ვერავინ გადაარჩენს ეკლესიას, ეკლესია გადაგვარჩენს ჩვენ
ვერავინ გადაარჩენს ეკლესიას, ეკლესია გადაგვარჩენს ჩვენ
მორწმუნეთა შეკითხვებს პასუხობს მონაზონი მოსე აგიორიტი, მოძღვარი წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის კელიისა, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სკიტიდან.

- მამა პაისიმ იცოდა ეკლესიაში არსებული განწყობილება კანონების დარღვევაზე და არ გამოიყენა ორმხრივი კრების კანონი გამოყოფაზე, განაგრძობდა მსოფლიო პატრიარქისთვის ლოცვას. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს მამა პაისის წინაშე წმინდა ეფემიას გამოცხადებას, რაზეც წამიკითხავს მისი ცხოვრების აღწერაში. თუ იციან ათონელმა მამებმა, როგორ ხსნიდა ის ამას: ჯერ კიდევ რატომ უნდა დავრჩეთ ეკლესიაში, და რა არის საზღვარი, რომლის იქით უკვე აღარ არის მადლი და უნდა წავიდეთ ეკლესიიდან?

- არასოდეს არავინ არ უნდა წავიდეს ეკლესიიდან, არასოდეს ეკლესია მადლს არ დაკარგავს. როგორი განსაცდელიც არ უნდა შეემთხვეს ეკლესიას, არასოდეს ჩაიძირება. გმობაა სულიწმინდისა, რომ გწამდეს, თითქოს ჩვენ გადავარჩენდეთ ეკლესიას. ვერავინ გადაარჩენს ეკლესიას, ეკლესია გადაგვარჩენს ჩვენ. არ არიან სხვა მაცხოვარნი, არსებობს ერთი მაცხოვარი - ქრისტე, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ეკლესიის დატოვება. უნდა დავრჩეთ აქ, უნდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი, ვინმე უნდა ვამხილოთ, ვთქვათ ის, რაც გვაწუხებს, ვიჯავროთ, მაგრამ არ უნდა მოვაწყოთ შფოთი ეკლესიაში, ვინაიდან ამით დიდ შეცდომას დავუშვებთ.

ქრისტეს უდიდესი წუხილია ეკლესიის ერთობის დარღვევა. როგორც ეკლესიის წევრები, ჩვენ ვერ ვიქნებით უმღვდელმთავროდ. ეკლესია უთავოდ ვერ იქნება.

ძველ ეკლესიაში ყველა ტაძარს თავისი ეპისკოპოსი ჰყავდა. დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. ეპისკოპოსები შემცირდა, მათ მღვდლების ხელდასხმა დაიწყეს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ლიტურგია ეპისკოპოსის სახელით ტარდება და მის გარეშე წირვის ჩატარება არ შეიძლება.

იყო ცალკეული შემთხვევები, როცა დიდი მოსაგრეები წყვეტდნენ მღვდელმთავრის მოხსენიებას, მაგრამ ამასთან ეკლესიიდან არსად მიდიოდნენ.

ჩვენ ეკლესიის ერთგულები უნდა ვიყოთ, დავიცვათ მისი მორჩილება, თუნდაც ვინმე ცდებოდეს, მაშინ ეს მისი ცოდვა იქნება.

- თუ სცოდავს, ანდა რამდენად სცოდავს კაცი, რომელიც იღებს ჩიპიან პასპორტს, ახალ ელექტრონულ მოწმობას და ასე შემდეგ?

- ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც გვეტყვის ეკლესია. თუ იტყვის, შეიძლებაო, მივიღებთ, თუ იტყვის - არაო, არ მივიღებთ. პასუხისმგებლობა ეკლესიაზე ძევს.

- თუ განვიხილავთ იოანეს გამოცხადებას, როგორც მოვლენათა თანამიმდევრულ აღწერას, რომელიც უნდა მოხდეს სამყაროს აღსასრულის წინ, გამოცხადების რომელ მუხლზე იმყოფება კაცობრიობის ისტორია? მართალია, რომ შემდეგი მოვლენა, რომელიც გველის, წინასწარმეტყველის გამოჩენაა?

- როგორც ვიცით, მოხდება მეორედ მოსვლა, რომლის თარიღიც არავინ იცის. მეორედ მოსვლის წინ უნდა მოხდეს აპოკალიფსისში აღწერილი მოვლენა. თუმცა ეკლესიის არც ერთ მამას არ მოუცია აპოკალიფსისის სრული განმარტება. გამოცხადება ყველაზე რთული წიგნია წმინდა წერილში. ამიტომაც არ შეიძლება მოვლენები ნაადრევად განიმარტოს, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი მოხდება. აპოკალიფსისის ცალკეული ეპიზოდების განმარტებისას ძალზე ფრთხილად უნდა ვიყოთ. ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა ანტიქრისტედ თვლიდნენ ჰიტლერს, რომის პაპს, მაგრამ შეცდომით.

