ვისაც ყური აქვს, ისმინოს!
ვისაც ყური აქვს, ისმინოს!
ღვთის საიდუმლოთა წვდომა არის ნიჭი და მადლი, ზეგარდამო მოცემული, მაგრამ ეს ადამიანზეც არის დამოკიდებული
"საქმე მოციქულთაში" ვკითხულობთ: "თქუა პავლე სიტყუაი ერთი, ვითარმედ: კეთილად იტყოდა სული წმიდაი ესაიაის მიერ წინაწარმეტყუელისა მამათა თქუენთა მიმართ 26. და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისხმა-ჰყოთ, და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ. 27. რამეთუ განზრქნა გული ერისაი ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნე იგინი. 28. საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათვის მოივლინე მაცხოვარებაი ღმრთისაი, და მათცა ისმინონ".

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ერთგან გვირჩევს: შეეცადე, მუდმივად შეიგრძნობდე ღმერთსა და ღვთაებრივს, რათა გაითავისო სულიერი სითბო. ნებისმიერი საგანი, რომელიც გულს აამებს, ათბობს კიდეც მას. ამიტომ გულის სითბო მრავალგვარია. სულიერი სითბო გულზე სულიერი საგნების ზემოქმედებით წარმოიშობა, რაც სულიერი ცხოვრებითაა განპირობებული. მისი განმასხვავებელი ნიშანი ყოველივე მიწიერის მოკვეთა და გულისყურის ღმერთსა და ღვთაებრივზე მიჯაჭვაა. ამით ის ისე განსხვავდება მშვინვიერი და ხორციელი სითბოსაგან, როგორც ცა დედამიწისაგან. სულიერი სითბოს შეგრძნება გულისყურის მოკრებას ნიშნავს.

რას ნიშნავს გულისყურის მოკრება და გულისხმისყოფა?... გვესაუბრება დეკანოზი იოანე მამულაშვილი.

- სულხან-საბა გულისხმას ასე განმარტავს: "გულის-ხმა არს გონებით ახმა და გულთა შინა შეტანა".

გულში სულიერი სითბო ღვთისა და ყოველივე ღვთაებრივისადმი გრძნობის ნაყოფია. მისი ჩასახვა ღვთისკენ სინანულით მოქცევის თანადროულია. ის უფრო და უფრო ძლიერდება გულის განმწმენდი სინანულის ღვაწლისას და წყვეტილი და დროებითი გრძნობიდან თანდათანობით მუდმივად გარდაიქმნება, ვიდრე გულის საბოლოო მდგომარეობად იქცეოდეს.

გულისყურის მოკრება უამრავი სულიერი მოძრაობის თავმოყრაა, როგორც მზის სხივია ცისარტყელას შვიდი ფერის ერთობა. მასშია კეთილკრძალულება, მოწიწება, შემუსვრილება, გულის სილბო, თაყვანისცემა, მოშურნეობა, ღვთისმოყვარება. როგორც ეს გრძნობები ერთბაშად არ მკვიდრდება გულში, ასევე სულიერი სითბო უცებ არ ხდება ჩვენი კუთვნილება.

ვიდრე სულიერი სითბო გულისთვის მუდმივ მდგომარეობად იქცეოდეს, იგი მიდის და მოდის. მოდის ან თავისთავად, როგორც ზეციური სტუმარი, ან სულიერი მეცადინეობის (კითხვა, ფიქრი, განსჯა, ლოცვა, თავგანწირვა და კეთილი საქმის კეთება) შედეგად. მიდის, როდესაც ყურადღება სულიერ საგნებს განეშორება და გული რაიმე არასულიერს იგემებს და მისით ტკბება. ამით ისე ჩაქრება სულიერი სითბო, როგორც ცეცხლი წყლით.

წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი წერს: "გსურს სულში სულიერი სითბო შეინარჩუნო? შიგნით მიმართე გულისყური და ლოცვით წარდექი ღვთის წინაშე. გონებას ნუ გაგიფანტავს გულისსიტყვები, ნუ შემოუშვებ გულში მშვინვიერისა და ხორციელისადმი თანაგრძნობას, მაშინვე ჩაახშე მრავალმზუნველობის ჩანასახი, სულის ცხონებისა და ღვთის სათნოყოფის მხურვალე მოშურნეობა შეინარჩუნე, გარეგნულ ქმედებებში გონიერება გამოიჩინე, ყველა მათგანი მთავარი მიზნისკენ წარმართე. როდესაც ერთს აკეთებ, ბევრზე ზრუნვით ნუ დაიტვირთები. როცა ამ სითბოს შეიცნობ, შეუძლებელია, მის შენარჩუნებასაც არ შეეცადო. საამისოდ შესაფერის ხერხებს გამოიყენებ და, ამასობაში მიხვდები, როგორ შეიძლება მოუფრთხილდე შენს სითბოს. თუ გონივრულად მოიქცევი, სულიერი სითბო ჭეშმარიტად გასწავლის, როგორ მართო შინაგანი ცხოვრება და როგორ გაუძღვე გარეგნულ საქმეებს ისე, რომ სულიერ სითბოსაც მოუფრთხილდე".

რამდენადაც ტკბილია სულიერი სითბოს მყოფობა გულში, იმდენად მწარე, მტანჯველი და საშინელია, როდესაც ის გვტოვებს. ხოლო ის კი მაშინ მიდის, როდესაც გული და ყურადღება სულიერ საგნებს ჩამოსცილდება და არასულიერს მიემართება.

- მამაო, მათეს სახარებიდან ვიცით, რომ ვიდრე უფალი მოციქულებს "მთესვარზე" იგავს ეტყოდა, მანამ ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წარმოთქვა: "სმენით გესმოდეს, და არა გულის-ხმა-ჰყოთ; ხედვით ჰხედვიდეთ, და არა იხილოთ" (მათე თავი 13). რას გულისხმობს ეს სიტყვები?

- იგავი მთესვარზე იესო ქრისტეს მსმენელებისთვის სიახლე იყო. ამიტომაც, როცა ხალხი დაიშალა და უფალი დარჩა უცხოთა გარეშე, მოუხდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რასათვის იგავით ეტყვი მათ? აქამდე შენ ისე ცხადად ასწავლიდი, ახლა კი დაიწყე შეფარვით საუბარი, სხვაგვარი ლაპარაკი... "გაოცებას იწვევს, - შენიშნავს წმინდა იოანე ოქროპირი, - რომ მიუხედავად მოწაფეების დიდი სურვილისა, გაეგოთ, თუ რატომ საუბრობდა იესო ქრისტე იგავებით, მათ საგანგებოდ შეარჩიეს დრო, რომ ამის შესახებ ეკითხათ მისთვის. შეამჩნიეთ ასევე უდიდესი სიყვარული მოწაფეებისა, როგორ ზრუნავდნენ ისინი სხვებისათვის, უპირველესად სიკეთეს ეძიებდნენ მათთვის, შემდეგ კი საკუთარი თავისთვის. მათ არ თქვეს: რატომ გველაპარაკები ჩვენ იგავებით? სხვა შემთხვევებშიც ისინი ხშირად ამჟღავნებდნენ თავიანთ სიყვარულს სხვათა მიმართ, მაგალითად, როცა ამბობდნენ: "განუტევე ერი ესე" (ლკ. 9,12), ასევე: იცი, რომ "იგი დაჰბრკოლდეს" (მთ. 15,12). სწორედ ეს სურდა იესო ქრისტეს: ხოლო იესო ჰრქუა მათ: იმისათვის, რომ თქუენდა (ჩემს მოციქულებს, რომელნიც ყურადღებით ეკიდებით ჩემს სწავლებას ცათა სასუფეველზე) მოცემულ არს (ღვთისაგან, თქვენი გონების განათლების გზით, იგავების გარეშეც) ცნობად (თუმცა ჯერ არასრულად, ვიდრე სულიწმინდის თქვენზე გადმოსვლამდე) საიდუმლო სასუფევლისა ცათასა (ნაწილობრივ, საერთოდ რომ მიუღწეველია კაცობრიული გონებისათვის, და ნაწილობრივ კი დაფარულია მათთვის, ვინც არაა ამისთვის მოწოდებული), ხოლო მათდა (ყველა იმათ, ვინც გულგრილად ისმენს ჩემს სიტყვას, განსაკუთრებით მწიგნობრებსა და ფარისეველთ) არა მიცემულ არს (მათთვის ეს საიდუმლონი საგანგებოდაა დაფარული იგავის საფარველით).

