სულიწმინდის მადლი სხვადასხვა ნიჭის სახით ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანზე მოქმედებს
სულიწმინდის მადლი სხვადასხვა ნიჭის სახით ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანზე მოქმედებს
- მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება დაფუძნებულია დოგმატურ ღვთისმეტყველებაზე, რომელიც შეიცავს სწავლებას წმინდა სამების შესახებ, - გვიამბობს ვარძიის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე), - წმინდა სამების მეშვეობით ადამიანზე მოქმედებს უფალი. სწავლება წმინდა სამების შესახებ თვით უფალმა განგვიცხადა ნათლისღების დღესასწაულზე. უფალი ჩვენი, ესო ქრისტე, შევიდა მდინარე იორდანეში, რათა ნათელეღო იოანე ნათლისმცემლისგან. ამ დროს "განიხვნა ცანი", სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა მაცხოვარზე და თავზე დაადგა. ასევე მოისმა ხმა ზეციდან: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ", ანუ განცხადების დღესასწაულზე წმინდა სამება განეცხადა კაცობრიობას და მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო სწავლება სამების შესახებ. მთავარანგელოზი გაბრიელი მიმართავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, - "სულიწმინდა მოვიდეს შენზედა, ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ".

სულიწმინდა არის სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. სულიწმინდა მოქმედებს მართლმადიდებლურ ეკლესიაში სხვადასხვა ნიჭის სახით. განსაკუთრებული ნიჭი სულისა წმინდისა გადმოდის სასულიერო პირზე მღვდლად კურთხევისას. ამ დროს სასულიერო პირს ენიჭება უფლებამოსილება, აღასრულოს საეკლესიო მსახურებები, საეკლესიო საიდუმლოებანი: ნათლისღება, მირონცხება, ზეთისცხება, ჯვრისწერა და ასე შემდეგ. ეს არის განსაკუთრებული ნიჭი და მადლი სულიწმინდისა.

***
სულიწმინდის მადლი სხვადასხვა ნიჭის სახით ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანზე მოქმედებს. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია სულიწმინდის მადლის მოპოვება და ადვილია მისი დაკარგვა. მართლმადიდებელი მოღვაწე ცდილობს, მოიპოვოს მადლი სულისა წმინდისა, რომელიც ძალიან დიდი მოღვაწეობის და სარბიელის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. სულიწმინდის მადლი ეძებს სუფთა ჭურჭელს ადამიანის სახით, რათა მასში დამკვიდრდეს. თუ ადამიანი შინაგანად, სულიერად არ არის განწმენდილი, მაშინ სულიწმინდის მადლს ვერ მოიპოვებს, რადგან როგორც უსუფთაო ჭურჭელში ვერ მოვათავსებთ რაიმე კურთხეულ და სუფთა სითხეს, ასევე ადამიანში ვერ დაიმკვიდრებს ადგილს სულიწმინდა, თუ მისი გული და სული არ არის განწმენდილი და მომზადებული ამ ძვირფასი მადლის დასატევნად. სულიწმინდის დაკარგვა ხდება ცოდვისადმი მიდრეკის შედეგად. თუ ადამიანი სცოდავს, კარგავს სულიწმინდის მადლს და ის შინაგანად განიძარცვება, რჩება საკუთარი სუსტი ძალების ამარა. ამ დროს ადამიანი განიცდის შინაგან სიცარიელეს და სულიერად გაღარიბებულია. სულიწმინდის მადლი არის შემავსებელი ადამიანისა სულიერებაში. ქრისტიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, მოიპოვოს სულიწმინდის მადლი, რადგან იგია სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

***
დოგმატური ღვთისმეტყველება გვაუწყებს, რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლება სულიწმინდის შესახებ. ისტორიის განმავლობაში მრავალი მსოფლიო საეკლესიო კრება მიეძღვნა ამ თემას, იყო უამრავი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდა მწვალებლობა, ბევრი არასწორი მიმართულება ჩამოყალიბდა, და აი, მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, მსოფლიო საეკლესიო კრებების საშუალებით ერთხელ და სამუდამოდ დაემტკიცებინა სწორი სწავლება წმინდა სამების შესახებ. სწავლება ასეთია: მამა ღმერთი არის შემოქმედი და მიზეზი ყოველივესი, სულიწმინდა არის მისგან გამომავალი, რომელიც არის მისი საკუთარი თვისება ისევე, როგორც ძე ღვთისას საკუთარი თვისება არის მამისაგან შობილობა, თუმცა არსებობს სწავლება, რომ სულიწმინდა არის ღვთისგან გამომავალი ძალა და არა თანაარსი მამისა, რაც უდავოდ არის ძალიან დიდი შეცდომა და დამახინჯება წმინდა სამების დოგმატისა. ჩვენ, მართლმადიდებლები, ვაღიარებთ, რომ სულიწმინდა არის თანაარსი მამისა, ისევე, როგორც ძე ღვთისა არის თანაარსი მამისა, თუმცა მას აქვს საკუთარი თვისება, ანუ გამომავლობა მამისაგან, ისევე როგორც ძე ღვთისას გააჩნია შობილობა მამისაგან. საერთო ჯამში, წმინდა სამება არის ერთარსება ანუ თვისებრივად განსხვავებული, მაგრამ არსით ერთი და წარმოადგენს ერთ ღმერთს.

