ის, რაც მაცხოვარმა ჩვენთვის დაითმინა, დიდი სიყვარულის გამოხატულებაა
ის, რაც მაცხოვარმა ჩვენთვის დაითმინა, დიდი სიყვარულის გამოხატულებაა
გვესაუბრება ვარძიის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე):
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა არის უდიდესი სიხარული ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. რადგან აღესრულა უდიდესი საიდუმლი ახალი აღთქმისა - კაცობრიობის ცოდვებისაგან გამოხსნა. "სიკვდილო, სადაა საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო, სადაა ძლევაი შენი?" - ღაღადებს და გალობს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია. აღდგომის დღესასწაულის სიხარულის განცდა შეუძლებელია ჯვარცმისა და ვნების გაცნობიერების გარეშე. ამისათვის წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დააწესა დიდი მარხვა, რომელიც არის ერთი დიდი სინანულის კანონი. ამ გზით წმინდა ეკლესია მოუწოდებს მორწმუნე ქრისტიანებს სინანულისკენ, საკუთარი ცოდვების განცდისკენ. წმინდა მამა ეფრემ ასურის ლოცვა, რომელიც დიდი მარხვის განმავლობაში იკითხება - "მომანიჭე მე, უფალო, განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა" - ადამიანს მოუწოდებს შეინანოს და განიცადოს საკუთარი ცოდვები და განიწმინდოს ვნებებისგან. წმინდა დიდი მეფსალმუნე დავითი ბრძანებს, "მწუხრსა განისეროს ტირილმან, ხოლო ცისკარსა სიხარულმაო". სხვა ადგილას წმინდა მეფსალმუნე ბრძანებს: "რომელმან სთესოს ცრემლით, მან სიხარულით მოიმკოსო". დიდი მარხვის ტიპიკონი ზუსტად ამისკენ მოგვიწოდებს ქრისტიანებს - მოვიპოვოთ განცდა თვისთა ცოდვათა და განვიცადოთ და გონებით გადავიდეთ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც ხდებოდა ქრისტე მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს. უპირველესად მინდა აღვნიშნო ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება.

***
ლაზარეს შაბათი არის წინასახე მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომისა. ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს, რომელიც საფლავში იყო, მაცხოვარმა ბრძანების კილოთი მიმართა, - ლაზარე, გამოდი გარეთ, ანუ ამით მიანიშნა, რომ მას ემორჩილება სიკვდილი, მის მორჩილებაშია სიკვდილი და მას ხელეწიფება ოთხი დღის ლაზარეს აღდგინება. ამით ყველას დაანახა, რომ როდესაც დადგება ჯვარცმის მომენტი, გაიხსენონ, რა დიდი საიდუმლოებები აღასრულა მაცხოვარმა და მისი მოწაფეები არ დაბრკოლდნენ მის მიმართ.

ბზობა
ლაზარეს აღდგინების კვირის მეორე დღეს იესო ქრისტე გაემგზავრა ბეთანიიდან იერუსალიმში. ის შეჩერდა ზეთისხილის მთაზე, მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: "წადით სოფელში, რომელიც თქვენ წინ არის, იქ დაგხვდებათ ღობეზე მიბმული სახედარი და კვიცი მისი. ახსენით და მოიყვანეთ აქ. თუ ვინმემ გკითხოთ, უთხარით, რომ უფალს სჭირდება ეს".

მოწაფეებმა აღასრულეს ნაბრძანები. სახედარზე შეჯდა იესო ქრისტე და წავიდა იერუსალიმისკენ. ხალხი გამოვიდა მის შესახვედრად. ზოგი ტანსაცმელს იხდიდა და უფენდა ფეხქვეშ, ზოგი პალმის ტოტებს ტეხდა ძირს დასაფენად და ხმამაღლა ღაღადებდა: "ოსანა დავითის ჩამომავალს! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. ოსანა მაღალთა შინა".

თვით ყრმანიც მცირეწლოვანნი შეჰღაღადებდნენ და აქებდნენ უფალს. მაცხოვარი შებრძანდა ტაძარში და ვითარცა პატრონმან განდევნა მოვაჭრენი და უჯეროდ მოქმედნი.

