უძღები შვილი
უძღები შვილი
"მივდერკ ჭენებით დაცემად და უფალმა ხელი აღმიპყრა მე"
მხოლოდ ამ განსაცდელთა გავლით მოვა სინანულში ქართველი და ჩვენც გამოგვიჩენს უფალი ახალ მოშურნე ილიას!
არ არსებობს სული, რომელმაც სცოდა, სინანული განიცადა და საკუთარ თავში უძღები შვილი ვერ ამოიცნო. მაგრამ რამდენადაც მძიმე და მტკივნეულია დაცემა თავისი შედეგებითურთ, მით მეტია მამის წიაღში დაბურნების სურვილიც და სიხარულიც. ძე შეცთომილის მოქცევას ხომ უდიდესი სიხარულით ხვდება უფალი...

რას ნიშნავს უძღებობა? როგორ ავლენს ჩვენი დრო ამ ცოდვას? რას ნიშნავს იგავში მოხმობილი სიმბოლოები? რა აბრუნებს ადამიანს მამასთან? რატომ უშვებს ჩვენზე ამ განსაცდელს უფალი ან როგორ განვიკურნოთ? ყველა ბრუნდება კი მამის წიაღში?

გვესაუბრება თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი:

- ალბათ, საღმრთო ისტორიიდან (რომელიც, იმავდროულად, კაცობრიობის ისტორიაცაა) ის უნდა მოვიგონოთ, როდის შესცოდა პირველად ადამიანმა და როდის გაჩნდა პირველი სინანული ღვთის ქმნილებათა შორის. როგორც წმინდა წერილი და საღვთო გამოცხადებანი გვაუწყებს, პირველად ზეციური ანგელოზი - ყველაზე ბრწყინვალე ქერუბინი დაეცა ამპარტავნებით. ამპარტავნება კი, წმინდა მამათა განმარტებით, ეშმაკის სტიქიაა. ამავე ცოდვით დაეცნენ ჩვენი პირველმშობლებიც - ადამი და ევა. მათი ცდუნება და დაცემა თავისებური შურისძიება იყო ბოროტისა შემოქმედ ღმერთზე.

წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ბოროტება თავად კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხესა და მის ნაყოფში არ უნდა ვიგულისხმოთ. პირიქით: როდესაც გველისგან ცდუნებულმა ევამ ხეს შეხედა, იხილა, რომ იგი მშვენიერი იყო, ნაყოფი კი - უტკბესი, თუმცა შედეგი ძალზე მწარე მოჰყვა.

გრიგოლ ღვთისმეტყველისა და სხვა წმინდა მამათა განმარტებით, სამოთხე ღვთისმშობელ მარიამს განასახიერებს, მისგან მომდინარე და ოთხად განტოტვილი მდინარე კი ოთხ მახარებელს, სხვა განმარტებით - ოთხ უმთავრეს სათნოებას. ხე ცხოვრებისა ძელი პატიოსანს შეესაბამება, ხე ცნობადისა - ღვთისმშობელს, ეს ყოველივე კი წინასწარმეტყველებაა იმაზე, რაც მომავალში უნდა მომხდარიყო. ხოლო ის, რომ ღმერთმა ადამი აკურთხა, დაემუშავებინა სამოთხე და დაეცვა იგი, ნიშნავს - განეჭვრიტა ღვთაებრივი აზრები.

ღმერთმა თავისუფალი ნება მიანიჭა ადამიანს და სიყვარულიდან გამომდინარე აკრძალვაც მისცა - ცნობადის ხის ნაყოფის გარდა ყველა ხილი ეხმია. ამის მიზეზიც განუმარტა, მაგრამ ურჩობით დაცემულმა ადამმა და ევამ დაკარგეს უფალთან სიახლოვე და ღმერთმა კი არა, საკუთარმა ამპარტავნებამ და ცოდვამ გამოაძევა სამოთხიდან.

სწორედ ჩვენმა პირველმშობლებმა უჩვენეს შემოქმედს პირველი სინანული. წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ ისინი ხშირად მიდიოდნენ სამოთხის კართან და თავიანთ ცოდვას დასტიროდნენ.

სამოთხის ხსოვნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ვიდრე საბოლოოდ არ დაკარგეს ადამიანებმა, შემოქმედი სრულიად არ დაივიწყეს და კერპთაყვანისმცემლობაში არ ჩაცვივდნენ, მაგრამ მამამ არ დაივიწყა თავისი ქმნილება და მართალთა, წინასწარმეტყველთა და პატრიარქთა პირით ყოველთვის ცდილობდა, სინანულში მოეყვანა იგი.

