გეთსიმანია
გეთსიმანია
აღდექით, წარვიდეთ ამიერ,- არა გოლგოთისაკენ, არამედ აღდგომისაკენ, ზეციური სამშობლოსაკენ, საუკუნო სიხარულში!
ეს იყო ღამე, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება, ვიდრე იქნება ქვეყნიერება

იერუსალიმის აღმოსავლეთით, დიდ ველზე გადის კედრონის შენაკადი, რომელზეც თავის დროზე საკუთარი შვილისაგან დევნილი დამწუხრებული მეფე დავითი გადავიდა. სწორედ მის ახლოს, ელეონის მთის ძირში, მდებარეობს გეთსიმანიის ბაღი. ახლაც არის აქ შემორჩენილი რამდენიმე ძველი ზეთისხილის ხე. ამჟამად ეს ბაღი დაბალი ღობითაა შემოზღუდული. აქ უყვარდა უფალს განმარტოება თავის მოწაფეებთან ერთად; ამ ბაღში ხშირად ევედრებოდა თავის ზეციურ მამას და საიდუმლო სერობის შემდეგაც, წამების წინა ღამეს, სწორედ აქ მოვიდა მოციქულებთან ერთად: "მაშინ მოვიდა იესო მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქვიან გეთსიმანია". სამოთხეში, ედემის ბაღში მოხდა პირველი ადამიანის ცოდვით დაცემა; გეთსიმანიის ბაღში კი დაიწყო მეორე ადამის - იესო ქრისტეს გამომხსნელი ტკივილები. "წინასწარმეტყველი ისაია ამბობს: "მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისაგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული, მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისათვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ" (ისაია 53,4-5). ცოდვები მთელი კაცობრიობისა, დაწყებული მართალი აბელის სისხლით, დამთავრებული ღვთისმგმობელი ანტიქრისტეს მიმდევრებით, ღმერთკაცის წმინდა და სუფთა გულს დაეცა", - წმინდა დიმიტრი როსტოველი. რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს გეთსიმანიის ბაღში 2000 წლის წინ... და რა სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ისტორიულ ფაქტს?... გვესაუბრება ლაზარეს აღდგინების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე.

- ხორციელ მწუხარებათა დაწყებამდე, სანამ უფალს შეიპყრობდნენ, შემდეგ პილატეს პრეტორიაში მიიყვანდნენ და გაასამრთლებდნენ, ბოლოს კი გოლგოთაზე აღმართულ ჯვარზე გააკრავდნენ, გეთსიმანიის ბაღში მან უდიდესი შინაგანი მწუხარება და სულიერი ტანჯვა დაითმინა. ეს იყო ღამე, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება, ვიდრე იქნება ქვეყნიერება. ეს იყო ღამე ქვეყნიერების მხსნელის სიკვდილისწინა მწუხარებებისა, ყველაზე საშინელ და აუტანელ მწუხარებათა გადატანისა... "და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი, და ვილოცო". უფალმა ეს უთხრა მოწაფეებს, რათა დალოდებოდნენ მას, ვიდრე ილოცებდა და "წარიყუანნა პეტრე, და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად", იაკობი და იოანეც იახლა თან, თავად კი - ბაღის სიღრმეში განმარტოვდა. "ყველა არ წაიყვანა, რათა არ დაბრკოლებულიყვნენ, არამედ წაიყვანა მხოლოდ ისინი, რომლებიც უკვე იყვნენ მოწმენი მისი დიდებისა" (წმინდა იოანე ოქროპირი). ამ მოწაფეებმა იხილეს უფლის დიდება თაბორის მთაზე, ისინი ასევე ესწრებოდნენ იაიროსის ასულის აღდგინებას, ამიტომაც სხვებზე მეტად შესწევდათ უნარი, დაენახათ უფლის დამდაბლებაც გეთსიმანიაში.

