ეშმაკისეული მდგომარეობა მძაფრდება ქრისტიანულ სიწმინდეებთან მიახლებისას
ეშმაკისეული მდგომარეობა მძაფრდება ქრისტიანულ სიწმინდეებთან მიახლებისას
საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვა: ფსიქიკური დაავადება ჯვარია თუ სასჯელი? რამდენად მძიმე ჯვარია შეპყრობილობის მდგომარეობა, ამ თემაზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

- გთხოვთ განგვიმარტოთ, რა არის შეპყრობილობის მდგომარეობა?

- ეშმაკისეული შეპყრობილობის მდგომარეობა გახლავთ ფსიქიკური აშლილობა (ძირითადად ქცევითი). ამ დროს განსაკუთრებით კარგად ჩანს რელიგიური მომენტი. ამ აშლილობას, ეკლესიური განმარტებით, ეშმაკისეულ მდგომარეობას უწოდებენ და, უპირველესად, გულისხმობს იმას, რომ იგი მძაფრდება ქრისტიანულ სიწმინდეებთან მიახლებისას, იქნება ეს ჯვარი, ხატი, წირვის დროს მორწმუნეთა საზიარებელი ჭურჭელი თუ სხვა რამ. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ილანძღება, ბილწსიტყვაობს, ყვირის სხვადასხვა სახის უღირს სიტყვებს, ეწყება კრუნჩხვები, ზოგიერთი კივის არაადამიანური ხმით, ზოგი ძაღლივით იყეფება, მამალივით ყივის, ქალი იწყებს მამაკაცის ბოხი ხმით მატყველებას, სასულიერო პირთა და გვერდით მყოფთა შეურაცხყოფას, ზოგჯერ ავლენენ დიდ ფიზიკურ ძალას რაიმე დიდ სიწმინდესთან მიახლების მცდელობისას. ასეთი ავადმყოფები ხანდახან საუბრობენ სხვისი სახელით და კრიტიკულ დროს გრძნობენ თავს მტრული ძალის ტყვეობაში, რის გამოც მეტად იტანჯებიან. მათი სახე, განსაკუთრებით შეტევებისას, გამოხატავს უკიდურეს წამებას და ამასთან ახდენს სხვაზე ყოველივე ამისგან სწრაფად განრიდების შთაბეჭდილებას. უნდა ითქვას, რომ ასეთი შემოტევები უფრო მძაფრდება საეკლესიო დღესასწაულების, რიტუალების ჩატარებისას. ამ დროს ფსიქიკური აშლილობის გამოვლენა ნაძალადევ ხასიათს ატარებს, რადგან ადამიანისთვის მიუღებულია, საძულველია ყოველივე ის, რასაც აკეთებს, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგული აქვს. სხვა ფსიქიკური აშლილობებისაგან განმასხვავებელ ნიშნად ითვლება ისიც, რომ ადამიანს აქვს კრიტიკული დამოკიდებულება ყოველივე იმის მიმართ, რაც ხდება მასთან.

- ამ მდგომარეობის გამოვლენის როგორი ფორმები და შემთხვევები არსებობს?

- სასულიერო პირის ვლადიმერ ემელიჩევის წიგნში "შეპყრობილები და ბოროტ სულთა განდევნა" ვხვდებით ასეთ შემთხვევათა აღწერას: საღვთო ლიტურგიის ჩატარებისას, როცა წმიდანაწილებიანი თასი გამოიტანეს საზიარებლად, ერთმა ქალმა არაადამიანური კივილი მორთო და ისტერიული შეტევა მოუვიდა, მაგრამ როგორც კი იგი გაიტანეს, მაშინვე დაწყნარდა. ერთ-ერთ მონასტერში ზეთისცხებაზე დასწრებისას 12 კაცში რამდენიმე ეშმაკისეულ მდგომარეობაში მყოფიც აღმოჩნდა. ეს მათთვის ზეთის პირველი ცხებისთანავე გამჟღავნდა, მანამდე კი ჩუმად იდგნენ. პირველს, მარცხნივ მდგარს, კრუნჩხვა დაეწყო, დაიგრიხა და აკვნესდა საშინლად, მერე აღრიალდა. მეორე შეპყრობილმა ქალმა უხეში, მამაკაცური ხმით ყვირილი მორთო: "არ გამოვალ, არ დაგნებდები, არ გამოვალ, არ დაგნებდებიო". არადა, ლოცვის წინ კარგად ჩანდა, თუ როგორ ლაპარაკობდა ჩვეულებრივად. უკან ძაღლის ყეფის ხმა და ამასთან გაისმა სიტყვები, - "უფალო, შემიწყალე". სანამ ეს რიტუალი მიმდინარეობდა, მუდმივად ისმოდა ყეფა და შემდეგ "უფალო, შემიწყალეს" ცრემლნარევი ხმა.

