"ამა სოფლის აღსასრულამდე აღორძინდება ძველი მაგია, ხოლო სატანიზმი ბევრისათვის რელიგიად იქცევა, მომრავლდება სექტები..."
"ამა სოფლის აღსასრულამდე აღორძინდება ძველი მაგია, ხოლო სატანიზმი ბევრისათვის რელიგიად იქცევა, მომრავლდება სექტები..."
არქიმანდრიტ რაფაელ კარელინთან ეს მცირე ინტერვიუ ათიოდე წლის წინ მასთან სტუმრობისას ჩავიწერე.

თანადროულობამ, რომელმაც ბოლო ჟამის თემა მისთვის დამახასიათებელი ოპერატიულობით "გააკომერციულა" და "გააპრაგმატულა", წარმოშვა მის ჭეშმარიტ არსზე საუბრის მოთხოვნილება და აუცილებლობაც.

- მამა რაფაელ, რას გულისხმობს "ბოლო ჟამი" და კონკრეტულად, რა ნიშნებით ხასიათდება იგი?

- ვიდრე აპოკალიფსში ნაწინასწარმეტყველევი უკანასკნელი ჟამის ნიშნების შესახებ ვისაუბრებდეთ, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს თავად ტერმინი "ბოლო ჟამი", რომელიც ბევრს აეჭვებს და აბნევს.

ჯერ კიდევ პავლე მოციქული მიუთითებდა, რომ "ჩვენ ვცხოვრობთ უკანასკნელ ჟამს", ჩვენ - არა მხოლოდ თანამედროვენი, არამედ, საერთოდ, საქრისტიანო.

ნეტარი ავგუსტინე ისტორიას ადამიანურ ორგანიზმს ადარებს, განვითარების გარკვეულ ეტაპებს რომ გადის. ადამიდან ვიდრე ნოემდე - კაცობრიობის ყრობაა, ნოედან ვიდრე აბრაამამდე - ბავშვობა, აბრაამიდან ქრისტემდე - დაღვინების და სიმწიფის ასაკი, ხოლო ქრისტედან ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე - კაცობრიობის სიბერე, როგორც შედეგი მთელი ისტორიისა...

ძველად სიტყვა "სიბერე" გამოცდილებასა და სიბრძნეს გულისხმობდა.

პერიოდი ქრისტედან ანტიქრისტემდე და მეორედ მოსვლამდე უკანასკნელ ჟამად იწოდა, თუმცა მისი ხანგრძლივობა მითითებული არ არის. ადამიანური სიბერე, შესაძლოა, ხანგრძლივი ან ხანმოკლე აღმოჩნდეს და სწორედ ამიტომ უკანასკნელი ჟამი არ შეიძლება გავიგოთ, როგორც ქრონოსის ხანგრძლივობა.

თუ ამ ცნების მისტიკურ შინაარსს ჩავუღრმავდებით, თითოეული პერიოდის სათავესთან ღვთაებრივი გამოცხადება, აღთქმა იდგა, რომელსაც უზენაესი ადამთან, ნოესთან, აბრაამსა და მოსესთან დებდა. უკანასკნელი, ანუ ახალი აღთქმა ქრისტეს სისხლით შეკრული სახარებაა, რომელშიც გახსნილია ყველაფერი, რასაც კაცობრიობა სამყაროს გადარჩენისათვის დაიტევს. სხვა გამოცხადება და აღთქმა უკვე აღარ იქნება.

წმინდა მოციქულებმა და ეკლესიის ეგზეგეტებმა სამყაროს აღსასრულის საიდუმლო კი გაგვიმხილეს, მაგრამ ვადა არ მიუთითებიათ. თავად უფალმა მოწაფეთა შეკითხვა მეორედ მოსვლის დღის შესახებ უპასუხოდ დატოვა, ამიტომ სამყაროს აღსასრულის ვადებისა და თარიღების დადგენა უფლისაგან განწესებული აკრძალვის დარღვევას ნიშნავს. კაცობრიობის ისტორიას ამის უამრავი მაგალითი მოეპოვება და ყოველი მათგანი მარცხისათვის იყო განწირული. არ ახდენილა არც თვითმარქვია წინასწარმეტყველთა ნავარაუდევი, მაგრამ ჩვენ მოგვეცა მითითებები ქვეყნის აღსასრულის მოახლოების ნიშანთა, როგორც დაავადების სიმპტომთა შესახებ, რომელთაც ფიზიკური და ზნეობრივ-ფსიქოლოგიური ხასიათი აქვთ.

ფიზიკურ ნიშნებში მოიაზრება ბუნებრივი კატაკლიზმები და კატასტროფები, რომლებიც დასკვნით ეტაპზე კოსმიურ ხასიათს შეიძენს, აგრეთვე, საზოგადოებრივი განწყობანი, შიმშილი, ეპიდემიები და ომები, მაგრამ ბოლო ჟამის ყველაზე შემზარავი ნიშანი კაცობრიობის ზნეობრივი დაცემაა, რომელიც უკანასკნელ დროს წარღვნისწინა პერიოდს მიემსგავსება და თავისი მასშტაბით აღემატება კიდეც მას.

