ჩვენი ეკლესია არავის თავს არ ესხმის და არც გადადის თავისი ჭეშმარიტების სიყვარულის არეალის მიღმა
ჩვენი ეკლესია არავის თავს არ ესხმის და არც გადადის თავისი ჭეშმარიტების სიყვარულის არეალის მიღმა
ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):
- როგორი უნდა იყოს ეკლესიის წევრების პოზიცია, როცა ეკლესიის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებაა? ზოგი ცდილობს, რაღაც გზებით დაიცვას ეკლესია, სად უნდა გადიოდეს ზღვარი?

- დაცვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ სიტყვით, ლოცვით. შემთხვევითი არ არის, რომ მებრძოლი, მოზეიმე ეკლესია ვართ და ვალდებულიც ვართ უფლის სახელი დავიცვათ. უპირველეს ყოვლისა მოდი დავიცვათ პირადი ცხოვრებით რაც არის ყველაზე მეტად კარგი და ეფექტური, მერე რა თქმა უნდა სიტყვით და სიყვარულის განფენით, ქადაგებით, გამრავლებით და გაზიარებით. გაჩუმება, თეთრზე შავის თქმა და რაღაცის მიყრუება, პირიქით, ღალატია სარწმუნოებისა. ამას მოანდომეს მამებმა შვიდი საეკლესიო კრება და ამისთვის თავს სწირავდნენ. არანაირ მწვალებლურ გადახრას არ ღებულობდნენ. ეს აპოლოგეტური მოღვაწეობა თითოეული ქრისტიანის ვალია, მაგრამ აქ ხანდახან ადამიანები ზღვარს ვეღარ გებულობენ, სად გადის ქრისტესმიერი აღიარება და სად გადადის მერე უკვე აგრესიაში, მრისხანებაში.

ხშირად, სამწუხაროდ, მერე ამაზე აპელირებენ ეგრეთწოდებული ეკლესიის ფსევდოლიბერალები და სხვადასხვა ორგანიზაციები, თითქოს ჰომოფობიის ბრალდებით სდევნით ადამიანებს და თქვენში სიყვარული არ არისო. ღვთის სიტყვა, ყოველთვის ვრცელდებოდა ქადაგებით, მისიონერული მოღვაწეობით და სიყვარულით. ეს არის ერთადერთი ჯანსაღი ფორმა. ჩვენი ეკლესია არავის თავს არ ესხმის და არც გადადის თავისი ჭეშმარიტების სიყვარულის არეალის მიღმა. პირიქით, ჩვენ ვართ ჩაგრულისა და თავდაცვის პოზიციაში სხვადახვა მხრიდან, სხვადასხვა ეგრეთ წოდებული იდეოლოგიები თუ ფსევდო ლიბერალური მიმდინარეობები შემოდის საქართველოში და ამით ცდილობენ, ჩაახშონ მართალი სიტყვა, ნათელი წერტილი და სანთელი. მთელი ერიც და ბერიც ამ შემთხვევაში არა აგრესორის, არამედ თავდაცვის პოზიციაში ვართ. ეს ინსტიქტი ბუნებრივად აქვს ადამიანს ნებისმიერი მიმართულებით, სარწმუნოების, ფიზიკურის, სამშობლოს, სიწმინდის მიმართ.

რატომ უკვირთ ეს? იმიტომ, რომ ეკლესიამ ხმა არ უნდა ამოიღოს. თავისი პოზიცია არაფერზე არ უნდა დააფიქსიროს და ამხელა მონაპოვარი საღმრთოც ეროვნულიც, ტრადიციულიც, ვიღაცეების თუ რაღაც დემოკრატიის თუ თავისუფლების ნიღბით სურთ ასე ერთბაშად წაშალონ და გათელონ. ამას ბუნებრივია არავინ არავის არ დაანებებს. ეკლესია ყველა საღმრთო და მისაღები საშუალებით დაიცავს თავს და კიდევაც იქადაგებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ღვთის სიტყვის დადუმება არ მოხდება.

შესანიშნავი მაგალითია საქმე მოციქულთაში, როდესაც მოციქულებს შეიპყრობენ-პეტრე მოციქულს სხვებს და აუკრძალავენ არ იქადაგოთ ქრისტეს სახელიო, ისინი მაინც გააგრძელებენ საპყრობილედან ქადაგებას. კიდევ ეტყვიან, ხომ გითხარით და როგორ გგონიათ, რა უფრო სამართლიანია, თქვენ დაგიჯეროთ თუ ადამიანებს? რაც ფიზიკური ჭეშმარიტებაა, იმას ეკელსია ვერ გადათქვამს, იმაზე უარს ვერ იტყვის და ადამიანური ნების კანონების თუ სურვილების, კოდექსების, უფლებების გამო, ჭეშმარიტებაზე და ღვთის სიტყვის ქადაგებაზე და უზნეობის მხილებაზე უარს ვერ იტყვის. თეთრსა და შავს შორის მიდის ბრძოლა.

