თაობა მიდის, თაობა მოდის...
თაობა მიდის, თაობა მოდის...
ყველა თაობა ერთმანეთს ემსგავსება ქრისტეში
ახალგაზრდობა ყველა დროში იყო და იქნება გაბედული, ცხოველი იდეალების მატარებელი, ახლის მაძიებელი. ის წინ მიიწევს, ზოგჯერ - მეტისმეტი სიფიცხით, ზოგჯერ - მეტისმეტი გამბედაობით, რაც არცთუ ისე იშვიათად აღაშფოთებს და აღიზიანებს ძველ თაობას. თაობას, რომელიც ოდესღაც ასევე მოუსვენრად ეძებდა სიახლეს... "რაც ჩვენ წვა და დაგვა მიგვიღია, რაც სისხლის ოფლითა და მწარე ცრემლებით მოგვიპოვებია, დღეს იმას უკვე სიხარულით და ადვილად გადავცემთ მომავალ თაობას და ამიტომაა, რომ მათგანაც მეტს მოვითხოვთო", - წერდა აკაკი წერეთელი.

გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.

- ხშირად თაობებს შორის არცთუ კარგი ურთიერთობა ყალიბდება. რა განაპირობებს ამას?

- თაობათა დაპირისპირება უფრო მეტად უახლესი ისტორიისთვისაა დამახასიათებელი, ძველ პატრიარქალურ საქართველოში ის ნაკლებად მძაფრი იყო. ეტყობა, ჩვენ არ ვიცით ის, რაც კარგად უწყოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. უწინ სათნოება მეტი იყო, რადგან რწმენაც მეტი ჰქონდათ. რწმენის შედეგია ადამიანში ურთიერთობისთვის აუცილებელი სათნოებების: სიყვარულის, სიბრძნის, სიმდაბლის... არსებობა. ღმერთთან ჯანყმა გამოიწვია თანამედროვე ადამიანის უკიდურესი ზნეობრივი დაუძლურება, ავტორიტეტის დაკარგვა. დაკარგა მადლი და მას აუმხედრდნენ შინაურნი თვისნი. ალბათ ესაა უმთავრესი მიზეზი... მაგრამ, ჩემი აზრით, არსებობს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზიც - საერთო ღირებულებების დაკარგვა. მამებს სხვა სიმართლე აქვთ, შვილებს - სხვა, რაც ასევე აღრმავებს მათ შორის არსებულ განხეთქილებას.

- ყოველ წინა თაობას მისი მომდევნო თაობა წამხდარი ეჩვენება. მამაო, ეს მართლაც ასეა თუ უფროს თაობას, უბრალოდ, ავიწყდება, რომ ოდესღაც მისი საქციელიც მიუღებელი იყო მამებისა თუ პაპების თაობისთვის?

- საზოგადოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ზნეობრივი თვალსაზრისით მსოფლიო უკან-უკან მიდის. რაც დრო გადის, სულ უფრო რთულდება პიროვნების ჩამოყალიბება, სულ უფრო მცირდება სათნოებებით შემკულ ადამიანთა რიცხვი. ვფიქრობ, ამას ზნეობრივი რეგრესი განაპირობებს. ადამიანური ძალები უძლურია მის შესაჩერებლად, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შემდგომი თაობები სრულიად ჩამოვწეროთ; სიკეთე და სათნოება ყოველთვის იარსებებს და ეს სათნოებები სულაც არ არის მხოლოდ წინა თაობის საკუთრება. ამიტომ ცალმხრივ კრიტიკას სჯობს, ყველა თაობა თვითკრიტიკული იყოს. ამით დაპირისპირება გარკვეულწილად შემცირდება.

- ყველა თაობას წინა თაობისგან განსხვავებული ღირებულებები და მენტალიტეტი აქვს. ეს დროს მოაქვს?

