სიყვარულის დეფიციტი არის ჩვენსა და უფალს შორის არსებული ღრმა უფსკრულის მიზეზი
სიყვარულის დეფიციტი არის ჩვენსა და უფალს შორის არსებული ღრმა უფსკრულის მიზეზი
ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია):
-ცოდვა არის ადამიანის მიერ ჩადენილი ყოველი ქმედება, რომელიც სიყვარულის წინააღდეგ არის მიმართული,
ან უარყოფს სიყვარულს, ან ამცირებს მას ან ბღალავს მას. უფრო ზუსტად, თუ ადამიანის მიერ ჩადენილი საქციელი ან წარმოთქმული სიტყვა, თუნდაც იოტისოდენად მის გულში გაბოროტებას იწვევს-სიძულვილს, შურს, მტრობას, გულცივობას და სხვა ამგავრი გრძნობების გაღვივებას უწყობს ხელს, ასეთი საქციელი ცოდვაა. უფრო მეტიც, თუ ადამიანის ქმედება და სიტყვა ზემოთ ჩამოთვლილ გრძნობებს აღძრავს სხვა ადამიანში, მაშინ ასეთი საქციელი ცოდვაა.


მაგალითად, ლამაზად ჩაცმა თავისთავად ცოდვაა, მაგრამ თუ ადამიანი იცვამს გამომწვევად იმისათვის, რომ თავისი პატივმოყვარეობა დააკმაყოფილოს ან ჩაცმის ვნებით არის შეპყრობილი მისი ქმედება ცოდვაა, ან ამას იმიტომ შვება, რომ სხვას დაუბნელოს თვალები და მასში ქვენა გრძნობები აღძრას, ასეთი ჩაცმა ცოდვაა. ამიტომ ადამიანმა უნდა ჩაიცვას სადად, სუფთად და კოხტად, ამასთან უნდა იფიქროს იმ გარემოცვაზე, რომელშიც ამ ტანსაცმლით ტრიალი მოუწევს, რომ ვინმე არ გააღიზიანოს, არ დაამციროს, არ ჩააგდოს შურის ცოდვაში. ასევეა ყველა სხვა ქმედებაშიც-ზომიერება და მოყვასისათვის ზრუნვა უნდა იყოს ჩვენი ყოველი საქციელის თუ სიტყვის განმსაზღვრელი. შეიძლება დაგებადა ასეთი კითხვა თუ სხვა შურიანია მე რა დავაშავეო? გიპასუხებ: არ არსებობს ადამიანი შურის გრძნობა მეტ-ნაკლებად რომ არ ჰქონდეს, მხოლოდ სრულყოფილი, ღვთიური სიყვარულით დაჯილდოებული ადამიანია ამ მძიმე თვისებისაგან თავისუფალი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ნაკლებად მივცეთ მოყვასს შურის საბაბი. მაგალითად, თუ ღარიბთა გარემოცვაში ვცხოვრობთ და მყვირალა არქიტექტურის მქონე ვილის მშენებლობას დავიწყებთ, ჩავდივართ ცოდვას, რამეთუ შურის გრძნობას ავღძრავთ მეზობლებში. უფრო უარესიც, ვუბიძგებთ მათ უფრო მძიმე ცოდვები: ყაჩაღობა, მკვლელობა ჩაიდინონ. მე მესმის შენი როცა წერ, რომ განცვიფრდი, როცა გაიგე, რომ შვილის მიერ მამისგან წილის მოთხოვნა ცოდვა თუ იყო. იურიდიულად ეს დანაშაული არ არის და ალბათ მორალურადაც შეიძლება რაღაცნაირად ბღალავს ღვთიური სიყვარულის მოთხოვნას. ნებისმიერი დავა, საბოლოოდ მოდავეთა გულში სიძულვილს წარმოშობს, მით უმეტეს დავა მშობელსა და შვილს შორის. ის სპობს ღვთისგან ნაჩუქარ უსათუთეს მშობლიური სიყვარულის გრძნობას, რაც უდიდესი ცოდვაა. ის სრულიად აბათილებს უფლის მიერ მოცემულ მცნებებს: პატივი ეცი შენს მამასა და დედას... გიყვარდეს მოყვასი შენი... გიყვარდეს მტერი შენი... აპატიე შენს წინაშე შემცოდებელს ყოველდღე შვიდას სამოცდაათჯერ. დავა მშობელსა და შვილს შორის ქრისტეს ყველა ამ მცნებებს უხეში ფორმით არღვევს