აქ ერთ პატარა შემთხვევას მოვიყვანთ, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოჰყვა: "ერთხელ მორწმუნეებმა მითხრეს: - ეკლესიაში დადის ერთი ქალბატონი, იგი ხედავს მოძღვარს, მის სხეულს, მის სახეს კი ვერ აღიქვამს. აღსარებაზე მიდის და ვეღარ ეზიარება. რაღაც უშველეთო. საღამოს ლოცვა იყო, მე მაშინ მღვდელმონაზონი გახლდით. დამთავრდა იგი და მაჩვენეს, ვინც იყო. ხელი მოვკიდე, წინ გამოვიყვანე და ლოცვის წაკითხვა შევთავაზე. კვეთებულის ლოცვა არის "კურთხევანში", რომლითაც განიდევნება ადამიანიდან ბოროტი ძალა. საოცარია, მიმეორებდა, სხვა დროს იყოს, სხვა დროსო. არა, ახლავე უნდა წაგიკითხო-მეთქი. წინ დავაყენე და საკურთხეველში უნდა შევიდე, წიგნი, ჯვარი, ნაკურთხი წყალი გამოვიტანო. ეს ქალი რომ გავუშვა, გაიქცევა. სრულიად ნორმალური ქალი გახლავთ, კარგი ოჯახიდან. მეორე მღვდელმა გამომიტანა ეს ყველაფერი. კითხვა დავიწყე. დაეწყო ბრძოლა. მამაკაცები ძლივს აჩერებდნენ. მერე თითქოს დაწყნარდაო, მეუბნება (როცა ამ ლოცვას კითხულობ, ეს მეტად ძნელი საქმეა, ამის კითხვა ყველას არ შეუძლია, ის, ვინც ამას აკეთებს, ძალიან მარხული უნდა იყოს, მოღვაწე, მით უმეტეს, საშიშია ეს ცოლშვილიანი მღვდლისთვის. იყო შემთხვევები, როცა ბოროტი სული ცოლ-შვილზე გადასულა), ჰოდა, მეუბნება: ახლა დავწყნარდი, გამიშვითო. მართლაც გაუშვეს. ეცა ოლარს. დაგლეჯა უნდოდა, მერე ისევ დაიჭირეს. როგორც იყო, დავამთავრე ეს ლოცვა, სულ გავიოფლე. მეორე დღეს კიდევ მოიყვანეს. მესამე დღეს თვითონ მოვიდა. სრულიად განთავისუფლდა ამ საშინელი ეშმაკისაგან. მერე მიამბო, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. რუსეთში რომ ვცხოვრობდი (რუსი გახლდათ), წვეულებაზე არაყი დავლიეთ. ქუჩაში გამოსულებს მოძღვარი შეგვხვდა. დაცინვა დავუწყეთო. იმ წუთიდან მასში ეშმაკი შევიდა. სულ ცოტა, 10-20 წელი იგი ასე ეწამებოდა".

- რა განსხვავებაა დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებსა და სხვა ფსიქიკური დარღვევის მქონე პირებს შორის?

- თანამედროვე ფსიქიატრია გამოყოფს შემდეგ ნიშნებს, რომლითაც დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფნი განსხვავდებიან სხვა ფსიქიკური დარღვევის მქონე პირთაგან: "შეპყრობილის გარეგნული სახე გამოხატავს პიროვნების სრულ ცვალებადობას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი სხვა ინდივიდის ბატონობის ქვეშ ექცევა. პირველადი და მეორეული მდგომარეობის განმასხვავებელი ნიშნები კი შემდეგია:

* სახის გამომეტყველების სწრაფი - მეგობრულიდან საძაგელი ელფერის გრიმასამდე - ცვლა.