- ცვალებადობა სამყაროს კანონზომიერებაა. იცვლება დრო და მასთან ერთად იცვლებიან ადამიანებიც, მათი ფსიქოლოგია, კომუნიკაციის ენა. განსაკუთრებით სწრაფად იცვლება ტექნოლოგიები. განსხვავებულობა ბუნებრივადაც იქნებოდა, მაგრამ განვითარების კანონების დარღვევამ, ჩემი აზრით, ის კიდევ უფრო გაზარდა. ადამიანი უნდა ვითარდებოდეს როგორც სულიერად, ასევე ტექნიკურად ანუ გარეგნულად. სამყარო ძალიან სწრაფად განვითარდა გარეგნულად, რაც სწრაფმა ტექნიკურმა პროგრესმა განაპირობა, სულიერად კი ჩამორჩა. ზნეობა, მორალი - ძირითადი ფასეულობები რეგრესს განიცდის. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი დისბალანსი შინაგანისა და გარეგანისა კიდევ უფრო აღრმავებს თაობებს შორის გაჩენილ უფსკრულს.

- მაგრამ ხომ არსებობს ჭეშმარიტი ღირებულებები, რომლებიც საერთო უნდა იყოს ყველა თაობისთვის?

- ჯანსაღ საზოგადოებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც ყველა თაობისთვის საერთო ბაზისს წარმოადგენს. ღირებულებათა ამგვარი საერთო ბაზისი თაობიდან თაობას უნდა გადაეცემოდეს. ეს ერის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია - როდესაც საერთო ღირებულებების ბაზისი არის უცვლელი. რაც უფრო ამაღლებული, სულიერი და ზნეობრივია ეს ღირებულებები, მით უფრო მტკიცეა საზოგადოება. ჩემი აზრით, ერის ცხოვრება სამ ძირითად საუნჯეს უნდა ეფუძნებოდეს. ესაა: ჭეშმარიტი სულიერება, ეროვნულობა და სამართლიანი სახელმწიფო. თუ თაობები ვერ შეთანხმდნენ საერთო ღირებულებათა ბაზისზე, ასეთ საზოგადოებაში იდეათა ქაოსია მოსალოდნელი, რაც საბოლოოდ ანტაგონიზმსა და თაობათა პოლარიზაციას იწვევს.

- როგორ იცვლება თაობები ეკლესიაში, სასულიერო პირთა შორის?

- ბუნებრივია, თაობათა ცვლა ეკლესიაშიც მიმდინარეობს, მაგრამ ვფიქრობ, უფრო უმტკივნეულოდ, ვიდრე ერში. ამას ეკლესიის განსაკუთრებული მდგომარეობა განაპირობებს. ეკლესიის კონსტიტუცია ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული, რომლის დასამკვიდრებლად დაიღვარა უფლის, წმინდა მოწამეთა სისხლი, დაიხარჯა აღმსარებელთა, ღვთისმეტყველთა უდიდესი შრომა და ღვაწლი. ნდობა ეკლესიისადმი მორწმუნე საზოგადოებაში უდიდესია. გაგახსენებთ წმინდა კვიპრიანე კართაგენელის გამონათქვამს ამის თაობაზე: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება". მეორე მხრივ, თაობათა ბუნებრივ ცვლას ხელს უწყობს ეკლესიაში ცოცხალი ავტორიტეტების ყოფნა. ისინი თავიანთი მრწამსით, სიყვარულით, ჭეშმარიტების ერთგულებით მისაბაძნი არიან ყველასთვის. მათი საშუალებით ადამიანს გადაეცემა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულისკვეთება, რომელსაც ვერ ერევა ვერც გარე ფაქტორები და ვერც თაობათა ცვლა.

- როგორ ჩავუნერგოთ ბავშვებს უფროსების სიყვარული და პატივისცემა?

