ენა ტკბილად მოუბარი
ენა ტკბილად მოუბარი
"სიტყვათაგან შენთა განმართლდე და სიტყვათაგან შენთა დაისაჯო"
ჩვენი მეტყველება, ჩვენი საუბარი სიტყვებისა და ენობრივ სტრუქტურათა არა მარტო უბრალო ერთობლიობაა , არამედ ჩვენი აზროვნებისა და მსოფლშეგრძნების გამოხატვის განსაკუთრებული საშუალება. სიტყვა ის გამტარია, რომლის მეშვეობითაც სულში იღვრება არა მხოლოდ აზრები და სახეები, არამედ შეგრძნებების, განცდების, გრძნობებისა და სურვილების ნაკადიც. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვებით, "სიტყვა არ არის მარტო ბგერათა ერთობლიობა; მასში განსაკუთრებული მისტიკური ძალაა ჩადებული". მეტყველების კულტურის დონე ყოველთვის განსაზღვრავდა და კვლავაც განსაზღვრავს ყოველი ინდივიდისა და ერის მენტალიტეტს. ქართველს ყოველთვის ღრმად ჰქონდა შეგნებული - "რა ენა წარხდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!" (გრ. ორბელიანი).

სიტყვა ადამიანის სულის გამოხატულებაა, მისივე ნების ემანაციაა. სამეტყველო ლექსიკის დამახინჯება შეურაცხყოფს არა მხოლოდ გრამატიკას, არამედ ადამიანის სულსაც.

გვესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური - მამა გიორგი (რაზმაძე).

- მამა გიორგი, რას გულისხმობს ბილწსიტყვაობის ცოდვა და, საერთოდ, როგორი დამოკიდებულება გვმართებს სიტყვების მიმართ?

- ბილწსიტყვაობა ადამიანის დაცემის შედეგია. სიტყვის ცუდად ხმარებასთან დაკავშირებით შეიძლება შემდეგი ფაქტორები გამოვყოთ: როცა ადამიანი მრავლისმეტყველია და თავშეუკავებლად ყველა თემაზე საუბრობს, მისი ენა ემსგავსება ქარის წისქვილს, რომელიც ქარის დაბერვისთანავე განურჩევლად ტრიალებს. მრავლისმეტყველების ცოდვას, თავის მხრივ, აქვს სამი მიმართულება: 1) უქმი მეტყველება, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერში გაცნობიერებულია და ყველა თემაზე საუბარი შეუძლია; მათე მახარებელი ამის შესახებ ბრძანებს: "ყოველი სიტყვა უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუა მისთვის დღესა მას სასჯელისასა" (მათე 12,36); 2) ადამიანის განკითხვა, რომელიც საშინელი ცოდვაა და წმინდა მამები მას ანტიქრისტეს მდგომარეობას ადარებენ; 3) ბილწსიტყვაობა, რომელიც ადამიანს შეაგინებს.

