დე, საუფლო კვართსა და სვეტიცხოველში ნააზრევი სიმბოლური მნიშვნელობანი გაესიგრძეგანებინოს ჩვენს ერს, შეეცნოს ჭეშმარიტება, რაც, უფლის სიტყვისაებრ, გაათავისუფლებს მას მონობისაგან
დე, საუფლო კვართსა და სვეტიცხოველში ნააზრევი სიმბოლური მნიშვნელობანი გაესიგრძეგანებინოს ჩვენს ერს, შეეცნოს ჭეშმარიტება, რაც, უფლის სიტყვისაებრ, გაათავისუფლებს მას მონობისაგან
ამონარიდი დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ინტერვიუდან

- მამა არჩილ, როგორც ეკლესიის ისტორიიდან და არაერთი საისტორიო წყაროდან ჩანს, სვეტიცხოვლიდან საუკუნეების განმავლობაში მოედინებოდა სურნელოვანი მირონი, დღეს კი ეს სასწაული აღარ ხდება. რატომ?

- საეკლესიო აზროვნებაში ორი განსხვავებული შეხედულება და ახსნა არსებობს. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს ნიშ-სასწაული ღმერთმა შეწყვიტა ჩვენში ურწმუნოებისა და უსჯულოების გამრავლების გამო. ამჟამინდელი ათეისტები ახმაურდებიან და იტყვიან, ასეთი რამ საერთოდ არ ხდებოდა და ეს ყველაფერი ეკლესიამ შეთხზაო. მაგრამ, ჩემო კეთილო, აკი, დღესაც სდით წმიდა ხატებს სურნელოვანი მირონი, ცრემლი, სისხლი, რაც მეცნიერებისათვის აუხსნელია და რა არის იმაში საკვირველი, რომ ესოდენი სიწმიდე მირონმდინარე ყოფილიყო? გეტყვით, როგორც ერთ დროს თომას უთხრა უფალმა: "ნუ იქნებინ ურწმუნო, არამედ გრწმენინ".

- ჩვენი საინფორმაციო საშუალებებით ძალზე ხშირად ისმის ფრაზა: "საქართველო გაბრწყინდება". ის იხმარება სრულიად უადგილოდ, მისი შინაარსის სათანადო გააზრების გარეშე, ზოგჯერ ირონიული ინტონაციითაც კი. მამაო, განგვიმარტეთ ამ სიტყვების ჭეშმარიტი არსი.

- ივერიის გაბრწყინება სახარებისეული ნათლით მის გაცისკროვნებას ნიშნავს. ეს გულისხმობს ერის სულიერ აღორძინებას, ჩვენს ცხოვრებაში ეკლესიის ადგილისა და მნიშვნელობის ამაღლებას, როდესაც დღევანდელისაგან განსხვავებით, ჩვენი ერის შვილები იფიქრებენ არა იმაზე, თუ რამდენი შეჭამეს, არამედ იმაზე, თუ რამდენი ილოცეს თავიანთი შემოქმედი ღმერთის მიმართ. ყოველ ერს ხელისუფლებაც ისეთი ჰყავს, როგორსაც იმსახურებს და ის გაჭირვება-განსაცდელიც, რაც თავს დაატყდება, ყოველთვის არის სავსებით კანონზომიერი რამ - რამდენად ჩაფლულია ცოდვებში, სწორედ ამით იმსჯელებს ერი. როგორც წმიდა მამები ამბობენ, ეშმაკი ღვთის მაიმუნია და უნდა თუ არა, მაინც მის ნებას ასრულებს. ჩვენს ქვეყანაზე თავს დატეხილი უბედურებანი თავისდაუნებურად ერის გამოფხიზლებას ემსახურებიან და ამ ტკივილებში ერი თავის მამა-პაპათა ღმერთს მოიძიებს.

არსებობს წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც საქართველოს გაბრწყინების ჟამს კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში იქადაგებს უფლისაგან ღვთისმშობლის შვილობილად კურთხეული, სიყვარულის მოციქული - იოანე ღვთისმეტყველი. ეს წინასწარმეტყველება თავად იოანე მახარებელმა გაუმჟღავნა საკუთარი მიცვალების დღესასწაულზე ღირს ლავრენტი ჩერნიგოველს.

საქართველოს სულიერი გაბრწყინების დამაგვირგვინებელი იქნება ივერიისად წოდებული ღვთისმშობლის ხატის ათონის მთიდან ივერიაში წამობრძანება, რომლის სახელსაც ეს წმიდა ხატი საუკუნეებია, რაც ატარებს.

- ცნობილია, რომ თითოეულ ერს თავისი ჯვარი მიაქვს, თავისი მისია აქვს ღვთის წინაშე. თქვენი აზრით, როგორია ჩვენი ერის მისია?

- უწინ ქართველებს უცხოელები მანდილის ქრისტიანებს უწოდებდნენ. იგულისხმება წმიდა დიდმოწამე გიორგის ცნობილი სასწაული, ბეირუთის მახლობლად ურჩხული რომ დაამარცხა და შესაჭმელად განწირული მეფის ასულის მანდილით შეკრული ამავე ქალწულის ხელით ქალაქში მოთვინიერებული რომ შეიყვანა. ესაა ღვთისა და წინაპართაგან ნაანდერძევი ჯვარი და მისია ქართველი ერისა, ესაა წმიდა გიორგის განსაკუთრებულად შემყვარებელი ერის დაუხსნელი აღთქმა: მარად ებრძოდეს და ღვთის ნიშით ამარცხებდეს ბოროტებას! დე, საუფლო კვართსა და სვეტიცხოველში ნააზრევი სიმბოლური მნიშვნელობანი გაესიგრძეგანებინოს ჩვენს ერს, შეეცნოს ჭეშმარიტება, რაც, უფლის სიტყვისაებრ, გაათავისუფლებს მას მონობისაგან. ჩვენმა ერმა უნდა დაიცვას ეკლესიის მთლიანობა (დღეს აგრერიგად გამრავლებულ სექტათა და სქიზმათა ოკეანეში) და მაცხოვრის ერთგული და მორწმუნე იყოს მარად.

იყავნ, იყავნ!

გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი",
სვეტიცხოვლობა, 2000 წ.
ბეჭდვა
1კ1