დადგა დიდი მწუხარების ჟამი, დრო დიდი გამოცდისა. "იესო ქრისტემ იწყო მწუხარებად და ურვად..." "კეთილგონივრულად წუხს იგი და ნაღვლობს, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - რათა თანმხლებ მოწაფეებს ერწმუნათ, რომ იგი ჭეშმარიტი ადამიანია, რადგან სიკვდილის შიში დამახასიათებელია ადამიანური ბუნებისთვის. სიკვდილი ადამიანთა მოდგმაში შემოვიდა არაბუნებრივად, ამიტომაც ადამიანურ ბუნებას ეშინია მისი და გაურბის მას. მწუხარებს კიდევ იმიტომ, რომ თავი დაფაროს ბოროტისაგან, რათა ეშმაკმა ისწრაფოს მისკენ, როგორც უბრალო ადამიანისკენ და მოკლას იგი, და ამგვარად თავად დაემხოს კიდეც", - მან მთლიანად გაუხსნა გული თავის მოწაფეებს: "მაშინ ჰრქუა მათ იესო: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა, და იღვიძებდით ჩემთანა. ეს სიტყვები სრულიად ახალი და მოულოდნელი გახლდათ მოწაფეთათვის, "რომლებიც მიეჩვივნენ ყოველთვის მშვიდი და დაწყნარებული მასწავლებლის ყურებას, - ამბობს მთავარეპისკოპოსი ინოკენტი, - არ ესმოდათ იმ წუთების განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ არ შეეძლოთ ეგრძნოთ ლოცვის უდიდესი საჭიროება. შეუდგნენ ამ წმინდა საქმეს, მაგრამ ღმერთკაცმა მალე შეიგრძნო, რომ ეს მცირე კრებულიც კი არ შეესაბამებოდა მის სულიერ მდგომარეობას, ამიტომ მიატოვა მოწაფენი, ბაღის სიღრმეში შევიდა, ხეებს მოეფარა... მოწაფეებს მაინც შეეძლოთ მთვარის სინათლეზე მისი დანახვა".

- როგორ აღწერენ მახარებლები უფლის მწუხარებას გეთსიმანიაში?

- გეთსიმანიის ბაღში მომხდარი ამბის მახარებლებისეული აღწერა მეტად ამაღელვებელია. წმინდა მათე ამბობს: "იწყო მწუხარებად და ურვად"; მარკოზი ამბობს: "იწყო დასულებად და ურვად"; ლუკა აღნიშნავს: "და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა, და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისა, გარდამომავალი ქუეყანასა ზედა". თვით უფალი ამბობს: "შეწუხებულ-არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე". აქამდეც ჰქონდა მას განცდილი ადამიანური მწუხარებანი, ტიროდა ლაზარეს გარდაცვალებას, დასტიროდა იერუსალიმს; მაგრამ ყველა ეს მწუხარება იყო ძალზე მცირე იმ მწველ მწუხარებასთან შედარებით, რითაც ახლა იყო აღსავსე მისი სული. "და წარვიდა მცირედ, და დავარდა პირსა ზედა თვისსა, მოიდრიკა მუხლნი, პირით დაემხო მიწაზე და ილოცვიდა..." "როცა გაიფიქრებ, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, - რომ ეს არის მხოლოდშობილი ძე დავითისა, მარადისობაში მყოფი მამისა და წმიდა სულის თანაარსი, ზეციურ საყდარზე მჯდომი და ახლაც ამ ზეციურ ტახტს არმოკლებული, - რომელმაც შეიმოსა რა ჩვენი სიღატაკე, უძლურება, სიმდაბლე, ახლა სალოცავად მიწაზეა დამხობილი, რათა ლოცვით გამოითხოვოს კაცობრიობის ხსნა, თავის უკიდურესად დამდაბლებით შეგვიმსუბუქოს ცოდვების ტვირთი, უმკურნალოს ჩვენს სიამაყეს, მაშინ რაღატომ არ უნდა დავემხოთ ჩვენ უსაზღვროდ კაცთმოყვარე უფლის წინაშე? ასე თუ განვსჯით, ხომ არაფრად უნდა მივიჩნიოთ ჩვენი ლოცვითი მუხლისდრეკა თუ თავის მიწამდე მოხრა, რაც ზოგჯერ ასე მძიმედ ეჩვენება ჩვენს ადამიანურ სისუსტეს, და შეიძლება ჩვენს სიზარმაცეს!" "დავარდა პირსა ზედა თვისსა", დავარდა მიწაზე... ადამის ცოდვის გამო დედამიწა დაწყევლილი იყო შემოქმედისაგან; ახლა კი ღმერთმა გააუქმა ეს წყევლა, დაემხო რა მაცხოვარი მიწაზე პირით, ხელებგაშლილი თითქოს ეამბორებოდა და ეხვეოდა მას. ამ ჟესტით მაცხოვარმა დედამიწა სიცოცხლის მიწად გადააქცია, ნაკურთხ მიწად! "მიწავ, მიწავ, - აღფრთოვანებით შესძახებს დიმიტრი როსტოველი, - შეისმინე სიტყვა: ღმერთი სიტყვა დაემხო შენზე პირით, - როგორც მეგობარი, დაიტირა რა უწინდელი შენი დაცემა, და ახლა ხელახლა მოგეხვია შენ, როგორც თავისიანს, მის წიაღში დაბრუნებულს!"...