რადგან მცნებებს შევეხე, გავბედავ ამ საკითხზეც პატარა განმარტებას. სამწუხაროდ, ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ ღვთის ათი მცნება და სახარების სხვა მცნებები არის ღვთის მიერ მოცემული განყენებული მოთხოვნები, მისი პირადი სურვილით დაფიქსირებული კანონები და ამიტომ არის აუცილებელი მათი დაცვა. სინამდვილეში ყველა მცნება ღვთის მიერ მოცემულია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს გაქვავებულ გულებში სიყვარულის აღძვრის და სიყვარულის ქმედებისაკენ ჩვენი მიმართვის მიზნით. ჩვენ რომ ვიყოთ სრულყოფილნი სიყვარულში, უფალი არც ერთ მცნებას არ მოგვცემდა. სიყვარულში მყოფი ღმერთშია გაერთიანებული და თავისუფალია ყოველგვარი კანონისაგან, მაგრამ ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო აუცილებელი გახდა ისეთი მცნებების შემოღება, რომლებიც გვაიძულებდა გვემსახურა სიყვარულის საქმისათვის. მაგალითად, განა სჭირდება სიყვარულით სავსე ადამიანს მცნება-არა კაც კლა, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ჩვენ, გულქვა ადამიანებს გვჭრდება, რომ სასჯელის შიშმა ჩვენში მხეცი დათრგუნოს და სხვა ადამიანისადმი მორიდებით დამოკიდებულების ჩვევამ ნელ-ნელა მისდამი სიყვარულც გააღვივოს. ამრიგად, მცნებები აუცილებელია ჩვენივე კეთილდღეობისათვის და კამათი იმაზე, საჭიროა თუ არა მათი დაცვა სრულიად უადგილოა. უფლის მცნებების დაცვით ადამიანი თავად ზრდის საკუთარ სულს, მიმართავს მას სრულყოფილებისაკენ და სიყვარულისაკენ. სწორედ სიყვარულის დეფიციტი არის ჩვენსა და უფალს შორის არსებული ღრმა უფსკრულის მიზეზი.

ჩვენ გაკვირვებულნი ვამბობთ: ღმერთის გვწამს, ეკლესიურად ვცხოვრობთ, ვლოცულობთ და მაინც არ ისმენს უფალი ჩვენს ლოცვას, არ ისადგურებს ჩვენში ნანატრი სულიერი სიმშვიდე და სიხარული, რატომ? პასუხი ერთად-ერთია: ჩვენში ძალიან ცოტაა სიყვარული, რადგან თუ ვიცვამთ ისე, რომ სხვაში შური აღძრათ, თუ ვჭამთ ისე, რომ მშიერზე არ ვფიქრობთ, თუ საკუთარ შეცდომებს ვერ ვამჩნევთ, ხოლო სხვისი მცირედი საქციელის განსჯისათვის ყოველთვის მზადა ვართ, თუ ვესწრაფით სიმდიდრეს და ღარიბებზე არ ვფიქრობთ, თუ მივიღწვით პატივისაკენ და სხვის ინტერესებს ვთელავთ, თუ გვსურს კეთილდღეობა და მოყვასისათვის ღიმილიც არ გვემეტება, თუ შვილებს და შვილიშვილებს ვეფერებით და სხვისი ობლის ტკივილი არ გვტკივა, თუ პირში ვაქებთ და ზურგს უკან ვაგინებთ, თუ ჩვენთვის პატივისცემას და სიყვარულს ვითხოვთ, ხოლო მზად ვართ სულ მცირე მიზეზისთვის მოყვასზე გავღიზიანდეთ და განვრისხდეთ, თუ... თუ... თუ... და კიდევ ათასი თუ, რომელსაც ერთმანეთთან ურთიერთობაში შეგნებულად და შეუგნებლად ჩავდივართ და ვცოდავთ სიყვარულის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენს მიერ ეკლესიურ ცხოვრებაში