ღვთის საიდუმლოთა წვდომა არის ნიჭი და მადლი, ზეგარდამო მოცემული, მაგრამ ეს ადამიანზეც არის დამოკიდებული. ვისაც სურს გაიგოს სულიერი ჭეშმარიტებანი, უნდა გაუხსნას მათ გული; უამისოდ გონებაც ვერ იქნება მათ მისაღებად გამოსადეგი, ისევე როგორც უსინათლოს არ შეუძლია ყვავილების სილამაზის შეცნობა, ანდა ყრუს - განიცადოს მშვენიერება მოსმენილი სიმღერისა. ღმერთი ყველას აძლევს ბუნებით ნიჭს საჭიროს შესაცნობად. იგი "განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (ინ. 1,9), მაგრამ ჩვენ გვაბნელებს ჩვენი ნება, რამეთუ რომელსა აქუნდეს სურვილი და მცდელობა მადლის სიკეთეთა შეძენისა მორწმუნე გულის უბრალოებასა და სიმდაბლეში, ჩემს სიტყვას ისმენს ყურადღებით; რომელსა აქუნდეს, ღმერთი ყველაფერს აძლევს და ქონებას უმრავლებს, მიეცეს და მიემატოს: იგი სულ უფრო და უფრო შეაღწევს ღვთის საიდუმლოთა სიღრმეში, იმათ მთლიანად და სრულად შეიცნობს. და რომელსა არა აქუნდეს საკუთარი სურვილი და მცდელობა ღვთის მადლის მისაღებად, იგი არა მარტო არაფერს მიიღებს, არამედ რომელღა იგი აქუს, მოვეღოს მას, რაც მას ბუნებისაგან აქვს მიცემული, და რასაც იგი თავისად თვლის, როგორც მოუცილებელ მონაპოვარს, იგი მას ვერ მოუტანს ვერავითარ სარგებელს, როგორც ღვთის ცხოველმყოფელ მადლს მოკლებული, და უფრო მეტიც: იგი სასჯელად ექცევა მას. მსგავსადვე იქცევიან ადამიანებიც: ვისაც მოსმენა არ სურს, მასთან წყვეტენ საუბარს, ხოლო ვინც მონდომებით ისმენს, მათ უფრო მეტს აუწყებენ. ასევე ხდება ცხოვრებაში: შრომისმოყვარე ცდილობს გაამრავლოს ის, რაც მას გააჩნია, და აკი, მდიდრდება კიდეც, მცონარე და უქმი კაცი კი უკანასკნელსაც კარგავს. ამისთვის იგავით ვეტყვი მათ, რამეთუ ჰხედუენ, ხორციელი თვალებით იხედებიან, მაგრამ თვითნებურად არა ჰხედვენ თავიანთი სულიერი თვალებით, რადგან დახუჭული აქვთ იგი; ესმის ყურებით, მაგრამ თავიანთივე ნებით არა ესმის სულიერად, არ სურთ გაგონება, ამიტომაც არცა გულის-ხმა-ჰყვიან, იმის გასაგებად არიან უღირსნი და გამოუსადეგარნი.

- საიდან მოდის სულიერი სიბრმავე და სიყრუე?