- "დავარდა პირსა ზედა თვისსა და ილოცვიდა". და იტყოდა: "მამაო ჩემო! უკეთუ შესაძლებელ არს, - შენთვის კი ყოველივე შესაძლებელია, - თანა წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ..." გთხოვთ, განგვიმარტოთ ეს სიტყვები...

- "როდესაც მაცხოვარი ამბობს: "თანა წარმხედინ ჩემგან", ამით იგი აჩვენებს თავის ადამიანურ ბუნებას; ხოლო როცა ამბობს: "არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ", - ამით აჩვენებს თავის სიმამაცესა და სიმტკიცეს, რითაც ჩვენც გვასწავლის ღმერთის მორჩილებას, მიუხედავად ბუნების წინააღმდეგობისა" (წმინდა იოანე ოქროპირი). მაგრამ რას ნიშნავს ეს ვედრება და ლოცვა მამისადმი, რათა იგი იხსნას სიკვდილისაგან? თანაც ეს ლოცვა კვნესითა და ცრემლით, უდიდესი შინაგანი წუხილითაა წარმოთქმული... "სამართლიანია, რომ წამებანი უდიდესი გამოცდაა ყოველი ადამიანური სხეულისათვის, უდავოა, რომ წამება უფრო მეტად მტანჯველი შეიქნა ადამიანთა გამომხსნელის უწმინდესი სხეულისათვის, რომელიც, იმის გამო, რომ ცოდვასთან არ ჰქონდა წილი, იყო შეუდარებლად მგრძნობიარე სატანჯველებისადმი", - წერს მთავარეპისკოპოსი ინოკენტი.

მაგრამ თვით ეს შეურაცხყოფა და წამება უფალმა გადაიტანა არა წარმოსახვით, არამედ მოქმედებით, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, - რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ტანჯვა, იმ ღამესა და მეორე დღეს, ყოველგვარი შიშის გამოვლენის გარეშე, გამარჯვებულის სიმტკიცით, უმაღლესი სიმშვიდითა და მდუმარებით, სიყვარულისა და ლოცვის სიტყვებით. და თუ ერთ საიდუმლო წუთს მაინც უხმო: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე?", მაშინვე დაძლია თავისი ოხვრა მოზეიმე ხმით: აღსრულდა! შეეძლო კი ტარიგს, ქვეყნიური მწუხარებებით გამოწრთობილს, გაქცეოდა თავის სამსხვერპლოს? განა მას, "რომელი იგი მამამან წმინდა ჰყო", რომელსაც "უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" ებოძა ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების აღსრულების უზენაესი მისია, შეეძლო ასეთ დიდ საქმეში მერყეობა გამოეჩინა წამებაზე ფიქრითა და ურვით? თუკი იგი გამოიჩენდა მცირე მოუთმენლობასაც კი, განა მოხდებოდა ჩვენი გამოხსნა და დალოცვა?! "ნათლისღება მაქუს ნათლის-ღებად, და ვითარ შეურვებულ-ვარ, ვიდრემდე აღესრულოს" (ლუკ. 12,50).

- მაშ, რატომ უძღოდა წინ ხილულ სატანჯველებს დარდი, მწუხარება, საშინელება, სიკვდილამდე მისული, მტანჯველი სულის შეწუხება ("სული ჩემი შეწუხებულ არს ვიდრე სიკვდილამდე...")?