შიგნით მოგროვდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეკითხებოდნენ, რა უფლებით და რა ძალით იქცეოდა ასე. მან კი მიუგო, რომ თვით მამამან მისმან მისცა მას ეს ძალა. შევიდა იერუსალიმში, ვითარცა მეუფე სატახტო ქალაქში, მაცხოვარი.

ვნების შვიდეული
ვნების შვიდეულის კვირა ეძღვნება ქრისტეს ვნებებს. ამ დროს იკითხება თორმეტი ვნების სახარება და ეკლესია მოუწოდებს ქრისტიანებს, განიცადონ მაცხოვრის ჯვარცმა, არ მიატოვონ მაცხოვარი ამ მძიმე დროს და მასთან იმყოფებოდნენ. ეკლესია მოგვიწოდებს, რომ ჩვენც არ მივატოვოთ უფალი და მასთან ერთად ვიყოთ ამ მძიმე დროს, ვევედროთ უფალს, რათა ჩვენშიც მოხდეს ჯვარცმა და სულიერი გარდაქმნა. თორმეტი სახარების კითხვის დროს ინთება სანთელი. სანთელი განასახიერებს ანთებულ რწმენას, უფლისადმი პატივისცემას და ამ სანთელს ქრისტიანები დღესასწაულებზე ანთებენ.

შვიდი ზეთისცხება დიდ მარხვაში ტარდება, რომელიც არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და მისატევებელი ცოდვებისა. ზეთისცხების საიდუმლოში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა ქრისტიანს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს აღსარება ნათქვამი და ასე თუ ისე გამოხატავს სინანულს უფლის წინაშე.

ვნების შვიდეული არის გზა გეთსიმანიის ბაღიდან უფლის ჯვარცმამდე. გეთსიმანიის ბაღში მაცხოვარი ლოცულობს, მოწაფეებს კი დაღლილებს ეძინებათ. მაცხოვარი მათ აფხიზლებს და ეუბნება, სული გულსმოდგინეა, ხოლო ხორცი უძლური. იღვიძებდით ჩემთანაო. მოციქულების სახით მოუწოდებს ყველა ქრისტიანს, ვიღვიძებდეთ ჩვენს მაცხოვართან ერთად და წუთისოფლის საზრუნავებმა არ დაგვამძიმოს, არ გაგვიტაცოს ისე, რომ დაგვავიწყდეს ეს ძალიან ძვირფასი დღეები. საკუთარი მოწაფე ღალატით გასცემს მაცხოვარს, რომელსაც მხარზე ეამბორება. მაცხოვარი დიდი გულისტკივილით ეკითხება იუდას, - იუდა, ამბორისყოფით გასცემ? მაცხოვარი ცდილობს იუდას აღუძრას ეს სინანული და კიდევ აძლევს საშუალებას, დაფიქრდეს თავის საქციელზე. შემდეგ მაცხოვარი მიჰყავთ პონტოელ პილატესთან სამსჯავროზე, სადაც მას დაკითხვას უწყობენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, თავზე ეკლიან გვირგვინს ადგამენ და დასცინიან. მაცხოვარს საკუთარი ჯვარი მხარზე გადებული მიაქვს გოლგოთამდე. ფაქტობრივად მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები აიტანა გოლგოთაზე. ჯვრის სიმძიმე ნიშნავს კაცობრიობის ცოდვების ატანას გოლგოთის მთაზე, სადაც უფლის დათხეული სისხლით ცოდვებისაგან განიწმინდება კაცობრიობა. მთლიანად ვნების შვიდეული, ვნების კვირა დატვირთულია მაცხოვრის ამქვეყნიური ტანჯვა-წამებით და ჩვენ, ქრისტიანები, უნდა ვცდილობდეთ, მაცხოვარს მუდამ თანავუგრძნობდეთ. ამ დღეებში დავესწროთ ღვთისმსახურებას, მოვისმინოთ სახარებები, სადაც მაცხოვრის ჯვარცმაზეა საუბარი და ამგვარად განვიცადოთ მაცხოვრის ჯვარცმა და მისი ვნებები.

დიდი ოთხშაბათი
იუდეველთა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს არ უყვარდათ იესო ქრისტე, რადგან იგი ხშირად ააშკარავებდა მათ სიცრუეს. ლაზარეს აღდგინების შემდეგ, როცა უამრავმა ხალხმა იწამა მისი ღვთაებრიობა, მღვდელმთავარებმა გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი და დაუწყეს ძებნა.