* გუნება-განწყობილების სწრაფი ცვალებადობა.

* ქალის ხმის ტემბრის - სოპრანოს, მამაკაცური ბოხი ხმით - ბანით შეცვლის პერიოდის არსებობა.

* ცნობიერების ახალი ინდივიდის ნიშნებით შეცვლა.

ამ ოთხ გამოვლინებას ჩვეულებრივ თან ახლავს მძლავრი ქცევითი აქტივობაც. შეპყრობილები მძვინვარებენ, აქვთ კრუნჩხვის, მრისხანების შემოტევები, ძალადობის მცდელობა. ხშირად სუსტი ქალები დიდ წინააღმდეგობას უწევენ 3-4 ძლიერ მამაკაცს. შეპყრობილები ხშირად აძაგებენ წმინდა სამებას და ზიზღით მოიხსენიებენ უფლის სიტყვას.

შეპყრობილის სუბიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე განასხვავებენ სომნამბულისტურ და ლუციდურ ფორმას. პირველი ეშმაკისეულ მდგომარეობაში პირველადი ცნობიერების დაკარგვით ხასიათდება. ლაპარაკობს ვიღაც მეორე, სხვა. გადასვლა ცნობიერების პირველადი მდგომარეობიდან მეორეზე უცბად ხდება. ამასთან, ბუნებრივადაც. ცნობიერების პირველადი მდგომარეობა ქრება და მომხდარის დამახსოვრების უნარიც იკარგება. მორწმუნეთათვის ეს მეორე მე - დემონია, ბოროტი სული, რომელიც დაივანებს ადამიანთან. ლუციდური ფორმისას შეპყრობილი არ კარგავს ცნობიერებას და ერთგვარად ინარჩუნებს ნორმალურ მდგომარეობას. გამწვავების ჟამს აფიქსირებს საკუთარ თავს და ცდილობს თავის მოთოკვას, თუმცაღა ის, რაც ხდება, აღიქმება მისთვის როგორც უცხო, თავსმოხვეული რამ.

- როგორ შეიძლება გავიგოთ, ადამიანს ფსიქიკური აშლილობა სჭირს თუ ეშმაკისეულ მდგომარეობაშია?

- წმინდა ათონის მთის ბერი მამა პაისი ამ კითხვაზე ასე პასუხობს: ეს შეუძლია გაიგოს თუნდაც უბრალო მოკრძალებულმა ექიმმაც. ხალხი, რომელიც უწმინდური სულისაგან იტანჯება, მიუახლოვდება სიწმინდეს, აღეგზნება და იწყებს ცახცახს. თუ სთავაზობ ცოტაოდენ ნაკურთხ წყალს ან გსურს პირჯვარი გადასახო წმინდა ნაწილებით, წინააღმდეგობას გაგიწევს, რადგანაც ღვთაებრივი მადლი ავიწროებს მასში ჩაბუდებულ ბოროტ ძალას. ხოლო თუკი იტანჯება რაღაც სხვა სულიერი, ფსიქიკური აშლილობით, ამ შემთხვევაში არ ხდება წინააღმდეგობის გაწევა სიწმინდეებთან მიახლოებისას, ეშმაკისეულ მდგომარეობაში მყოფი კი შფოთავს, ცახცახებს მაშინაც კი, როცა უბრალოდ უახლოვდები და კისერზე ჯვარი დაკიდებული გაქვს.

- მაინც რით არის ეშმაკისეული, შეპყრობილობის მდგომარეობა განპირობებული?

- ქრისტიანული განმარტებით, არსებობს ღმერთი და მისი საპირისპირო ბოროტი ძალა, რომლის ბრძოლაც უზენაესთან ადამიანზე ზემოქმედებით გამოიხატება. ეს ძალა მოქმედებს როგორც კაცობრიობის მთელ მოდგმაზე, ისე თითოეულ ჩვენგანზე და ამასთან ზოგიერთზე განსაკუთრებული სიმძლავრითაც. ხანდახან უწმინდური სულები შედიან ადამიანის სხეულში და რჩებიან იქ, ზოგჯერ მოქმედებენ მასზე გარედან, ვერ ახერხებენ რა შიგნით შეღწევას. პირველ შემთხვევას სასულიერო პირები ეშმაკისეულ მდგომარეობად სახავენ, მეორეს კი უწოდებენ შეპყრობილობას. ეკლესიური განმარტებით, ამ მდგომარეობის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მათ შორის კი განსაკუთრებით გამოსაყოფია შემდეგი: მძიმე ცოდვებით ხანგრძლივი დაცემა, კავშირი ოკულტურ, მაგიურ მიმდინარეობებთან.

