ეკლესია ჩვენს ხალხს უცხოეთში უნარჩუნებს სარწმუნოებას, ეროვნებას, ენას, ტრადიციებს
ეკლესია ჩვენს ხალხს უცხოეთში უნარჩუნებს სარწმუნოებას, ეროვნებას, ენას, ტრადიციებს
რაც დრო გადის, უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე მიდის უცხოეთში. ნებსით თუ უნებლიეთ წასულნი იქაურ ქუდს იხურავენ. ხორციელ ხემსთან ერთად სულიერი საკვების მიღება რომ ყველაზე მეტად არის აუცილებელი, ეს ქართველ ემიგრანტებს გამორჩეულად ესმით, ამიტომაც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ევროპაში რამდენიმე ქართული ეპარქია, ქართული ეკლესია-მონასტრები, სამრევლოები...

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2001 წლის სექტემბერში მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული ეკლესია დაარსდა. 2002 წელს კი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილებით, შეიქმნა დასავლეთ ევროპის ეპარქია და მის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). მის ხელში გადავიდა მიუნხენის ქართული ეკლესიაც, ისევე როგორც დასავლეთ ევროპაში მოღვაწე სხვა ქართული სამრევლოები. ამჟამად მიუნხენის სამრევლოს წინამძღვარია დეკანოზი თამაზ ლომიძე. მამა თამაზს ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით.

- 90-იანი წლების ბოლოს ბევრმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა სამშობლო. 2000 წლისთვის მიუნხენში უკვე ცხოვრობდა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე. მათი დიდი სურვილი იყო, მიუნხენში ჰქონოდათ ქართული ეკლესია და ამ სურვილის შესაბამისად, 2001 წლის სექტემბერში უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაარსდა მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული ეკლესია. მიუნხენის სამრევლო პირველი იყო, რომელიც დაარსდა გერმანიაში. ეპარქიის დაარსების დღისათვის, 2002 წელს, მთელ დასავლეთ ევროპაში არსებობდა მხოლოდ ორი ქართული სამრევლო - მიუნხენსა და სტრასბურგში. დღეისათვის მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის ლოცვა-კურთხევით და წინამძღოლობით მთელ დასავლეთ ევროპაში, სადაც ამდენი ქართველი ცხოვრობს, მოქმედებს 57 ქართული სამრევლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განვლილმა 10-მა წელიწადმა გვიჩვენა, რომ დედაეკლესია არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია უცხოეთში გაბნეული ჩვენი თანამემამულეების გაერთიანება. 2001-2004 წლებში სამრევლოს წინამძღვარი იყო მღვდელი მამუკა თავხელიძე. 2005-2006 წლებში - არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი. 2006 წლიდან დღემდე სამრევლოს წინამძღვარი ვარ მე. მიუნხენის სამრევლოს ძირითადად შეადგენენ მიუნხენსა და მის შემოგარენში მცხოვრები მორწმუნენი. ძირითადად ახალგაზრდები, რადგან მიუნხენში და საერთოდ გერმანიაში ძალიან მცირეა ძველი ემიგრაცია. ჩვენს ეკლესიას ჰყავს მგალობელ ქალთა დიდი გუნდი, მედავითნე, მუდმივად მსახურობენ სტიქაროსნები. მიუნხენსა და მის შემოგარენში, ოფიციალური მონაცემებით, ცხოვრობს დაახლოებით 2000 საქართველოდან წამოსული პირი - მრევლი საკმაოდ დიდია. საერთოდ, უცხოეთში არსებული სამრევლოების ცხოვრება განსხვავებულია საქართველოში არსებული სამრევლოებისაგან იმით, რომ აქ მორწმუნეები რეალურად გაერთიანებულნი არიან თავიანთ სამრევლოში. მრევლი პრაქტიკულად მონაწილეობს სამრევლოს ეკლესიურ ცხოვრებაში. ბევრმა აქ ჩამოსულმა ადამიანმა უცხოეთში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება და ეზიარა მართლმადიდებელ სარწმუნოებას.