- უფალი ბრძანებს, რომ ადამიანების სიბრმავე და სიყრუე მოდის მათივე გახრწნილებისგან. მათ დაინახეს, რომ მე განვაგდებ ეშმაკებს, და მაინც ამბობდნენ: "ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთათა განასხამს ეშმაკთა" (ლკ. 11,15); მოისმინეს, რომ მე ისინი მიმყავს ღმერთთან, რომ თავად ვმოქმედებ ღვთის ნების შესაბამისად და მაინც თქვეს: "ესე კაცი არა არს ღმრთისაგან" (ინ. 9,16). ისინი იმის საპირისპიროდ მოიქცნენ, რაც ნახეს და გაიგონეს, რისთვისაც დავუშვებ მათზე, რომ მივიდნენ მხსნელი ჭეშმარიტების მთლიან უგრძნობელობამდე. მე რომ რაიმე მტრობის გამო არ ვკიცხავ მათ, იქიდანაც ჩანს, რომ ახლაც აღესრულების მათ ზედა წინასწარმეტყუელება იგი ისაიასი: სმენით გესმოდის, და არა გულის-ხმა-ჰყოთ; ხედვით ჰხედვიდეთ, და არა იხილოთ. მათ თვითონ დაახშეს თავიანთი სმენა, დაივსეს თვალი და გაიფიცხეს გული; რამეთუ განჰზრქა გული ერისა ამის შურისა და სხვა მანკიერებათაგან, და ყურითა მძიმედ ისმინეს, აღშფოთებულები ისმენდნენ, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, თვალები დახუჭეს, ნუ უკუე იხილონ თუალითა, და ყურითა ისმინონ, და გულითა გულის-ხმა-ჰყონ, და ყოველივე ამას იმისთვის აკეთებენ, რათა არ მოიქცნენ და მე განვჰკურნე იგინი. მაგრამ ახლაც რომ მოსულიყვნენ, შეენანათ, მე მზად ვარ მათი განკურნებისთვის ამ მძიმე სულიერი სატკივარისგან. იმისათვის ვეუბნევი მათ იგავებით, რათა გავაღვივო ყურადღება მათში, ვაიძულო ჩემს სწავლებას ჩაუკვირდნენ და გავაღვიძო მათი მიძინებული სინდისი. ვაი ამ ხალხს, შეგნებულად რომ დახუჭეს სულიერი თვალები, რათა არ დაენახათ ჭეშმარიტება!

მოციქულებს კი უფალი ასე მიმართავს: "ხოლო თუალნი თქუენნი სულიერნი ნეტარ არიან, რამეთუ ჰხედუენ იმ ჭეშმარიტებას; და სულიერი ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის იგი. თუმცა თქვენ იუდეველნი ხართ, მაგრამ ისაიას წინასწარმეტყველება თქვენ არ გეხებათ, რადგან თქვენ გაქვთ მხურვალე სურვილი მთელი გულით იცნათ ჭეშმარიტება; თქვენ გწამთ ჩემი, როგორც ქრისტე ღმერთისა, ამიტომაც სწვდებით ჭეშმარიტებას. სწორედ ამის გამო ამინ გეტყვით თქუენ, რამეთუ მრავალთა წინასწარმეტყუელთა და მართალთა გული უთქმიდა - მთელი გულით სურდათ ხილუად, რომელსა თქუენ ჰხედავთ, ანუ ჩემი გამოჩენა და სასწაულები და არა იხილეს; და სმენად, რომელი გესმის ანუ ჩემი სწავლება, და არა ესმა". ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი და მართალნი ცხოვრობდნენ ჩემი მოსვლის რწმენით და მხედავდნენ მე მხოლოდ ჩვენებებსა და პირველსახეებში; თქვენ კი მხედავთ მე თვალით და პირისპირ მესაუბრებით. წინასწარმეტყველებზე უფრო სულიერად სწვდებით ღვთის საიდუმლოებებს; ამიტომაც მე ახლა სიყვარულით აგიხსნით ჩემს იგავს - და ამ სიტყვებს მოაყოლებს იგავს "მთესვარზე".

- წმინდა მამები წერენ, როდესაც ადამიანის გულისყური მიწიერი და ამაო სურვილებისკენ გადაიხრება, სულიერი სითბოც მაშინვე იკლებს, ხოლო თუ გულიც მათკენ გაიწევს, სითბო საერთოდ ტოვებს ადამიანს და სულში რჩება სიცივე ღვთისა და ყოველივე ღვთაებრივის მიმართ...

- დიახ. ეს რთული სულიერ-ფსიქოლოგიური პროცესია. მას თან ახლავს გაგულგრილება ნებისმიერი სულიერი ქმედებისა და ღვაწლისადმი, რომელიც ამ სითბოს დროს შენარჩუნებული იყო. ვინც მალე მოეგება გონს და კვლავ ეკლესიურ ცხოვრებას დაუბრუნდება, სითბოც, ადრე თუ გვიან, ეწვევა. მაგრამ ვინც დაბნეულობის, გართობისა თუ თავდაჯერებულობის გამო შეგნებულად დანებდება გულგრილობასა და სიცივეს, და ამასთანავე, საქმითაც დაიკმაყოფილებს კვლავ აღძრულ არასულიერ მოთხოვნილებებს, მასში სულიერი ცხოვრებისადმი მოშურნეობაც ჩაქრება ანდა სულაც ჩაკვდება. ეს კი უკვე ძველ ცოდვებთან დაბრუნების მაუწყებელია, ისინი აუცილებლად წამოეწევიან უდარდელ ადამიანს. გონს მოგებულს კი ამ მდგომარეობიდანაც ძალუძს ჩვეულ სულიერ წყობას დაუბრუნდეს.