ჩვენ ვიცით, რომ პირველითგან იყო სიტყვა (იოანე 1:1). უფალი განკაცდა ჩვენთვის, სიტყვამ - ლოგოსმა ხორცი შეისხა. ამიტომაც სიტყვას ძალიან დიდი საკრალური მნიშვნელობა აქვს. სიტყვით შეიქმნა სამყარო, ხილული და უხილავი სამყარო. სიტყვით შეიქმნა ადამიანი. ბასილი დიდის ცხოვრებიდან მახსენდება. იგი ამბობდა, როდესაც ყრმა ვიყავი, ჩემმა უფროსმა დამ პირველი სიტყვა, რაც შემასწავლა, ეს იესო ქრისტეს სახელი იყოო. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც თავის სიტყვას უფლისკენ მიმართავს და ამის საპირისპიროდ, ადამიანი, რომელიც თავის სიტყვას ეშმაკს უძღვნის, რადგან წერია: "ბოროტის ენის მოქმედი ცხადად თავის თავს ღვთისაგან განაშორებს და ეშმაკის მსგავსად წარმოაჩენს თავის თავს". სიტყვით შეიძლება ადამიანს სარგებელი მისცე და ამავე დროს სიტყვით შეიძლება იგი მოკლა. მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს: "ადამიანის სიტყვა შეიძლება განბასრებულ იქნეს, ვითარცა მახვილი და მაშინ ის მოსწყლავს და კლავს; და შეიძლება დალბობილ იქნეს, ვითარცა ზეთი და მაშინ ის კურნავს". არის ასეთი გამოთქმაც, ადამიანისთვის ცუდი სიტყვის თქმას მისთვის ქვის სროლა სჯობსო. წმინდა მამები ამბობენ, რომ როცა ადამიანი შეუდგება მარხვის ღვაწლს, მისი მარხვა არ უნდა მიემსგავსოს მორიელის მარხვას, რომელიც, ცნობილია, რომ 150 დღის განმავლობაში საერთოდ არაფერს ჭამს, მაგრამ მისი ერთი კბენაც კი მომაკვდინებელია. ერთ-ერთი თანამედროვე ბერი აღნიშნავს, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. როდესაც ადამიანი ლოცვას წარმოთქვამს და ღმერთს მიმართავს, უფალი უსმენს და შეეწევა მას. ხოლო როცა ღვთისთვის შეუფერებელ, უხამს სიტყვებს წარმოთქვამს, მრისხანებს, ბილწსიტყვაობს, ეშმაკი ამ ადამიანის გვერდით დგას და ყველანაირად ცდილობს, იგი უფრო მეტად განარისხოს. ამით კი თავისი ბოროტება სისრულეში მოიყვანოს. ეს ყველა ქრისტიანმა უნდა გააცნობიეროს, რადგან მათე მახარებელი ბრძანებს: "სიტყვათაგან შენთა განმართლდე და სიტყვათაგან შენთა დაისაჯო". არც ერთი ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვა უკვალოდ არ იკარგება. წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს: "თქმით შენ შობ სიტყვას. შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე აღარასოდეს მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ ან შენს საწინააღმდეგოდ".

- რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაუდევრად ნათქვამ სიტყვას, ბილწსიტყვაობის ცოდვას?

- მახსენდება წარმართი ფილოსოფოსის, პლუტარქეს მონათხრობი: სპარტელთა და ბერძენთა ომში ბერძენთა ჯარი სასტიკად დამარცხდა. ორი ჯარისკაცი გადარჩა მხოლოდ. ვიდრე ისინი ათენამდე ჩამოაღწევდნენ, მათი დამარცხების ამბავი ერთ-ერთ ქალაქში შეიტყვეს, სადაც ერთი დალაქი ცხოვრობდა. შემთხვევით მან ყური მოჰკრა ვიღაცის ლაპარაკს, თითქოს სპარტელთა ჯარი ათენისკენ აპირებდა გამოლაშქრებას, რასაც საბერძნეთის განადგურება მოჰყვებოდა. ეს რომ გაიგო დალაქმა, მიატოვა თავისი საქმე, მოედნის შუაგულში დადგა და ყველას გასაგონად ყვირილი დაიწყო: "სპარტელების ჯარი მოდის, გადაგვწვავენ, გადაგვბუგავენო". მთელი ქალაქი შეშფოთდა. ბოლოს გაირკვა, რომ არავითარი საშიშროება არ ყოფილა მოსალოდნელი. შფოთის ატეხის გამო დალაქი შეიპყრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. იგი პატიებას ითხოვდა იმ პირობით, რომ ასეთ უგუნურებას არასოდეს გაიმეორებდა. მართლაც, შეიწყალეს, მაგრამ ეშაფოტიდან ჩამოსვლისთანავე იკითხა: მთავარსარდალი დაიღუპა თუ არაო. ამ ადამიანმა, სამწუხაროდ, ამ ყველაფრისგან სულიერი სარგებელი ვერ მიიღო.