- თაობათა შორის კეთილგანწყობა და ურთიერთთანამშრომლობა ნებისმიერი საზოგადოების უპირველესი საზრუნავია. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ საკითხს, ისევე როგორც ბევრ სხვას, ყურადღება არ ექცევა. სერიოზულად მხოლოდ ეკლესია განიცდის და ზრუნავს ამ პრობლემის მოგვარებაზე. რაიმე რომ ასწავლო სხვას, ჯერ შენ უნდა იცოდე. ჩვენი საზოგადოების სენი უსიყვარულობაა, რომელიც ზნეობრივ დეგრადაციას იწვევს. თუ გვინდა, საზოგადოებაში გაჩნდეს თაობათა შორის ურთიერთსიყვარული და პატივისცემა, მისმა გონიერმა ნაწილმა ამ სათნოებების მოპოვებაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს. ცხადია, ეს იოლი საქმე როდია, მაგრამ ჭეშმარიტი ძალისხმევა ფუჭად არ ჩაივლის. ალბათ, ამას მოვახერხებთ კიდეც, თუ უფროსი თაობა თავის უპირველეს მოვალეობად ჩათვლის შვილებისთვის სულიერებისა და ზნეობის გადაცემაზე ზრუნვას. ზნეობრივ თაობას ბუნებრივად აქვს სიყვარული და პატივისცემა უფროსების მიმართ.

- რამდენად აუცილებელია ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების გადაცემა შემდგომი თაობებისთვის და როგორ შევძლოთ ეს?

- ერის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია გამრავლებაზე ზრუნვა, ჯანმრთელი, ჭკვიანი თაობის აღზრდა. ამის გარდა კიდევ ბევრ რამეზე უნდა იზრუნოს ნორმალურმა და კულტურულმა ხალხმა. მაგრამ არსებობს სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სათნოებები, რომელთა გარეშეც ერი უნიკალური ეთნოფსიქიკის მატარებელი ხალხის ფუნქციას კარგავს. ორი უზენაესი სულიერი ფასეულობის დაკარგვა ერის გადაშენებას მოასწავებს. ესენია: სარწმუნოება და ეროვნული კულტურა. ჭეშმარიტი რელიგია უზენაესი ღირებულებაა, თვით სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი, ამიტომაც თუ საჭირო გახდა, სიცოცხლეც უნდა გაწიროს კაცმა მის შესანარჩუნებლად. ეროვნული კულტურა, რომელიც წინაპართა გამოცდილებისა და ტრადიციებისგან შედგება, ღირებულებათა სკალაზე შემდეგ საფეხურზე დგას. კაცობრიობას ძალზე ბევრი რამ აქვს მსგავსი, რადგან ყველანი ერთი საწყისიდან მოვდივართ, თუმცა ბევრია განსხვავებაც. ყველა ერს თავისი ხასიათი აქვს. ეს ღვთისგან კურთხეული განსხვავებულობაა, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ. ეროვნულ კულტურაში კოდირებულია განსაკუთრებული სამეტყველო ენა. გულის სიღრმეში ადამიანი ამ ენაზე მეტყველებს, ამ ენაზე ესმის ყველაზე უკეთ ღვთის სიტყვა. ამ კულტურის ესთეტიკით ყველაზე ღრმად აღიქვამს ის მსოფლიო მოვლენებს. ამიტომაა აუცილებელი და სასიცოცხლო ერისთვის ამ უმთავრესი ღირებულებების სწორად გადაცემა შემდგომი თაობებისთვის.

- ძველად ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობდა ერთად, დღეს ეს იშვიათობაა - როგორც კი იქმნება ახალი ოჯახი, ცალკე იწყებს ცხოვრებას. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევას?

