სადაც ქრისტეა, იქ სიყვარულია, იქ სიკეთეა, არა მხოლოდ დეკლარირებული, არამედ რეალური
სადაც ქრისტეა, იქ სიყვარულია, იქ სიკეთეა, არა მხოლოდ დეკლარირებული, არამედ რეალური
- ჰქმენ კეთილი, რათა კეთილი გეყოს შენ, დათესე კეთილი მარცვალი, რათა მოიმკა მოსავალი სიხარულისა და შეწევნისა, - გვესაუბრება დეოდოფლის წყაროს ეპარქიაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამლოცველო სახლის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ონოფრე (წულაძე):
-ერთია საუბარი სიკეთეზე და სხვაა ქმნა კეთილი საქმეებისა, აღსრულება სიკეთისა, გაღება მოწყალებისა, პრაქტიკული მონაწილეობა პროცესში, რასაც კეთილი საქმე ჰქვია. საუბარი კარგია მოწყალების შესახებ, მშიერთა დაპურებასა თუ ავადმყოფთა მონახულებაზე, მაგრამ თვინიერ საქმისა საუბარი, ლიტონ სიტყვებად დარჩება, მშიერი - უპუროდ და პატიმარი - ნუგეშის გარეშე. დღეს პრაქტიკული სიკეთის დეფიციტია ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენ მხოლოდ ვლაპარაკობთ სიკეთეზე, მოწყალებასა თუ სხვა სათნოებათა აღსრულებაზე, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ რეალურად და თუ რაიმეს ვაწყდებით ამ მხრივ მხოლოდ იაფფასიან პიარზეა გათვლილი, რაც ხელშესახები შედეგების მომტანი არაა.
სამყაროს შექმნა შემოქმედის მიერ კეთილად ქმნის, შექმნის, შესაქმის უძლიერესი მაგალითია, პირველი დღეები (ექვსი დღე, მეშვიდე განსვენებად), სხვადასხვა ელემენტების შექმნა და მათი გაერთიანება იმ მთლიანობად, რაც დღეს ჩვენ გარს გვარტყია, ჩვენგან შეუცნობელ თუ შეცნობილ ხატებად. უძლიერესი მაგალითია იდეის პრაქტიკული თვალსაზრისით ხორცშესხმისა.
ალბათ ,,სიკეთე,, ყოველთვის პიარზე იქნება გათვლილი (მცირე გამონაკლისის გარდა) თუ არაა ძლიერი, სულიერი მოტივაცია,რომელიც წმინდა წერილითა და წინდა მამათა სწავლებათაგან მოგვეწოდება.
"ქრისტე არს ჩვენს შორის" ვამბობთ ლიტურგიის დროს და ერთმანეთს ვეამბორებით. "არს და იყოს" - არის პასუხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვმყოფობთ ქრისტეში, ჩვენი სამოქმედო არეალი არის ქრისტესთან, მის ნათელში თანამყოფობა, მოქმედებანი და ქმნანი კეთილისა, სათნოებათა აღსრულება და ცხოვრება სახარებითა და მოციქულთა სწავლების მიხედვით; ცხოვრება მადლიერებითა და ღვთის დიდებით, სინანულითა და აღსარებით, ლოცვითა და მარხვით, ზიარებით უფლის უხრწნელი სისხლისა და ხორცისა, წმინდა მარლთმადიდებელი ეკლესიის წიაღში მყოფობით.
"ქრისტე არს ჩვენს შორის" - ძლიერი მოტივაციაც აქ, ამ სიტყვებშია იმიტომ, რომ სადაც ქრისტეა, იქ სიყვარულია, იქ სიკეთეა, არა მხოლოდ დეკლარირებული, არამედ რეალური.
"ქრისტე არს ჩვენს შორის".




ბეჭდვა
1კ1