- მართლაც, რა სიმწარეს, რა სიმძიმეს შეიცავდა თავის თავში ეს საიდუმლო სასმისი, რომლის ასაცილებლადაც იგი ლოცულობდა, რომელსაც რუდუნებით დასტრიალებდა თავს და, ამავე დროს, ნებაყოფლობით ღებულობდა ზეციური მამის მარადიულ ნებასთან თანხმობით, როცა ამბობდა: "ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ". ეს სასმისი განასახიერებდა ჩვენი ცოდვების სიმწარეს, ეს იყო სიმძიმე ღვთის წინაშე ჩვენი მრავალრიცხოვანი დანაშაულისა და ჩვენთვის დამსახურებული სასჯელებისა და რაც უკლებლივ მიიღო და იხმია ღვთის ტარიგმა. მან იტვირთა ცოდვები ქვეყნისა, და იგი იტანჯებოდა, ძრწოდა, წუხდა სულით, სიკვდილამდეც კი... იმიტომ კი არა, რომ ამოიწურა მისი მოთმინება, არამედ იმიტომ, რომ თავისი სიღრმისეული ტანჯვით იგი წმენდდა ჩვენს შინაგან არაწმიდებას, გამოისყიდიდა ჩვენს დანაშაულებრივ ქმედებებს, აქარვებდა ჩვენზე გამწყრალ ღვთის მართლმსაჯულებას, და ამასთან ერთად ისევ და ისევ ჩვენი შეწყალებისა და გადარჩენისათვის ლოცულობდა, რაც კიდევაც შესმენილ იქნა. იგი იტანჯებოდა არა თავისი, არამედ ჩვენი მწუხარებით. სასმისი, რომელსაც მას ზეციური მამა აწვდიდა, ჩაძირავდა მთელ ქვეყნიერებას, მას ერთს მთლიანად რომ არ გამოეცალა იგი". ძე კაცისა ლოცულობდა სატანჯველთა სიმძიმით; ლოცულობდა მისი ადამიანური ბუნება წმინდა ადამიანური გრძნობებით. მთელი ადამიანური ცოდვის სიმძიმე, რაც უნდა დაეთმინა მთელ ქვეყანას თავისი უსჯულოებებისათვის, მას მხოლოს დააწვა ახლა მხრებზე. მეტად მძიმეა ერთი ცოდვაც კი... ასეთი ცოდვა კი უამრავია, როგორც ზღვაში ქვიშა. საკითხავია: როგორ არ გამოელია ძალ-ღონე ასეთი აუწონელი სიმძიმის ქვეშ მყოფ უფალს? "იგი ხედავდა კაცთა მოდგმის ყველა ცოდვას, პირველი ადამიანის - ადამის ცოდვიდან მოყოლებული, ანტიქრისტესა და მის მიმდევართა უკანასკნელ გმობამდე, - ამბობს მთავარეპისკოპოსი ფილარეტ ჩერნიგოველი, - ხედავდა ყველა უკეთურობას, მათ სისაძაგლეს ღვთის სიწმინდის წინაშე, და ამ უწმიდეს, უსუფთავეს სულში ყოველივე ეს აუტანელ ტკივილად აისახებოდა. ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შემრიგებელი, ახლა იდგა ღვთის მკაცრი სიმართლის წინაშე, რომელიც ასამართლებდა მას მის მიერ ტვირთული საკაცობრიო ცოდვებისათვის. ზეციური მამის განგება ყველაზე ძვირფასი იყო მაცხოვრისთვის და როგორღა ექნებოდა მას წინააღმდეგობა, გულისწყრომა ზეციური მამის მიმართ! "რამეთუ რომელმან იგი არა იცოდა ცოდუა, ჩვენთვის ცოდუაი ჰქმნა, რათა ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა" (2 კორ. 5,21).

- პავლე მოციქული ბრძანებს: "ადამიანთა გამომხსნელს უნდა დაეთმინა ყველაფერი და ყოფილიყო "გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა" (ებრ. 4,15)... მაგრამ უფლის სატანჯველი მაინც გამორჩეული და ყველაზე და ყველაფერზე აღმატებული იყო.

