არ არის, როცა მშობელი ბავშვს სმარტფონით აჯადოებს, რომ თავისუფლად იყოს.ურთიერთობა არ არსებობს და ბავშვების დიდი ნაწილი ფაქტიურად მშობლებთან ურთიერთობის გარშე იზრდება. თამასობს ან უყურებს სმარტფონს და სიმშვიდეა, ბავშვი ერთობა....ანალიზი, თქვენთვის მომინდია.

მახარებს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში წიგნის მაღაზია აქტუალურად მუშაობს და უამრავი კომპანიაა საგამომცემლო. ეს იგი, ვკითხულობთ?! ეს კარგია, მაგრამ არ არსებობს ახალგაზრდული ცენტრები გარდა აზროვნების აკადემიისა და სხვა ძალიან მცირე ორგანიზაციისა.ბავშვებს ქალაქებში არ აქვთ ადგილები, სადაც შეიკრიბებიან და ისაუბრებენ ლიტერატურაზე, პრობლემებზე, მომავალზე... ეკლესიამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ეს და ყველა ტაძართან გაიხსნას ახალგაზრდობის ცენტრები. ჩვენს ტაძარში, ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, გვაქვს პროექტი - "მოვუსმინოთ ბავშვებს". საოცარი დღეა, ამას გულწრფელობის დღესაც ვეძახი. რა ტკივილი და სიხარულია, როცა ბავშვი საუბრობს, განიცდის და პრობლემიდან გამოსავლის საოცარ გეგმას წარმოადგენენ. ვამაყობ ამით და ვფიქრობ, ნეტავ უფრო დიდი სივრცე არსებობდეს, სადაც ყოველ კვირას დიდ კონფერენციებს მოვაწყობდით.

ბავშვები ითხოვენ ურთიერთობას და ჩვენ ვეხმარებით. ისინი ყოველთვის გულწრფელები არიან, თუნდაც ცდებოდნენ მაინც გულწრფელები არიან.ჩვენს ქვეყანაში მამათა და შვილთა ცივი ომი მიმდინარეობს. ეს პრობლემაა და ამაზე ხშირად საუბრობს უწმინდესი,მაგრამ ვფიქრობ, არ გვესმის, არ გვინდა გვესმოდეს!

მაპატიეთ მკაცრი წერილის თვის ძვირფასო მკითხველო,მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავს მივმართავ და ვამხელ, ხოლო შემდგომ, ვისაც ყური აქვს ისმინოს....



ბეჭდვა
1კ1