- რა დროს ხდება ადამიანის გაგულგრილება?

- საეკლესიო მამების მოძღვრებების მიხედვით,Eეს ხდება როგორც ჩვენი ყურადღებისა და სიფხიზლის მოდუნების, ამსოფლიური საცდურის გამო - როდესაც მიწიერი საცდური გონებას აკარგვინებს კაცს და მას თავისი შინაგანი ადამიანიდან გამოიტაცებს, - ასევე ბოროტის მანქანებით. ამ დროს გარკვეული სულიერი წარმატების მქონე ადამიანს ბოროტი საკუთარი თავიდან გარეთ გამოიტყუებს და მისი ფანტაზიის ბუნებრივ მოძრაობას უფრო მეტ მიმზიდველობას ანიჭებს, რაც ხანდახან სხეულზედაც კი მოქმედებს. მაგრამ რაც უნდა იყოს მიზეზი, გულის გაცივება ადამიანის შინაგანი ყურადღების გარეთ გამოსვლით იწყება და განმტკიცდება გულის მიწებებით ჯერ რაიმე ამაოსა და უბრალოზე, შემდეგ კი ვნებისა და ცოდვის საგანზე. ამაში მუდამ ჩვენ ვართ დამნაშავე, რადგან არც ამა სოფელს, არც სატანას არ ძალუძთ იძალადონ პიროვნების თავისუფლებაზე. მათ მხოლოდ ცდუნება შეუძლიათ.

- გაგულგრილება ხომ მადლის მიზეზითაც ხდება. სულიერი სითბო თავისი ჭეშმარიტი არსით ხომ გულში მადლის მყოფობის ნაყოფია?

- დიახ. როდესაც მადლი გვეწვევა, გულში სითბოა, როდესაც გვტოვებს - სიცივე. მადლი მიდის და ადამიანი უკვე თავად გამოდის გარეთ, უჯერო საგნებთან. ამ დროს მადლის წასვლა დამსჯელია და ასეც იწოდება. სხვა დროს მადლი თავად მიდის, რათა დააჩქაროს ღვთის შვილთა სულიერი წარმატება. ეს მადლის განმსწავლელი მოქმედებაა. თუმცა შედეგი ამ შემთხვევაშიც გულის სიცივე და სიცარიელის გრძნობაა, იგი ხომ სტუმარმა და წვეულმა მიატოვა. განსხვავება ისაა, რომ დამსჯელი გაცივება სულიერი ცხოვრებისადმი მოშურნეობას ასუსტებს. მადლის განმსწავლელი განშორების შედეგად გამოწვეული გაცივება კი უფრო განაღვივებს მოშურნეობას. მადლის განმსწავლელი განშორების მიზეზიც ესაა.

ღვთის განმსწავლელი მადლი თავისით შემდეგი მიზეზით გვტოვებს: რათა გააძლიეროს მოშურნეობა, რომელიც ხანგრძლივი სიმშვიდის გამო ხანდახან სუსტდება; ადამიანი ყურადღებით იყოს და მოიკვეთოს ის საქმიანობა და გრძნობები, რომლებიც სათნო ცხოვრებას არ ეკუთვნიან და არც ღვთისკენ მიჰყავდათ იგი; სრულად აღიდგინოს შეგნება და შეგრძნება იმისა, რომ ჩვენში ყოველივე კეთილი ღვთის მადლისგანაა; მომავალში მეტად დააფასოს ღვთის განგებულება, მისი საბოძვარი, გააძლიეროს მოშურნეობა და დამდაბლდეს მის შესანარჩუნებლად; გულწრფელად მიენდოს უფალს, სრული თავგანწირვითა და თვითდამდაბლებით; არ მიეჯაჭვოს სულიერ ნუგეშებს და შინაგანად არ გაორდეს, მაშინ, როდესაც უფალს სურს, მხოლოდ მას ეკუთვნოდეს; საღვთო მადლის მოქმედების დროსაც ხელები არ ჩამოუშვას, დაუღალავად იშრომოს ღვთის გზაზე, მთელი ძალისხმევით, რომელსაც სწორედ ამ მიზნით გვანიჭებს უფალი.