რაც შეეხება იგავს უძღები შვილის შესახებ, მოდით, წმინდა წერილს მივყვეთ: მამას ორი ვაჟი ჰყავდა. უფროსი მამის მორჩილებაში ცხოვრობდა ანუ სჯულის მიმდევარი იყო, უმრწემესს კი, როგორც ჩანს, ადრევე დაეწყო შინაგანი ბრძოლები, რაც გამოაშკარავდა კიდეც.

როგორც მამათა ნაწილი ფიქრობს, უფროს ვაჟში უადრესად გამორჩეული ისრაელის ერი მოიაზრება, უმცროსში კი წარმართნი, თუმცა მასში ყველა ცოდვილმა შეიძლება შეიცნოს თავი.

ვნახოთ, როგორ განეყო იგი მამას: "და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თუისსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკვიდრებელისაი. და განუყო მათ საცხოვრებელი იგი" (ლუკა 15,12). ყოველგვარი ყოყმანისა და წინააღმდეგობის გარეშე დაუთმო მამამ, თუმცაღა, მოსეს სჯულის თანახმად, სრული უფლება ჰქონდა, არაფერი მიეცა მისთვის, როგორც უმცროსი შვილისთვის. მინიშნებით ჩანს, რომ ბრძენი და სულგრძელი მშობელი ჩინებულად იცნობდა ვაჟს და გარკვეულწილად მიუშვა ამ ცოდვაზე... ძალაუნებურად მაგონდება ფრაზა ფსალმუნიდან: "მივდერკ ჭენებით დაცემად და უფალმა ხელი აღმიპყრა მე".

"და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხონდებოდა იგი არაწმიდებით" (ლუკა 15,13). ყურადღება მიაქციეთ, რომ უძღები შვილი მამას ერთბაშად კი არ განშორდა, მის სახლში იმდენ ხანს დარჩა, რამდენიც მიღებული მემკვიდრეობის აღრაცხვას დასჭირდებოდა. აქ მისი უკიდურესი უმადურობა ვლინდება და ძალაუნებურად მაგონდება ქართული ანდაზა: "მამის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს, ან მგლის ფერიო" ("მგელი გონიერი", მოგეხსენებათ, ზედსახელია ეშმაკისა, ისევე, როგორც ვეშაპი და სხვა). და აკი ასეც მოხდა.

რას ნიშნავს - "ცხონდებოდა არაწმიდებით?" მემთვრალეობასა და მეძავობას მიეცა ძე შეცთომილი... გავიხსენოთ, რას შეგვაგონებს პავლე მოციქული: ნუ დათვრებით ღვინით, რამეთუ ამას მოსდევს სიბილწეო. ყოველი ცოდვა ხომ ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ნახეთ, როგორი ხელოვნებით იპყრობს ბოროტი ადამიანს: თავდაპირველად ევას მეგობრის სახით ესაუბრება (მოგეხსენებათ, სანამ არაწმინდა სული შეიპყრობდა, გველი ადამის მეგობარი, უგონიერესი ქმნილება იყო შემდგომად კაცისა)... ავსულმა ჯერ მეგობარი დასცა გველში, შემდეგ მასში შესულმა - ევა და ადამი. მეგობრის ტონით ხშირად საუბრობს ბოროტი ჩვენს გულში, და თუ არ განვაგდეთ, ცდილობს, შეგვიმეგობრდეს, ხოლო თუ შეგვიმეგობრდება, შეგვიპყრობს კიდეც.

ეკლესიაში ახალმოსულები ხშირად კითხულობენ: სიძვის ბრძოლები რომ მაქვს, ცოდვააო? ყველა ეს ბრძოლა ღვთისგანაა დაშვებული. უხილავი ბრძოლა როდია ცოდვა, არამედ ცოდვით დაცემა. ქრისტეს წმინდა ეკლესია დედამიწაზე - მებრძოლი ეკლესიაა, თითოეული მისი წევრი კი - მხედარი, რომელიც, ღვთის მადლითა და სახელით, როგორც ღვთივდიდებული პავლე გვასწავლის, ებრძვის ცისქვეშეთის ბნელ ძალებს, გავარვარებულ ისრებს რომ გვიშენენ ვნებებისა და შეუფერებელი გულისთქმების სახით.