- მიუნხენის ქართული ემიგრაცია მრავალრიცხოვანია, ძირითადად რით არიან ისინი უცხოეთში დასაქმებული?

- მიუნხენში არსებობს ძველი ქართული ემიგრაცია, რომელიც ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრდა. არის ასევე 90-იანი წლებიდან დაწყებული ახალი, უფრო მრავალრიცხოვანი ემიგრაცია. ძველი ემიგრაციის წარმომადგენლები უკვე მოხუცები არიან. ახალი ემიგრაცია შეიძლება დაიყოს რამდენიმე ნაწილად: ბევრნი არიან განათლების მისაღებად ჩამოსული სტუდენტები, არიან ოჯახში მოსამსახურე ახალგაზრდები, რომელნიც პარალელურად გერმანული ენის სწავლასაც ახერხებენ. არიან უკვე მუდმივად გერმანიაში საცხოვრებლად დამკვიდრებული ოჯახები, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით ჩამოსული ადამიანები. ძალიან ბევრია შერეული, ქართულ-გერმანული ბავშვებიანი ოჯახები. გვყავს ასევე ჩვენს სამრევლოში მონათლული გერმანელი მართლმადიდებლებიც. ძირითადად ჩვენი ქართველი ქალების მეუღლეები, რომლებიც მისაბაძი წესიერებით და მონდომებით ეკიდებიან ეკლესიურ ცხოვრებას.

- რა როლს ასრულებს ამ ადამიანების ცხოვრებაში ეკლესია, თუ ახერხებენ ეკლესიურ ცხოვრებას?

- ეკლესია ამ ადამიანებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აქ მუდმივად ცხოვრობს, არის ერთადერთი ცოცხალი კავშირი საქართველოსთან. განსაკუთრებით მახსენდება 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენები. ამ მძიმე დღეებში მიუნხენის ქართული ეკლესია იყო ლოცვისა და ნუგეშის ადგილი, ეკლესიაში გროვდებოდა დახმარება ომისგან დაზარალებული ოჯახებისთვის, მოდიოდა ინფორმაცია მდგომარეობის შესახებ, მრევლი ერთმანეთს უზიარებდა დარდსა და შიშს და ასე უადვილებდა ერთმანეთს განსაცდელის დღეებს.

- როგორია თქვენი თვალით დანახული გერმანია, ქართულ ტრადიციებს როგორ უთავსებენ ჩვენებურები?