ცოდვა დედამიწაზე პირველმამათა დროიდან არსებობდა, მაგრამ ადამიანთა, მათ შორის, მის ჩამდენთა თვალში იგი დანაშაული და სამარცხვინო ქმედება იყო.

უკანასკნელ ჟამს ცოდვა იმდენად იმძლავრებს, რომ ცხოვრების ნორმად გადაიქცევა, სიბილწის ნაკადი აღავსებს მიწას. ამპარტავნების, სიცრუისა და ვნებების კონცენტაციის მატება ადამიანურ ურთიერთობებში ემოციურ სიცივედ, გაუცხოებად და ეგოიზმად გამოვლინდება, სიამაყე კი - ქედმაღლობაში, მედიდურობაში, მეტოქეობაში, შურისა და სადიზმის ყველა ფორმაში შეისხამს ხორცს, შესუსტდება ის სისხლისმიერი მიჯაჭვულობაც კი, რომელიც ცხოველთა შორის არსებობს.

ერთ-ერთი ეთიოპიური გადმოცემა გვაუწყებს, რომ დედა საკუთარ რძესაც კი არ გაიმეტებს თავისი ჩვილისთვის, მოხდება ოჯახის ნგრევა, ხოლო ცოლ-ქმარი ერთურთის თვალწინ იმრუშებენ...

როგორც ბიბლია გვაუწყებს, წარღვნისწინა ადამიანები ხორცად იქცნენ, რადგან მათში სულისმიერი ცეცხლი მიინავლა, ხოლო გრძნობები და ზრახვანი - მიწიერისა და გარეგანისაკენ მიიმართნენ და საკუთარი სხეულები კერპად გაიხადეს...

ავხორცობა და გარყვნილება სამყაროს ისტორიის დასალიერზე სულს ასევე დააბნელებს. ბიზანტიელ ქრონოგრაფთა გადმოცემით, წარღვნის წინ ადამიანები ოკულტიზმმა გაიტაცა და დემონთათვის სისხლიანი მსხვერპლის შეწირვა დაიწყეს.

ამა სოფლის აღსასრულამდე აღორძინდება ძველი მაგია, ხოლო სატანიზმი ბევრისათვის რელიგიად იქცევა, მომრავლდება სექტები.

უფალმა ბრძანა: - "როდესაც მიწაზე მოვალ, ვპოვებ კი იქ რწმენას?" აქ იმგვარი რწმენა იგულისხმება, ქრისტიანის ცხოვრების ნორმა რომ უნდა უნდა იყოს, მისი სანუკვარი სურვილებისა და მისწრაფებების წარმმართველი, სინდისის მსაჯული და ქმედებათა ორიენტირი, იმგვარი რწმენა, წმინდა მოციქულმა პავლემ რომ ბრძანა: "სულს ნუ დაავსებთ!"

ამგვარ რწმენას სხვა, მკვდარი რწმენა ჩაანაცვლებს, ის, რომელიც ადამიანის შინაგანი ცხოვრებისაგან მოწყვეტილია, ვერ ცვლის მის სულს, ძლივსღა კიაფობს კაცის შემეცნებაში და მისი გულის გათბობაც კი აღარ ძალუძს.

ჩვენი აზრით, სამყაროს აღსასრულის აშკარა ნიშანი - ადამიანთა შორის სიყვარულის კატასტროფული გაქრობა უნდა იყოს, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თუ ცოდვასა და ბოროტებას აშკარად იმიტომ ვჭვრეტთ, რომ თავხედნი და ურცხვნი არიან, ჭეშმარიტი სიკეთე - უმწიკვლო და თავმდაბალია და მიწყივ შეუმჩნევლად დარჩენას ცდილობს. უმაღლესი ქრისტიანული სიკეთე ხომ დაფარული სიკეთეა, რომლის პოტენციალი ჩვენთვის უცნობია... იგია უჩინარი მოწყალება, მტერთათვის შენდობა, ყოველი ადამიანისათვის აღვლენილი ლოცვები და ქრისტეს მცნებათა ყოველდღიური აღსრულება...

ამგვარი სიკეთის აღნუსხვა და დათვლა შეუძლებელია. იგი დემონურ ბოროტებას უპირისპირდება და კაცობრიობას უკიდურესი დაცემისაგან, სამყაროს კი - საბოლოო განხრწნისაგან იფარავს...

უფალმა მოგვაგო დრო სინანულისთვის. ჩვენ არ ვუწყით ჟამი აღსასრულისა, მაგრამ ვიცით, რომ თითოეული ჩვენგანი მოკვდავია და მსოფლიოს აღსასრულისაგან დამოუკიდებლად ჩვენ ჩვენი მიწიერი ცხოვრების დასასრული გველის, რომლის შესახვედრადაც ლოცვითა და სინანულით უნდა ვემზადოთ.
ბეჭდვა
1კ1