ახალგაზრდა მონოზონი საშინელი სიძვის ბრძოლებით იტანჯებოდა უდაბნოში. ვნებათაგან მიმოტაცებულმა ბოლოს გადაწყვიტა, უდაბნო დაეტოვებინა და ერში დაბრუნებულიყო. და აი, გზად სხვა მონოზონი შეხვდა, რომელსაც სთხოვა: ჩანს, ჩვენი შეხვედრა ღვთის ნებაა. მოდი, ძმაო, ვილოცოთ, რომ ღმერთმა ჩემგან სიძვის ეშმა განაგდოს და ერში არ დავბრუნდეო. არა, ჩემო კეთილო, ეს კი არა, ძალა და მადლი უნდა გამოსთხოვო უფალს, რომ ბრძოლებიდან გამარჯვებული გამოხვიდეო, - ურჩია შემხვედრმა, მაგრამ რადგან თავისას დაჟინებით ითხოვდა, მუხლი მოიყარეს, ლოცვაჰყვეს უფლისა მიმართ და მონოზონიც განდეგილობის ადგილს დაუბრუნდა.

გამოხდა ხანი და ამ უკანასკნელმა სულ სხვა მოტივით მოიწადინა უდაბნოს დატოვება. და ღვთის განგებულებით ეს ორი მონოზონი ერთმანეთს ისევ შეხვდა.

- გაგიქარწყლდა, ძმაო, სიძვის ბრძოლები? - დაეკითხა ერთი მეორეს.

- კი გამიქარწყლდა, მამაო, მაგრამ სხვა უბედურება მეწია - მოწყენილობაში ჩავვარდი, მარხვაც გამიჭირდა, ლოცვაც და უდაბნოს მიტოვება საბოლოოდ გადავწყვიტე. რადგან ისევ შევხვდით, კვლავაც მოვიდრიკოთ მუხლნი და უფალს ახლა ის შევთხოვოთ, რასაც უწინ მირჩევდიო...

და მართლაც, მამათა ლოცვით განუახლდა სიძვის ბრძოლები და უფლისგან ამ ბრძოლებში მადლი და შემწეობა მიიღო.

მაშ, ვინც არ იბრძვის, ის არც იმარჯვებს, ხოლო ვინც არ იმარჯვებს, მას უფალი არც აჯილდოებს.

მოდით, კვლავ იგავს მივუბრუნდეთ: "და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად" (ლუკა 15,14). საგულისხმოა, რომ შეცთომილი ძე იმაზე ადრე არ გაღატაკდა, ვიდრე შიმშილი ჩამოვარდებოდა...

და "მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თუისა ძოვნად ღორთა" (ლუკა 15,15). ქრისტიანებმა აქედან ის უნდა დავასკვნათ, რომ შიმშილიც, განსაცდელებიც და კატასტროფებიც ღვთის დაშვებით ხდება. ღმერთი, როგორც მგრძნობიარე და მოყვარული მამა, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ სიყვარულს ავლენს, რადგან ამ ადამიანს, უმდიდრესი კაცის შვილს, ვიდრე არ შეემშია, სინანული არ გაუჩნდა.

ის, რაც დღეს ქართველებს გვჭირს, ჩვენი უსჯულოებისა და ცოდვების პირდაპირი და ლოგიკური შედეგია, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის სასჯელი: უფალი ამ გზით ჩვენს სინანულში მოყვანას ცდილობს.

უფრო მძაფრ მაგალითს მოვიყვან: როდესაც წმინდა ილია თეზბიტელმა მქადაგებლობითა და სასწაულთმოქმედებითაც ვერ აღუძრა სინანული თავის ერს, გასაოცარი რამ ითხოვა უფლისგან: გვალვა და შიმშილი. მისი ლოცვით, სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ნამიც კი არ გადმოუგდია ცას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ისტორიულად მოხდა, იგი იმავდროულად ანტიქრისტეს დროის წინასახეცაა.

მოქალაქე იმ უცხო ქვეყნისა, რომელმაც უძღები შვილი მეღორედ დაიყენა, მამათა სწავლებით, თავად სატანაა.

- რას ნიშნავს მეღორეობა?

- ადამიანის უკიდურეს ზნედაცემულობას. და რას იხმევდა დამშეული უმრწემესი შვილი? ღორის სალაფავს, რომელიც სტომაქს უვსებდა, მაგრამ ვერ კი აპურებდა. ბოროტი სულიც ხომ ასე მოქმედებს - მოჩვენებითი, წარმავალი სიამეებით გვივსებს სულს და გულს, მაგრამ შიმშილს ვერ გვიკლავს. შიმშილი ჭეშმარიტებისა და სიმართლის მიმართ, რომელიც ადამიანმა თითქოს იმანენტურად მიიღო ღვთისგან, თავისით არ ცხრება. და ვის შეუძლია ასეთი შიმშილის მოკვლა? ამ კითხვაზე თავად უფალი გვპასუხობს: მე ვარ პური, რომელი გარდამოველ ზეცით. სამარიტელ დედაკაცს კი ეუბნება: მოვედით და სუთ წყალი ესე... სულიწმინდას სულიერ წყალს უწოდებს, რომლის შემსმელსაც აღარასოდეს მოსწყურდება. მხოლოდ მადლის მიერ უბრუნდება ადამიანი დაკარგულ სამშობლოსა და მამას, ემსგავსება ღმერთს ანუ განიღმრთობა, რაც ქრისტეს მხსნელი ვნებებისა და მისი მადლის გარეშე ყოვლად შეუძლებელია.

