ნოეს უფლის ბრძანებით დაწყებული უზარმაზარი ხომალდის მშენებლობის გამო შეშლილად თვლიდნენ...
ნოეს უფლის ბრძანებით დაწყებული უზარმაზარი ხომალდის მშენებლობის გამო შეშლილად თვლიდნენ...
ძველი აღთქმის პერიოდში სალოსობა როგორც ღვაწლი, მოღვაწეობის ფორმა, სახე არ არსებობდა , თუმცა იმდროინდელი კაცობრიობის უდიდეს ნაწილს, რომელიც განდგომილი იყო ჭეშმარიტი ღვთისგან, არ ესმოდა ძველი აღთქმის მართალი ადამიანებისა - მამამთავრების, წინასწარმეტყველების...ზოგჯერ იმდენადაც, რომ მათ შლეგებად, შეშლილებადაც კი მიიჩნევდნენ და საღვთო სიმართლის, ღვთის ნების აღრულების გამო დასცინოდნენ კიდეც. ძველი აღთქმიდან ყველაზე მკვეთრად ჩანს მართალი ნოეს მაგალითი, რომელსაც უფლის ბრძანებით დაწყებული უზარმაზარი ხომალდის მშენებლობის გამო შეშლილად თვლიდნენ... გვესაუბრება მამა დიმიტრი ჯანგულაშვილი.

- საერთოდ, სალოსობა არის, როდესაც ადამიანი უცნაური, თავისებური ფორმით ეუბნება, მიუთითებს სხვა ადამიანებს ჭეშმარიტებას, საღვთო სიმართლეს. სალოსი შეიძლება შეურაცხადის სახით შეგვხვდეს, მაგრამ ისეთი რაიმე გვითხრას უფალზე, მისი სიტყვა გულზე მოგვხვდეს და მთელი ჩვენი ცხოვრება შეცვალოს. რაც შეეხება ნოეს, ის ახლოს იყო უფალთან, იყო უფალთან მოსაუბრე - დიდი სიწმინდის მქონე ადამიანი. ნოე კი არ სალოსობდა, აკეთებდა იმას, რასაც უფალი ეუბნებოდა, მაგრამ ადამიანებს ეგონათ შლეგი - კაცს, რომელიც უზარმაზარ ხომალდს აგებდა მთელი ასი წლის მანძილზე, შეშლილად მიიჩნევდნენ. როგორც ვთქვით, იგი არც თავს იგიჟიანებდა და არც უცდია ამის გაკეთება იმისათვის, რომ სხვა ადამიანებისთვის საღვთო სიმართლე ეთქვა, მაგრამ სხვები უყურებდნენ როგორც შეშლილს, რადგან მათთვის უცნაური იდეები აწუხებდა, თორემ ეს კაცი მთლიანად უფლის ნებას აღასრულებდა, ზედმიწევნით ასრულებდა იმას, რაც ღმერთმა უთხრა. სწორედ ამის გამო იმ ცოდვილი ადამიანების თვალში, რომლებიც შემდგომ წარღვნის გზით ერთიანად მოსრა, გაანადგურა და აღგავა პირისაგან მიწისა უფალმა, უცნაური, ზოგისთვის შეშლილიც კი ჩანდა.

ნოე მაშინ გამოარჩია უფალმა და დაავალა ხომალდის, კიდობნის აგება, როდესაც მთელი იმდროინდელი კაცობრიობა დაშორდა უფალს, ყველამ დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი და ქვეყანა ბოროტებითა და ცოდვით აივსო. მთელ იმდროინდელ კაცობრიობაში ერთადერთი ღვთის მადიდებელი კაცი იყო ნოე. მოწყალე ღმერთს არ სურდა ადამიანთა განადგურება, ამიტომ ნოეს პირით განუცხადა კაცობრიობას, შეენანათ ცოდვები და მოქცეულიყვნენ. სხვაგვარად სასჯელი გარდაუვალი იქნებოდა. ეს მოხდა წარღვნამდე 120 წლით ადრე. ნოეს ყურიც არავინ ათხოვა. მაშინ უფალმა ნოეს დაავალა გაეკეთებინა გაფისული ხისგან კიდობანი, სადაც თავის ოჯახთან ერთად შევიდოდა... ნოე ასი წლის მანძილზე აგებდა ხომალდს და ასი წლის მანძილზე მოუწოდებდა ადამიანებს მოქცეულიყვნენ ღვთისკენ, ყველაზე დიდი მამხილებელი სწორედ გორაკზე აშენებული ხომალდი იყო, თუმცა ეს ხომალდიც დაცინვას იწვევდა ხალხში და ნოეს შეურაცხადად თვლიდნენ. როდესაც ნოე მართალი აღმოჩნდა, სინანული გვიანღა იყო.

