"...დაუსაბამოო და უხილავო, ნათელო თვალშეუდგამო, რომელი მიუაჩრდილებელი ნათელი ხარ..."
"...დაუსაბამოო და უხილავო, ნათელო თვალშეუდგამო, რომელი მიუაჩრდილებელი ნათელი ხარ..."
გვესაუბრება მიქაელ ტვერელის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი:

- "მიუაჩრდილებელი ნათელი" - ღვთიური ნათელი, ნათელი, რომელსაც ჩრდილიანი მხარე არ აქვს, განსხვავებით მზის, მთვარის, ცეცხლის, ნათურის ნათებისგან.

აკადემიურ თუ ჩვეულებრივ (საერო) მხატვრობაში ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებსა და საგნებს შემდეგი პრინციპით ხატავენ: განათება, ჩრდილი, რეფლექსი და დაცემული ჩრდილი, რაც, საბოლოოდ, ფორმას იძლევა.

საეკლესიო მხატვრობაში არ არსებობს ჩრდილი და, მით უმეტეს, დაცემული ჩრდილი. საეკლესიო ნახატში - ხატში წმინდანები და მთელი გარემო გამოხატულია "მიუაჩრდილებელი ნათლით".

"და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი" (დაბ. 1,3).

მიუაჩრდილებელი ნათლით იყო მოსილი ადამიანი, შესაქმის ყველაზე გამორჩეული ქმნილება. როგორც წმინდა დავით მეფსალმუნე ამბობს: ადამიანი იყო "მცირედ დაკლებული ანგელოსთა..." წმინდა მამათა კომენტარებში ადამი დაცემამდე ნათლის სვეტსაა შედარებული.

როგორც ნათლის მთავარანგელოზი დაისაჯა ურჩობისა და ამბოხისთვის, "ანგელოს ბნელისა" გახდა და ეწოდა ეშმაკი, ასევე ცოდვით, რომელიც ღმრთის მცნების დარღვევით გამოიხატა ადამის მიერ, მას და მის გარემოს, რომელიც მისთვის შეიქმნა, წაერთვა ღვთიური ნათელი.

მაგრამ ღმერთს არ მიუტოვებია ადამიანი, სიყვარულით შექმნილი თავის მსგავსად და ხატად: "და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თვისად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი" (დაბადება 1,27). არ მიუტოვებია მთელი ძველი აღთქმის დროს და ამზადებდა, აწრთობდა, აყალიბებდა ადამიანის მოდგმას სამების მეორე ჰიპოსტასის, ლოგოსის - სიტყვის, ქრისტეს შესახვედრად, რომელსაც ადამიანთათვის დაკარგული "მიუაჩრდილებელი ნათელი" უნდა დაებრუნებინა, რომელიც თავად იყო "ძე ღმრთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან..." (მრწამსი).

იქამდე კი ღმერთმა კაცობრიობას მოუვლინა იოანე: წინასწარმეტყველი, წინამორბედი და ნათლისმცემელი, რათა დაენახათ, ეცნოთ და ეწამათ "ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა" (მრწამსი).

იოანე მოვლინებული იყო ღმრთისგან, "რაითა წამოს ნათლისა მისთუის, რაითა ყოველმან ჰრწმენეს მისგან. არათუ იგი იყო ნათელი, არამედ რაითა წამოს ნათლისა მისთვის" (იოანე 1,7-8).

იესო ქრისტე, ძე ღმრთისა - აი, "მიუაჩრდილებელი ნათელი", რომელიც არის "ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (იოანე 1,9).

იესო ქრისტე, ძე ღმრთისა - შობის ვარსკვლავის ნათელით მინიშნებული ბეთლემის გამოქვაბულში და თავად "ნათელი ნათლისაგან".

იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, თაბორის მთაზე ფერისცვალებად წოდებული სასწაული დღით, თვალშეუდგამი ნათლით გაბრწყინვებული.

იესო ქრისტე, ძე ღმრთისა - მკვდრეთით აღდგომილი ღმერთი, დამმარცხებელი სიკვდილისა და ამით ადამიანთათვის "თვალშეუდგამი, მიუაჩრდილებელი ნათელის" დამაბრუნებელი და ყოველ აღდგომის დღესასწაულზე ღვთაებრივი ცეცხლით გამოჩინებული.

იესო ქრისტე, ძე ღმრთისა და ღმერთი ჩვენი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამო მამით თვისით, სახიერით და ცხოველმყოფელი სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1