ასე რომ, როდესაც გულის სიცივე ღვთის მადლის განმსწავლელი განშორების შედეგია, ამის მიზეზი თვით ადამიანია. წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ბრძანებს: "მადლი კი გშორდება, მაგრამ შენივე თავის გამო გშორდება. როდესაც სულიერი საგნებისა და საქმეებისადმი და ყოველივე ღვთაებრივისადმი გულგრილობას იგრძნობ, გამოიძიე შინაგანი სამყარო, თუ რა არის ამის მიზეზი. და თუ დანაშაულს აღმოაჩენ, ეცადე, აღკვეთო და გამოასწორო. იზრუნე არა იმდენად სულიერი ნუგეშის დაბრუნებაზე, რამდენადაც საკუთარ თავში იმის განადგურებაზე, რაც ღვთისთვის არასათნო და შეუფერებელია. თუ მსგავსს ვერაფერს აღმოაჩენ, ღვთის ნებას დაემორჩილე და თქვი: ასე განსაჯა უფალმა, იყოს ნება შენი, ღმერთო. მე უძლური და არარა ვარ. შემდეგ კი მოთმინებით აღიჭურვე და ეცადე, აღარ გადაუხვიო ჩვეული სულიერი ცხოვრების, საქმიანობისა და მეცადინეობის გზიდან. შეებრძოლე უგემოვნობას, აიძულე თავი, დაძლიოს გულისსიტყვები, რომლებიც ჩაგაგონებენ, რომ შენი შრომა უნაყოფოა. ხალისით გამოსცალე ეს მწარე ფიალა და უფალს მიმართე: იხილე სიმდაბლე და შრომა ჩემი და ნუ განმაშორებ შენს მოწყალებას. საკუთარი თავი აღანთე რწმენით, რომ ეს სასმისი ღვთის შენდამი სიყვარულმა გარგუნა წილად, რომელსაც შენთვის სულიერი სრულყოფილება სურს".

- ჩვენი ფიქრები ხშირად ებრძვიან ერთმანეთს. და ეს ბრძოლა, უმეტესწილად, ჩვენთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ალბათ უნდა მოვინდომოთ მისი დანახვა და ყურადღების მასზე შეჩერება, კონცენტრირება... მაგრამ საამისოდ უძლურნი ვართ... გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს კონცენტრირება.

- ყველაფერი სურვილსა და ვარჯიშს მოითხოვს. "კონცენტრირება" ნიშნავს - მოვიკრიბოთ აზრები ისე, რომ აღარ იშვას ბოროტი ბოროტისაგან, რომ ბოლო მოეღოს სიბნელეს, აღარაფერმა გაგვიფანტოს გონება, რათა დამყარდეს კავშირი ზეცასთან, ხოლო დამაკავშირებელი ძაფები მავთულივით მყარი იყოსAდა ვეღარაფერმა გაწყვიტოს ისინი. მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი გვირჩევს: "ივარჯიშეთ ამაში მშვიდად, მაგრამ შეურყევლად, განაგდებთ რა "ბოროტების ნაყოფს", სული იზეიმებს ხორცზე და მაშინ ყველაფერს მიხვდებით. მოვიყვანოთ მაგალითი: როდესაც ბავშვს სტკივა, დედა ცდილობს მისი ბავშვური გულისწადილი რაიმე საგნისაკენ მიმართოს და გადაიტანს რა მასზე ყურადღებას, მთლიანად მისით მოცული, ბავშვი ვეღარ გრძნობს ტკივილს და წყვეტს ტირილს. გახდით თქვენც ასეთივე ბავშვები და თუ მიმართავთ თქვენს სულს მხოლოდ ღვთისაკენ, ვეღარ შეიგრძნობთ ტკივილს, ე.ი. ბოროტ აზრებს".