პატერიკი მოგვითხრობს ორი მონაზვნის შესახებ, რომელიც მრავლისმეტყველებისა და განკითხვის ცოდვით იყვნენ შეპყრობილნი. ისინი გარდაიცვალნენ. ეკლესიის წინაშეEგაწეული ღვაწლისათვის ეპისკოპოსმა მათი ტაძარში დაკრძალვა გადაწყვიტა. ყოველი წირვის დროს, როდესაც დიაკვანი წარმოთქვამდა: "კათაკმეველნო, განვედით!" ამ საფლავებიდან ორი, წელში მოხრილი აჩრდილი ამოდიოდა და მორცხვად ტოვებდა ეკლესიას. ეს ამბავი ეპისკოპოსს მოახსენეს, რომელმაც მრევლს სთხოვა, გარდაცვლილთა სულებისთვის ელოცათ. მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნებმა თავიანთი ცხოვრება უბიწოდ განვლეს, მაინც დაისაჯნენ, რადგანაც თავი არ დაანებეს განკითხვისა და ბილწსიტყვაობის ცოდვას. ეს ხილვა მანამდე არ გაქრა, სანამ მონაზვნებს შეცოდებები არ მიუტევეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მათგან განკითხულნი და შეურაცხყოფილნი იყვნენ.

- უმეტესად რომელი მანკიერებებისგან მომდინარეობს ბილწსიტყვაობა?

- წმინდა იოანე კიბისაღმწერელი გვასწავლის, რომ ცოდვას ყოველთვის ჯაჭვური რეაქცია ახასიათებს. ნაყროვანების ცოდვას სიძვის ცოდვა მოსდევს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, მრისხანებას წარმოშობს. თუკი ადამიანს სურს, რომ ვნებებს ებრძოლოს, მისთვის არ უნდა არსებობდეს დიდი და მცირე ცოდვა. ერთი ცოდვის ჩადენას აუცილებლად მოჰყვება მეორეც, რაც უზარმაზარ რგოლს ქმნის და ადამიანს ანგრევს. ერთ ბერს ბოროტი ძალა ებრძოდა და სთავაზობდა, სამი ცოდვიდან ერთ-ერთი აერჩია: ან დამთვრალიყო, ან ემრუშა, ან კაცი მოეკლა. მხოლოდ ამ პირობით დაანებებდა იგი ბერს თავს. ბერმა ძალიან დიდხანს იფიქრა, ბოლოს გადაწყვიტა, მოდი, ამ სამიდან ყველაზე მსუბუქს ავირჩევო და დათვრა. დათრობის შემდეგ იმრუშა და თავისი კვალის დასაფარავად მოკლა ის ადამიანი, ვისთანაც მრუშობის ცოდვა გაიზიარა. ასე რომ, პატარა და დიდი ცოდვა არ არსებობს. ყველა ცოდვა მომაკვდინებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ იგი ჩასახვის მომენტშივე ავლაგმოთ. ცოდვა, რომელიც თავიდან ზრახვით მოდის, ჭიანჭველასთან არის შედარებული, მაგრამ თუკი იგი გაძლიერდება და სულს მოიცავს, მრისხანე ლომად გადაიქცევა. ფსალმუნში წერია: "ნეტარ იყვნენ, რომელთაც შეიპყრეს ჩვილნი და შეახეთქნეს იგინი კლდესა". ამიტომ ცოდვას საწყის ეტაპზევე უნდა ვებრძოლოთ.

- ხშირად ადამიანები უშვერი სიტყვებით ცდილობენ სამაგიერო გადაუხადონ შეურაცხმყოფელს...

- ქრისტიანები თუ ვართ, ყოველგვარი შეურაცხყოფა უნდა მოვითმინოთ. მაცხოვარს აგინებდნენ, დევნიდნენ, აყვედრიდნენ, სახეში ნერწყვავდნენ, შოლტით სცემდნენ. ის კი ამ დროს ლოცულობდა: "მიუტევე, მამაო, რადგან არ იციან, რას იქმან". ჩვენც უნდა მივბაძოთ ჩვენს მაცხოვარს და ასევე მოვიქცეთ. იღუმენი საბა მრისხანების შეკავებასთან დაკავშირებით ასეთ რჩევას გვაძლევს: "პირველად ეცადე დაითმინო წყენა დუმილით, მერე აბრალე საკუთარ თავს და როდესაც გაძლიერდები სათნოებაში, ილოცე მისთვის, ვინც შეურაცხგყო".