ერთი ტრივიალური გამოთქმის თანახმად, როდესაც სამოთხიდან გამოძევებულმა ადამიანმა უკან დაბრუნება ვერ შეძლო, ღმერთი მის დასაბრუნებლად თავად მოვიდა მიწაზე და არათუ დააბრუნა, უფრო მეტ ნეტარებაშიც შეიყვანა (მოგეხსენებათ, ზეციური მამის სახლში - სასუფეველში ადგილებ მრავალ არს). მოკლედ თუ ვიტყვით, უცხო ქვეყანაში წასვლა ცოდვებში ჩანთქმა და მამისადმი - ღვთისადმი გაუცხოებაა.

მოაკლდა რა მამის მზრუნველობა და ზედამხედველობა, უგუნურმა და უმეცარმა განაბნია ქონება (მამათა განმარტებით, აქ სულიერი ნიჭები და ტალანტი იგულისხმება და არა ნივთიერი სიმდიდრე) და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვარდა ღვთის განგებით შიმშილი, რომელმაც სინანულში მოიყვანა უძღები შვილი.

როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, უბედურება ისაა, რომ ეშმაკი ჩვენვე გვიყენებს ჩვენსავე წინააღმდეგ - მოხიბვლითა და ცდუნებით იწყებს და სასოწარკვეთით ამთავრებს. მაგრამ თუ რაოდენი ძალა აქვს არა უბრალოდ სინანულს, არამედ სასოებით სინანულს (გავიხსენოთ უიმედო სინანული იუდასი, რომელმაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა იგი და სინანული ავაზაკისა, რომელსაც სასოებით სწამდა და, უწინარეს მრავალი ქრისტიანისა, აღმსარებელი შეიქმნა ქრისტესი), ერთი მაგალითიც ცხადყოფს: ერთ განდეგილ მამას სიძვის ეშმაკი ებრძოდა. დიდხანს დაითმენდა ამ სატანჯველს, ბოლოს კი ბოროტმა შეიმეგობრა, გაიქცა და ერთ ღამეს უახლოეს სოფელში დაეცა.

უკან რომ ბრუნდებოდა, ეშმამ მისი საბოლოოდ დაღუპვა განიზრახა და გულში საუბარი უწყო: ათეული წლების ღვაწლი წყალს მიეცი, რაღა ფასი აქვს შენს სინანულს. ადექი, ეგ ბერული ჩოხა გაიხადე, ერში დაბრუნდი, რომ სასუფევლის დამკარგველმა ამქვეყნიური სიამენიც არ დაკარგოო. მაგრამ ბერი მიუხვდა ხრიკებს და მყის უპასუხა: შევცოდე? მაგრამ შენ ვინ ხარ? უფალს შევცოდე, ღმერთი ჩემი კი მიმტევებელი მამააო. და ამ სიტყვებით დაუბრუნდა სენაკს, დაემხო წმინდა ხატების წინაშე და თავდავიწყებულ სინანულს მიეცა. ამ ყოფაში ჩავარდნილს მესამე დღეს სინათლის ანგელოზი ეჩვენა და აუწყა: მამაო, აწ საკმარისია, ღმერთმა შეგინდო, შეწყვიტე მოთქმაო.

სჯულის კანონის თანახმად, თუ ბერი სიძვის ცოდვით დაეცა, სულ მცირე, 15-წლიანი უზიარებლობით ისჯება. მაგრამ რაოდენი სინანული უნდა ჰქონოდა ამ ბერს, რომ სამდღიანი სინანული აკმარა ღმერთმა...

- რით მივხვდები, რომ ღმერთმა შემინდოო? - დაეკითხა ბერი ანგელოზს.

- ამის ნიშნად დღეიდან საკვირველთმოქმედების მადლი გეძლევაო, - მიიღო პასუხად.

მაშ, უფალმა არათუ შეუნდო დაცემულს, ეს მადლიც უწყალობა.

სამწუხაროდ, იმას, თუ რამდენი ხანია საჭირო, ღმერთმა ესა თუ ის ცოდვა რომ შეგვინდოს, ხშირად ცივი გონებით ვუდგებით. ერთი ღმერთშემოსილი მამა კი ამ კითხვას ასე პასუხობს: გულწრფელი სინანულის შემთხვევაში სამი დღეც არ არის საჭირო, რადგან ჩვენს გადაწყვეტილებას, ცოდვა შევინანოთ, ღვთის კაცთმოყვარეობა უსწრებს წინო.