- "განსაცდელები, რომლებიც ადამიანთა მოდგმას ახასიათებს, არის ორი სახისა, - ამბობს მთავარეპისკოპოსი ინოკენტი, - განსაცდელი კმაყოფილებით და განსაცდელი ტანჯვით. პირველი განსაცდელი ყველა სახით ძე კაცისამ გაიარა თავისი ქვეყნიური მოღვაწეობის დასაწყისში, როცა უდაბნოში გამოიცადა ეშმაკისაგან. მეორე, უფრო მძიმე განსაცდელი, ელოდა ახლა. იგი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: გეთსიმანიისა და გოლგოთისაგან. გოლგოთაზე ძე კაცისას დახვდა ყოველგვარი საშინელებით გარემოცული ჯვარი, რომელიც უნდა ეზიდა ხილული დიდებულებით; მაგრამ მისი შინაგანი ჯვარი, ადამიანური უძლურების გამომხატველი სულიერი ტანჯვა არ უნდა ყოფილიყო დასანახი ყველასთვის, მით უფრო, არაწმიდა თვალისთვის. და აი, სწორედ ეს შინაგანი, ანუ უფრო ზუსტად, დაფარული და გასაიდუმლოებული ჯვარი ხვდება ღვთიურ ჯვრისმტვირთველს გეთსიმანიაში განმარტოების ჟამს და თავს ესხმის მთელი თავისი სიმძიმით იქამდე, რომ იძულებულს ხდის მიწამდე მოიხაროს თავი და შეღაღადოს მამას: თუ შესაძლებელია, მოარიდოს მწარე სასმისი! ეს იყო ყველა წამებისა და სიკვდილის ერთად დატევნა. მხოლოდ სინდისის ქენჯნასაც კი ახლავს ჯოჯოხეთური სისასტიკე და ულმობლობა. რადგან თუ ყველაზე უხეში ადამიანიც კი უძლურდება გაღვიძებული სინდისის ტანჯვისაგან, აწვალებს რა ცოდვილი ცხოვრების გახსენება, როგორი წამება ექნებოდა ღმერთკაცის უწმინდეს სულს, როცა იგი ახსენებდა და წარმოუდგენდა ცოდვებით დაფარულ მთელ ქვეყნიერებას? ესაა სწორედ სასმისი მოსალოდნელი წამებისა და სიკვდილისა, რომელიც გაზავებული იყო ადამიანური ცოდვებით, სჯულის წყევითა და ზეციური რისხვით, რაც მას ხდიდა საშინელსა და არასასურველს". განსაცდელებს კიდევ ემატებოდა ცოცხალი, გამოუცნობი აზრი, რომ უფლის სიბრძნის საცავებში იქნებ იყო კიდევ სხვა რაიმე საშუალება ადამიანთა გადარჩენისა, ღვთის ძის ჯვარზე აუსვლელად, ანდა იქნებ ეს სასჯელი სხვა დროისათვის ყოფილიყო გადადებული. "ამ შინაგანი ჯვრის დამძიმება, უდავოა, ეშმაკს, როგორც ქვეყნიერების მსახურსა და ბატონს, სამოქმედოდ მიცემული ჰქონდა, მსგავსად იმისა, როგორც მოქმედებდა ერთ დროს იობის კეთილი საქმეების გამოცდისას. ამიტომაც, საიდუმლო სერობის დასასრულს, ღვთიურმა მოწამემ თქვა: "მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისა" (იოან. 14,30). და ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, პირდაპირ წავიდა მასთან შესახვედრად" (მთავარეპისკოპოსი ინოკენტი). და აი, ღამის სიჩუმეში, გეთსიმანიის ბაღის სიბნელეში, ჩვენი მხსნელი, "სულიერ მწუხარებათაგან შეძრწუნებული, დაემხო მიწაზე, როგორც ყველაზე უკანასკნელი ძე ადამის მოდგმისა, მწუხარებდა სასიკვდილოდ და ებრძოდა განსაცდელს: "და იყო ღუაწლსა შინა", - ამბობს წმიანდა ლუკა (22,44), - "და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისა, გარდამომავალი ქუეყანასა ზედა". წარღვნის ნიაღვრებმა ერთ დროს დაღუპეს უსჯულო ადამიანები, მაგრამ ვერ აღმოფხვრეს უსჯულოებანი დედამიწიდან. ერთ დროს დაეწვეთა მიწას უდანაშაულო აბელის სისხლი, და მისი სისხლი შეღაღადებდა ზეცას შურისძიებას... ახლა კი მიწაზე იღვრებოდა სისხლიანი ოფლი მაცხოვრისა.

"მაგრამ ვინ მოგაყენა შენ, უფალო, ჭრილობა და ასე დაგჭრა? - კითხულობს წმინდა დიმიტრი როსტოველი და თავადვე პასუხობს: ესაა სიყვარული, სიკვდილივით მტკიცე სიყვარული კაცთა მოდგმის მიმართ!"

- რა გრძნობები ებრძოდნენ ერთმანეთს ღმერთკაცის უწმინდეს სულში სიკდილზე ფიქრისას?