ნოეს პირით ასი წლის მანძილზე მოუწოდებდა უფალი ადამიანებს. ეს იმას მიანიშნებს, რომ უფალი ყველანაირ პირობას უქმნის ადამიანს, რათა დაფიქრდეს, ცოდვები და ცოდვილი ცხოვრება მიატოვოს, თუნდაც სალოსობის ღვაწლის მტვირთველ ადამიანებთან შეხება, მათგან მხილება ღვთის მოწოდებაა იმ ადამიანებისა, ვისაც მათთან შეხება უხდება, უფალი თითოეულ ადამიანს იმ გზით მოუწოდებს, რა გზითაც ყველაზე ადვილად ჩასწვდება ჭეშმარიტებას, მაგრამ საბოლოოდ ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, რა გზას აირჩევს, ისურვებს თუ არა ღვთის ნების აღსრულებას. უფალი მისი ნების აღსრულებას არ გვაიძულებს. გადარჩება მხოლოდ ის, ვინც საკუთარი ნებით გაჰყვება უფალს და აღასრულებს მის ნებას. მთელ იმდროინდელ კაცობრიობაში მხოლოდ ნოე გადარჩა თავისი ოჯახით, ანუ გადარჩნენ ისინი, ვინც ღირსი იყო ამისა, დანარჩენები, ვინც ვეღარ გადარჩებოდა, ერთიანად განადგურდა წარღვნის გზით. მამები ბრძანებენ: შესაძლოა იმ დროს, როდესაც წარღვნა დაიწყო, ბევრი მათგანი, რომელთაც ნოე შეშლილად მიაჩნდათ, მიმხვდარიყვნენ, რატომ აკეთებდა ნოე ამას, სინანულიც გასჩენოდათ, მაგრამ უკვე აღარაფრის შეცვლა აღარ შეეძლოთ, მონანიების შანსი აღარ ჰქონდათ. ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ მეორედ მოსვლის ჟამს იქნება თუ მიწიერი ცხოვრებიდან გასვლისას, იმის მიუხედავად, ცოდვილი გარდაცვლილის სული იგრძნობს, რომ არასწორად ცხოვრობდა, აღარ იქნება მონანიებისა და ცოდვებისგან განწმენდის დრო.

- რატომ არ არსებობდა ძველი აღთქმის პერიოდში სალოსობის გზით ადამიანთა მოწოდება? Aარათუ ძველ აღთქმაში, ქრისტიანობის პირველ საუკუნეებშიც კი არ არსებობდა ამგვარი ღვაწლი...

- ძველი აღთქმის პერიოდში უფალი ადამიანებს ესაუბრებოდა გამოცხადებებით. რჩეული, მართალი ადამიანების - მამამთავრების, წინასწარმეტყველების პირით აუწყებდა, რისი თქმაც სურდა და რაც უნდა ეკეთებინათ, რადგან იმდროინდელ კაცობრიობას ეს სჭირდებოდა. შემდეგ თავისი ძის პირით აუწყა სათქმელი, ძველ სჯულზე დაყრდნობით მისცა ახალი აღთქმა, ახალი სჯული, რომლითაც უნდა ეცხოვრათ და ეღვაწათ ადამიანებს. შემდგომში ადამიანის გონება თანდათან განვითარდა სულიერი თვალსაზრისით, უფრო გაღრმავდა ღვთისმეტყველებაში და ადამიანმაც მეტი რაღაცების ახსნა და გაგება შეძლო. ძველ სჯულში ბევრი რამ იყო დაფარული, მაგალითად, ყოვლადწმიდა სამების საიდუმლო. ძველი აღთქმის ადამიანებმა არ უწყოდნენ ღვთის სამგვამოვნების შესახებ, ახალ აღთქმაში კი განცხადდა, რადგან იმ დროს მომწიფებული იყო კაცობრიობაში ამისთვის ნიადაგი, კაცორიობამ უკვე მიაღწია ზრდასრულ ასაკს, შემდგომში ადამიანის გონება იმდენად განვითარდა, რომ ადამიანებს უკვე შეეძლოთ ბევრ რამეზე ეფიქრათ ერთდროულად, მიეღოთ და გაეაზრებინათ ყველაფერი, არ ჩავარდნილიყვნენ სხვადასხვა საცდურში. ამასთან, ძველად უფრო ხისტი, მკაცრი იყო სჯული, ღმერთი ადამიანებს უფრო აკრძალვებით ესაუბრებოდა, ახალი აღთქმის კაცობრიობას კი ამგვარი მიდგომა აღარ სჭირდება. ასევე, სალოსობის ღვაწლი, მოღვაწეობის ეს სახე როდესაც გახდა საჭირო ადამიანებისთვის, რათა ამ გზითაც მისულიყვნენ უფალთან, ამ გზითაც შეეცნოთ ადამიანების ნაწილს ჭეშმარიტება, უფალმაც სწორედ მაშინ დაუშვა.
ბეჭდვა
1კ1