ჯობია იქ შევხვდეთ, ვიდრე ამ ქვეყანაში ვიაროთ ერთმანეთში
ჯობია იქ შევხვდეთ, ვიდრე ამ ქვეყანაში ვიაროთ ერთმანეთში
მამა სოგრატთან საუბარი "კარიბჭის" მკითხველს უკვე შევთავაზეთ. მაშინ მამა სოგრატი ცოცხალი გახლდათ. საუბრის ჩანაწერიდან საჯაროდ ხშირად იმას ვაქვეყნებ, რაც შეიძლება მკითხველმა წაიკითხოს, დანარჩენი კი, რომ იტყვიან, კადრს მიღმა რჩება. ამგვარი საუბარი გვქონდა მე და თამარ მამაცაშვილს მამა სოგრატთან.
მახსოვს, საუბარი რომ დავიწყე, ფიზიკურად უჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ უცბათ კვიმატურად დასმულმა შეკითხვამ ისე გამოაფხიზლა, მზად იყო, ჩვენთან დაუსრულებლად ესაუბრა. საუბრის დასასრულს მამა სოგრატს დავემშვიდობეთ - ნახამდის მამაო.
- სამოთხემდე ნახვამდისო, იყო პასუხი.

-მამაო, თქვენ ხშირად გამხდარხართ ცუდად, მაგრამ გამოსულხართ ამ მძიმე მდგომარეობიდან, ეს თქვენი შინაგანი სიძლიერის გამოა?
-ახლო მოდი... ეს ბალიში მომეცი რომ დავიდო... სკამზეა მიყუდებული..(თამარი წავიდა ბალიშის მოსატანად)
-წამოგაყენოთ მამაო?
-არა, წამომწიეთ...
ჩადე, ბალიში?
ხო, ქო, ქო. (სიყვარულით ამგვარად მოგვმართა)
შეკითხვა თავიდან გავუმეორე:
- მამაო, როგორ გამოხვედით მძიმე ფზიკური მდგომარეობიდან?
-მომისმინე, მე, იცოდე, ისე ვარ დაღლილი და მერე რომ ვავადმყოფობ, ვისვენებ მე. მოძღვარი ვარ და ისევ მიბრუნდება ენერგია, ეს არის პასუხი. კარგი პასუხია?
-კი, კარგი პასუხია.
-ხო, მორჩა... მეტს არ გეტყვი არაფერს.
- დაგვლოცეთ, მამაო!..
-არ განვაგრძოთ შეჩერებული ლაპარაკი?
-თუ დრო გაქვთ და არ დაიღალეთ, განვაგრძოთ.
-არა, არა... არ ვიღლები. ეს ნეტარება თქვენი ნახვისა, პირველი მაქვს მე. ასეთი საღი მოაზროვნე და მოპასუხე არ მყოლია მე.
-დიდი მადლობა მამაო.
-შენც და ისიც, მაგარია (თამარ მამაცაშვილზე მიმითითებს)
-მამაო, რატომ არის ხოლმე ღმერთი არ ისმენს ჩვენს ლოცვას?
-ჩვენ რომ ვლოცულობთ, ვამბობთ, შეისმინე ღმერთო. ლოცვა თხოვნაა და თუ შეისმენს, მისი ნებაა. თუ შენი გული არის წმინდა, სუფთა, თხოვნაც მიღებულია, თუ არადა არ ღებულობს. თუ მოშხამულია შენი სინანული ღვარძლითა და შხამითა, არ ღებულობს.
-გამოსავალი?
-გამოსავალი არის სასჯელი. (ხმამაღლა ჩაიცინა)
-გული ხომ უნდა გაიწმინდოს?
-შენს ხელშია.
-რომ დაისვნეოთ მამაო? (მამა სოგრატს ხველება დაეწყო და საუბრის შეწყვეტა ვთხოვე)
-არ უნდა ვთქვა, ხომ ხედავ? მაინც ვიტყვი. იკეტება ყელი. მაინც ვიტყვი.