ისევ იგავს მივუბრუნდეთ: "და მოეგო რაი თავსა თუისსა, თქუა: რავდენთა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები" (ლუკა 15,17). საგულისხმოა, რომ მანამ არ შეინანა, ვიდრე არ გაუჭირდა და, უხეშად თუ ვიტყვით, კუჭი არ აეწვა... ძალაუნებურად გაგონდება ქართული ანდაზა: "რაც მოგივა დავითაო, ყველა - შენი თავითაო".

ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოს ღვთისმოსავს ერთი ველური ბუნების მხედართმთავარი აუჯანყდა, ოჯახიანად ამოწყვიტა, თავად გამეფდა და საშინელი დღეები აწია ქვეყანას. როდესაც ერთ-ერთმა წმინდანმა ლოცვით მიმართა უფალს, - ასეთი რა შეგცოდეთ, ეს ტირანი რომ დაგვიდგინეო, პასუხად მიიღო: მასზე უფრო მხეცური ბუნების ადამიანი ვეძებე და ვერ ვნახეო. ამით აუწყა, თქვენი უსჯულოების გამო უარეს მმართველს იმსახურებდითო.

თავად გაავლეთ ჩვენს დღევანდელობასთან პარალელები და შესატყვისი დასკვნები გააკეთეთ. არა ძლიერთა ამის სოფლისათა, არამედ ჩვენს გონებაში ჩაბუდებულ "გონიერ მგლებს" უნდა ვებრძოლოთ და თუ ამ უკანასკნელთ მოვინადირებთ, მერწმუნეთ, გვეყოლება ის, ვინც აღგვეთქვა - მირონცხებული მეფე, რომელიც აარონულ ანუ სამღვდელო საწყისთან ერთად დამწყსის ქართველ ერს და სიცოცხლის წყლებთან მიიყვანს. სწორედ ეს იქნება ივერიის გაბრწყინება, რაც ზოგიერთს მატერიალური კეთილდღეობა ჰგონია. ქართველებს ხომ სხვა არაფერი გვინდა: ყველას დედაქალაქში, კომფორტში გვსურს ცხოვრება. ასეთი ანდაზაც კი გაჩნდა უკანასკნელ დროს: სადაც თბილი წყალია, იქ ჩემი სამშობლოაო.

ამ შეგნებითა და მსოფლმხედველობით დიასპორებში გაიბნა მილიონზე მეტი ქართველი, აქ, ჩვენს მიწაზე კი გაშმაგებით ხორციელდება ე.წ. სექსუალური რევოლუცია, ერის გარყვნა და დაკნინება ანუ ეროვნულ-ქრისტიანული ღირებულებების დასავლური ფსევდოღირებულებებით ჩანაცვლება.

აქვე დავძენ, რომ საქართველოს, როგორც უძღებ შვილს, უახლოეს მომავალში დიდი განსაცდელი ელის. ისეთი დრო მოდის, როდესაც იქნება საქართველო და თან არც იქნება, იარსებებს ქართველი ერი და არც იარსებებს... სამაჩაბლო და აფხაზეთი სალმობათა მხოლოდ დასაბამია... მხოლოდ ამ განსაცდელთა გავლით მოვა სინანულში ქართველი და ჩვენც გამოგვიჩენს უფალი ახალ მოშურნე ილიას!

განსაცდელები კი ლოგიკური შედეგია ჩვენი უსჯულოებისა, გარნა ღვთის წყალობაცაა. როდესაც თერაპიული მკურნალობა უშედეგოა, საქმეში ქირურგია ერთვება. თერაპიული მკურნალობა, სამწუხაროდ, არ მივიღეთ ღვთისგან, აღარც სინდისის ქენჯნას ვუსმენთ, აღარც განსჯის უნარი გვაქვს, აღარც ეკლესიის ხმას ვაყურადებთ, ამიტომ უფალი უკვე ქირურგიულად ერევა ქართულ ორგანიზმში - იკარგება მიწები, ქვეყანა საზღვრებს გარეთ გასულ შვილებსაც კარგავს, აღარას ვამბობ უცხოეთში დაბადებულ ჩვენებურებზე, რომლებიც უცხო ენებზე იდგამენ ენას... რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