ჩვენ, ქრისტიანებს, უნდა გვაღელვებდეს, თუ როგორ შევუერთდეთ ქრისტეს საიდუმლოებებში. როგორ მოვიკრიბოთ ძალა, რათა შევეწინააღმდეგოთ ბოროტებასა და თავდასხმებს, რომლებიც აღწერილია აპოკალიფსისში. სამწუხაროდ, ხშირად ეშმაკები მახეს გვიგებენ იმით, რომ ჩვენ შორეული მომავლით ვართ დაკავებულნი და ვივიწყებთ ჩვენს უშუალო, ახლანდელ მოვალეობებს.

- ჩემი ქმარი ნაკლებად ეკლესიურია, - კითხულობს ერთი ქალბატონი, - ის აღიარებს უმაღლესი არსების არსებობას, მაგრამ არ სწამს ქრისტიანობის ჭეშმარიტებისა. ამბობს, რომ არ იწამებს, ვიდრე სასწაულს არ იხილავს, მაგალითად, ისეთს, რომ ჩემი ლოცვით კარები გაიღოს. მე უარს ვამბობ ასეთ ექსპერიმენტზე: ვაითუ, ღმერთმა არ ინებოს ამის ქმნა და ჩემი რწმენის დისკრედიტაცია მოხდება ჩემი ქმრის თვალში. მართალი ვარ თუ არა?

- ეს ქალი მართალია. არ შეიძლება ღმერთის პროვოცირება. უფალი არ პასუხობს ასეთ პროვოკაციებზე. როცა უფალი ჯვარზე გააკრეს, ერთი ავაზაკი მას აკურთხევდა, სხვა კი ლანძღავდა, სასწაულის მოხდენას, ჯვრიდან ჩამოსვლას მოითხოვდა მისგან. უფალმა არ უსმინა მას. ასეთმა კაცმა სასწაულიც, რომ ნახოს, იტყვის, ეს ყველაფერი დამთხვევაა, შემთხვევითობაა, ტრიუკიაო და ღმერთს არ იწამებს.

ქრისტეს მოწაფეებს არ ჰქონდათ მტკიცე რწმენა და მიუხედავად იმისა, რომ სასწაულებს ხედავდნენ, ეჭვი ეპარებოდათ. რწმენა სასწაულის შედეგი არ არის, უფრო კი - სწორედ რწმენაა სასწაულის წინაპირობა. დაე, ამ ქალმა ილოცოს საკუთარი თავისა და თავისი ქმრისათვის, რომ უფალმა მას რწმენისკენ მიმავალი გზა უჩვენოს.

- ხომ არ გაგზავნოს ის მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად?

- საეჭვოა, რომ მან იქ იწამოს.

- ითვლება თუ არა ცოდვად კომპიუტერზე არალიცენზირებული პროგრამის დაყენება და ინტერნეტის საშუალებით ფილმების კოპირება? ეს საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია ბევრისთვის. ქმარი მეუბნება, რომ გამეყრება, თუკი დავიჟინებ, რომ ეს ცოდვაა.

- განსჯის უნარი უნდა გვქონდეს, რომ მდგომარეობა უფრო არ გავართულოთ. ჩვენ ჩვენი რწმენით შეღავათები არ უნდა გავაკეთოთ. არ უნდა ვამბობდეთ: სხვები მილიონებს იპარავენ, ჩვენ კი მხოლოდ გროშებსო. კაცი ბევრს მოიპარავს თუ ცოტას - მაინც ცოდვაა. რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევაც, როცა უნდა შეარბილო სიტუაცია. ჭუჭრუტანიდან უცქირო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს: ცოდვას არასოდეს არ უნდა დაარქვა სათნოება.

- თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ წმინდა ადგილებში ინტერნეტით შეუკვეთო ლოცვა, მღვდელმსახურება? ვეძებ, მაგრამ ვერ ვიპოვე, თუ იგეგმება ასეთი სამსახურის შექმნა?

- მე, რა თქმა უნდა, ასეთი საკითხების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. რატომაც არა? თუმცა ალბათ სჯობს კლასიკური ვარიანტი: მაგალითად, წერილი მისწერო და ლოცვა სთხოვო.