რა გვარი ხარ?
- მამაცაშვილი, - პასუხობს თამარი.
-შენ?
- ცაგურიშვილი
-მაგარი გვარებია.
-მამაო, თუ გქონიათ ცნობილ სასულიერო პირებთან ურთიერთობა, მღველმთავრებთან?
-მე ყველასთან შორს ვდგავარ. მომისმინე... ცეცხლთან ახლოს თუ მიხვალ, დაიწვები, თუ შორს წახვალ, გაიყინები. შუა ადგილას უნდა იყო. ვერიდები დიდ კაცებს. ხო სიბრძნეა? მე, ეფრემ პატრიარქმა მაკურთხა. რატომ მერიდებიო, მკითხა, რომ გავხდი პატრიარქი, ყველა მაწუხებსო, შენ რატომ გამირბიხარო? მე ვუთხარი,- მე მინდა, რომ შენ არ შეგაწუხო და გერიდები-მეთქი, ეს იყო პასუხი. სულ შორს ვარ, არ ვეკარები. აწონ-დაწონე ჩემი პასუხი, დაამუშავე შენს გულში და შემდეგ მითხარი, რატომ მოხდა ასე ჩემში? ფშუტე თავთავი თავს მაღლა იწევს, მძიმე - თავთავი თავდახრილია.
მე თავიდან უარი გითხარით საუბრისთვის, მერე შევყევი, მაგრამ ბევრი სათქმელი კიდევ დამრჩა.
-გვითხარით მამაო, გვესაუბრეთ.
-არა, ბევრი რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ თქვენ დაიღალეთ.
-კიდევ რომ მოვიდეთ სხვა დროს, მამაო, მიგვიღებთ?
-სხვა დროს, სხვა დრომ იცის. ახლა მიგიღეთ.
-მამაო, ჩვენ, პირადად მე და თამარმა როგორ ვიცხოვროთ?
- ჩემი საუბრიდან დასკვნა გააკეთეთ. მომისმინე..
"არ სჯობს რომ კაცმა ბრძლაში
გმირულად სული დალიოს,
ვიდრე მტრის ნება-სურვილით
მან საწამლავი დალიოს?"
-რომელი ჯობია?
-ბრძოლა...
-კაცი მაინც კვდება, სჯობს ბრძოლაში მოკვდე, ვიდრე მტერს დანებდე და მომკალი უთხრა.
-ცხოვრებას უნდა შევებძოლოთ?
-ადამიანი რომ იბადება, იბადება ბრძოლის ველზე. ამ ბრძოლიდან რომ გავა გამარჯვებული ის არის ღვთისგან დამსახურებული. თუ დამარცხდება ღმერთის წინაშე დამარცხებულია.
-გამარჯვებაც ხომ ღვთის მადლით და შეწევნით ხდება, მამაო?
-თუ იბრძოლე ღვთის სადიდებლად, მისი სიმართლის დასაცავად, შენ გაიმარჯვებ, თუ არა და დამარცხდები.
-კარგად იყავით მამაო, დაგვლოცეთ..
-ნახვამდის! სამოთხემდე ნახვამდის!
-ამ ქვეყანაზეც გნახავთ, მამაო.
- ჯობია იქ შევხვდეთ, ვიდრე ამქვეყანაში ვიაროთ ერთმანეთში, იქ შეხვედრა ჯობია. ჩვენი გზა სხვა გზა არის და თავს იყრის იქ, სამოთხის კარიბჭეში და იქ შევხვდეთ ჯობია, ვიდრე აქ შევხვდეთ და იქ არ შევხვდეთ.
- სამუდამოდ ერთად ვიქნებით...
-ოოო, ოოო...
-დაგემშვიდობებით მამაო.
-მშვიდობა არის მარადიული. დამშვიდობება ერთი ღამისა არის. ერთი ღამის დამშვიდობება არ მყოფნის, მარადიული დამშვიდობება მინდა. მარად მშვიდობა იყოს ჩვენთან.



ბეჭდვა
1კ1