აღსანიშნავია ის, რომ ეკლესიური მიდგომით თუ ადამიანს სწამს მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, არ სჩადის მძიმე ცოდვებს, ცდილობს იცხოვროს ქრისტეს მცნებებისდა მიხედვით, იყოს ღმერთთან, მაშინ არასდროს გახდება შეპყრობილი და არ ჩავარდება ეშმაკისეულ მდგომარეობაში, როგორადაც არ უნდა უპირისპირდებოდნენ მას, უკეთებდნენ ჯადოს ან აღასრულებდნენ რაღაც სხვა მისტიკურ რიტუალს. ამ შემთხვევაში მარტოოდენ მცირე ზიანი შეიძლება მიადგეს მას.

- ყველა სასულიერო პირს შეუძლია კვეთებულის ლოცვის წაკითხვა?

- თეორიულად ყველა სასულიერო პირს შეუძლია წაიკითხოს კვეთებულის ლოცვა შეპყრობილთა, ეშმაკისეულ მდგომარეობაში ჩავარდნილთათვის, მაგრამ პრაქტიკულად მეტად მცირე ნაწილი აღასრულებს ამას. იმისთვის, რომ სასულიერო პირმა ეს მისია იტვირთოს, საჭიროა მრავალი პირობის დაცვა. ეკლესიური მიდგომით, უპირველესად, მღვდელი მტკიცედ უნდა იცავდეს თავის მართლმადიდებლურ მრწამსს, აცნობიერებდეს თავის ცოდვილობას, უღირსობას, ესმოდეს, რომ იგი კი არ განდევნის სულებს ადამიანისაგან, არამედ ღვთაებრივი ძალა. სასულიერო პირს ამაზე თანხმობა უნდა ჰქონდეს თავისი სულიერი მოძღვრისაგან, ეპისკოპოსისაგან, აქცევდეს დიდ ყურადღებას საკუთარ შინაგან, სულიერ სიწმინდეს, ამბობდეს აღსარებებს, ტვირთულობდეს სულიერ ღვაწლს, ებრძოდეს თავის ვნებებს და ავხორცულ მიდრეკილებებს, ჰქონდეს გამბედაობა, რამეთუ ღვთის საწინააღმდეგო ძალა განსაკუთრებით ებრძვის იმათ, ვინც სდევნის მათ.

ერთ-ერთ მღვდელს, რომელიც შეპყრობილს კვეთებულის ლოცვას უკითხავდა, ამ ლოცვის დროს უწმინდურ სულთა ზეგავლენით ხელზე ორი ჭრილობა გაუჩნდა, რომლებიც დიდხანს არ უხორცდებოდა - მთელი დიდმარხვის განმავლობაში, თუმცაღა მათ მოსაშუშებლად წამლობდა. მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე უცბად გაუქრა.

როცა ის ამბიონზე გამოდიოდა საკურთხევლის წინ, ღვთისმსახურების დროს უხილავად თავს დაესხა უწმინდური ძალა, თან იმდენად ძლიერად, რომ მღვდელმა ძლივს შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. მოულოდნელობისაგან გაშეშდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ცოტაც და დემონური ძალა რაღაც დიდ ბოროტებას გაუკეთებდა, მძიმე სენს მოჰგვრიდა. მან ძალები დაძაბა, მოუხმო ღმერთს საშველად და შეძლო ამ ბრძოლისაგან განთავისუფლება. მცირე ხანს გრძელდებოდა იგი, მაგრამ იმდენად თავზარდამცემი იყო, რომ შემდგომ უკვე თავის სასიცოცხლო, სულიერ ძალებს დიდხანს აღიდგენდა.