მეოთხე დღეს უფლის იერუსალიმში მოსვლიდან მღვდელმთავართან მივიდა იესო ქრისტეს ერთი მოწაფეთაგანი - იუდა და უთხრა, რას მომცემთ, თუ იესო ქრისტეს გაჩვენებთო. ისინი ოცდაათ ვერცხლს შეჰპირდნენ და აი, გეთსიმანიის ბაღში, ოდეს უფალი თავის მოწაფეებთან ერთად იმყოფებოდა, იგი შეიპყრეს.

დიდი ხუთშაბათი
პასექამდე ორი დღით ადრე, ხუთშაბათ დილით, იესო ქრისტემ მოუხმო თავის მოწაფეებს - პეტრეს და იოანეს და უთხრა: "წადით ქალაქში, იქ თქვენ შეხვდებით კაცს წყლიანი კოკით, მიდით მასთან ერთად სახლში და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი კითხულობს, სად იქნება ბინა, სადაც მე ჩავატარებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად? ის გაჩვენებთ თქვენ დასუფთავებულ დიდ, თავისუფალ ოთახს. იქ მოამზადეთ საპასექო ბატკანი".

ისინი წავიდნენ და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც უთხრა იესო ქრისტემ. საღამოს მოვიდა იგი თავისი მოწაფეებით. როდესაც ყველა მაგიდას მიუსხდა, მან გაიხადა ტანსაცმელი, შემოიკრა პირსახოცი, ჩაასხა საბანელში წყალი, დაიწყო მოწაფეთა ფეხების ბანა და პირსახოცით შემშრალება. როდესაც ყველას დაბანა ფეხი, ჩაიცვა სამოსი და უთხრა მოწაფეებს: "იცით თუ არა, რა გაგიკეთეთ მე თქვენ? მაგალითი მოგეცით, რომ თქვენც ასე მოიქცეთ".

შემდეგ იესომ უთხრა მათ: "ერთი თქვენგანი გამცემს მე". ყველა შეშფოთდა. ეკითხებოდნენ: "ნუთუ მე, უფალო?"

მიეყრდნო მას მკერდზე მისი საყვარელი მოწაფე იოანე და ჩუმად ჰკითხა: "უფალო, ვინ, ვინ იქნება ის?" უფალმა ჩუმადვე უპასუხა: "ის, ვისაც მე თეფშში ამოწებულ ლუკმას მივცემ".

აიღო პურის ლუკმა, ამოაწო თეფშში, მისცა იუდას და უთხრა: "რასაც შენ აკეთებ, გააკეთე საჩქაროდ".

იუდა გავიდა. მოწაფეებმა იფიქრეს, რომ იგი იესომ რაიმეს საყიდლად ან მოწყალების დასარიგებლად გაგზავნა. როცა მაცხოვარმა შეასრულა ებრაული პასექი, აიღო პური, აკურთხა, დატეხა, დაურიგა მოწაფეებს და უთხრა: "მიიღეთ და ჭამეთ. ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის წამებული". შემდეგ აიღო სასმისი ღვინით, აკურთხა და მისცა მათ შემდეგი სიტყვებით: "შესვით ბოლომდე, ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა".

და დასძინა: "აკეთეთ ეს მოსახსენებელად ჩემდა". ამგვარად დადგინდა საიდუმლო ზიარება. მოციქულები პურითა და ღვინით ეზიარნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

დიდი ძალა აქვს დიდ ხუთშაბათს მიღებულ ზიარებას. არა მხოლოდ შესანდობლად ცოდვათა ჩვენთა, არამედ განსამტკიცებლად მომავალი კეთილი სულიერი ცხოვრებისა ჩვენისა.

