თითქოს არავინ ებრძვის რწმენას, მაგრამ მიუღებლად იქცევა რელიგიურობა
თითქოს არავინ ებრძვის რწმენას, მაგრამ მიუღებლად იქცევა რელიგიურობა
გვესაუბრება ზუგიდიდისა და ცაიშის ეპარქიის, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია კემულარია:

-ისტორიას უამრავი განსაცდელი ახსოვს ‒ ომები, მიწისძვრები, ეპიდემიები. ის, რისი მომსწრენი გავხდით ჩვენ, უნიკალურია. არ ახსოვს სამყაროს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, დაზაფრული გამოეწყვდიათ საკუთარ სახლებში. მიმდინარე მოვლენების შემყურე გებადება კითხვა: -რა უფრო საშიშია ‒ ვირუსი თუ ის ძალა, მექანიზმი, რომელსაც ძალუძს მთელი კაცობრიობა გამოკეთოს, გაანეიტრალოს?

ღმერთი არავის ცდის. არ სჭირდება გულთამხილველს ადამიანის გამოცდა, მაგრამ მოვლენები, რომელთაც განსაცდელს ვუწოდებთ, ააშკარავებენ ჩვენს ფარულ თვისებებს, აშიშვლებენ ჩვენს სულებს, ჩვენი მსოფლაღქმის საფუძვლებს, გვაშორებენ ნიღაბს.

კორონავირუსი - ეს სიტყვა ყველაზე ხშირი გახდა უამრავი ადამიანის მეტყველებაში. ალბათ, წლები დასჭირდება იმის გააზრებას, რა მოგვიტანა ამ სიტყვით მოხსენიებულმა მოვლენამ, რა დავინახეთ და როგორები გავხდით, მაგრამ დღეს უკვე შეგვიძლია გარკვეული დასკვნების გაკეთება და შემდგომი ცხოვრების კორექტირება.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მოიცვა მთელი მსოფლიო, ჯერ კიდევ არ გვაქვს ვირუსის წარმოშობაზე, მისი თვისებების, გავრცელებისა და მისი ზემოქმედების მექანიზმებსა და შედეგებზე სრული წარმოდგენა. დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი გადადების ძლიერ შესაძლებლობაზე, სხეულს გარეთ დიდხანს ყოფნის უნარზე. როგორც გაირკვა კვლევებით, ასე არ ყოფილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დასაწყისში განაცხადა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3.4%-ს შეადგენდა. გაირკვა, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან გაბერილია, გულისხმობს მაჩვენებელს ტესტირებულთა შორის, თუმცა არაერთი მეცნიერი აქვეყნებს მონაცემებს, რომ სინამდვილეში ინფიცირებულთა რაოდენობა მრავალჯერ აღემატება ტესტირებულთა რიცხვს და უამრავ ადამიანს გადააქვს დაავადება უსიმპტომოდ. არ არსებობს დიდ ჯგუფებში ჩატარებული კვლევების მონაცემები, თუ რამდენ ადამიანს აქვს იმუნიტეტი კოვიდ-19-ს მიმართ. ასევე, ირკვევა, რომ ლეტალობის მაჩვენებლის აღრიცხვაში არის გაყალბების შემთხვევები და გარდაცვალების ყველა შემთხვევა არ უკავშირდებოდა ვირუსს. გარდაცვლილთა რიცხი როცა ათასებს ითვლის, არ არის ეს შეუძლებელი. საინტერესოა, რომ ეპიდემიით მოცულ რიგ ქვეყნებში სიკვდილიანობის წლევანდელი მაჩვენებელი არ აღემატება შარშანდელს. ამას ემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საეჭვო რეპუტაცია. არაერთი შემთხვევაა, როცა ამ ორგანიზაციის მოხელე ან იყო წარსულში რომელი ფარმაცევტული კომპანიის მაღალ თანამდებობაზე, ან გადადავიდა შემდეგ. ცალკე თემაა ამ ორგანიზაციის როლი 2009 წლის პანდემიაში. ეს და მრავალი სხვა გარემოება ჰბადებს სერიოზულ ეჭვებს, რომ კორონაფსიქოზი უფრო პოლიტიკური პროცესია, ვიდრე სამედიცინო. ეს ვირუსი საშიშია, გართულებისას ძალუძს სერიოზული პრობლემების შექმნა, მაგრამ, როგორც ჩანს, რეაქცია მის გავრცელებაზე არ არის ადეკვატური და არავინ იცის, რას მოყვება უფრო სავალალო შედეგი, -პანდემიას თუ მკაცრი შეზღუდვების ეკონომიკურ ეფექტს.