უფალი განუწყვეტლივ აკაკუნებს ჩვენი გულის კარებზე. მაგრამ ჩვენ უნდა ვისტუმროთ იგი და დავინახოთ სარწმუნოების თვალით, მოვუსმინოთ გულისყურით. ამ შემთხვევაში აღგვავსებს იგი თავისი ძალით.

- მაგრამ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს ნიჭი შევიძინოთ?

- საჭიროა განვიმსჭვალოთ თავმდაბლობით, ეკლესიური ცხოვრებით ვიცხოვროთ და გავხდეთ, ვითარცა ყრმები. უპირველესად, ჩვენთვის აუცილებელია შევიცნოთ საკუთარი უძლურება და ძალა ღვთისა. ეკლესიური ცხოვრება, მარხვა, ლოცვა, ზიარება არის გზა იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ ჩვენში ღვთის წმინდა სული. ღვთის მადლით, მის ხელთაგან მივიღებთ ჩვენ საუკუნო ცხოვრების ძალას, შევძლებთ ჩვენსავე უძლურებების დამარცხებას, რათა არ დავსუსტდეთ, არ დავეცეთ და არ დავიღუპოთ მიწიერი ცხოვრების გზაზე.

- მტერი უამრავ მზაკვრობას იყენებს შინაგანი სიმშვიდის დასარღვევად, სიფხიზლისა და გულისყურის მოსადუნებლად... როგორ უნდა გამოვიცნოთ მტრის ხრიკები?

- "ჩვენი მტერი სატანა ხარობს, როდესაც სული - აფორიაქებული და გული შეშფოთებულია. ამიტომ ყოველნაირად ცდილობს, სული შეგვიშფოთოს. ასეთი თავდასხმისას ბოროტის უპირველესი იარაღია თავისმოყვარების აღძვრა, რათა მისი მიზეზით განგვაშოროს მადლი, რომელიც ქმნის და იცავს შინაგან სიმშვიდეს. ამ მიზნით ჩაგვაგონებს, თითქოს ყველაფერი, რაც ჩვენშია და კეთილი გვგონია, საკუთარი გულმოდგინებითა და შრომით იყოს მოპოვებული; და განაგდებს რა სიმდაბლესა და უბრალოებას, თვითშეფასებას აღგვიძრავს, რათა თავი მნიშვნელოვან პიროვნებად ვიგრძნოთ და ღვთის მადლის ზემოქმედება დავივიწყოთ, რომლის გარეშეც უფლის სახელის წარმოთქმაც კი არავის ძალუძს, როგორც წმინდა პავლე მოციქული გვიმოწმებს: და ვერც უფლად იტყვის იესოს, თუ არა სულიწმიდით (1 კორ. 12,3). ეს მადლი ყველა მორწმუნეს ეძლევა და მისი მყოფობა იმის ნიშანია, რომ ადამიანი ჭეშმარიტი მორწმუნეა. უფლის აღთქმის თანახმად, მადლი ყოველთვის მორწმუნესთანაა და მტერი ვერაფერს დააკლებს ადამიანს, ვიდრე იგი მასშია და იფარავს. ბოროტი ყოველნაირად ცდილობს, სწორედ ეს მადლი ჩამოგვაშოროს და ამ მიზნით, უპირველესად, თვითშეფასებას ჩაგვაგონებს, თითქოს რაიმე მნიშვნელოვან რაიმეს წარმოვადგენდეთ. ვინც ასეთ აზრს შეიწყნარებს, მტერი ახალს მიაწვდის და არწმუნებს, რომ ის სხვებზე უკეთესი, მოშურნე და ღვაწლმოსილია. ამ აზრის ჩაგონების შემდეგ ბოროტის მანქანებით ასეთი ადამიანი სხვას განიკითხავს, სძულს მოყვასი, რასაც უცილობლად თან სდევს სიამაყე. ეს ყოველივე შეიძლება წამში მოხდეს გულში. მადლი მყისვე წყვეტს მოქმედებას, რის შედეგადაც ჩნდება უყურადღებობა საკუთარი თავისადმი, მოშურნეობა სუსტდება, ჯერ უმნიშვნელო, შემდეგ ვნებიანი გულისსიტყვები, ბოლოს კი თავად ვნებები იწყებენ მოძრაობას, რასაც გულში ქარიშხალი მოჰყვება. შინაგანი სიმშვიდეც დაკარგულია. ეს ერთჯერადი მდგომარეობაა და თუ ადამიანი გამოფხიზლდება და მოინანიებს, გონს მოეგება, გულს შეიმუსრავს და ლოცვით აღიდგენს ჩვეულ შინაგან წყობას. მტერი უკუგდებულია, მაგრამ იმედს არ კარგავს, კვლავ და კვლავ იგივენაირად და იმავე მიზნით გვიტევს, რათა შინაგანი სიმშვიდე დაგვირღვიოს.