- ეს იყო შიში და სიყვარული. ძლიერია შიში, მტკიცეა სიყვარული და აი, ეს ორი გრძნობა ებრძვის მას და სისხლით ხდება განწმენდა! იობი ამბობს: "ვინც თესავს უკეთურებას, იგი იმკის მწუხარებას, შენ კი, მშვიდო და უბოროტო ჩვენო უფალო, შენ არ დაგითესავს არაწმიდება, და აი, იმკი მწუხარებას! ჭეშმარიტია შენი სიტყვა, სხვაა მთესველი და სხვა მომკალი". ჩვენ დავთესეთ ცოდვა, შენ კი იმკი ჩვენ გამო სნეულებით!.. ჭეშმარიტად ჯოჯოხეთურმა სატკივარებმა მოიცვა მაცხოვარი, მწუხარების ზღვა ერტყა გარს მის სულს იმ მეტად მწუხარე ჟამს! "ო, როგორი უგუნურნი, როგორი უგრძნობელნი ვართ, ვისაც ცოდვა გვიყვარს, ასე რომ ვაწამებთ ძე ღვთისას! როგორ სატანჯველებად, როგორ სასჯელებად ვღირვართ ჩვენ, რომელნიც უგულებელვყოფთ ჩვენი მხსნელის ტანჯვას, რითაც სურს ჩვენი უსჯულოების დაფლვა? შეგვიწყალე, შეგვიწყალე ჩვენ, დაუსრულებელო მოწყალებავ! - ამბობს მთავარეპისკოპოსი ფილარეტ ჩერნიგოველი, - გევედრებით, შენი ტანჯვა-წამებით მოგვეცი ჩვენ შიში, საპირისპირო ცოდვისა, რის გამოც მოგაყენეთ ამდენი საშინელება; აღგვავსე ჩვენ ზიზღითა და სიძულვილით არაწმიდების მიმართ, ჩვენს გულებს რომ მუსრავს!.."

- სულიერ მწუხარებაში შეწყვიტა იესო ქრისტემ ლოცვა და მიაშურა თავის უსაყვარლეს მოწაფეებს, რათა თავისთვის ნუგეში ეცა მათთან სიახლოვითა და ლოცვით, და რათა ისინიც განემტკიცებინა გამაფრთხილებელი სიტყვით. მაგრამ მან ისინი ნახა მძინარენი დარდისაგან... რატომ ვერ შეძლეს მოწაფეებმა მცირე ხნით უფალთან ერთად სიფხიზლე?

- "და მოვიდა მოწაფეთა თანა, და ჰპოვნა იგინი მძინარენი". მტანჯველი, თუმცა გაურკვეველი გრძნობა, დამამძიმებელი მოლოდინი მოახლოებული განშორებისა, რომელზედაც სულ ცოტა ხნის წინ ესაუბრებოდა უფალი მოციქულებს, მთელი დღის დაღლილობა - ყველაფერმა ამან მოციქულების სხეული იქამდე მოაუძლურა, რომ ისინი ახლა ლოცვისთვის შეიქნენ სრულიად გამოუსადეგარნი. ეძინა პეტრესაც, იმ პეტრეს, რომელიც ცოტა ხნის წინათ ჰპირდებოდა მოძღვარს მისთვის თავის გაწირვას... დიდი გულისტკივილით უთხრა მას უფალმა: და ჰრქუა პეტრეს: "სიმონ! გძინავს განა? ან იქნებ აღარ გინდა პეტრედ, რწმენის სიმტკიცედ, ყოფნა? ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ-ერთ მღვიძარებად ჩემთანა? განა შენ არ ამბობდი, რომ მზად იყავი ჩემთვის თავის დასადებად? შენ უკვე გძინავს ახლა: რა იქნება მაშინ, როცა ნამდვილი განსაცდელი დადგება? ეს განსაცდელი კი უკვე ახლოსაა: ნუ გექნებათ თავის იმედი, იღვიძებდით და ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა. "მე შეგინდობთ თქვენ, რადგანაც ჩაგეძინათ არა იმიტომ, რომ უყურადღებონი ხართ ჩემს მიმართ, არამედ თქვენი უძლურების გამო", - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე. სული გულს-მოდგინე არს, თქვენი სული, რა თქმა უნდა, მიმართულია მომავალი განსაცდელის წინააღმდეგ საბრძოლველად, და შეუძლია, ჩემდამი სიყვარულის გამო, შეებრძოლოს მას, ხოლო ხორცნი თქვენნი ანუ ადამიანური ბუნება, უძლურია მწუხარებისა და უბედურებების ჟამს. მაცხოვრის ხმა გამოხატავდა იმას, რომ ეს სიტყვები იღვრებოდა დარდისაგან მოწყლული გულიდან!.. "ვის არ გამოუცდია საკუთარ თავზე სამართლიანობა უფლის ამ სიტყვებისა? - კითხულობს მთავარეპისკოპოსი ფილარეტი (ჩერნიგოველი), როცა ვიწყებთ ფიქრს გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაზე, რომელიც ცოდვილთათვის ასე მკაცრია, რამდენი კეთილი განზრახვა, რამდენი წმინდა გრძნობა იშვება ჩვენში! ეს ნიშნავს, რომ სული ფხიზელია, სხეული კი - უძლური".

- გეთსიმანიის ბაღში გამოვლინდა და აღსრულდა მაცხოვრის ადამიანური ნების ღვთაებრივისადმი სრული მინდობის, სინერგიის აქტი...