როდესაც დიდი გაჭირვების შემდგომ უძღებ შვილში სინანულმა გაიღვიძა, გულში ასეთი აზრი ჩამოუყალიბდა: "აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი" (ლუკა 15,18-19). ეს სიტყვები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოძერწილი მის ცნობიერებაში, იმას მიანიშნებს, რომ უცხო ანუ ცოდვის ქვეყნის მიტოვება განიზრახა, თუმცა სურს, მამას დაბრუნების მიზეზი დაუსაბუთოს, თავისი საწყალობელი მდგომარეობა აჩვენოს და მისი შენდობა მიიღოს. მაგრამ როდესაც მშობლის უსაზღვრო სულგრძელობის, მოწყალების მოწმე შეიქმნება, თავს ცოდვილად კი აღიარებს, მაგრამ მამას აღარ სთხოვს, მსახურად მიიღოს, - ამას ზედმეტად თვლის, რადგან, როგორც ვთქვით, ჩვენს სინანულს უფლის მოწყალება უძღვის ხოლმე წინ.

KARIBCHEაქვე მაგონდება რემბრანდტის ტილო "უძღები შვილის დაბრუნება", რომელზეც ჩინებულადაა გადმოცემული ამ იგავის დვრიტა.

"და აღდგა (ფეხითაც და გულითაც) და მოვიდა იგი მამისა თუისისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა; და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა" (ლუკა 15,20-21). მამა არც კი დაელოდა შვილს, თავად მიუახლოვდა, დაასწრო და შეეგება. მამა მას ელოდა, როგორც ჩანს, მისთვის ლოცულობდა და როდესაც მონანული დაუბრუნდა, ძლიერ განიხარა.

"ჰრქუა მამამან მონათა თუისთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ხელსა მისსა და ხამლნი ფერხთა მისთა. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად" (ლუკა 15,22-24).

- რას ნიშნავს სამოსელი პირველი, ზვარაკი ჭამებული, ბეჭედი, მსახურნი და ხამლი?

- აი, როგორ განმარტავენ ხსენებულ სიმბოლოებს წმინდა მამები: გარყვნილებითა და შიმშილით განადგურებული ბრუნდებოდა მამასთან ჭაბუკი... არც ერთი სიტყვა გაკიცხვისა, არც მრისხანე მზერა... მამის გულში მამობრივმა სინაზემ გაიღვიძა, რომელიც უბედურში დამნაშავეს კი არა, შვილს ხედავდა. ღვთის თვალში ხომ ადამიანის სული მთელ სამყაროზე ძვირფასია, მოქცეულ ცოდვილს კი შორიდანვე ჭვრეტს და გულში მიირქვამს...

მსახურებში ზეციური ძალნი, ღვთისგან მსახურ სულებად დადგენილი ანგელოსნი უნდა ვიგულისხმოთ; სამოსელი პირველი სიმბოლოა უბიწოებისა, რომლითაც წმინდა ეკლესიამ ნათლისღების ემბაზში შეგვმოსა; ხამლი ანუ ძველქართულად - ფეხსაცმელი ღვთიური მადლია, უფლის მცნებების აღსრულებისას რომ განგვამტკიცებს; ბეჭედი - ნიჭია შვილობისა, ზვარაკი ჭამებული კი ძე მხოლოდშობილი, ადამიანთა სახსნელად რომ განკაცდა და დაიკლა გოლგოთაზე.

მეცხრამეტე საუკუნის ერთი რუსი ქრისტიანი, ხედავდა რა თავისი დროის უსჯულოებას, ღმერთს შეევედრა: უფალო, ხომ უწყი, როგორ დაეცა და გებრძვის კაცობრიობა, აღსდექ და შური იძიეო, რაზეც ეუწყა: ამგვარი რამ აღარასოდეს მთხოვო, რადგან ისე მიყვარს ადამიანი, მზად ვარ, მის სახსნელად დედამიწაზე ათასჯერ მოვიდე და ათასჯერ აღვიდე ჯვარზეო.

აქვე მაგონდება წმინდა სერაფიმე საროველის სიტყვები: ადამიანებმა რომ იცოდნენ, რას კარგავენ სასუფევლის სახით ან რა ელით ჯოჯოხეთში, მყის შეიცვლიდნენ ცხოვრების წესსო. მაგრამ ეშმაკი, თავადი ამა სოფლისა, უძღები შვილივით ფუყე საკვებით რომ გვივსებს სტომაქს, ზეციური წარმომავლობის ჭეშმარიტ ღირებულებებს გვავიწყებს.

როგორც ღირსი ილია მინიატისი ამბობს, უფალს რომ მოესურვებინა, ადამიანის მიმართ კიდევ უფრო მეტი სიყვარული გამოევლინა, ვერ შეძლებდა, რაც მან თავისი შობითა და ამსოფლად მოვლინებით გამოხატაო.