წმინდა მამები შეგვაგონებენ, რომ მტრის თავდასხმებს საკუთარი სიმხნევე და სიფხიზლე დავუპირისპიროთ. უფლის სიტყვების თანახმად: იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში (მათ. 26,41). იფხიზლე და ყურადღებით იყავი, რათა მტერი არ წამოგეპაროს და არ წარგტაცოს უდიდესი საგანძური - შინაგანი სიმშვიდე და სულიერი მდგომარეობა. მტერი ცდილობს, დაგირღვიოს სულიერი მშვიდობა, რადგან იცის, როდესაც სული მღელვარებს, მისი ცუდისკენ წარმართვა ადვილია. დაიცავი შენი სიმშვიდე, იცოდე, როდესაც სული მშვიდადაა, მტერი ვერ მიეკარება. მაშინ სული ყოველგვარი სიკეთის აღმსრულებელია და ხალისითაც ახერხებს ამას, ზედმეტი შრომის გარეშე. იოლად გადალახავს ნებისმიერ დაბრკოლებას. ამაში რომ წარემატო, შეეცადე წინასწარ გამოიცნო მტრის ხრიკები. მტრის მისადგომი თავდაჯერებაა. ყოველი გულისსიტყვა, რომელიც შენში ღვთის ყოვლადსახიერების რწმენას ასუსტებს, ასუსტებს რწმენას იმისას, რომ მისი მადლის გარეშე ვერაფერში წარემატები და რომ ამიტომ მხოლოდ მისი იმედი უნდა გქონდეს, - მტრისგან მოდის და მრისხანებით უნდა განაგდო და დევნო, ვიდრე გაქრებოდეს. ეს საკუთარი თავისთვის კანონად აქციე. სულიწმინდა ჩვენში ასე მოქმედებს - ჩვენს სულს ღმერთთან შესაერთებლად აღიყვანს, მასში უფლის უტკბეს სიყვარულს, კეთილმორწმუნეობასა და მტკიცე სასოებას აღანთებს. ყოველივე ამის საპირისპირო კი მტრისგანაა.

ბოროტი ყველა ხერხსა და საშუალებას იყენებს სულის ასამღვრევად. ზედმეტ შიშს სთესს გულში, ზრდის სულის უძლურებას, არ აძლევს საშუალებას, აღსარების, ზიარებისა თუ ლოცვის დროს ჯეროვანი განწყობილება შეინარჩუნოს. ბოროტის მოქმედების შედეგად სული მდაბალი კადნიერებისა და სიყვარულის გარეშე, შიშითა და სირცხვილით მოქმედებს. ამის შემდეგ სული უიმედო მწუხარებით ხვდება რელიგიური გრძნობების დაკნინებას და შინაგანი სიტკბოების დაკარგვას - რაც ხშირად ხდება ლოცვის ან სხვა სულიერი ვარჯიშისას. ბოროტი კი ჩააგონებს, რომ ეს დაკნინება ღვთისგან მის სასიკეთოდ არაა დაშვებული, რომ მისი შრომა და ღვაწლი ამაოა და ჯობს, ეკლესიური ცხოვრება მიატოვოს. ასე მიჰყავს მას სული უდიდეს შეცბუნებამდე და უიმედობამდე. ადამიანიც ფიქრობს, რომ ღმერთმა სრულიად დაივიწყა და მიატოვა.

მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. რომც განიცადოს სულმა რელიგიური გრძნობების სიმშრალე და გულისხმისყოფის დაკნინება, მას მაინც ძალუძს კეთილი საქმეების კეთება, რწმენის შენარჩუნება და მოთმინებითა და ერთგულებით განმტკიცება.
ბეჭდვა
1კ1