აღსანიშნავია ის, რომ კვეთებულის ლოცვა სასულიერო პირმა უნდა წაიკითხოს ტკივილით, სიმდაბლით, უკეთესია ხმადაბლა და არა სიამაყით, ამპარტავნული შემართებით. როცა მღვდელი ხმამაღლა და ქედმაღლურად, ყველას გასაგონად უბრძანებს უწმინდურ სულს გამოვიდეს შეპყრობილის არსებიდან, ბოროტი ძალა, გამოცდილ სასულიერო პირთა განმარტებით, ზოგჯერ უფრო მძვინვარდება და შთააგონებს მის ზემოქმედების ქვეშ მყოფს, რომ იგი ხალხის სამასხარაო გახადეს და ამიტომაც კარგი იქნება მღვდლისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ეშმაკისეულ მდგომარეობაში მყოფი იწყებს სასულიერო პირის ცემას და ბოლოს გარბის არა უწმინდური სული, არამედ მღვდელი, რომელიც კითხულობს კვეთებულის ლოცვას. ამ დროს, ეკლესიური თვალსაზრისით, ღმერთი არ უშვებს იმას, რომ ამგვარი ქედმაღლური გამოვლენით მიაღწიონ სასურველ მიზანს.

- განსაკუთრებით რა შემთხვევაში არის ქმედითი და პროდუქტიული კვეთებულის ლოცვა?

- ეკლესიური დაშვებით, კვეთებულის ლოცვა განსაკუთრებით ქმედითია, როცა ადამიანს ცნობიერება აქვს დაკარგული და მაშინ, როდესაც შეპყრობილი არიან ბავშვები, მოზარდები, გამომდინარე წინაპართა ცოდვებიდან, არასწორი ქმედებებიდან. მაგრამ თუ ადამიანი ამ მდგომარეობაში ჩავარდა თავისი დაუდევრობის, გაუფრთხილებლობის მიზეზით, შენარჩუნებული აქვს გონება, კრიტიკული დამოკიდებულება ჩადენილი შეცდომებისადმი, მაშინ მან ჯერ უნდა გააცნობიეროს თავისი დანაშაული, მიზეზი ცუდად ყოფნისა, მოინანიოს იგი და შემდგომ, თუ საჭიროა, წაეკითხოს კვეთებულის ლოცვა. შესაძლებელია მარტოოდენ სინანულის საიდუმლოში მონაწილეობის შემდგომაც მოხდეს მისი გამოჯანმრთელება.

ხაზგასმულია ისიც, რომ ზოგჯერ სასულიერო პირი კრებს უწმინდური სულით შეპყრობილებს და მათ, ვინც უბრალოდ ავადაა ამა თუ იმ სენით და ამით უშვებს დიდ შეცდომას.

ზოგიერთ შეპყრობილს, ეშმაკისეულ მდგომარეობაში მყოფს ღმერთი ყველა საჭირო ეკლესიური საშუალების გამოყენების შემდგომ სწრაფად კურნავს, ზოგჯერ კი ამისთვის საჭიროა ხანგრძლივი დრო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იცავენ სხვადასხვა ქრისტიანულ წესს, დადიან ტაძარში, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან, ცდილობენ იცხოვრონ უფლის მცნებების შესაბამისად. ამ შემთხვევაში ისინი საზღაურს იხდიან თავისი ცოდვებისათვის და საკუთარ სულიერ მდგომარეობას უფრო განამტკიცებენ. როცა ჭიანურდება გამოჯანმრთელების პროცესი და ამ დროს იჩენენ მოთმინებას, ნებისყოფის სიმტკიცეს, არ უხვევენ ეკლესიური გზიდან, მაშინ ადამიანის არსებაში მიმდინარე ცვლილებები უფრო ღრმა ნიშანს ატარებს, საფუძვლიანია. ხაზგასასმელია ისიც, რომ როცა უწმინდური სული ტოვებს ავადმყოფს, იგი წამიერად ჯანმრთელი ხდება და ამის შემდგომ ამ სახის გართულება აღარ ემართება. სხვა ფსიქიკური აშლილობის დროს კი ავადმყოფობის ამა თუ იმ სიმპტომთა გამოვლინება, შესუსტება-გაძლიერების პროცესი ხშირად მთელი სიცოცხლე გრძელდება.
ბეჭდვა
1კ1