***
სულიწმინდის მადლი არის მაცხოვნებელი. როდესაც სულიწმინდა ადამიანში იმკვიდრებს, იმკვიდრებს მორჩილებაც და ის ხდება სულიერად ძლიერი, თავმდაბალი, მოსიყვარულე, ანუ ადამიანი იძენს ყველა საუკეთესო თვისებას, რაც შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე. სულიწმინდა განწმენდს ადამიანს ყოველგვარი ცოდვისაგან, ყოველგვარი ნაკლისაგან და იგი ხდება ღვთის სათნო ანუ მოღვაწე და ღმერთშემოსილი. ადამიანი, რომელიც შეიმოსავს სულიწმინდას, არის ღმერთშემოსილი და მისი ცხოვრება მიძღვნილია მთლიანად უფლისადმი.

***
სულიწმინდის მადლი ყოველთვის მოქმედებს ადამიანზე. ადამიანი განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს სულიწმინდის საკუთარ თავში მისაღებად. ამისათვის საჭიროა სულიერი განწმენდა. როდესაც სულიწმინდა შეეხება ადამიანის გულს, მას ეუფლება სინანული, ალბათ ყველა ქრისტიანს უგრძნია, განსაკუთრებული სითბო როგორ შემოდის გულში. ამ დროს განსაკუთრებულად ფიქრობ საკუთარ ნაკლზე, ცოდვებზე. მოდის გლოვა, სინანულის განცდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის გულს შეეხო სულიწმინდის მადლი და მას კიდევ ერთხელ მოუწოდა უფალმა სინანულისაკენ, სულიერი განწმენდისა და მარადიულზე ფიქრისკენ. ასეთი მომენტები ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ცოტაა, რადგან ყოველთვის არ ვართ ღირსი იმისა, რომ ჩვენში უფლის მადლი მკვიდრობდეს, ვინაიდან გარკვეულწილად დაუდევრობას ვიჩენთ სულიერი ცხოვრების მიმართ და ადვილად ვკარგავთ მადლს. ამიტომ მადლი ხშირად არ გვაკითხავს და ალბათ ხშირად რომ რჩებოდეს ჩვენში, ვერ გავუძლებდით შინაგან მძვინვარებას, რაც ახასიათებს სულიწმინდის მადლს. იმისათვის, რომ ეს მოიპოვოს ადამიანმა, საჭიროა ქრისტიანული ცხოვრების წესის დამკვიდრება და ბრძოლა სულიერი განწმენდისათვის.

***
როდესაც მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე, მოციქულებს გზავნიდა საქადაგებლად, შეჰბერა მათ და თქვა, - "მიიღეთ სულიწმინდა და უკეთუ მიუტევნეთ ცოდვანი კაცთა, მიეტევნეთ მათ, უკეთუ შიპყრნენ, შეპყრობილ იყვნენ". ამგვარად, მოციქულების სახით სასულიერო პირებს ენიჭებათ მადლი სულისა წმინდისა, ცოდვების მიტევებისა. ჩვენ ვიცით, რომ მოციქულები იყვნენ უსწავლელი მეთევზურები, რომლებიც სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ აღივსნენ უდიდესი მადლით და გახდნენ ყველაზე ბრძენნი და სწავლულნი. როდესაც პეტრე მოციქული წარდგა მოციქულთა წინაშე და იქ მრავალი ადამიანი ესწრებოდა ამ კრებას, გაუკვირდა ხალხს მისი სწავლება. მადლისმიერი იყო ეს სწავლება და ამბობდნენ, როგორ იციან მოციქულებმა სხვადასხვა ენაზე საუბარი, განა ისინი უბრალო, უსწავლელი მეთევზურები არ არიანო? უკვირდათ მოციქულთა განსწავლულობა, რადგან მათ არ ჰქონდათ არანაირი განათლება მიღებული, თუმცა სულიწმინდის მადლის გარდამოსვლის შემდეგ ისინი ამეტყველდნენ სხვადასხვა ენაზე და ხალხს უქადაგებდნენ ჭეშმარიტებას. იგივე მადლი ენიჭება სასულიერო პირს. რა თქმა უნდა, სასურველია, სასულიერო პირი იყოს პიროვნულად განათლებული, ჰქონდეს მიღებული სასულიერო განთლება. მაგრამ თუ ეს არ აქვს, ამის ანაზღაურება ხდება მადლის მიერ. სასულიერო პირს მიენიჭება მადლი სულისა წმინდისა და იგი ხდება ძალმოსილი უქადაგოს ადამიანებს, წარმართოს ქრისტიანის სულიერი ცხოვრება და დააყენოს ცხონების გზაზე. ეს იმდენად აღემატება ადამიანურ ძალებს, რომ უმადლოდ ვერც ერთი, თუნდაც განსწავლული ადამიანი, ვერ შეძლებდა ამ უდიდესი მისიის შესრულებას.

ღმერთმა მოგვცეს მადლი იმისათვის, რომ მუდმივად ვიყოთ მატარებელნი სულიწმინდის მადლისა და ჩვენი ღირსეული ქრისტიანული ცხოვრებით გავუფრთხილდეთ იმ მადლს, რომელიც გვეძლევა ეკლესიური საიდუმლოებების შედეგად. ღმერთმა შეგვაძლებინოს, მუდამ ვიყოთ მადლის დამცველინი.
ბეჭდვა
1კ1