წინგადადგმულ რამოდენიმე ნაბიჯს ეს ათასი უკანგადადგმული ნაბიჯი მოჰყვეა, ამიტომ ჩვენ კი არ უახლოვდებით უფალს, არამედ ვშორდებით, როს გამოც ის არ ისმენს ჩვენს ლოცვებს. უფალმა გვითხრა: ის რაც უქენით უმცირეს ჩემ ძმათაგანს ის მე მიქენით, რითაც ზუსტად მიგვანიშნა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ სიყვარული მოვიპოვოთ და ვცხოვნდეთ. ყოველი ჩვენი ნაბიჯი, ყოველი ჩვენი ცოდვა ჩვენი სიტყვა უნდა იყოს უფლის ყოველ უმცირეს ძმათაგანზე ზრუნვით გაუჟღენთილი და მაშინ შეცოდებანიც თანდათანობით ნაკლები მოგვივა, ნელ-ნელა გული გასუფთავდება და საბოლოოდ მასში ღმერთი-სიყვარული დაისადგურებს. აი, უფლისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა. სიყვარულის გარეშე კი უფალთან დაახლოება შეუძლებელია! ეს არ არის ტრაფარეტული ლოზუნგი ან პოეტური მეტაფორა, არამედ ჩვენი ცხონების ფორმულაა-მარადისობის კანონია! ვისაც უნდა მარადისობაში წილი ჰქონდეს ის აქ სიყვარულში უნდა დაიფერფლოს. ამიტომ წერს წმიდა მოციქული პეტრე, რომ "სიყვარული ბევრ ცოდვებს აბათლებს: გავბედავ ვთქვა, რომ დიდმა მოციქულმა მხოლოდ პედაგოგიური მიზნით შეიკავა თავი და არ გაამხილა მთელი სიმართლე და არ დაწერა: "სიყვარული ყველა ცოდვას აბათილებსო". მართალია, სიყვარულის გზა მძიმეა, და მასზე მავალს ბევრი გაწბილება და უმადურობა შეხვდება, მაგრამ თუ ჩვენთვის მთავარია ცხონება და მარადიულად ღმერთში თანაზიარობა უნდა აუცილებლად ვიტვირთოთ ეს მძიმე ჯვარი. ცხონების სხვა გზა არ არსებობს! ამასთან, გარწმუნებ დედა, იმას, ვისაც სიყვარულის ჯვარი ღირსეულად მიაქვს, ღმერთი არც ამქვეყნად გააწბილებს, ენითაუწერელი სულიერი სიხარულით აავსებს, საკუთარ მფარველობას და კეთილგანწყობილებას არ მოაკლებს მას და მის ოჯახს.

მინდა ორიოდე სიტყვით ჩვენს გაჭირვებულ მდგომარეობას შევეხო. გაჭირვებას ღმერთი ჩვენს გამოსაცდელად უშვებს, გაჭირვებაში გამოიცდება ჩვენი ერთგულება და სიყვარული უფლისადმი, ამიტომ გაჭირვებამ კი არ უნდა გაგვაბოროტოს, არამედ უნდა აღვივსოთ უფლისადმი ნდობით და მოთმინებით. ძნელია, რა თქმა უნდა, როცა გარშემო "კეთილდღეობის" მაგალითებს ვხედავთ, როცა ტელევიზია თანამედროვე კომფორტული ცხოვრების იდეალურ ფორმებს გვიხატავს,
ბუნებრივია გვიჩნდება ამქვეყნიურ მიზანზე და მისწრაფებაზე დიდი და სანატრელი. ღმერთში მარადიული ნეტარებაა, ამ დიადი მიზნის მისაღწევად კი აბსოლუტურად აუცილებელი პირობაა ღვთისადმი ნდობა. და თუ მის მიერ ჩვენთვის დღეს გაჭირვებული ცხოვრებაა განპირობებული ეს არის უეჭველად ჩვენი ცხონების აუცილებელი პირობა და ამიტომ მოთმინებით და მადლიერებით უნდა დაველოდოთ მისი ღვთიური ნების გამოვლინებას. ამით ჩვენ ბევრს მოვიგებთ: ჯერ ერთი შევინარჩუნებთ სულიერ სიმშვიდეს, მეორე-მოვიპოვებთ ღვთის კეთილგანწყობილებას, მესამე-ჩვენი ცხონების საქმეში უზარმაზარ წილს შევიტანთ.
ბეჭდვა
1კ1