- ვიცი, რომ ყოველივე კარგის ქმნა საკუთარ თავს უნდა აიძულო, მაგრამ პრაქტიკულად ვხედავ, რომ ძალზე სუსტი ნება მაქვს. რას მირჩევთ?

- კაცისთვის ძალზე მნიშვნელოვანია შეიგრძნოს თავისი უძლურება და გულწრფელი იყოს ღმერთთან ურთიერთობისას. მაგალითად, უთხრას ღმერთს: "უფალო, მაპატიე, მოწყენილი ვარ და ლოცვა მიჭირს". უფალს ძალზე უყვარს გულწრფელობა, კეთილსინდისიერება, როცა კაცი პასუხისმგებლობას გრძნობს. მაგრამ ხშირად ღმერთთან ისეთები კი არ მივდივართ, როგორებიც ვართ, არამედ თავის მართლებათა უამრავ ძვირფას სამოსში გამოვეწყობით ხოლმე. როგორც ვიცით, ადამმა და ევამ შეცოდების გამო კი არ დაკარგეს სამოთხე, არამედ იმიტომ, რომ ამის მერე თავის მართლება დაიწყეს.

მამა პაისიმ საშინელი სიტყვები თქვა: ვინც მუდმივად თავს იმართლებს, თავის მოძღვრად დემონი ჰყავსო.

როცა ჩვენ ღმერთს ამგვარი სიტყვებით მივმართავთ: "უფალო, ლოცვა მიჭირს, რადგან ჩემი ცოლი ცუდად იქცევა, ვინაიდან კოლეგამ მიღალატა, ვინაიდან ბავშვები არ მიჯერებენ" და სხვა ამგვარი, ჩვენ პასუხისმგებლობას ვისაც გნებავთ იმას ვაკისრებთ, ოღონდ არა საკუთარ თავს.

ზოგიერთი წმინდანი სრულიად სხვა რამეს ამბობდა: "სამყარო ცუდია, რადგან მე არა ვარ კარგი. როცა მე გავხდები კარგი, მაშინ სამყაროც შეიცვლება". სახიერი ღმერთი თითოეული ჩვენგანისგან იმას კი არ ითხოვს, რაც არ შეგვიძლია, არამედ რისი გაკეთებაც ძალგვიძს. უფალი ჩვენგან იმას არ ითხოვს, რაც არ დაუთესავს. ის კოჭლ კაცს არ ჰკითხავს, სპრინტერი რად არ გახდიო და უსწავლელს - მწერალი რატომ არ ხარო.

სულიერი ცხოვრების დასაწყისია საკუთარი თავის გამოსწორება, ანუ კეთილი გულისთქმების ფაბრიკის შექმნა, როგორც ამბობდა მამა პაისი.

მთაწმინდაზე სიწმინდის გულისთვის მოსული ადამიანები პოულობენ სიწმინდეს, ბუნების სანახავად მოსულები კი მშვენიერ ხედებს. თითოეული, რომელიც მთაწმინდაზე მოდის, პოულობს იმას, რასაც ეძებდა.

როცა მოსკოვში ჩავდივარ, ვკითხულობ, სად არის აქ მონასტრები და ეკლესიები-მეთქი, სხვები კი კითხულობენ, - სადაა გასართობი ცენტრები, დისკოთეკები და სხვა ამგვარი. კაცი ეძებს იმას, რაც მასთან ახლოსაა. თუ ჩვენ შავ სათვალეს გავიკეთებთ, ყველაფერს შავად დავინახავთ, მწვანე სათვალით - მწვანედ, წითლით - წითლად. მე თუ მზაკვარი კაცი ვარ, ყველა მზაკვრად მომეჩვენება, თუ კეთილი ვარ, ყველა კეთილი მგონია, თუ ეჭვიანი ვარ, ყველა დამაეჭვებს.

ჩვენ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, გამოაცხადოს, გახნას ჩვენი რწმენა, ჩვენი შესაძლებლობები. მისი შეწევნით კი შეგვიძლია განვავითაროთ ისინი და გავაკეთოთ ის, რის გაკეთებაც შეგვიძლია.

ერთხელ მამა პაისის მომლოცველებმა უთხრეს, "წმინდათა ცხოვრების" წაკითხვის მერე სასოწარკვეთაში ვვარდებითო. ბერმა ჰკითხა: რომელ გამოცემას კითხულობთ, ვინაიდან როცა მე ვკითხულობ, მიხარიაო. "ჩვენ სვიმონ მესვეტეზე ვკითხულობთ, რომელიც ორმოცი წელი სვეტზე იდგა, - უპასუხეს მომლოცველებმა, - განა შეგვიძლია ამგვარი რამის კეთება?" რა თქმა უნდა, უფალი ჩვენგან არ ითხოვს ამგვარ ღვაწლს, არამედ მოითხოვს, რომ ორმოცი წუთი მაინც შევაკავოთ ჩვენი მრისხანება.