ჩვენთვის ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როგორც ათანასე დიდი დასძენს, განართხა რა ხელნი ჯვარზე, ადამიანებს ქვეყნიერების ოთხივ კუთხიდან მოუწოდა. თვით სახელი "ადამ", იოანე ოქროპირის განმარტებით, ანაგრამაა ოთხი სიტყვისა - აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. იგულისხმება ქვეყნის ოთხი კუთხე, ჯვრის ოთხი კიდური. თავად მაცხოვარს ხომ, ღვთისმეტყველ მამათა ენაზე, მეორე ადამი ეწოდა. პირველი ადამიანის "ადამად" სახელდება უფალ საბაოთის კურთხევას გულისხმობს, რომელიც ჩვენს პირველმშობელთა მიმართ გამოთქვა: აღორძინდით, გამრავლდით და აღავსეთ ყოველი სოფელიო. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეორე ადამად სახელდება იმის წინასწარმეტყველებაა, რომ იგი ყოველი ადამიანისთვის აღვიდოდა ჯვარზე.

ზვარაკი ჭამებული დაუკლა მამამ უძღებ ძეს და იწყეს განცხრომად. ამ პერიოდს წმინდა მამები ეკლესიის ათასწლოვან მეუფებას უწოდებენ, რომლის შემდეგაც, როგორც გვამცნობს აპოკალიფსი, სატანა ტარტაროზიდან იქნება ამოშვებული. ამას ცოდვის შვილის, ანტიქრისტეს წყეული რეჟიმი მოჰყვება, რომლის კონტურებიც უკვე ისახება გლობალიზაციის, ინტეგრაციისა და ეკუმენიზმის სახით, რაც შედეგად ახალ მსოფლიო წესრიგს, ანტიქრისტეს მეფობას, ახალ მონდიალურ მსოფლიო სამეფოს (მისი დედაქალაქი იერუსალიმი იქნება) მოიტანს.

იგავის დასასრულ უფროსი ძე მობრუნდა ყანიდან და "ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ხმაი სიხარულისაი და განცხრომისაი. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაი არს ესე? ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაი შენი მოსრულ არს და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად, ხოლო მამაი მისი გამოვიდა და ჰლოცვიდა მას..." (ლუკა 15,25-28).

დახეთ ამპარტავნებას და თვითკმაყოფილებას უფროსი ძისას, რომელიც თითქოს მორჩილი იყო, აქამდე მართალ ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ ვინ აღმოჩნდა სინამდვილეში? როგორც იოანე ოქროპირი ამ იგავის განმარტებისას ამბობს, სჯობს ისევ ცოდვა სინანულით, ვიდრე სიმართლე თვითკმაყოფილებით. თუნდაც მეზვერისა და ფარისევლის იგავი გავიხსენოთ. რომელი გამოვიდა ტაძრიდან განმართლებული?

უფლის გარეშე არცა რაი ძალგვიძს, მისი ნების გარეშე თმის ღერიც არ ჩამოგვვარდება, ამიტომ მხოლოდ მას შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა.

ამის გამგონე მავანი აღშფოთდება: მაშ, ჩვენ სადღა ვართ, თუ აღძვრაც ღვთისგანაა და აღსრულებაც კეთილი საქმისა?! ადამიანს ერთადერთი ღირსება აქვს - თავისუფალი ნებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ, რომელია სწორი გადაწყვეტილება? საამისოდ ღმერთმა მოგვცა სინდისი, სინდისის ქენჯნა, გონება, განსჯისა და სიკეთის ქმნის უნარი და, ბოლოს და ბოლოს, ჩვენისა ცხოვრებისათვის თავისი მხოლოდშობილი ძეც წარმოჰგზავნა...

ქრისტეს წმინდა სახარება სარკეა ყოველი ადამიანისთვის, სადაც იგი დაინახავს, ერთი მხრივ, საკუთარ ცოდვიანობასა და უსუსურობას, მეორე მხრივ კი გზას გადარჩენისას.

საოცარია მამის სულგრძელობა და მოთმინება: უმრწემეს შვილს უსიტყვოდ უბოძა ის, რაც შეეძლო, სჯულით არც მიეცა, იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან იგი სინანულით მოიქცეოდა, ხოლო უფროსს, რომელიც ამპარტავნებით ურისხდებოდა მამას, რაოდენი სულგრძელობითა და სიყვარულით განუმარტავს თავის ქმედებას. მრისხანებაზე მრისხანებით არ პასუხობს, თუმცა, მოსეს სჯულის თანახმად, მამაზე აუგის მთქმელი შვილი ქვით უნდა განეტვინათ. ნახეთ, რას მიუგებს: "შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. ხოლო აწ მხიარულებაი და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაი ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა" (ლუკა 15,31-32).

