მთავარია დედა ეკლესიის წიაღს არ გავშორდეთ
მთავარია დედა ეკლესიის წიაღს არ გავშორდეთ
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე საბასთან (ინწკირველი)
ინტერვიუ ეპოსკოპოსობამდე ჩავიწერე. გთავაზობთ საუბრიდან მცირე ამონარიდს.

- თქვენ როგორ შეუდექით ბერულ ცხოვრებას?

- მეშვიდე კლასში ვიყავი როცა ეკლესიაში დავიწყე სიარული. ღვთის სიყვარული ჩემმა საღვთო სჯულის მასწავლებელმა ჩამინერგა. სკოლაში იმ პერიოდში დაიწყო საღმრთო სჯულის სწავლება და ძალიან დამაინტერსა ქრისტიანულმა სარწმუნოებამ. მონათლული ვიყავი, თუმცა როგორც ხდება ხოლმე შესწავლილი არ მქონდა, რა არის ქრისტიანობა, რას ასწავლის და ასე შემდეგ. როცა დაიწყო საღვთო სჯულის გაკვეთილები ამან დამაინტერესა. ჩემმა დამ ჩემამდე დაიწყო ეკლესიაში სიარული. პირველი მარხვა როცა იმარხულა, მაშინ არ დავდიოდი ეკლესიაში. ურწმუნოება მახასიათებდა და დავცინოდი კიდეც ამის გამო. მადლობა ღმერთს რომ ასე შეიცვალა ჩემი ღვთისადმი, ეკლესიისადმი დამოკიდებულება და ამაში უპირველეს ყოვლისა ღვთის წყალობაა, შემდეგ ჩემი საღვთო სჯულის მასწავლებლის და ჩემი დის დამსახურებაა.

KARIBCHE KARIBCHE

მოვინათლე შემოქმედის საკათედრო ტაძარში. ამავე ტაძარში ჩავაბარე პირველად აღსარება, პირველად ვეზიარე და იქ ჩავიცვი სტიქარი. ცხრა კლასი რომ დავამთავრე მოძღვარს ლოცვა-კურთხევა ვთხოვე სასულიერო სემინარიაში ჩაბარებისთვის. გაირკვა რომ ცხრა კლასდამთავრებულებს არ ღებულობდნენ სემინარიაში. მეუფე დიმიტრი მაშინ მამა დავითი გახლდათ, ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორი. იმ დროს პირველად დაუშვეს ჩემი ასაკისანის მიღება სასულიერო სემინარიაში. ბავშვის შეხედულება მქონდა და ხშირად მეკითხებოდნენ - რომელ კლასში ხარო. 1996 წელს ჩავაბარე ბათუმის სასულიერო სემინარიაში. ამავე წელს მამა დავითი, გამოარჩიეს მღვდელმთავრად და გახდა მეუფე დიმიტრი. იმ დღიდან როცა მღვდელმთავრად აკურთხეს მეუფე დიმიტრი, მეუფესთან რეზიდენციაში გადავედი, მეუფის მორჩილებაში ვიყავი.

2000 წელს დავამთავრე ბათუმის სასულიერო სემინარია, მანამდე 1998 წელს ერთი წელი ვცხოვრობდი ჩეხედანას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში. ოთხი თვე ვიყავი კვიპროსში მახერას მონასტერში, სადაც ვსწავლობდი ბერმონაზვნურ ცხოვრებას. სურვილი მქონდა მონასტერში დარჩენის, მაგრამ მშობლები არ დადიოდნენ ეკლესიაში, არ იყვნენ ეკლესიურები და ლოცვა-კურთხევა არ მომცეს მონასტერში დარჩენაზე, ბერად აღკვეცაზე. უწმინდესის, სულიერი მოძღვრის და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გამაგზავნეს სერბეთში, ბელგრადის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში სასწავლებლად, სადაც 2001 წლიდან 2008 წლამდე ბელგრადის უნივერსიტეტში სერბულ ენაზე ვსწავლობდი.

2008 წელს დავბრუნდი საქართელოში. ამავე წელს მეუფე დიმიტრიმ მორჩილის კაბით შემმოსა. 2009 წლის 29 ივნისს კი ბათუმის წმიდნა ნიკოლოზის ტაძარში ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრიამ ბერად აღმკვეცა. ვიყავი მეუფის მდივანი. უწმინდესისა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით მაკურთხეს მღვდელმონაზვნად პოკანოს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერში. პირველი ქართველი სასულიერო პირი გახლავართ, რომელიც ამერიკაში მღვდელმონაზვნად დამასხეს ხელი.

2010 წლის 26 ოქტომბერიდან მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დამნიშნეს პოკანოს წმინდა დავით აღმაშენებლის მონასტრის და ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოს წინამძღვრად. სამღვდელო მსახურება უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამაზე დიდი საპასუხსიმგებლო მსახურება არ არსებობს.. პასუხისმგებლობაც ის მიადვიოლებს, რომ აქ ვმსახურობ ლოცვა-კურთხევით და მორჩილებით. სასულიერო პირისათვის უმთავრესია თავისი მღვდელმთავრის მორჩილება, ასევე ქრისტეს მცნებების, ეკლესიის. ეს გვიადვილებს იმ პასუხისმგებლობაც, რომელიც სასულიერო პირს აქვს...

პასუხისმგებლობასთან ერთად საჭიროა მეტი თავმდაბლობა რომელიც უნდა გააჩნდეს სასულიერო პირს. ყოველთვის შენდობას ვითხოვ მრევლისგანაც თუკი მეტს ვერ ვაკეთებ. მთავარია დედა ეკლესიის წიაღს არ გავშორდეთ და ეკლესიის წიაღში ვიყოთ. გვქონდეს იმედი გადარჩენის, რომ ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს. რწმენით, უფლის უსაზღვრო მოწყალებით ნამდვილად გადავრჩებით და ღმერთთან დავბრუნდებით. ალექსანდრე შმემანი ამბობს, იმიტომ კი არ მინდა ცათა სასუფეველში ყოფნა რომ ჯოჯოხეთის მეშინიაო, არამედ ქრისტე მიყვარს და ქრისტეს სიყვარულის გამო მინდა უფალთან ყოფნა და ქრისტეს სიყვარულისთვის ჯოჯოხეთშიც წავალო. მთავარია უფლის სიყვარული, რითიც ადამიანი უნდა ცხოვრობდეს და რასაც უნდა აკეთებდეს - ადამიანის ეკლესიაში სიარული და ლოცვისადმი დამოკიდებულება არ იყოს ანგარებითი. ღმერთმა დაგლოცოთ.
ბეჭდვა
1კ1