- უფალი განეშორა მოწაფეებს და ისევ განაგრძო ლოცვა: "კუალად მეორედ წარვიდა, და ილოცვიდა, და ჰსთქუა: მამაო ჩემო! უკეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანა წარსლუად ჩემდა, რათამცა არა შევსვი იგი; იყავნ ნება შენი!" იგივე ლოცვა აღავლინა, მაგრამ მლოცველი ღმერთკაცის გულში უკვე მოხდა ცვლილება: "უკვე აღარ ისმოდა პირდაპირი ვედრება მწუხარების სასმისის არიდებისა, არამედ აქ ჩანდა ძლიერი დარწმუნება ჯვარზე წამების სიკეთის აუცილებლობისა; აღარ ჩანდა უწინდელი აზრი იმისა, რომ მამას ყველაფერი შეუძლია; ღვთის ნებისადმი ერთგულება უკვე გამოკვეთილი იყო ცოცხლად და სრულად, ხოლო საკუთარი სურვილი შესამჩნევად კლებულობდა და იწყებდა გადასვლას ღვთაებრივი განგებულების უსიტყვო მინდობაში". არასოდეს ასეთი სიცხადით არ გამომჟღავნებულა მასში ერთობა ღვთიურისა და ადამიანურისა, როგორც ამ საშინელ ჟამს. ეს იყო ჟამი ქრისტეს უდიდესი თავგანწირვისა. ასე, უწმიდესი, უცოდველი, წმიდა ბუნება ადამიანური, იესო ქრისტეს სახით, თავისი ნებით მიენდო ღვთის ნებას; უფალი, რომელიც უძლური ადამიანის მსგავსად თავიდან ირიდებდა მწუხარებათა სასმისს, ახლა ღებულობს მას ზეციური მამის ხელიდან, როგორც ღმერთი. საკვირველმა სიმდაბლემ სურვილი აღუძრა, მისულიყო მოწაფეებთან, რათა მიეღო მათი ლოცვიდან რაღაც ნუგეში და სიმტკიცე; მისი სიყვარული ზრუნავდა მათ უძლურებაზეც და მას არ შეეძლო მათი დავიწყება მაშინაც კი, როცა თავად იტანჯებოდა, - და კუალად ჰპოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყუნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და იმათ აღარც კი იცოდნენ, მისთვის რა ეპასუხათ. და ისევ დატოვა ისინი, ისევ დაემხო მიწას და უფრო მეტად იწყო ლოცვა, ისე, რომ სისხლად იღვრებოდა... და დაუტევნა იგინი, და კუალად წარვიდა მესამედ, და ილოცა, და მასვე სიტყუასა იტყოდა.

ასე აღსრულდა მასზე ძველი აღთქმის მახარებლის, წინასწარმეტყველ ისაიას სიტყვა: "მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან" (ეს. 63,3). და ლოცვაზე ხილული პასუხის ნაცვლად, ანგელოზი წარდგა მასთან, რათა იგი განემტკიცებინა. ეს ისე მოხდა, რომ ახლოს მყოფ მოწაფეებსაც შეეძლოთ მისი დანახვა, რომელიც საიდუმლოდ ესაუბრებოდა მათ მოძღვარს. როგორც უდაბნოში, ეშმაკისაგან პირველი გამოცდისას, უფალს მიეახლნენ ანგელოზები და ემსახურებოდნენ, ასევე ახლაც, გეთსიმანიაში მლოცველ მაცხოვარს მიეახლა ანგელოზი, რათა მისი კაცური ბუნება განეძლიერებინა მომავალი სატანჯველების გადასატანად, დაეშოშმინებინა მისი შეშფოთებული და მწუხარე სული და აღევსო იმ ნუგეშით, რომელიც მას შეეძლო მიეღო უახლოესი მოწაფეების ლოცვითი თანაგრძნობიდან, ხორციელ სისუსტეს რომ არ ეძლია ისინი. ანგელოზმა განამტკიცა იესო, რომელიც თავად ეზიდებოდა ყოველივეს თავისი სიტყვის ძალით! როგორი საკვირველი საიდუმლოა დამალული ამ ყველაფერში! ჭეშმარიტად როგორი მიუწვდომელი სიღრმეა ჩვენი მხსნელის ღვთიური თავმდაბლობისა!.. "მე არ მეცოდინებოდა, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - როგორი განუზომელია უფლის ზრუნვა და სიყვარული ცოდვილი ადამიანის მიმართ, თუკი იგი არ გამოაჩენდა ჩემ წინ, რა უღირდა თითოეული ადამიანი". "თუ ჩვენც შეგვემთხვევა განსაცდელი, დავდგეთ მლოცველი იესოს გამოსახულების წინაშე, შევხედოთ სასმისს, ზევიდან ჩამომავალს, დავემხოთ ზეციური მამის წინაშე და მივმართოთ მისი მხოლოდშობილი ძის სიტყვებით; ჩვენც გვერდს გვივლის ეს სასმისი; თუმცაღა, არა როგორც ჩვენ გვსურს, არამედ როგორც შენ, დაე, იყოს შენი ნება! და ზეციური მამაც შეისმენს ჩვენს ლოცვას, როგორც შეისმინა თავისი მხოლოდშობილი ძის ვედრება და დამშვიდებული სინდისი და დაწყნარებული გული იქნება ჩვენთან განმაძლიერებლად ანგელოზის ნაცვლად" (მიტროპოლიტი ფილარეტი).