- ძველი ტრადიცია რამდენიმე თაობის ერთ ჭერქვეშ ცხოვრებისა ღრმა სულიერების მაჩვენებელია. იერარქიული დამოკიდებულება ოჯახში და თაობებს შორის ურთიერთპატივისცემა განსაკუთრებით იბერიულ-კავკასიურ მოდგმას ახასიათებს. ძველად ამას ძლიერი ტრადიციები განაპირობებდა. დღევანდელი ადამიანი დაუძლურებული, დემორალიზებული, დაღლილი და ნერვიულია, ამიტომ ხშირად თაობათა თანაცხოვრება ვერ ხერხდება. ვფიქრობ, როდესაც შეუძლებელია კონფლიქტის აღმოფხვრა, უმჯობესია, თაობებმა ცალ-ცალკე იცხოვრონ. თუმცაღა სიყვარულზე, პატივისცემასა და პასუხისმგებლობაზე არც ერთმა არ უნდა თქვას უარი.

- მრევლში როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები არიან. მამაო, თუ განსხვავდებიან ისინი რაიმე ნიშნით?

- ჩემი გამოცდილებით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ განსხვავება ინფორმირებულობაშია. ახალი თაობა უფრო ინფორმირებულია სარწმუნოებრივ საკითხებში. ამას თავისი ახსნაც აქვს. მოგეხსენებათ, ძველ თაობას ათეისტურ ხანაში მოუწია ცხოვრება, თუმცაღა მან მაინც შეასრულა თავისი ამოცანა, გაუძლო განსაცდელს და ასე თუ ისე შეურყვნელად მოუტანა მართლმადიდებლობა მომავალ თაობას. მომავალ თაობაზე რომ ვისაუბროთ, ის განსაცდელში უნდა გამოვცადოთ. აუცილებლად დადგება ჟამი გამოცდისა და მაშინ ვნახავთ, რა ისწავლა ამ თაობამ - გაიზიარა თუ არა საეკლესიო მემკვიდრეობა, ქრისტიანული სულისკვეთება. ყველა თაობას აქვს დამახასიათებელი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, მაგრამ სულიერ მემკვიდრეობას ნაზიარებნი ერთმანეთს ემსგავსებიან. ყველა თაობა ერთმანეთს ემსგავსება ქრისტეში.

კიდევ ერთი რამაა აუცილებლად ხაზგასასმელი. განსხვავებულია ზნეობისადმი დამოკიდებულება ძველსა და ახალ თაობებს შორის. მაგალითად, ახალგაზრდა გოგონასა და ბიჭის ფიზიკური სიახლოვე ზნეობრივად გაუმართლებელია. ახალ თაობას ხშირად ეს არ ესმის, მათთვის სიყვარული უამისოდ წარმოუდგენელია. ამიტომ ძნელი სათქმელია, რომელი დრო ჯობდა - როდესაც სარწმუნოება იდევნებოდა, მაგრამ ზნეობა მაინც იყო შენარჩუნებული თუ როცა დევნა აღარ არის, მაგრამ ზნეობის ყველა კარი მორღვეულია. ერთ ღვთისმეტყველს ასეთი მაგალითი მოჰყავს: საპყრობილიდან განთავისუფლებულებს საროსკიპოს კარი გაუღესო. რომელი ჯობია?!

ზნეობრივი სიმახინჯეები საზოგადოებაში ყოველთვის იყო, მაგრამ ადრე ამ თემებზე საუბრისაც კი რცხვენოდათ: აცნობიერებდნენ, რომ ეს ცოდვა იყო და მრავალი მათგანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებდა. ახლა ყოველივე ეს დაშვებულია და ლამის პროგრესულ მოვლენად მიიჩნევა. ამას გარკვეულწილად ხელს უწყობენ პრესა, ტელევიზია... სამწუხაროდ, მათი მეშვეობით ამორალური ყოფა მომავალ თაობაში ადამიანური ურთიერთობის ნორმად იქცევა.

- უწმინდესი ძალზე ხშირად აღნიშნავს თავის ქადაგებებში, რომ მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის საჭიროა კავშირი ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის...

- ძნელია, არ დაეთანხმო უწმინდესს. ესაა გლობალური ხედვა ამ პროცესისა. მართალია, მთავარი ოჯახია, მაგრამ საკითხს გლობალური მასშტაბი აქვს და ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, მთელი საზოგადოება უნდა ჩაერიოს. ჯანსაღი საზოგადოება ამისთვის მთელ თავის რესურსს ხარჯავს, სულიერით დაწყებული, მატერიალურით დამთავრებული.