- გერმანია ძალიან მოწესრიგებული და მშრომელი ქვეყანაა. აქ ძალიან სწრაფი ცხოვრების რიტმია. ყოველი დღე შენგან აუცილებლად ითხოვს შრომას, სწავლას თუ იმ საქმეს, რისთვისაც აქ ხარ და შენ ამ ყველაფრის კეთება გიწევს გერმანულ გარემოში. ჩვენი ბავშვები დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ სკოლასა და ბაღში და მათი გარე სამყაროსთან ურთიერთობა პრაქტიკულად გერმანულ ენაზე ხდება. მე თვითონ ამას წინათ ერთ ქართველ ბავშვს (11 წლის არის) საუბარში სხვათა შორის ვუთხარი: - შენ ხომ ხარ ქართველი-მეთქი და მიპასუხა: კი, ნახევრადო. იმდენად დიდია გერმანული გარემოს გავლენა, როცა ბავშვი აქ იზრდება, რომ ბავშვმა თავი ნახევრად გერმანელად ჩათვალა, თუმცა დედითაც და მამითაც ქართველია. აი, ასეთ პირობებში, ვფიქრობ, უდიდესია ქართული ეკლესიის და ცოცხალი სამრევლო ცხოვრების როლი. ეკლესია ჩვენს ხალხს უცხოეთში უნარჩუნებს არა მარტო მათი მამა-პაპის სარწმუნოებას, უნარჩუნებს ასევე ეროვნებას, ენას, კულტურას და ტრადიციებს. ახლახან, 10 ივნისს, მიუნხენში გვქონდა დიდი ზეიმი. მიუნხენის სამრევლომ უმასპინძლა გერმანიის ქართული სამრევლოების შეხვედრას. გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიის ეზოში 600-კაციანი ქართული სუფრა და ქართული კონცერტი გავმართეთ. როცა ამ შეხვედრას ვამზადებდით, ვამბობდით, ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს ბავშვობაში ნანახი და განცდილი გვაქვს საქართველოში ჩვენს ოჯახებში, სანათესაოში თუ სამეზობლოში და ვიცით ამისი ფასი. ჩვენმა ბავშვებმა კი აქ, უცხოეთში, სად უნდა ნახონ, თუ ჩვენ არ ვანახეთ მათ? ჩვენ უნდა ვანახოთ მათ, თუ როგორ შეუძლიათ ქართველებს ერთად ლოცვა და ღვთის დიდება, ერთად სიმღერა, ერთად სუფრასთან ჯდომა და ერთმანეთის სიყვარული. სწორედ ამ დიდ საქმეს ემსახურება მიუნხენის ქართული ეკლესია და გვწამს, რომ სანამ ქართველებს უწევთ უცხოეთში ყოფნა, უფალი შეგვეწევა ამ მისიის აღსრულებაში. სხვანაირად ძალიან დასანანი იქნება, თუ გათითოკაცებული ქართველები ისე გაითქვიფნენ უცხოეთში, რომ დაიკარგოს ის საუნჯე, რაც ჩვენს წინაპრებს შეუქმნიათ და გადმოუციათ ჩვენთვის.

ეკლესიასთან უკვე თითქმის 10 წელიწადია არსებობს ქართული საკვირაო სკოლა, სადაც 5-12 წლის ასაკის ბავშვები სწავლობენ ქართულ ენას, სიმღერას, ცეკვას და საქართველოს იტორიას. საკვირაო სკოლას წარმატებით ხელმძღვანელობს გერმანიის ქართული სათვისტომო.

გერმანიაში ჩამოსული ქართველებისთვის, განსაკუთრებით არცთუ ისე გამოცდილი ახალგაზრდებისათვის, გერმანიაში ბევრი რამ არის ახალი. ბევრი კარგი თვისების სწავლა შეიძლება გერმანელებისაგან. საჭიროა გარკვეული სიფრთხილე და დაკვირვებაც, რომ ამათი კარგი ერთი შეხედვით არ გეგონოს ცუდი და პირიქით. ქართველებს უწევთ გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრაცია და იმ ახალ ურთიერთობებთან შეხება, რაც ჩვენი მენტალიტეტისთვის უცხოა და ზოგჯერ მიუღებელიც. ძალიან ბევრს სწორედ ამ დროს სჭირდება ეკლესიის სულიერი თანადგომა, გამხნევება და გამოცდილი რჩევა. ბავარია, გერმანიის სხვა მიწებისგან განსხვავებით, კათოლიკურია. პატივს სცემენ ეკლესიას და სასულიერო პირებსაც. ხშირად, როცა როგორც მართლმადიდებელი მღვდელი, შემოსილი მივდივარ ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანები პატივისცემით მესალმებიან. მიუნხენი საცხოვრებლად ძალიან ტრადიციული, უსაფრთხო და კარგი ქალაქია. საერთოდ, გერმანია სოციალური წყობის ქვეყანაა, სადაც თითოელი ადამიანის უფლება და უსაფრთხოება მართლაც დაცულია. მათ შორის უცხოელებისაც. ყოველდღიური ცხოვრების წესს რაც შეეხება, ვერ ვიტყვით, რომ ძალიან განსხვავებულია ჩვენგან, თუ არ ჩავთვლით გერმანულ წესრიგს და შრომისმოყვარეობას. გერმანელები პატივს სცემენ თვიანთ სახელმწიფოს და კანონებს, ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ოჯახს და საკუთარ პროფესიას.