არაერთი სერიოზული მეცნიერი გამოთქვამს აზრს, რომ ახალი ვირუსი ლაბორატორიული წარმოშობისაა. მართლაც, ბავშვური გულუბრყვილობა იქნებოდა ფიქრი, თითქოს ლაბორატორიები მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ როგორმე დაიცვან მოსახლეობა. XXI საუკუნეში ბირთვულ იარაღს მხოლოდ შემაკავებელი ფუნქცია აქვს და ყველამ იცის, რომ მისი გამოყენება თვითგანადგურებას ნიშნავს. გლობალური ზემოქმედების შესაძლებლობების მხრივ, ბიოლოგიური იარაღი ეფექტურობით ერთ-ერთი უძლიერესია. თუ ეს ვირუსი ხელოვნურია, ვერ ვიტყვით, გახდა მისი გავრცელება შემთხვევითი თუ მიზანმიმართული. მიზნები კი ნამდვილად არის. მნიშვნელოვანია ის გარემოებები, რაც ახლავს პანდემიას. გაძლიერდა საუბრებები გლობალისტურ თემებზე - ერთიანი მსოფლიო მთავრობა, ტოტალური კონტროლის გაძლიერება, უნაღდო ანგარიშსწორებაზე მასობრივი გადასვლა. გლობალური მნიშვნელობის ფიგურები საუბრობენ საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციაზე. ერთი შეხედვით, ვაქცინაცია, როგორც გამოცდილი სამედიცინო მეთოდი, არ უნდა იწვევდეს ეჭვებს. მაგრამ, როცა საუბარია მის გარდაუვალ აუცილებლობაზე მსოფლიო მასშტაბით, მის სათავეში კი ოდიოზურ პიროვნებებს ვხედავთ, ძლიერ საეჭვოა, რომ იდეის მიზანი ჩვენი ჯანმრთელობა იყოს. საყოველთაო ვაქცინაციის მოთხოვნა, რომლის რეალიზება კონცენტრირდება ვიწრო ჯგუფის ხელში და ადგილობრივი მთავრობები არიან მხოლოდ აღმასრულებელნი, ნიშნავს გლობალური ზემოქმედების უმძლავრესი მექანიზმის შექმნას. არავინ იცის, ვინ, როგორ და რისთვის გამოიყენებს მას. საქმე გვაქვს არა მხოლოდ საუბრებთან, არამედ კონკრეტულ წინადადებებთან და გეგმებთან.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვირუსი მხოლოდ საბაბია და გავხდით სოციალური ექსპერიმენტის მონაწილენი. აღმოჩნდა, რომ გარკვეული გარემოების მომიზეზებით შესაძლებელია მოსახლეობის აქტიურობის ისეთი შეზღუდვა, რომელსაც იგი "გაგებით" მოეკიდება და დათანხმდება. ამავე დროს, შესაძლებელია, რომ ერთი სოციალური ჯგუფი დაუპირისპირო მეორეს და ამისთვის საკმარისია ინფორმაციული იარაღი,- გლობალისტური იდეების ერთგული მედია. ის, რაც ხდებოდა ამ დღეებში ეკლესიასთან მიმართებაში, ამ ზემოქმედების მკაფიო მაგალითია. არაერთმა მორწმუნემ განიცადა მიუღებლობა ნათესავთა და ახლობელთა მხრიდან, როცა მასთან კონტაქტზე მხოლოდ იმიტომ თქვეს უარი, რომ ეკლესიაში დადიოდა და პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა. არ იყო სათანადო ობიექტური მონაცემები ასეთი დასკვნების გასაკეთებლად, მაგრამ შეუძებელია ილაპარაკო მათ შინაგან თავისუფლებაზე, ვისთვისაც ტელევიზია ინფორმაციის წყაროა. ზოგადად, ეკლესიის მიმართ მკვეთრად გაიზარდა აგრესიულობა არა მხოლოდ ურწმუნოთა, არამედ ნელთბილ მორწმუნეთა მხრიდან. ეს არ არის მხოლოდ მოვლენა, რომელიც დაფიქსირდა, არამედ სამომავლოდ დევნის მექანიზმის დახვეწა, როცა თითქოს არავინ ებრძვის რწმენას, მაგრამ მიუღებლად იქცევა რელიგიურობა.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ არსებობს დარაზმული დესტრუქციული ჯგუფი, რომლის წინაშე კრთის ხელისუფლება. ის ომი, რაც გამართეს მედიასაშუალებებმა ეკლესიის წინააღმდეგ, როცა მთელი ძალისხმევა მიმართეს ეკლესიის, როგორც საშიშროების ბუდის წარმოჩენისკენ, გვაფიქრებინებს, რომ ეს არის მხარე და არა ინფორმაციის ნეიტრალური გამავრცელებელი. მათ არ შეხებია არანაირი შეზღუდვა, მათ აქვთ უფლება იმისა, რაც რიგითი მოქალაქისთვის 3000 ლარიან ჯარიმას ნიშნავს. ვინ მთავრობს ამ ქვეყანაში?! რა თქმა უნდა, არიან პატიოსანი ჟურნალისტებიც, მაგრამ ისინი აღმოჩდნენ უმცირესობაში და მათი ხმაც არავინ გაგვაგონა.