აი, სიბრძნე, დვრიტა და ლაიტმოტივი ამ იგავისა.

რაკი სინანულზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია, არ მოგითხროთ ერთ მონანულ ავაზაკზე.

ჩვენგან ნახსენები მავრიკიოს იმპერატორის დროს საბერძნეთში გამოჩნდა ერთი თავზე ხელაღებული ავაზაკთა ატამანი, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკური ძლიერებით, გამჭრიახობითაც გამოირჩეოდა და დიდად ვნებდა იმპერიას. ვერავითარი ძალითა და ხერხით რომ ვერ შეაჩერეს, იმპერატორს მის შესაპყრობად პირადი მხედრობა სთხოვეს, მაგრამ მან თავის ჯვარისმტვირთველს, 12 წლის ყრმას, ავაზაკთან ორად ორი სიტყვა დააბარა: "ნუ გეშინია!" ამ საქციელმა ისე იმოქმედა ავაზაკზე, თითქოს თვალთაგან ლიბრი ჩამოეხსნა, თავისი შემაძრწუნებელი წარსული დაუდგა თვალწინ, მეფეს ეახლა, მის ფერხთით დაემხო, მწარედ აქვითინდა და იმგვარი სიღრმით განიცადა საკუთარი უსჯულოება, რომ მძიმედ დასნეულდა, მოწყდა. ამიტომაც აიღეს და საკაცით უახლოეს საავადმყოფოში წაასვენეს.

სამი დღე და ღამე მიურულებლად ტიროდა და ჩვრით იხოცავდა ცრემლიან თვალებს. მესამე ღამეს კი მისმა მკურნალმა ექიმმა უჩვეულო სიზმრეული ჩვენება იხილა: თითქოს მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი სასწორით ხელში შემოვიდნენ ავადმყოფთან და ავაზაკის ცოდვათა აწონას შეუდგნენ. სასწორის ერთ პინაზე მის უსჯულო საქმეებს დებდნენ, მეორეზე დასადებად კი იოტისოდენა სიკეთეც ვერ იპოვეს. მაშინ გულდაწყვეტით უთხრა მიქაელმა გაბრიელს: მიმოიხედე, ეგებ რაიმე ნივთიერი მაინც იპოვო, რაც ავაზაკყოფილს ოდნავ მაინც განამართლებსო. ამ დროს გაბრიელ მთავარანგელოზმა თვალი მოჰკრა გარდაცვლილი ავაზაკის ცრემლით დალტობილ ჩვარს, პინაზე დადო და გასაოცარი რამ მოხდა: ამ პატარა ჩვარმა ცოდვები გადაწონა!

ექიმს ცივი ოფლით გამოეღვიძა და როდესაც ავაზაკყოფილთან შევიდა, იგი ახალგარდაცვლილი დახვდა. და ადიდა უფალი.

ჩემს სიტყვას კი ერთი წმინდა მამის შეგონებით დავასრულებ: "რა მცირეოდენით დაიწყო უძღები შვილის დაცემა და რამხელა უფსკრულში ჩავარდა. შეცოდება ყოველთვის უმნიშვნელოდან იწყება, რამეთუ ცოდვა თავისი ნამდვილი სახით საზიზღარია. მტერი ცოტცოტაობით თესავს გულისთქმათა არაწმინდებას, ვიდრე გულს სავსებით დაუმონებდეს ცოდვას. პირველი ფანდი მაცდურისა - გულის მხოლოდ აღძვრაა, მერმე და მერმე კი ამ უმნიშვნელო გულისსიტყვის გარშემო, რომელიც ყოველთვის როდი ჩანს, თავს იყრის ვეება ღრუბელი გულისთქმათა, სულს რომ აბნელებს; შემდეგ ბოროტ ვნებათა ნიავწვლილს მოჰბერს სულში, რომელიც საბოლოოდ ვნებათაღელვის ქარიშხლად გარდაიქმნება...

გულის გაციება ღვთის სათნომყოფელობაში - უკვე დიდი დაცემაა. აქედან - კანონი ხსნისა: მოვიდა ცდუნება - განაგდე, ნუ დაეთანხმები და თავისუფალი იქნები დაცემისაგან.

ევას რომ მაშინვე განეგდო გველი, აღარ შესცოდავდა. დაიცევ საღვთო მცნებები და მით ზომავდე შენს ნაბიჯებს" (ეპისკოპოსი თეოფანე).

დაბოლოს, ვიტყოდი ამ ერთსაც: ყველაზე მძიმე ცოდვა ისაა, საყვარელნო, რასაც ადამიანი ცოდვად არ მიიჩნევს.
ბეჭდვა
1კ1