- მამაო, თქვენ რა გზა გაიარეთ მიუნხენამდე?

- 2005 წლიდან ვმსახურობ მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ ეკლესიაში. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ეკლესიური ცხოვრება დავიწყე საქართველოში, თბილისში, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში, დეკანოზ ზაქარია ძინძიბაძის ხელმძღვანელობით, რომელიც დღესაც ჩემი მოძღვარია. 1988-1993 წლებში ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პარალელურად ვმსახურობდი სტიქაროსნად ანჩისხატის ტაძარში, ლურჯ მონასტერში. შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს საპატრიარქოში ჯერ თარჯიმნად, შემდეგ კანცელარიის და პრესცენტრის ხელმძღვანელად, სადაც განუზომელი გამოცდილება მივიღე. 1996-1997 წლებში ვსწავლობდი თბილისის სასულიერო აკადემიაში. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, უცხოეთში გამეგრძელებინა სწავლა და ამ მიზნით 2000 წელს გავემგზავრე გერმანიაში. სწავლა დავიწყე მიუნხენის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 2008 წელს დავამთავრე. 2005 წელს უწმინდესმა მღვდლად დამასხა ხელი მიუნხენის ქართულ ეკლესიაში მსახურებისათვის.

- მამაო, სად აღესრულება მიუნხენში ქართული წირვა-ლოცვა?

- მინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობით საზოგადოებას გავაცნოთ ის დიდი წამოწყება, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა მიუნხენში 2012 წლის 10 ივნისს. მიუნხენის ქართული ეკლესია 11 წელია არსებობს ნაქირავებ ეკლესიის შენობაში. ეს გარკვეულ სირთულეებს გვიქმნის, რადგან ტაძარი არქიტექტურულად არ არის ტრადიციული მართლმადიდებლური ფორმის, არ გაგვაჩნია საკამარისი ფართობი ღვთისმსახურებისათვის და სამრევლოს სხვა სრულყოფილი საქმიანობისათვის. მთელი მიუნხენის ქართველი მრევლის უდიდესი სურვილია, უახლოეს მომავალში სამრევლოს ჰქონდეს უფრო დიდი, საკუთარი, ტრადიციული მართლმადიდებლური ტაძარი. ამ მიზნით, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ამა წლის 10 ივნისის გერმანიის ქართული სამრევლოების შეხვედრაზე დაფუძნდა მიუნხენის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის ფონდი "გორგასალი". ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა ზურაბ კოჭლამაზაშვილი. ეს ფონდი გააერთიანებს ყველა ადამიანის თუნდაც მცირე შემოწირულობას თუ სხვა სახის თანადგომას იმისათვის, რომ ქართველებს უცხოეთში ჰქონდეთ საკუთარი ქართული ეკლესია. ვსარგებლობ შემთხვევით და მოვუწოდებ ყველას, მხარში ამოუდგნენ ამ საღვთო და მამულიშვილურ საქმეს. განსაკუთრებით მათ, ვისაც ჰყავს შვილები, შვილიშვილები თუ ოჯახის სხვა წევრები გერმანიაში. მიუნხენის ქართული ეკლესიის საქმიანობისთვის ხელის შეწყობა არ არის მხოლოდ საეკლესიო საქმე, ეს დიდი მნიშვნელობის სახელმწიფო საქმეც გახლავთ.

- მამაო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

- ღვთის შეწევნა და წარმატება მინდა ვუსურვო დასავლეთ ევროპის ეპარქიას და ყველა უცხოეთში მოღვაწე მოძღვარს და ქართულ სამრევლოებს.

ჟურნალ "კარიბჭეს" მკითხველის სიმრავლეს და წარმატებას ვუსურვებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის!
ბეჭდვა
1კ1