ზნეობრივი ნგრევის მიზეზი აზროვნების მატერიალიზაციაა, უფრო სწორად - მეშჩანიზაცია.

- ჩვენი მშობლებისა თუ ბაბუა-ბებიების თაობა თავიანთ არაეკლესიურობას ათეისტურ რეჟიმს აბრალებს ხოლმე. ხშირად ამბობენ, სხვანაირად გაგვზარდესო. ამიტომ მხოლოდ თავიანთ გულში სწამთ უფალი და ეკლესიური ცხოვრების დაწყებას არ ცდილობენ. რამდენად სწორია ამგვარი საქციელი?

- მიზეზებს ეძებენ. მთავარი მიზეზი კი ადამიანის ინდიფერენტულობა და სარწმუნოებისადმი გულგრილობაა. ვფიქრობ, ე. წ. ათეისტურ პერიოდშიც კი ასე იოლად არ უნდა დაგვეთმო სულიერი პოზიციები. ქრისტიანები წარმართი იმპერატორების დროსაც კი არ თმობდნენ ჭეშმარიტებას... საკუთარი არაეკლესიურობის დროის უკუღმართობით გამართლება მოსაწონი ნამდვილად არ არის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს სათანადოდ არ აინტერესებთ და არ უყვართ ღმერთი.

- თუკი ახალგაზრდა თაობა არ არის მოსაწონი, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ, გარკვეულწილად, ეს ძველი თაობის ბრალიცაა, რომელმაც მისი სწორად აღზრდა ვერ შეძლო?

- რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა წინა თაობასაც ეკისრება - მან შვილების თაობაში ვერ ჩადო ის მარცვალი, რომელიც შემდგომში სასიკეთოდ გაღვივდებოდა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოქმედებს გარე ფაქტორებიც, რომლებიც დღესდღეობით ძალზე მძიმეა. მთავარი კი მაინც ის არის, როგორაა აწყობილი ოჯახური ცხოვრება - მამა თავის ადგილას უნდა იდგეს, დედა თავის ფუნქციას ასრულებდეს. ჩვენ ძალიან ძლიერი ფესვები გვქონდა. როგორც კი ეს ფესვები შეირყა, ოჯახში მაშინვე დაიკარგა პიროვნების ავტორიტეტი. ქართველები იბერიულ-კავკასიურ ეთნოსს მივეკუთვნებით, სადაც მამაკაცური საწყისი ძალიან ძლიერია. ამ მამაკაცურ საწყისზე იყო აგებული მთელი ოჯახი. ძველად ოჯახის თავი შემკული იყო ღირსებებითა და ქრისტიანული სათნოებებით. ის სიკვდილამდე ავტორიტეტი გახლდათ ოჯახის წევრებისთვის, იმიტომ რომ არ წყვეტდა ზნეობრივ განვითარებას. წინა თაობა ხედავდა, რომ მამის სიბრძნის, გამოცდილების, ლოცვა-კურთხევის გარეშე მისი განვითარება შეუძლებელი იყო. შემდგომში სარწმუნოების მივიწყებამ შეცვალა ვითარება. სულიერი გამყინვარება შეიჭრა ოჯახშიც - პირველად მამაკაცი დაკნინდა და ამან დაანგრია მთელი ოჯახური ცხოვრება. დღესდღეობით მკვეთრად შეიცვალა მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება - შვილების თაობა უმადურობას ავლენს და ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას მშობლების წინაშე. სამწუხაროდ, ხშირად მშობლებიც სცოდავენ, შვილების აღზრდაში შეცდომებს უშვებენ, რაც მომავალში მათვე უბრუნდებათ ბუმერანგივით...
ბეჭდვა
1კ1