შექმნილმა ვითარებამ დაგვანახა, რაოდენ საშიშია ის გზა, რაზეც ვდგავართ წლების მანძილზე,- ტურიზმზე აქცენტირება და სოფლის მივიწყება. სასიხარულოა, რომ ხელისუფლების მესვეურთაგანაც გავიგონეთ საუბრები სოფლის გაძლიერების თაობაზე. ვერ იქნება ვერანაირი საუბარი იმ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი საკვები. ჩვენს ქვეყანას კი საკვების დაახლოებით 80% შემოაქვს. პანდემიამ მოგვცა კიდევ ერთი შანსი გამოღვიძებისა. არ შეიძლება არ დააფასო ის ღონისძიებები, რაც ტარდება მოსახლეობის დასახმარებლად. მსგავი რამ არ მომხდარა წინა წლებში, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ არ მიეცემა დავიწყებას სოფელი.

არცთუ სასიხარულო იყო იმ დამოკიდელების ხილვა, რაც ხელისუფლების მხრიდან გამოჩნდა ეკლესიასთან მიმართებაში. არიან მათ შორისაც ქრისტიანები, მაგრამ მთლიანობაში ამ ურთიერთობას ვერ ეწოდება სიმფონია. პიკი იყო მაშინ, როცა აღდგომამდე სამი დღით ადრე ხელისუფლებამ აკრძალა მანქანების გადაადგილება. ამ აკრძალვაზე საქმის კურსში არ იყო ეკლესია და აღმოვჩნდით იმის საშიშროების წინაშე, რომ აღდგომის დღესასწაული საერთოდ გაუქმებულიყო უმრავლეს სამრევლოში. მართალია, შემდეგ დაიშვა სასულირო პირების გადაადგილება, მაგრამ ეს იყო არა წერილობითი განკარგულება. სახელმწიფოს შეეძლო უფრო კონსტრუქციული როლის თამაში და დახმარება დღესასწაულის ორგანიზებაში, მაგრამ ზედამხედველისა და მაკონტროლებელის როლი არჩია, რაც შეუძლებელია არ იყოს საწყენი.

ყოველივე ზემოთ თქმული ეხება ეკლესიის ურთიერთობას გარე სამყაროსთან. ბევრად მტკივნეული აღმოჩნდა ის პროცესები, რაც შიგნით დავინახეთ. ყველაზე სამწუხარო იყო ის დამოკიდებულება, რაც ცალკეულ სასულიერო პირთა შორის ვიხილეთ საპატრიარქოსთან მიმართებაში. განსაცდელი იმით არის სასარგებლო, რომ წარმოაჩენს დაფარულ სინამდვილეს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი სასულიერო პირისა და თეოლოგისთვის წმინდა ევქარისტიული ძღვენი სულაც არ აღმოჩნდა იმ სიმაღლეზე, რომელზეც უნდა იყოს იგი ქრისტიანის ცნობიერებაში. ერთ-ერთმა თეოლოგმა დაწერა: "წირვის ძღვენი არ წარმოადგენს ქრისტეს ხორცსა და სისხლს ჩვენი რწმენისა და ცნობიერებისგან დამოუკიდებელი ობიექტური რეალობის სახით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩვენ ძღვენს დავუქვემდებარებთ ლაბორატორიულ ანალიზს მისი ქიმიური შემადგენლობის გამოსაკვლევად, ვნახავთ, რომ ის არის პური და ღვინო. ის მხოლოდ ადამიანის გაცნობიერებულ რწმენასთან და მომავალი სასუფევლის იმედთან მიმართებაში იძენს რეალურ ბუნებას." აბა რა უნდა თქვა ამაზე?! (ღმერთს შენდობას ვთხოვ ციტატის მოყვანისთვის). ასეთი შეხედულება დიდად არ განსხვავდება პროტესტანტიზმისაგან და ეს მხოლოდ მწუხარებას იწვევს. სამწუხაროა ისიც, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. მაცხოვრის ყოვლადწმინდა სისხლი და ხორცი არ შეიძლება იყოს სნეულების გადამტანი. არ უწერიათ ამაზე მამებს, რადგან ვერავინ იფიქრებდა ისეთი ხანის დადგომას, როცა ქრისტიანი ევქარისტიულ ძღვენს უბრალო პურად და ღვინოდ მოიხსენიებდა. სამწუხაროა იმ მღვდელმთავართა და მღვდელთა პოზიცია, ვინც არ მოერიდა საჯაროდ განდგომოდა სინოდის შეფასებებსა და გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, ბევრ რამეზე მოგვიწევს ფიქრი: რა ხდება და როგორ მივედით აქამდე.

