როგორ ინფორმაციასაც იღებს ადამიანი, იმის მიხედვით იცვლება სულიერი განწყობაც
როგორ ინფორმაციასაც იღებს ადამიანი, იმის მიხედვით იცვლება სულიერი განწყობაც
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- მოძულეებისა და მაჭირვებელთა სიყვარულზე ადამიანის ფსიქიკა ინფორმაციით ან აღშენდება ან სულაც კვდება. ცხოვრების შემხედვარე ადამიანს უჭირს ანალიზის გაკეთება და გარჩევა ვინ არის მოყვარე, მოკეთე, მზრუნველი და მტერი. ყველა ის ადამიანი გვიყვარს ვინც გვაქებს, გვეალერსება და პიროვნულ კეთილდღეობას გვთავაზობს. სულიერი ხედვა იშვიათი გახდა, ნაკლებად გვაინტერესებს სულის სილამაზე. მცირედის დაუთმენლობა რჯულად გვექცა. ადამიანურობის შესანარჩუნებლად გვევალება ბუნებით კეთილნი ვიყოთ, მაგრამ თუ გვსურს ქრისტიანობის დამმარხველად გავიხადოთ ჩვენი სული ეს ძალისხმევას მოითხოვს და თან რჯულის დაცვას.

ქრისტემ გვიქადაგა: "გიყვარდეთ მტერნი თქვენი", ეს მცნება რომც არ მოეცა უფალს, ადამიანს უნდა შეექმნა. წმინდა მამები გვირჩევენ: ენის მომტანი გააჩუმე და უთხარი არ გააგრძელოს! რატომ? ჩვენი ცხოვრება ინფორმაციისგან ყალიბდება. წარმოვიდგინოთ: მოდის ადამიანი და გვეუბნება: მამა ანდრიამ გაქო, ძალიან უყვარხარ და მოკრძალებით გახსენა. ადამიანს თვალში სიწმინდე ჩაუდგება, გული აენთება და პატივისცემით განიმსჭვალება. საპირისპირო ინფორმაციის დროს როგორ ხდება: მოდის პიროვნება და ამბობს: მამა ანდრიას სძულხარ, შენზე აუგი სთქვა, არ მოსწონხარ და გაგაკრიტიკა! საფიქრებლადაც კი მძიმეა, გული შეეკუმშება, შინაგანად გაღიზიანდება, აბობოქრდება და სანაცვლო ლანძღვის მეტი არაფერი წაცდება. როგორ ინფორმაციასაც იღებს ადამიანი, იმის მიხედვით იცვლება სულიერი განწყობაც. ჩვენში უნდა შევქმნათ მექანიზმი: "მზე ნუ დავა განრისხებასა თქვენსა"…

თეორიულად ვიცით ყველა ასპექტი ცხოვრებისა, მაგრამ პრაქტიკულად არ ვიყენებთ, არ გვსურს უფალი ჩვენს გულში შემოვუშვათ. მივეჩვიეთ მარტოობას, სიძულვილს, შხამს, ცილისწამებას. ადამიანი არ ჯერდება ინფორმაციის მიღებას, იგი აუცილებლად ეცდება შური იძიოს, მტრად გაიხადოს მოყვასი. გუშინ თუ ერთად იყვნენ და ლუკმას იყოფდნენ, დღეს ქვას უთავაზებენ, ენით დადუღრავენ ერთმანეთს. კაენმა შურის გამო მოკლა საკუთარი ძმა აბელი, იოსები შურისა და სიძულვილის გამო გაყიდეს ძმებმა, საული შურის გამო დევნიდა დავითს, იუდამ უსიყვარულობისა და ვერცხლზე მოშურნეობისათვის დათმო ქრისტე. ბევრი მიზეზია იმისა თუ რატომ შეიძლება ადამიანი გახდეს ჩვენი მოსისხლე მტერი: პატივი, დიდება, მეფობა, პირველობა, ფუფუნებისადმი ლტოლვა, "სიყვარული"…

უფალს ეს მცნებად რომ არ დაედო ჩვენთვის, უპირობოდ მტრებს გავანადგურებდით. ყველა ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც გვაწყენინებდა ჩვენი მტერი გახდებოდა. ესეთი შემთხვევა იყო, როდესაც ახალგაზრდა გოგონას დედამ უთხრა, რომ ტერორისტებთან ერთად ნუ დადიხარ. გაბრაზდა გოგონა და საკუთარი დედა მოკლა "რელიგიის შეურაცხყოფისათვის", ძნელი წარმოსადგენია რა რელიგია და მოტივი ჰქონდა ამ გოგონას, მაგრამ მახსენდება შესანიშნავი ისტორია: ფარულმა ერეტიკოსმა მოკლა სამხედრო მეთაური. როდესაც მკვლელი შეიპყრეს მეთაურმა მოაყვანინა და ძალიან მარტივად აჩვენა ქრისტიანული სიყვარული ბოლო დიალოგით: " მეგობარო, ის ხელი მომეცი, რომლითაც მომკალი და ნიშნად სიყვარულისა ჩემსას გიწვდი.

გპატიობ, მოგიტევებ დანაშაულს, სიცოცხლესა და თავისუფლებას გჩუქნი, შენგან არანაირ საზღაურს არ ვითხოვ, მხოლოდ მინდა, ვიცოდე, რისთვის მომკალი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის სიკეთეს გიკეთებდი"? მსახურმა უპასუხა: "არც თუ განსაკუთრებული რამისთვის, ჩემი რწმენისადმი მოშურნეობით, რომლისთვისაც სამსახურის გაწევა მინდოდა". - ახლა კი წადი, - თქვა მომაკვდავმა, - წადი და იცოდე, როგორი უღირსია შენი სარწმუნოება, რომელმაც იმ ადამიანის მოკვლა გასწავლა, ვინც ამდენი სიკეთე მოგაგო და რამდენად კარგია ჩემი სარწმუნოება, რომელიც სიცოცხლის ჩუქებას მიბრძანებს მისთვის, ვინც სიკვდილი მიწია". "მიუტეე უფალო, რამეთუ არა იციან რას იქმან".

ბეჭდვა
1კ1