ყოველი ადამიანი სუსტია და მოძღვრის გარეშე, მასწავლებლის გარეშე ვერ მიაღწევს საუკუნო განსასვენებელს
ყოველი ადამიანი სუსტია და მოძღვრის გარეშე, მასწავლებლის გარეშე ვერ მიაღწევს საუკუნო განსასვენებელს
გვესაუბრება შრომის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარის წინამძღვარი, დეკანოზი პავლე ქინქლაძე:
- არ არსებობს მათზე უფრო საწყალი და დაღუპვასთან მიახლოებული ადამიანი, ვისაც საღვთო გზაზე მოძღვარი არ გააჩნია. რამეთუ რას ნიშნავს თქმული: "რომელთა არა აქუნდეს განკარგვა, დაცვივეს ვითარცა ფურცელი" (იგავ. 11,4)? ფურცელი თავიდან ყოველთვის მწვანე, ცოცხალი და ლამაზია, ხოლო შემდეგ თანდათან ჭკნება, ეცემა და ბოლოს ფეხით ითელება. ასევე კაცი, რომელსაც არ ჰყავს წინამძღოლი, თავიდან გულმოდგინეა მარხვაში, მღვიძარებაში, დაყუდებაში, მორჩილებაში და სხვა სათნოებებში; შემდეგ მისი გულმოდგინება ნელ-ნელა ცივდება, და იგი, რაკი არ ჰყავს არავინ, ვინც დამოძღვრავდა, შეეწეოდა და აღაგზნებდა მის გულმოდგინებას, – უგრძნობლად ხმება, ეცემა და ბოლოს მტერთა (ეშმაკთა) მონა ხდება, რომლებიც იმას დამართებენ, რაც მოესურვებათ. ნეტარ არს კაცი, რომელმაც უწყის თავისი უძლურება, რამეთუ ეს ცოდნა ყოველივე კეთილის საფუძვლად და დასაბამად შეექმნება, როდესაც კაცი ჭეშმარიტად სცნობს თავის უძლურებას, მაშინ მხოლოდ ღმერთს ესავს და სცნობს თავის უძლურებას.

ყოველი ადამიანი სუსტია და მოძღვრის გარეშე, მასწავლებლის გარეშე ვერ მიაღწევს საუკუნო განსასვენებელს, სულიერი მოძღვარი დამაკავშირებელი, შემრიგებელია ღმერთსა და ადამიანს შორის. ადამიანს არ შეუძლია თავისთავად, ღვთის გარეშე სულიერ წარმატებას მიაღწიოს, აუცილებელად სჭირდება "ხელმძღვანელი", ის ვინც დაარიგებს, უხელმძღვანელებს მის სულიერ ცხოვრებას. მართლმადიდებელი ქრისტიანი, რიმელიც რაიმე ცხოვრებისეულ პრობლემებს შეეჯახება რჩევისათვის მოძღვართან მიდის, მან იცის, რომ იგი პასუხს თავის კითხვაზე არა უბრალოდ ჩვეულებრივი მოკვდავისაგან ითხოვს, არამედ ღვთისაგან, რომელიც ხედავს მის რწმენას და მოძღვრის მეშვეობით მას რჩევასა და კურთხევას აძლევს. ეკლესია მამათა ბაგეებით გვაუწყებს: მიანდე შენი გული სულიერი მოძღვრის მორჩილებას და უფლის მადლი დაივენებს შენში.

ბეჭდვა
1კ1