- "შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღვიძებდით ჩემ თანა" (მათე 26,38). მოწაფეებისადმი უფლის ეს მიმართვა რამდენად უნდა იქცეს ჩვენთვის იმის შეხსენებად, რომ გვმართებს მღვიძარება უფალთან ერთად?...

- ესაა მაცხოვრის ბრძანება, უფრო სწორად, თხოვნა მოწაფეთა მიმართ, მაგრამ საბრალო, დაღლილმა მოწაფეებმა ეს ვერ აღსასრულეს. "სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ" (მათე 26,41). ადამიანურმა ხორცმა თვით მოციქულებშიც კი ჩაახშო სულიერი სიფხიზლე. ნაწილობრივ ჩვენც ხომ არ მოგვმართავს მაცხოვარი: "დაადგერით აქა და იღვიძებდით ჩემ თანა"? იგი ჩვენ არ გვტოვებს; თუმცა უხილავად, მაგრამ ჩვენთანაა ყოველთვის. ამის გააზრებისას ჩვენი მიწიერი ცხოვრება საღმრთო და საზეიმო ღამედ გარდაისახება.

"დაადგერით აქა", - ამბობს უფალი, და ელოდეთ ჩემს მოწოდებას.

ელოდეთ, ზოგჯერ წუხილსა და ტანჯვათა შორის, მაგრამ ყოველთვის ამომავალი დაფიონისკენ მომზირალი, მტკიცე დაჯერებით, რომ იგი ხილულად წარდგება ჩვენ წინაშე. გავიგონებთ მის ხმას, რომ მოგვიხმობს: "აღდექით, წარვიდეთ ამიერ", - უკვე არა გოლგოთისაკენ, არა ჯვრისაკენ, არამედ აღდგომისაკენ, ზეციური სამშობლოსაკენ, საუკუნო სიხარულში!

"იღვიძებდით ჩემ-თანა". ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მარტონი მწუხარებაში; "ახლოს ხარ შენ, უფალო!" (ფს. 118,151). ისე ახლოს, რომ ყოველი ჩვენი გადაჩურჩულება გესმის, ამჩნევ ყოველ ამოოხვრას. ზეციური მამა თანაგვიგრძნობს და ელის იმ წუთს, როდესაც ჩვენ მზად ვიქნებით მივიღოთ მისი დახმარება; მაშინ ის წარმოგვიგზავნის შვებას. მაცხოვარი თავადაც საჭიროებდა თანაგრძნობას, მაგრამ ხორციელი უძლურების გამო მოწაფეებმა ვერ შეძლეს უმძიმეს წუთებში თანაგრძნობით მისი გამხნევება. მასზე უკეთ ვინ გაიგებს ჩვენს წუხილს? იგი ყოველთვის ახლოსაა ჩვენთან და შეგვეწევა გამოვეხმაუროთ მის მოწოდებას: "იღვიძებდით ჩემ თანა". დიახ, უფალო! შემეწიენ ჩვენ, გამოგვაღვიძე ცოდვილი ძილიდან, იმდენად შეგვაძლებინე შენთან ერთობა, რომ ჩვენ ვერ შეუძლოთ თვლემა სულით, ოდეს გვიხმობენ საქმენი შენნი, ოდეს საჭიროება გაქვს თვით შენს უძლურ თანამოღვაწეებში! "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ" (მათე 9,37), - თქვი შენ. შენ თავად წარხვედ ზეცად, გარნა საქმენი შენნი დაშთა ქვეყანასა ზედა; შეგვაძლებინე, რომ ჩვენი მცონარებისა გამო ამ წმინდა საქმემ რაიმე დანაკლისი არ ნახოს!
ბეჭდვა
1კ1