უფალი იმისთვის კი არ გვაჩვენებს სხვა ადამიანების ცოდვებს, რომ ისინი განვიკითხოთ, არამედ ვილოცოთ მათთვის
უფალი იმისთვის კი არ გვაჩვენებს სხვა ადამიანების ცოდვებს, რომ ისინი განვიკითხოთ, არამედ ვილოცოთ მათთვის
ქრისტესმიერი სიყვარულით სანკტ-პეტერბურგის მართლმადიდებლური სასულიერო აკადემიის I კურსის სტუდენტებმა უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მიმართვა გამოუგზავნეს. მიმართვაში იღუმენ გიორგის (გურჩიანი) მიმართ უდიდესი მადლიერებაა გამოთქმული. "კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობთ ამ მიმართვის ტექსტს და მცირე ინტერვიუს თბილისის წმინდა სამების ტაძრის მოძღვართან, სანკტ-პეტერბურგის მართლმადიდებლური სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების განყოფილების I კურსის სტუდენტთან იღუმენ გიორგისთან. ინტერვიუ დაიბეჭდა ამავე სასულიერო აკადემიის გაზეთში. მამა გიორგის ლოცვა-კურთხევით, გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

* * *
უწმინდესო, პირველ რიგში, გულითადად გილოცავთ თქვენ და თქვენი სახით სრულიად მართლმადიდებელ ივერიას წმინდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის, ქართველი ერისა და სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს მფარველისა და დამცველის, ხსენების დღეს!

ეს მიმართვა არის გულითადი გამოხატვა და სულიერი განწყობა თქვენდამი და იღუმენი გიორგის მიმართ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურისადმი, რომელიც გახდა ჩვენთვის მისაბაძად და წარუვალ სიბრძნის წყაროდ. მიუხედავად რუსეთ-საქართველოს შორის დღეს არსებული რთული პოლიტიკური ურთიერთობისა, თქვენ გამოგზავნეთ რა მამა გიორგი სასწავლებლად სასულიერო აკადემიაში, გადადგით მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯი სახელმწიფოთა შორის კონფრონტაციის დასაძლევად, ამით აღნიშნეთ, რომ მიუხედავად არსებული გარემოებისა, სულიერი კავშირი რუსეთსა და ივერიას შორის არასოდეს გაწყდება, მომავალში უფრო გამყარდება.

მამა გიორგისთან არცთუ ისე ხანგრძლივი, მაგრამ მჭიდრო ურთიერთობის წყალობით, საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და უდიდესი სიწმინდეებით, როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, გახდა ჩვენთვის ის ადგილი, საითკენაც ისწრაფვის ჩვენი სული; ვმადლობთ უფალს და თქვენ, რომ მამა გიორგი ჩვენთვის ერთდროულად თანაკურსელი, მეგობარი, მოძღვარი და სულიერი მამა გახდა; მისი მეშვეობით ვიღებთ არა მარტო მეცნიერულ-საღვთისმეტყველო ცოდნას, არამედ ცოდნას, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც დედაეკლესიის მსახურებისათვის.

მტკიცედ გვწამს, რომ თქვენი წმინდა ლოცვები და თქვენი მორჩილი იღუმენ გიორგის ლოცვები განგვამტკიცებს ცხოვრების გზაზე, ხოლო ევქარისტიული საიდუმლოება იქნება დამაკავშირებელი ჩვენ შორის.


* * *
2010 წლის 28 აგვისტოს უწმინდესმა ქადაგებაში აღნიშნა: "დღეს შედგა ორი ხელდასხმა: ერთი - მღვდლისა და მეორე - დიაკვნისა. მამა გიორგი არის აფხაზეთიდან, მან გამოიარა მთელი ის უბედურება, რაც დაატყდა საქართველოს და მან დიდი ვაჟკაცობით, დიდი რწმენით, დიდი სიყვარულით გამოიარა ეს, მას სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, მტრების აქვს, იგი არ ფიქრობს იმაზე, რომ სამაგიერო გადაუხადოს და აი, ამიტომ დღეს კურთხევასთან ერთად იგი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში.... ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, დიდი მადლი მისცეს იღუმენ გიორგის და მალე დაგვაბრუნოს აფხაზეთში".

- მამა გიორგი, როგორ აღმოჩნდით სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში? გაგვიზიარეთ, თუ შეიძლება, თქვენი პირველი შთაბეჭდილება.

- 2008 წელს, პილიგრიმობისას, ვეწვიე სანკტ-პეტერბურგს. უფლის შეწევნით, აღმოვჩნდი სასულიერო აკადემიის კედლებში, სადაც წარმადგინეს სასულიერო აკადემიის დირექტორის, ეპისკოპოს ამბროსის წინაშე. ყოვლადუსამღვდელოესმა მთხოვა, გადამეცა ჩვენი უწმინდესისთვის, გაეგზავნა სტუდენტები პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. ეს გადავეცი უწმინდესს. იმ დროიდან თითქმის ორი წელი გავიდა. დავამთავრე თბილისის სასულიერო სემინარია, ამიყვანეს იღუმენის ხარისხში. უწმინდესმა პატრიარქმა მომცა ლოცვა-კურთხევა, სწავლა გამეგრძელებინა სანკტ-პეტერბურგში. ძალიან გამიხარდა, გამახსენდა მეუფე ამბროსის სიტყვები. ამაში კი დავინახე ღვთის ნება. ჩემთვის აკადემია წმინდა ადგილია. ძალიან მომწონს ყველაფერი, ყველა მიყვარს, განსაკუთრებით ჩვენი მასწავლებლები!