- მოციქული ამბობს: "რომელი სიტყვითა არა სცთებოდეს, იგი სრული კაცი არს". რამდენად რთული და მნიშვნელოვანია ენის მოთოკვა?

- სიტყვით მოაქციეს მოციქულებმა მთელი მსოფლიო. სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გადარჩენისთვის და ადამიანის დაღუპვისთვის. მეფსალმუნე ამბობს: "დააცხვრე ენა შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენი ნუ იტყვიან ზაკვასა". საგულისხმოა, რომ დავით წინასწარმეტყველი ყველა სათნოებაზე უპირატესად ენისა და ბაგის დაცვას მიიჩნევს. ერთი პატერიკი მახსენდება. ერთხელ ერთმა ბერმა მეორე შეურაცხყო. მან კი მოითმინა, არაფერი უპასუხა. და უცებ ბაგეებიდან სისხლი გადმოანთხია. სულში გაჩენილი ბოღმა სისხლის სახით გადმოინთხა და ბერი ამგვარად განთავისუფლდა ამ ცოდვისაგან.

- დღესდღეობით ძალიან იბღალება მეტყველება. ბილწსიტყვაობის ჩვევა, განსაკუთრებით მოზარდებში, წამხედურობით მკვიდრდება, მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი ხდება...

- დღეს მართლაც, ძალიან შებღალულია ენა. ისეთი სიტყვებით მოიხსენიებენ საკუთარ მშობლებს, დედას. ამით ისინი აგინებენ არა მარტო საკუთარ დედას, არამედ დედა ღვთისმშობელსაც, რომელიც ყველას დედაა. ეს ღვთის გმობის ცოდვაა, ერის ტრაგედიაა. ენის სიწმინდეზე ეკლესია ყოველთვის ზრუნავდა. ასევე უნდა იზრუნოს სახელმწიფომაც. ჯერ კიდევ წარმართი სოკრატე მოწაფეებს მხოლოდ იმ პირობით იღებდა, თუკი ისინი სამი წლის განმავლობაში მდუმარებას დაიცავდნენ. მდუმარება უდიდესი ღვაწლია. დღესაც ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში, ტრაპეზის შემდეგ, როდესაც სერობის მსახურება მთავრდება, ზარები ირეკება და ბერებს ერთმანეთთან საუბარი ეკრძალებათ. რაც უფრო ცოტას ილაპარაკებს ადამიანი, მით უფრო ნაკლებ ცოდვას ჩაიდენს. ფსალმუნში წერია: "დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა". მრავლისმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს. მით უმეტეს, ბილწსიტყვაობა. იგი შეაგინებს ადამიანს და ეშმაკის მსახურად ხდის მას. ეშმაკი არის უნივთო, უსხეულო. ხოლო როცა ადამიანი ბილწსიტყვაობს, თავის სხეულს უთმობს ეშმაკს და ადამიანი, ფაქტობრივად, ხდება ეშმაკეული. ნათქვამია: "თუ შენი ენა ეშმაკს უპყრია, ეშმაკისაგან შეპყრობილი ხარ".

- ზოგჯერ ადამიანებს ამ სენისგან თავის დაღწევა უჭირთ. ზოგიერთებს ბილწსიტყვაობის გარეშე ცხოვრებაც აღარ შეუძლიათ...

