ღვთისათვის სათნო არა ფარისევლური ქედმაღლობა და დამცინავი განკითხვაა მოყვასისა, არამედ მეზვერისეული სინანული და თავმდაბლობა
ღვთისათვის სათნო არა ფარისევლური ქედმაღლობა და დამცინავი განკითხვაა მოყვასისა, არამედ მეზვერისეული სინანული და თავმდაბლობა
გვესაუბრება მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი მალხაზიშვილი: - გავიხსენოთ იგავი ფარისევლისა და მეზვერისა,
მაცხოვრის მიერ თქმული-როგორ ქედმაღლობს ფარისეველი, კმაყოფილი საკუთარი თავით, იკვეხნის სჯულს პირნათლად დაცვით, ლამის ვალიც დასდოს ღმერთს. თვითკმაყოფილი სხვებს სდებს ბრალს, ამაყად დგას ყველაზე წინ, ტაძარში ქედმაღლად დაჰყურებს ირგვლივ მყოფთ და დამცინავად, ირონიით განიკითხავს ვითომდა სჯულის დამცველი თავის მოყვასთ და სწორედ ამით არღვევს უპირველეს მცნებას სჯულისას-"შეიყვარო მოყვასი შენი, როგორც თავი თვისი". ამიტომაც გვაფრთხიებს წმინდა მოციქული და მახარებელი იოანე: "უკეთუ ვთქვათ ვითარმედ ცოდვაი არა გვაქვს, თავთა თვისთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტება არა არს ჩვენ თანა"(I ეპ.I.8).

-მამაო, ხშირად აღსარების დროს ადამიანები საკუთარ თავზე მეტად სხვის განკითხვას მოჰყვებიან ხოლმე, რამდენად გამართლებულია?
-თუ ადამიანი კეთილმორწმუნეა, სიკეთეს აკეთებს და აღსარულებს საღმრთო სჯულს, ამას ვერავინ წაართმევს და არც ყოვლადსახიერი ღმერთი დაუკარგავს ამ შრომას, ამიტომაც არ არის საჭირო მისით გამუდმებით ტკბობა. უმჯობესია ადამიანი გამუდმებით განაქიქებდეს მასში რა ნაკლი და ცოდვაა, შინაგან თვითკმაყოფილებაში დაფარული, რადგან არც ეს ნაკლი და ცოდვა დაიმალება ღვთის წინაშე, თუკი ჩვენში სინანული არ აღძრა და აღსარებით არ განიწმინდა საყოველთაო სამსჯავროზე ორივესთვის ღირსეულად მოგვეგება.

ღვთისათვის სათნო არა ფარისევლური ქედმაღლობა და დამცინავი განკითხვაა მოყვასისა, არამედ მეზვერისეული სინანული და თავმდაბლობა, რომელიც აღძრავს ადამიანში სასოებას და იმედს ღმერთის ყოველადსახიერებისა. ადამიანი, როდესაც განიკითხავს და კიცხავს სხვის მანკიერებას, ის ამით არღვევს მოყვასის სიყვარულს მცნებას, რომელსაც მაცხოვარი უპირატესად მიიჩნევს. ამით შეურაცხვყოფთ ღმერთს, რომელიც არის შემწყნარებელი ყოველი მონანულისა. ამიტომაც ბრძანებს უფალი-"ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკანანი წინა".

ამის არაერთი მაგალითია წმინდა წერილში. მათ შორის ჯვარცმული ავაზაკისა, რომელიც უკანასკნელი ჟამის აღმსარებელია ასევე ჯვარცმულ იესო ქრისტეს წინაშე და პირველი შედის სასუფეველში მაცხოვართან ერთად. ასევე გადასახადების ამკრეფმა მეზვერე ზაქემ, რომელმაც აღიარა უფლისა და ყოველთა გარშემო მყოფთა წინაშე თავისი დანაშაული და მტკიცე სურვილი გამოთქვა მოქცევისა, გადაირჩინა თავი წარწყმედისაგან და აცხოვნა მთელი თვისი სახლეული".

სინანული და აღიარება ცოდვისა არის მომაქცეველი ადამიანისა სიკვდილისაგან ცხოვრებად. მხოლოდ შინაგანი განცდა და სინანული ჯერ კიდევ არ არის ცხოვრების მომნიჭებელი, რადგან მას ჯერ კიდევ გარს აკრავს პატივმოყვარული სირცხვილის გრძნობა. გავიხსენოთ სინანული იუდასი, რომელმაც უკანასკნელ ჟამს შეიცნო თავისი უღირსი საქციელი და შეინანა, როგორც აღგვიწერს წმინდა მათე მახარებელი, მაგრამ ამ სინანულს არ მოჰყვება აღსარება, აღიარება წინაშე კაცთა ან თუნდაც მეგობართა წინაშე. პატივმოყვარეობით და ანგარებით შეპყრობილს აღარც აღმოაჩნდა არავინ გულის სიახლოვეს ვისაც გაუზიარებდა თავის წუხილს. როგორც ვხედავთ, ადამიანი არღვევს უფლის უპირველეს მცნებებს, სხვათა განკითხვით, რომლებიც აუცილებელია საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად, კერძოდ-"შეიყვარო უფალი შენი ყოვლითა გონებითა შენითა"... და მსგავსი ამისი: "შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი".

აღსარებით სწორედ ამ ორ უპირატეს მცნებას აღასრულებს. ადამიანი თავისა აღსარებით აღიარებს უფალ ღმერთს უმაღლეს და პირუთვნელს კანონმდებლად, რომლის მცნების დარღვევასაც მიიჩნევს ცოდვად და ამასთავნავე მისივე უსაზღვრო გულმოწყალების იმედი აქვს. ხოლო მის მოიმედე ადამიანს არასოდეს მიატოვებს უფალი ღმერთი-"რამეთუ მოვიდა ძე კაცისაი მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა" (ლუკ.19.11). საქმე, რომელიც უფალმა აღასრულა თავისი განკაცებით, ჯვარცმით, სიკვდილით, ბრწყინვალე აღდგომით და ამაღლებით, იყო მიმართული

ყოველი ადამიანის ცხონებისათვის, მაგრამ ცხონდება მხოლოდ ის, ვისაც აქვს სურვილი ცხონებისა. ხედავს რა აქვს საამაყო ცოდვით დაცემულ ადამიანს. "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი"(იაკობ. IV.6).ამიტომაც ჩვენი მარადიული გულისთქმა უნდა უერთდებოდეს ეფრემ ასურის ლოცვას: "უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"


ბეჭდვა
1კ1