მორწმუნე ადამიანი მშვიდია, რადგან თავის იმედებს ღმერთზე ამყარებს
მორწმუნე ადამიანი მშვიდია, რადგან თავის იმედებს ღმერთზე ამყარებს
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის მამათა მონასტრის ბერდიაკვანი სტეფანე(ნატროშვილი):

- ქრისტიანულ ეკლესიას დაარსების დღიდან, საკუთარი მაცხოვნებელი ღვაწლის განხორციელება უხდებოდა ხილულ და უხილავ მტერთან გამუდმებული დაპირისპირების ფონზე. ბოროტი ძალის მსახურნი ცდილობდნენ წარმართული ფილოსოფიისა თუ სხვადასხვა ოკულტური მიმდინარეობებს საშუალებით შეჭრილიყვნენ ეკლესიის წიაღში და ნებისმიერ ფასად მოეხერხებინათ მასში დესტრუქციისა და არეულობის შეტანა. ხშირ შემთხვევაში ისინი აღწევდნენ დასახულ მიზანს, თუმცა მხოლოდ გარკვეული დროით. საბოლოოდ კი ქრისტეს მორწმუნეთა კრებული მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა ამ ბრძოლებიდან. მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს, რომ კლდეზე ააშენებს საკუთარ ეკლესიას და არა თუ ცალკეული პიროვნებები, არამედ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. (მათე 16, 18.). წმინდა მამათა ერთ-ერთი განმარტებით, აღნიშნული კლდე - სწორი სარწმუნოება და სიმშვიდე გახლავთ.... სწორედ უდიდესი სიმშვიდის და თვინიერების გამო, იესო ქრისტეს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ტარიგს, კრავს ადარებენ. მორწმუნეებს კი დავალებად გვაქვს მოცემული - მისგან გადავიღოთ ეს თვისებები. "აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქუენთა" (მათე 11, 29).

ჩვენთვის ყველაზე დიდი მაგალითი, ადამიანად მოსული ღმერთის ამქვეყნიური ცხოვრება და მოღვაწეობაა. შესაბამისად, მორწმუნე ადამიანიც მშვიდია, რადგან თავის იმედებს ღმერთზე ამყარებს. იცის, რომ სამყაროში უფალზე დიდი ძალა არ არსებობს, მთელი კოსმოსი და ქმნილება ღვთისგან იმართება და მისი ნების გარეშე ფოთოლიც კი არ ვარდება ხიდან. ნებისმიერი დაცემის, მარცხის თუ ექსტრემალური სიტუაციის დროს უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და უფალს ვთხოვოთ შემწეობა.

მუდამ გვახსოვდეს, რომ არც ერთი ჩვენგანი არ ვართ ამქვეყნად შემთხვევით მოსულნი. ყველას გვაქვს სამყაროში საკუთარი მისია და დანიშნულება. მთავარია გავაცნობიეროთ ეს ფაქტორი და ჩვენს არსებობას შევძინოთ ფუნქცია. ადამიანის ცბობიერებაში დაბადებიდან, გენეტიკურ კოდად ჩადებულია აღმატებული საყრდენის ძიება,მასზე მინდობა და ამგვარად წარმართვა- განვითარება საკუთარი ცხოვრებისა… თუ ხალხს აღნიშნულ საყრდენს გამოაცლი, იგი ადვილად სამართავ მასად იქცევა. ორი უმთავრესი ღირებულება ადამიანისთვის ყოველთვის იყო არის და იქნება სარწმუნოება და ოჯახი. დღეს ყველზე დიდი მიზანმიმართული ბრძოლა ამ ინსტიტუტების წინააღმდეგ მიდის. ცდილობენ ადამიანებს ჩაუკლან სინდისის ხმა, პირუტყვს გაუთანაბრონ, გამოაცალონ სულიერ-ზნეობრივი ორიენტირი და ამით საკუთარ ბნელ მიზანს მიაღიონ. ჩვენ ამ ყველაფერს შეგვიძლია წინ აღვუდგეთ მხოლოდ ერთმანეთის მიმართ მეტი სითბოთი, სიყვარულით და გვერდში დგომით.

დღეს, როგორც არასდროს, ყველაზე მეტად ღვთისა და მოყვასის სიყვარული გვჭირდება. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, როდესაც ადამიანური ლოგიკა და მატერიალური შესაძლებლობები უძლურია წამოჭრილი პრობლემების წინაშე. ასეთ დროს, აგრესიული, ნეოლიბერალური იდეებით გაჟღენთილი პიროვნება რჩება ყოველგვარი საყრდენის გარეშე, სრულიად მარტო განსაცდელებთან. ვერ პოულობს გამოსავალს და უმეტესწილად ცხოვრებას სუიციდით ამთავრებს. ესაა უღმერთობისა და უზნეობის შედეგი. ქრისტიანობა კი იმედის, ბნელზე ნათელის გამარჯვების რელიგიაა. სხვამ ვინ, თუ არა ქრისტიანებმა ყველაზე უკეთ ვიცით, რომ ყოველ ჯვარცმას - აღდგომა და დაცემას კვლავ ფეხზე წამოდგომა მოსდევს! არაფრის უნდა შეგვეშინდეს ამქვეყნად, არასდროს დავკარგოთ იმედი. პირნათლად შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობები, გავცეთ მეტი დადებითი ემოცია, მეტი სიყვარული და მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიერი ყოფა ზეციდან იმართება. სწორედ ამგვარად ცხოვრებამ და შემართებამ მოგვიყვანა დღევანდლამდე და მხოლოდ მასში გახლავთ ერთადერთი გამოსავალი.

ბეჭდვა
1კ1