- ერთ-ერთ წმინდა მამასთან მივიდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ცოდვით იყვნენ შეპყრობილნი და განკურნება სთხოვეს. ბერმა მათ ერთ საშუალო ზომის ხეზე მიუთითა - ამოთხარეთო. ვერ ამოთხარეს, მაგრამ შედარებით პატარას ადვილად მოერივნენ. დასაწყისში ადვილია მოვუაროთ ამ ცოდვას და ამოვძირკვოთ იგი, ხოლო როდესაც ფესვებს ღრმად გაიდგამს, მისი აღმოფხვრა გაჭირდება. თუმცა ღვთის მადლით შეუძლებელი არაფერია. ადამიანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას. ყოველგვარი ცოდვა, ღვთის მადლით, ემორჩილება განკურნებას.

- ზიარების წინ წასაკითხ ლოცვებში წერია: "შემწიკვლებული ბაგენი მქონან არაწმინდანი და აწ ვერ ძალმიძს მოახლებად შენდა, ქრისტე, არამედ შენ გამომაჩინე ღირსად". ბაგეების განწმენდა და დაცვა სიწმინდესთან ზიარების აუცილებელი პირობაა...

- ერთი მონაზონი თავისი ცხოვრების განმავლობაში გამუდმებით კითხულობდა ლოცვას: "ღვთისმშობელო ქალწულო..." ყოველდღე, დაახლოებით ათასჯერ იმეორებდა მას. როდესაც გარდაიცვალა, მის საფლავზე საოცარი სილამაზის ხე ამოიზარდა, რომელსაც ოქროს ფოთლები ჰქონდა და ამ ფოთლებზე ეწერა ლოცვა: "ღვთისმშობელო ქალწულო..." იღუმენის კურთხევით, საფლავი გათხარეს და საოცარი სანახაობა იხილეს: მონაზვნის ბაგიდან იყო ეს ხე ამოსული და ფესვები მის გულში ჰქონდა გადგმული. უფალმა სათნოიჩინა ამ ადამიანის ცხოვრება და ამგვარი სახით განადიდა მისი ყოვლადწმინდა დედის მადიდებელი. საპირისპირო რამ ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბილწსიტყვაობით შეაგინებს თავის სულსაც და სხეულსაც. ამ დროს იგი ბოროტი ძალის ჭურჭლად იქცევა. პავლე მოციქული ბრძანებს: რომელმაც სულიწმინდის ტაძარი გახრწნას, უფალი მასაც გახრწნისო. ადამიანის სული იხრწნება, როცა იგი ბილწსიტყვაობს.

- ოჯახური კონფლიქტების დროს ხშირია ბილწსიტყვაობის გამოვლენის მაგალითები, რაც, არცთუ იშვიათად, ბავშვების თანდასწრებითაც ხდება...

- საერთოდ, ბავშვი მშობლების სარკეა. თუკი ადამიანს გაცნობიერებული აქვს ის ტვირთი, რასაც მშობლობა გულისხმობს, ბავშვის თანდასწრებით უნდა მოერიდოს ბილწსიტყვაობას და ზედმეტ საუბარსაც კი. ოჯახური კონფლიქტები სიყვარულის ნაკლებობის შედეგია. ოჯახების უმეტესობა დღეს ვნებიდან გამომდინარე იქმნება. ის, რასაც სულიერი ურთიერთობა და ჭეშმარიტი სიყვარული ჰქვია, დღევანდელი ადამიანისთვის, სამწუხაროდ, ნაკლებადაა დამახასიათებელი. როდესაც ვნება გაივლის, წინა პლანზე პრობლემები იწევს, რასაც აუცილებლად მრისხანება მოჰყვება ხოლმე. ამიტომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც დედაეკლესია ასწავლის. როცა ადამიანი უფლის წინაშე წარდგება, უნდა მოახსენოს მას: "უფალო, აი, შვილები, შენ რომ მომეცი, შენს სადიდებლად გავზარდე და არა შენს მგმობელად და მაგინებლადო". ამიტომ მშობლებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მათ ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა მისცენ სულიერი საზრდო და მაგალითი ჭეშმარიტი ცხოვრებისა. ყველანაირად უნდა მოარიდონ ბავშვი ისეთ სამყაროს, საზოგადოებას, რომელშიც უხამსი სიტყვებით ლაპარაკობენ, მოურიდებლად იქცევიან. თუ ქუჩაში მოსმენილ უწმაწურ სიტყვას ბავშვი გაიმეორებს, მშობლებმა პასუხი უნდა მოჰკითხონ მას, თუ საჭიროა, დასაჯონ კიდეც, და აღმოფხვრან მასში ამ ჩვევებისადმი მიდრეკილება. ოჯახშიც, სადაც ბილწსიტყვაობენ, ფაქტობრივად, იკარგება ღვთიური მადლი, რომელიც იცავს თითოეული კერის სიწმინდეს.