KARIBCHEსაოცარი მაგალითი ღმრთის მოიმედეობისა გვანახა პატრიარქმა. მაგალითი უპრეცედენტო, რომლის მსგავსი ვერ ვიხილეთ ვერც ერთ ადგილობრივ ეკლესიაში. სნეული, ასაკოვანი ადამიანი, რომელიც უპირველესია რისკ-ჯგუფში არ შეუშინდა საშიშროებას, მთელი იმედი დადო მაცხოვარზე და გააკეთა ის, რასაც დაუფრთხა არაერთი ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე. ჭეშმარიტად, "განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა, განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს" (ფს. 111:8). სასიხარულოა, რომ სასულიერო პირთა ძირითადმა ნაწილმა, რომელიც არ ჩანს საჯაროდ, არც ინტერნეტში პოსტავს და არც ტელეეთერებით გვმოძღვრავს, უერთგულა ეკლესიურ აზროვნებას, უწმინდესს, არ განერიდა მრევლს.

გავიდა საკმაო დრო ხარებიდან, ბზობიდან, აღდგომიდან. მრავალთა სამწუხაროდ არ შეიქმნა ე.წ. ეკლესიის კლასტერი. აღომჩნდა, რომ ზიარება არ არის დამაინფიცირებელი. ურწმუნოს ეს ვერ მოიყვანს რწმენაში, ვერ გახნის მის გულს. ჩვენ კი არ გვმართებს ამ ფაქტზე ნიშნისმოგებით საუბარი. ღმერთი იცავს ეკლესიას, იცავს ქრისტიანს არა ჩვენი სიდიადის გამო, არამედ მისი კაცთმოყვარებით. ჩვენ კი მეტი სიმდაბლე, მორჩილება, ლმობიერება და სიყვარული გვმართებს.

განსაცდელმა გააძლიერა აპოკალიფსური განწყობები და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენზე პროტესტანტული შეხედულებები. ძლიერი აქცენტი გაკეთდა ჩიპირებისა და 5G-ს თემაზე. დიახ, ეს მეტად საშიში მოვლენებია, მაგრამ ყოველივე ეს არის ინფრასტრუქტურის შექმნა ანტიქრისტეს დამდეგი მეუფებისთის. ჩვენთვის კი, მართლმადიდებელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოშურნეობის, სინანულის, ღმრთის შიშისა და იმედის გაღვივება, გულის განწმედა და ღმრთის ტაძრად შემზადება. არ უთქვამს ჩვენთვის უფალს, რომ კომფორტულად მოვეწყობოდით, არამედ გვაუწყა, რომ ჭეშმარიტების მოყვარულს არ შეიწყნარებდა წუთისოფელი. უფალი დაიცავს მის ერთგულებს და არ აუფლებს მათზე ბოროტს. კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება დავფიქრებულიყავით, რა არის ჩვენთვის ეკლესიურობა - ზეცათა სასუფევლისაკენ მიმყვანებელი გზა თუ ამქვეყნად შედარებით უშფოთველად ცხოვრების საშუალება.

ყველამ ვიცით, რომ წმიდა წერილი წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადებით მთავრდება. ვიცით, რომ ყველას მოგვიწევს ღმრთის წინაშე წარდგომა. ვიცხოვროთ ისე, რომ არ შეგვრცხვეს მაშინ და მივანდოთ აწმყო უფალს.


ბეჭდვა
1კ1