ეს ეპიცენტრი გადის ადამიანზე. ადამიანი არის ეკლესიის მთავარი არსი და შემადგენელი ნაწილი. როდესაც სულს გართმევენ, განსაკუთრებით ახალგაზრდობის და შეუცნობელს, ეკლესია ღვთის მართალ სიტყვას მთელი მოწოდებით იქადაგებს. ეკელსიას ბევრი ასეთი ბრძოლები გაუვლია ეკლესიის ჭეშმარიტების დაცვისთვის და უფლის წმინდა სახელის გადარჩენისთვის. ეს ბრძოლის ისტორიაა და სხვა არაფერი. ცოდოა, ის ადამიანი ვინც შეგნებულად ეწევა ამას, თორემ ის, ვინც ჯერ კიდევ დაბნეულია და ამას საცდურად იყენებს, ეს გასაგებია. უფალი ბრძანებს, ვაი, მას, ვისგანაც მოდის საცდური და ვინც შეაცდენს მცირეთაგანს, იმას ურჩევნია წისქვილის ლოდი მოიდვას თავზე და წყალში გადაიგდოს თავიო. ასეთი მკაცრი განაჩენია.

გინდა თუ არა იფქლი და ღვარძლი ამ წუთისოფელში ყოველთვის გვერდიგვერდ იზრდებოდა, მაგრამ მოვა დრო, ყევლაფერი გაირკვევა და დალაგდება. "ვისაც აქვენ ყურნი სმენად, ისმინონ" და ამას სჭირდება გულისხმისყოფა. თუკი წამით არ დაიბრმავებ თავს სად არის სიმართლე. ეკლესია ღმერთკაცობრივი სხეულია და მისი ადამიანური ნაწილი ღვთისმსახურიდან დაწყებული, მრევლით დამთავრებული ყოველთვის იყო გარკვეული სახით ცდომილნი. უცდომელი არავინაა. ეკლესიაში წმინდანი არავინაა, მაგრამ მისი ღვთაებრივი ნაწილი, რომლისკენაც ყველანი ვისწრაფვით, ღვთისმსახურნიც, მრევლიც, არამრევლიც ის ხომ წმინდაა და ჩვენც განვიცდით გარკვეულ სულიერ აღმასვლას.

ამ მისწრაფებაში თუკი ზოგიერთ ადამიანს რაიმე ცდომილება მოსდის, სულაც არ არის ეკლესიის და ჭეშმარიტი სარწმუნოების ბრალი. ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ წყაროს უნდა შევხედოთ, წყარო წმინდაა და შეიძლება სადღაც დაბინძურდეს, მაგრამ თუკი სიწმინდე და სიმართლე გვაინტეერესებს მოდი წყაროს სათავესთან და თავად განიცადე ის კარგი. შეიძლება რაღაცაში ბოლომდე არ ვარ მართალი, მაგრამ თავად განიცადე, გახდი ჩემზე უკეთესი და ღვთისნიერი, აქ უფალთან და არა სხვაგან, სხვაგან არ არის სიმართლე, ჭეშმარიტება. ყველას დავუთმობ ასპარეზსს ვინცკი ნამდვილად მოვა და მეტყვის, -მეც მინდა უფალი. ავაზაკი შევიდა პირველი სასუფეველში. ნეტა ცოდვილი ადამიანი მოვიდეს, ის უფრო არ გამიხარდება?

ვსდგეთ მტკიცედ და შეურყევლად! ეს არის უდიდესი საღვთო მოწოდება, ყველა ადამიანისა. მადლობა ღმერთს, რომ უფალი გვაძლევს შინაგან სიმტკიცეს, თორემ ისე ვერცერთი ადამიანი ვერ გადაურჩებოდა ამ წუთისოფლის აბობოქრებულ ზღვას. ამ ზღვაში კიდევ ერთადერთი ხომალდი, რომელიც ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაიყვანს ეს დედა ეკლესიაა. ეკლესიის გარეშე ეს შეუძლებელია. ეკლესიის გარეთ ეძებენ ბედნეირებას და გადარჩენას. თითქოს სადღაც გაბნეულია ჭეშმარიტებები და სხვაგან უნდა მოკრიფონ. მთელი სისავსეა მართლმადიდებლურ სწავლებაში, ის რაც სამყაროს ღმერთმა განუცხადა. ქართველნო, ერთად ღვთისაკენ,- ეს უწმინდესის სიტყვებია, დევიზია ქართველი ერის. ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ეს სამი უმაღლესი ფასეულობა ყოფილიყოს ჩვენი ცხოვრების საფუძველთა საფუძველი.

ბეჭდვა
1კ1