- ბილწსიტყვაობის ცოდვად თუ ითვლება უხამსი ამბების, ანეკდოტების თხრობა, ვნებიანი სიმღერები და ლექსები, უხამსი სიცილი?..

- როცა მღვდელი აღმსარებელს ღებულობს, გამოკვლევით ეკითხება ყველა ცოდვის შესახებ. მათ შორის - ბილწი ანეგდოტები თუ მოუყოლია, ადამიანებისთვის ხომ არ დაუცინია, ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე მკრეხელური რამ ხომ არ უთქვამს. ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, მიღებულია სატირიკოსთა, იუმორისტთა უხამსი ხუმრობები. ძალიან აღზევებულია ეს კომიზმი და სავსეა ღვთისმგმობელობით. ბილწი სიცილიც და ხუმრობაც, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ფარულად შეზავებულია მრუშობის ცოდვასთან. ღირსი ისააკ ასური წერს: "არაფერი ისე არ გვყოფს თანამზრახველად ამა სოფლისა და მათი, ვინც ლოთობასა და მრუშობას არიან მიცემულნი და არაფერი ისე არ განგვაშორებს სიბრძნის საუნჯესა და ღვთის საიდუმლოთა შემეცნებას, როგორც სიცილი და ფიქრთა კადნიერი ნავარდი". მაცხოვარი მოცინარი არავის უნახავს, ან კი რა ჰქონდა სასაცილო, როდესაც ხედავდა სამყაროს შემოქმედი, თუ რა დღეში იყო კაცობრიობა. სახარებაში წერია, რომ უფალი "ცრემლოოდა" ადამიანებისთვის. თუ კარგად ჩავუკვირდებით ჩვენს თავს და შევეცდებით ბოლომდე დავინახოთ, აღმოვაჩენთ, რომ სასაცილოდ არ გვაქვს საქმე. ბარსანუფი ოპტელი თავის სულიერ შვილებს ეუბნებოდა: "ერიდეთ ხუმრობებს და გაუფრთხილებელ სიტყვებს".

- მრისხანებისა და გაღიზიანების დროს ხშირად ვერ ვაკონტროლებთ, ვერ ვზომავთ სიტყვებს. ამის შესახებ რას ამბობენ წმინდა მამები და რას გვასწავლის სახარება?

- წმინდა მამები ე.წ. "ოქროს კანონს" გვთავაზობენ: სანამ მრისხანე ადამიანი მის მდევნელს პასუხს გასცემდეს, მანამდე 33-ჯერ უნდა თქვას იესოს ლოცვა და მერე გასცეს პასუხიო. სახარებაში მაცხოვარი ამბობს: თუკი ერთი კაცი მეორეს მიმართავს სიტყვით: სულელო (ცოფო, რაკა), იგი მისი მკვლელობის თანამდევი ხდება. ასეთი სიტყვები ჩვენთვის ყოველდღიურ მეტყველებაში კარგა ხანია დამკვიდრდა. ეს კი მაცხოვრის მიერ დიდ ცოდვად არის შერაცხული. რომ აღარაფერი ვთქვათ ბილწმეტველებაზე.