- ეხმარებიან თუ არა ათონზე ეშმაკეულებს? რამდენ ხანში კურნავენ?

- ათონზე მონაზონთა უმთავრესი საქმე ლოცვაა. ლოცვის მიზანია განშორება ვნებებისა და დემონებისგან და შეერთება ღმერთთან. წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ვნებებს დემონები ამოქმედებენ. ამგვარად, ამა თუ იმ ხარისხით ჩვენ მათ გავლენას განვიცდით და ეშმაკეულები ვართ. მაგრამ, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული ძალით გრძნობენ დემონის სიახლოვეს. ასეთი ადამიანების განკურნებათითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა დროს ხდება.

როგორც თქვა იესო ქრისტემ, ლოცვა და მარხვა, ეს საშუალება ძალზე ეხმარება დემონების განდევნაში, ანუ არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ნიჭს ფლობენ. და თუმცა მღვდლებს აქვთ ხელმწიფება ეშმაკების განდევნისა, ზოგიერთები ამ ნიჭებს დიდი ხარისხით ფლობენ.

- მე მაწუხებს მასობრივი იმუნოპროფილაქტიკის საკითხი. ავუცრა თუ არა ჩემს სამ შვილს? და თუ ავცრი, სახელდობრ რომელი აცრა ჩავუტარო?

- სამწუხაროდ, ყველა ადამიანს ესა თუ ის პრობლემა აწუხებს. აქ საუბარი ეხება რწმენის და მეცნიერების, რწმენის და მედიცინის ურთიერთქმედებას. წმინდა წერილი გვამცნობს: პატივი მიაგე ექიმს, რამეთუ იგი შექმნა ღმერთმა. ჩვენ ექიმის დახმარება უნდა მოვისურვოთ, მაგრამ ექიმი არ უნდა დავაყენოთ ღმერთის ადგილას. თუ ქრისტიანი იტყვის: - მე ექიმთან არ წავალ, მე ღმერთი გამკურნავს, - ეს გახლავთ პროვოკაცია ღმერთთან მიმართებით. ჩვენ უნდა მივმართოთ დახმარებისათვის ექიმებს. დაე, მათ დაგვიდგინონ დიაგნოზი, გამოგვიწერონ წამლები და უფალი განგვკურნავს მათ მიერ. შეცდომა გახლავთ როგორც თავის დაიმედება იმით, რომ ღმერთი ექიმების გარეშე განგვკურნავს, ასევე სრული დაიმედება ექიმებზე. ქრისტიანებს შორის გავრცელებული შეცდომა იმაშიც მდგომარეობს, რომ ავადმყოფობა ღვთის სასჯელად აღიქმება. გამოდის, რომ უფალი სჯის, შურს იძიებს, ესე იგი ის ბოროტია.

ჩვენი ეკლესიის ბევრი წმინდანი მძიმე ავადმყოფი იყო.

წმინდა იოანე ოქროპირს კუჭი ძლიერ ტანჯავდა, მოციქულ პავლეს, ბასილი დიდს და მრავალ სხვა წმინდანს მრავალი მძიმე სნეულება სჭირდა, რომელთათვისაც მადლობდნენ ღმერთს და რომლებიც მათ სულიერ ცხოვრებაში ეხმარებოდნენ.

წმინდა მამა პაისი ძალზე სათნო კაცი იყო, როცა ის კიბოთი დასნეულდა, არ დამჯდარა და გულზე ხელები არ დაუკრებია, არამედ ექიმთან წავიდა და ოპერაცია გაიკეთა. ასევე მამა პორფირეც კიბოთი მძიმედ იყო ავად, ის წამალს სვამდა და თავის სნეულებას "წმინდა კიბოს" ეძახდა, იგი ამბობდა, რომ სამოთხე გადავსებულია კიბოთი სნეული ადამიანებით.

ვფიქრობ, რომ ბავშვებს აცრები უნდა გაუკეთოთ, ამასთან ხშირად უნდა აზიაროთ ისინი, ანუ როგორც კაცობრივი, ისე ღვთაებრივი ზომები უნდა მიიღოთ მათი ცხონებისათვის.
ბეჭდვა
1კ1