- წელიწადნახევარი იყავით უწმინდესის მთავარდიაკონი. გვითხარით მისი მნიშვნელობის შესახებ სრულიად ქართველობისთვის.

- არ მეყოფა არც სიტყვები და არც დრო, გამოვხატო უწმინდესისადმი პატივისცემა და სიყვარული. ის ჩვენი დროის უნიკალური ადამიანია, განსაკუთრებით მოსიყვარულე მამამთავარი, რომელმაც იცის, როგორ მიიყვანოს ადამიანი ღვთის ტაძარში და დააყენოს ჭეშმარიტების გზაზე, გადარჩენის გზაზე, მიამაგროს ის ეკლესიას, გააქრისტიანოს. წმინდა სერაფიმე საროველის მსგავსად, ყოველ მათგანს ეპყრობა მამობრივი სიყვარულით. მისთვის ყველა ადამიანი უახლოესია, რომელიც თავისი დარდით თუ სიხარულით ადგილს ნახულობს უწმინდესის მოსიყვარულე გულში. სრულიად საქართველოს ეკლესიისათვის ის არის ცოცხალი წმინდანი. მის გვერდით ყოფნისას შეუძლებელია, არ იგრძნოთ განსაკუთრებული სიხარული, განსაკუთრებული სულიერი სიმშვიდე. ის პირადი მაგალითით აჩვენებს, რა აუცილებელია, სწორად იცხოვროს ადამიანმა, როგორ უნდა ილოცო, იმსახურო, როგორ მოეპყრო სხვებს. თავის ღრმა ქადაგებებში ხშირად ხაზს უსვამს, რომ უფალი იმისთვის კი არ გვაჩვენებს სხვა ადამიანების ცოდვებს, რომ ისინი განვიკითხოთ, არამედ მათთვის ვილოცოთ.

- უწმინდესმა კიევში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, კირილესთან ერთად პირველად მიიღო მონაწილეობა დღესასწაულში, რომელიც მიეძღვნა რუსეთის ნათლობის დღეს. კიევ-პეჩორის ლავრაში ამ ვიზიტის დროს მოხდა ორი წარმომადგენლის შეხვედრა, საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. როგორია ამ შეხვედრის შედეგები, იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეხვედრა შედგა საქართველო-ოსეთის კონფლიქტის წლისთავზე?

- მსურს ყურადღება გავამახვილო შემდეგზე: უწმინდესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ შეხვედრამ ჩაიარა მართლმადიდებლური სულისკვეთებით და ძმური სიყვარულით. ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ხოლო უწმინდესმა კირილემ აღნიშნა, რომ ყველაზე უკეთესი დამოკიდებულება მოსკოვის სპატრიარქოს აქვს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. უდავოდ, არსებობს ზოგიერთი საკითხი, ნიუანსი, მაგრამ ისინი მოგვარებადია. ამისათვის დროა საჭირო.

- უწმინდესმა აკურთხა წმინდა მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მონასტერი სიმბოლურ ადგილზე - დარიალის ხეობაში, რომელიც ასი მეტრით მოშორებულია რუსეთის ფედერაციის საზღვარს. თქვენი აზრით, შეძლებს თუ არა ეს მონასტერი გახდეს მომავალში თავისებური "პლაცდარმი" საკმაოდ რთული რუსულ-ქართული ურთიერთობების დასარეგულირებლად?

- რატომაც არა? ჩვენ მხოლოდ შეიძლება გაგვაოცოს პატრიარქის სიბრძნემ, რადგან, როცა მართლმადიდებელი ქრისტიანი (იქნება ეს უბრალო ადამიანი თუ მაღალჩინოსანი) გადალახავს ერთი მართლმადიდებლური სახელმწიფოს საზღვარს და შედის მეორე მართლმადიდებლური სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უნდა ესმოდეს, რომ ის მივიდა მისი გულისა და სულისათვის მონათესავე ქრისტიანულ ქვეყანაში, რომელიც რწმენითა და სიყვარულით იღებს სტუმრებს.

- მამა გიორგი, მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის. ბოლოს, ტრადიციისამებრ, გვითხარით, თქვენი სურვილები სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სკოლის მიმართ.

- საქართველო, ისევე, როგორც რუსეთში დივეევო და კიევ-პეჩორა, ღვთისმშობლის წილხვედრია. ვევედრები უფალს, რათა საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ხალხი ყოველთვის იყოს ერთად და ერთიანი სულითა და გულით ადიდებდნენ უფალს. ღმერთმა ინებოს, რომ ციური დედოფლის წყალობით ყველა სიძნელე გადაგველახოს ღვთის სადიდებლად.
ბეჭდვა
1კ1