- სიტყვით შეიძლება ადამიანს სარგებელი მისცე და ამავე დროს მოკლა კიდეც. ამასთან დაკავშირებით მიტროპოლიტი ფილარეტი აღნიშნავს: "ადამიანის სიტყვა შეიძლება განბასრებულ იქნეს, ვითარცა მახვილი და მაშინ ის მოსწყლავს და კლავს; და შეიძლება დალბობილ იქნეს, ვითარცა ზეთი და მაშინ ის კურნავს". Mმოციქული კი შეგვაგონებს: "რომელი სიტყვითა არა სცდებოდეს, იგი სრული კაცი არს". როგორ უნდა მოვეპყროთ სიტყვებს?

- ყველას გვახსოვს სულხან-საბას არაკი: "ენით დაკოდილი". ასკეტური სწავლებიდან ვიცით, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავშეკავებას სიტყვების წარმოთქმისას და რამდენად მართებს ადამიანს სიტყვის სწორად გამოყენება. ეფრემ ასურის ლოცვაში ნათქვამია: "სულსა ამაოდ მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე". ამაოდ დაკარგული, ამაოდ გაფრენილი სიტყვა შესაძლოა ქარიშხლის დარ დამანგრეველ ენერგიად გადაიქცეს. მაგრამ რატომ ვლაპარაკობთ მუდამ უარყოფითზე, თითქოს ეშმაკი დაგვდევდეს და საშველი აღარ იყოს? ჯეროვან სიტყვას სილამაზე მოაქვს და, დოსტოევსკის თქმით, სილამაზე გადაარჩენს სამყაროს.

- რა ძალა აქვს მხატვრულ სიტყვას და რას უნდა ემსახუროს იგი?

- მხატვრული სიტყვა ხელოვნებაა. ჩვენი შავბნელი, ბოროტზე განუწყვეტელი ფიქრით დამფრთხალი და განაცრისფერებული ცხოვრება შეიძლება გადაიქცეს ხელოვნებად და ამგვარად - სილამაზედ. ადამიანში არის ენერგია და თუ იგი ქაოსურ მდგომარეობაში დარჩა, შეიძლება ატომივით აფეთქდეს, წალეკოს და დაანგრიოს ადამიანი. შეიძლება მოხდეს პირიქითაც და ხდება კიდეც: ჩვენს გარშემო ადამიანს უამრავი სილამაზე შეუქმნია და ქმნის კიდეც. გავიხსენოთ ადამის ცოდვა. ადამმა ვერ შეძლო თავისი სტიქიური ენერგიის გონებით გაკონტროლება, გრძნობებისკენ მიმართა, არადა, გონებისთვის უნდა დაემორჩილებინა და მიემართა ღმერთისაკენ. ადამმა ეს იერარქია დაარღვია და გრძნობების დონეზე დაეცა. მაგრამ მხატვრული სიტყვის, ხელოვნების ფუნქცია არის სწორედ ის, რომ ჩვენ შევძლოთ სწორად გამოვიყენოთ მოცემული ენერგია, გავაფორმოთ იგი და ჩამოვქნათ ჩვენს საკუთარ პიროვნულ თვისებად - ეს ხომ უკვე მოგვიტანა ახალმა ადამმა ანუ ქრისტემ?!

მთელი საეკლესიო მსახურება არის სიტყვიერი მსახურება. მასში ერთი ბწკარიც კი არ არის ისეთი, რომ არ იყოს პოეზია. მთელი ჰიმნოგრაფია, სახარება პოეზიაა. იოანეს სახარება გარკვეულ აზრობრივ რიტმებზეა აგებული. იგი ღვთის სიტყვასთან ერთად უდიდესი აზრობრივი პოეზიაცაა, რომ აღარაფერი ვთქვათ საეკლესიო რიტუალზე, ტროპარებზე და სძლისპირებზე... ისინი უნდა იკითხებოდეს სწორედ იმ შეგნებით, რომ ეს ყოველივე არის პოეზია, მხატვრული სამყარო, რომლის დანიშნულებაა, აღძრას ჩვენში ენერგია კონკრეტულ სახედ გაფორმებისკენ და თავადაც გახდეს ჩვენში გაცნობიერებული ნდომა ღვთაებრივისა და ღმერთისა. ამ ყველაფერს შეუძლია ადამიანში არსებული სტიქიური ენერგია კოსმოსურ ენერგიად გადააქციოს ქრისტეს სხეულად ჩამოქნას. სწორედ ეს ფუნქცია აქვს ეკლესიაში ჰიმნოგრაფიასა და რიტუალებს.