დიდი პარასკევი
ჯარისკაცებმა შეიპყრეს რა იესო ქრისტე, მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ აჰკიდეს მას ჯვარი და წაიყვანეს გოლგოთის მთაზე, იერუსალიმის მახლობლად. აქ იგი გააკრეს ჯვარზე ორ ავაზაკს შორის. ჯვარს ზემოთ პილატეს ბრძანებით მიაკრეს ფიცარი წარწერით: "იესო ნაზარეველი მეუფე ჰურიათა". ხოლო მაცხოვარი, ოდეს მას ჯვარზე ლურსმნებით აჭედებდნენ, ღმერთს ავედრებდა თავის მტრებს და ამბობდა: "მამაო ჩემო, შეუნდე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი დასცინოდნენ უფალს და ამბობდნენ: თუ მეუფეა ისრაელთა, დე, ჩამოვიდეს ჯვრიდან და ჩვენ ვიწამებთ მას. ასევე ამბობდნენ ხალხი და ჯარისკაცები. ერთი იესო ქრისტეს გვერდით ჯვარზე გაკრული ლანძღავდა მას და ეუბნებოდა: "თუ შენ ქრისტე ხარ, დაიხსენი შენი თავი და ჩვენც დაგვიხსენი". მაგრამ მეორე ავაზაკი აჩერებდა: "ნუთუ არ გეშინია ღმერთის, როდესაც შენ თავად გაქვს მისჯილი იგივე? ჩვენ მისჯილნი ვართ სამართლიანად; მას კი ცუდი არაფერი ჩაუდენია". ავაზაკმა მიმართა იესო ქრისტეს: "მომიხსენე მე, უფალო, როდესაც მიხვიდე შენს სასუფეველში".

იესო ქრისტემ უპასუხა: "ამინ, გეტყვი შენ. დღესვე იქნები ჩემთან სამოთხეში".

უფლის ჯვართან მისი წამების ჟამს იყვნენ დედამისი მარიამი და მისი საყვარელი მოწაფე იოანე; მაცხოვარმა გადმოხედა დედას და უთხრა: "აი, შენი შვილი", შემდეგ იოანეს უთხრა: "აი, დედა შენი". იმ დღიდან ყოვლადწმინდა მარიამი იოანესთან გადავიდა სახლში და მიძინებამდე იქ ცხოვრობდა. იესო ქრისტე ჯვარს აცვეს შუადღისას. უეცრად მზემ დაკარგა ნათელი, რათა დაეთრგუნა უგუნურება ადამიანთა მოდგმისა. ჩამოწვა დიდი სიბნელე, რომელიც სამ საათს გაგრძელდა. საღამოს იესო ქრისტემ წარმოთქვა: "აღსრულდა" და ხმამაღლა შეჰღაღადა: "მამაო, შენ განდობ ჩემს სულს" და განისვენა. იმავ წამს მიწა იძრა და ტაძრის ფასადი გაირღვა, კედლები დასკდა, საფლავები გაიხსნა და მრავალი შესვენებული წმინდანის გვამი აღდგა, შევიდნენ წმინდა ქალაქში და მრავალთ გამოეცხადნენ.

ვინაიდან მეორე დღეს - შაბათს დიდი დღესასწაული იყო პასექისა, მღვდელმთავრებმა სთხოვეს პილატეს ნებართვა ჯვარცმულთათვის წვივების გადამტვრევისა, რათა ისინი მალე მომკვდარიყვნენ.Pპილატემ ნება დართო. მაშინ ჯარისკაცები მივიდნენ და ავაზაკებს გადაუმტვრიეს წვივები. როდესაც იესოსთან მივიდნენ, ნახეს, მკვდარი იყო და ხელი არ ახლეს, მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა მას შუბით განუგმირა გვერდი და ჭრილობიდან სისხლმა და წყალმა იფეთქა.

საღამოს პილატესთან მივიდა იოსებ არიმათიელი, მაცხოვრის საიდუმლო მოწაფე, და იესოს გვამი სთხოვა. მერე იგი წმინდა ტილოში შეახვია, აპკურა ნელსაცხებელი და კლდეში გამოკვეთილ სამარხში, რომელშიც არავინ იყო დამარხული, შეასვენა. ამას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მენელსაცხებლე დედებიც ესწრებოდნენ.

დიდი შაბათი
დედებმა, რომლებიც მაცხოვრის დაკრძალვას ესწრებოდნენ, მოამზადეს ნელსაცხებელი, რათა მეორე დღეს იესოს სხეულისათვის წაეცხოთ. მღვდელმთავრები კი პილატესთან მივიდნენ და სთხოვეს, საფლავთან გუშაგები დაეყენებინათ, რათა მის მოწაფეებს მისი გვამი არ მოეპარათ და ხალხისთვის არ ეთქვათ, აღდგაო.

