,,დედაკაცო, რაისა სტირ, ვის ეძიებ?"...
,,დედაკაცო, რაისა სტირ, ვის ეძიებ?"...
ერთადერთმა იცის სისავსით, თუ რა არის სიკვდილი და იმავდროულად მხოლოდ ერთადერთმა - ღმერთკაცმა - უწყის სრულყოფიერებითად აღდგომაც... ხოლო მე იმის თქმაც კი მიჭირს, აღდგომა ,,რა" არის თუ ,,ვინ", რადგან აღდგომაში მონაწილე ,,რაც" სრულიადი სიცოცხლითაა მოცული და ნუთუ ასეთი სიცოცხლის აღსავსეზე ,,რა" ითქმის კიდევ? და ისიც კი, რაც ვუწყით, გამოუთქმელია ჩვენს მიერ - აღდგომა...

გვესაუბრება მეღვრეკისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ანდრია მინდოდაშვილი:

-აღდგომასთან დაკავშირებით წმინდა ოთხთავში თხრობა ისეა გადმოცემული, რომ დრო ,,იკარგება", მოვლენები ისეა მოთხრობილი, რომ საათის წიკწიკი წყდება, ,,ჯერ და შემდგომ" - ასე ვერ ვალაგებთ იმ მოვლენებს, რომლებიც უშუალოდ აღდგომას ესაზღვრებიან... რადგან აღდგომა ზედროულია, რადგან აღდგომა, ეს ,,მარადიულობის პოეზიის" შემოჭრაა ჩვენს ყოფაში, ,,პროზაულ ყოფაში", საწონებისა და საზომების გარემოში და...
რა ვიცით აღდგომის შესახებ?

- ის, რომ მარიამ მაგდალინელი და სხუა იგი მარიამ მოვიდა ხილვად...
- ის, რომ ძრვა იყო დიდი, და რომ ანგელოზი უფლისა, ვითარცა ელვა, თოვლივით სამოსით გარდამოხდა ზეცით...
- ისიც, რომ ჯარისკაცნი შეძწუნდენ ხილვით და იქმნნეს ვითარცა მკუდარნი...
- კიდევ ის, რომ მარიამ მაგდალინელი დგა გარეშე საფლავსა და ტიროდა... ,,დედაკაცო, რაისა სტირ?" ,,აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დასდვეს"... ,,დედაკაცო, რაისა სტირ, ვის ეძიებ?"... ,,მარიამ"... ,,რაბბუნი"... ,,ნუ შემომეხები... წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ, აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა..."
- და ის, რომ აღდგომა არის გაზაფხული...

ყველაზე მეტად გაზაფხული მიყვარს.

აპრილი რომ დადგება, მეც ვცოცხლდები. გაზაფხული არის ბუნებაში მიძინებულობის გამოღვიძება. ნახეთ, როგორ ამბობს წმინდა წერილი იმ აღდგომასთან დაკავშირებით, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი აღსდგება -უგუნუროო, ასე მიმართავს აღდგომის ურწმუნოს პავლე მოციქული წმინდა წერილიდან: ,, ნუთუ რაც დაეთესვის, იგივე ამოდის მიწიდანო? უგუნუროო, რაც ითესვის ის ამოდისო? ხორბლის მარცვალი ითესება - ამოდის ჯეჯილი. რაოდენ განსხვავებულიაო ჯეჯილი იმისგან, რაც მიწაში ითესება. დაეთესვის ხრწნილებით და აღსდგების უხრწნელებით, დაეთესვის გინებით და აღსდგებისო დიდებით. სხვა არის ხორცი მშვინვიერი - ისევე როგორც ხორბალი და სხვა არის ხორცი სულიერი - ჯეჯილი. განსხვავდებიან ერთმანეთისგან? ასეთი განსხვავებული ვიქნებით აღდგომისას იმისაგან, რანიც ვართ დღეს.

და ჩვენ ვიქნებით აღდგომის ჯეჯილები... ახლა ვართ ხორბლის მარცვლები. გახსოვთ? როგორ ადარებს უფალი, როდესაც შემოიკრებს თავის მოწაფეებს განკითხვის ჟამს, და ანგელოსებს უბრძანებს, იფქლი შეაგროვონ საუნჯეში! და ბზე დაწვან უშრეტ ცეცხლში!..

ჩვენ, მის სამწყსოს გვადარებს ხორბლის მარცვლებს...
როგორც გითხარით, აღდგომის სიხარული ჩემში გაზაფხულიდან იწყება... აპრილიდან იწყება... ჯეჯილის ამოწვერვის ჟამიდან...

ბეჭდვა
1კ1