- როგორ უნდა გაუწიოს საკუთარ თავს შინაგანი კონტროლი ადამიანმა და როგორ უნდა განთავისუფლდეს ბილწსიტყვაობის ცოდვისგან?

- თუ ადამიანს უნდა ამ ვნებას სძლიოს, უნდა შეეცადოს, აღარ გაიმეოროს იგი. თუ გულში ჩააცხრო და აღხოცა შინაგანი ბოღმა და ბრაზი და ბაგით არ გაახმიანა, უნდა ჩათვალოს, რომ თითქმის მიაღწია გამარჯვებას. მეორე საფეხურზე კი უნდა შეეცადოს, გულიც განიწმინდოს. სახარებაში წერია: "არა შემავალი შეაგინებს კაცს, არამედ გამომავალი". ნათქვამ სიტყვას უკან ვეღარ დაიბრუნებ. ყოველი უხეში სიტყვა კოსმოსურ ბოროტებას უერთდება, რაც შემდეგ ეპიდემიების, წყალდიდობებისა და სხვადასხვა უბედურების სახით უბრუნდებათ ადამიანებს. იმაში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ თითოეული ჩვენგანიც არის დამნაშავე, თუკი რაიმე არასწორად გვითქვამს, მრისხანება გამოგვიხატავს და ა.შ. ბილწსიტყვაობისგან განსაკურნებლად ეკლესიური ცხოვრების დაწყება აუცილებელია, ეკლესიის ლოცვა, საიდუმლოებებში მონაწილეობა, მოძღვრის მორჩილება, ხშირი აღსარება, ზიარება და, რასაკვირველია, ამ ცოდვის დაძლევის სურვილი. ასევე საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ყოველი ნათქვამი სიტყვა მოგვეკითხება.

- კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანებს, რომ ქართული ენა ღვთივბოძებული საგანძურია, მას სასოებით დაცვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რადგან იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ფასდაუდებელი საუნჯე - ქართული ენა?

- ქართული ენის მცველი და ბურჯი ყოველთვის იყო და იქნება ეკლესია. პატრიარქი ხშირად ბრძანებს, რომ დღეს წმინდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რადგან ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი! მართლაც, რამხელა მადლია, ძველი ქართულით რომ ვკითხულობთ სახარებას და რაოდენ მრავლისმეტყველი. ჩვენი ვალია, რომ ძველი, მადლიანი ქართული ენა დავიცვათ. დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეკლესიური ენა თანამედროვე ადამიანს არ ესმის. მაგრამ განა ეკლესიის წიაღმა არ შეინახა ენაც და მამულიც?! ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ერი და ტომი გადაშენდა, იმიტომ, რომ მათ თავიანთი წარსული, თავიანთი ტრადიციები დაივიწყეს და აქედან გამომდინარე, მათი ცხოვრება სათნო არ იყო უფლის წინაშე. ამიტომ, პირველ რიგში უნდა შევეცადოთ, რომ ღვთისთვის სათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ და რაც გვიბოძა უფალმა, ის დავიცვათ და მომავალ თაობას შეუბღალავად გადავცეთ. ღვთის უდიდესი წყალობაა, რომ დღეს ჩვენ ქართულად ვმეტყველებთ. ამას უნდა მოვუფრთხილდეთ. მაგრამ პატრიარქი როგორც ბრძანებს: "ამ დიდი საგანძურის მოსაფრთხილებლად და დასაცავად საჭიროა ჩვენც ვანათებდეთ და ვათბობდეთ". ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ და ვისურვოთ, რათა "ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!" (გრ. ორბელიანი).
ბეჭდვა
1კ1