როდესაც იესო ქრისტეს სხეული საფლავში ესვენა, მისი სული ჩავიდა ჯოჯოხეთში. აცნობა გარდაცვლილთა სულებს თავისი გამარჯვება სიკვდილზე, გადმოიყვანა იქიდან სამოთხეში ის სულები, რომლებიც იმედით ელოდნენ მის მოსვლას.

აღდგომა
"ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".

ყური მიუგდეთ ამ საოცარ სიტყვებს. იგი გვიხმობს, მივიღოთ ეს წყალობა, ეს ნათელი ქრისტესი. კვლავ ინება უფალმა ჩვენთან შეხვედრა. დაიმახსოვრეთ მისი სიტყვები: "ნუ გეშინიან, რამეთუ შენთანა ვარ. ნუ შეცდები, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმა განგაძლიერე შენ და შეგეწიე შენ და დაგიფარე შენ მარჯვენითა მართლითა ჩემითა".

***
მაცხოვრის გარდამოხსნის რიტუალის შემდეგ ხდება ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის დატირება. ეს არის გულისშემძვრელი და ნაღვლიანი საკითხავი, რომლის მიმართაც ქრისტიანი გულგრილი ვერ დარჩება. ეს კიდევ ერთხელ განგვაცდევინებს იმას, თუ რა განიცადა ყოველადწმინდა ღვთისმშობელმა საკუთარი ძის მიმართ და როგორ დასტიროდა საკუთარ მხოლოდშობილ ძეს.

ამის შემდეგ სამგლოვიარო განწყობა წყდება და ვემზადებით წმინდა აღდგომისთვის. ტაძრის შესამოსელი შავი ფერიდან გადადის სამხიარულო ფერში. წითელი ფერით მშვენდება მთელი ტაძარი და ემზადება ბრწყინვალე აღდგომისათვის. ადამიანი იმდენად განიცდის დღესასწაულს, რამდენადაც ის მანამდე ემზადებოდა ამისათვის.

მთელი ორმოცი დღის განმავლობაში აღდგომის შემდეგ ქრისტიანები "ქრისტე აღსდგათი" ვესალმებით ერთმანეთს და ვპასუხობთ, რომ ჭეშმარიტად აღსდგა. ამის შემდეგ მოდის ბრწყინვალე შვიდეული, რომელიც არის სადღესასწაულო განწყობა. მთელი კვირა ვადიდებთ მკვდრეთით აღმდგარ უფალს, რომელიც დაჯდა მარჯვენით მამისა და რომლისკენაც ამიერიდან მოწოდებულია ადამიანური ბუნება სამოთხეში დამკვიდრებისათვის. მაცხოვრის აღდგომით კაცობრივი ბუნება იქნა ზეცაში აღყვანებული.

აღდგომის დღესასწაულზე ვარძიაში ამოდის მრევლი. განწყობა სადღესასწაულოა, მსგავსად საერო ტაძრებისა. არის უფრო დიდი მყუდროება. ლიტანიობა ხდება ვარძიის გამოქვაბულებში, ანთებული სანთლებით, ხატებით. წრეს ვუვლით ტაძარს. ამ დროს გალობენ - "ქრისტე აღსდგა!"

ყველას ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვისურვებდი, რომ თითოეულ ადამიანს განეცადოს აღდგომის უდიდესი სიხარული. უფალი მოუწოდებს ყველას, ვინც იმარხულა, ვინც ვერ იმარხულა, რომ არავინ წავიდეს სულიერი ტრაპეზიდან მშიერი. სულიერ ტრაპეზზე მოუწოდებს უფალი ყველა ადამიანს და ყველა ადამიანისთვის აღდგა მაცხოვარი, ვინც იღვაწა და ვინც ვერ იღვაწა, ვინც იმარხულა და ვერ იმარხულა. უფალი ყველას მოუწოდებს ამ სიხარულისკენ. უფალს ყველა უყვარს, მიუხედავად ადამიანური ნაკლისა თუ სისუსტეებისა. უფალი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, განიცადოს ეს სიხარული, რამდენადაც მათ შეუძლიათ ამისი დატევა.
ბეჭდვა
1კ1