მცირედი დაუთმენლობა დაუნდობლობაში გადაგვდის და ერთმანეთს სასიკვდილოდაც ვიმეტებთ
 მცირედი დაუთმენლობა დაუნდობლობაში გადაგვდის და ერთმანეთს სასიკვდილოდაც ვიმეტებთ
ბოლო დროს ტელევიზიით თუ პრესით ბევრს საუბრობენ ოჯახურ კონფლიქტებზე, ურთიერთდაპირისპირებაზე და ძალადობაზე. ბევრი მსგავსი ყურმოკრული ამბებიც გვსმენია... მავანი იკითხავს, რატომ ხდება ასე, რამ გადაგვაგვარა? ცოლი ქმარს უპირისპირდება, შვილები - მშობლებს, და - ძმას და ასე შემდეგ.
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

-მამაო, როგორ ფიქრობთ, ოჯახის შექმნამდე ადამიანები წინასწარ უნდა იყვნენ თუ არა მომზადებულები რომ გაითავისონ ოჯახური თანაცხოვრება?
-ჯვრისწერის დროს, ყველა დებს ფიცს: ჭირსა და ლხინში ვუერთგულებთ ერთმანეთს... მცნებების დაცვას ყოველი ნათელღებული გამოხატავს მრწამსით, თუმცა იშვიათად ასრულებენ შემდგომში. წინასწარ შესაძლოა დაგეგმო, მაგრამ დაუგეგმავი ბევრი რამ ხდება ოჯახში, რაც შესაძლოა არც კი მოგაფიქრდეს. ფსიქიკა ზოგჯერ ერყევა კაცს, ქალს, ჭკუიდან იშლება... უფლის იმედად და, იმ მომენტში, ოჯახის წევრისადმი სიყვარულის მოიმედენი, ვერასდროს წარმოვიდგენთ, რომ მას ეს დაემართება, ან გვიღალატებს ან თავს მოიკლავს, ან ჩვენ მოგვკლავს. ცოლმა კი არა, შესაძლოა სახურავიდან გადმოვარდნილმა დოლაბმა გვიმსხვერპლოს. წინასწარ რაიმეს განსაზღვრა წარმოუდგენელია, მართლაც, ღმრთის გარეშე ადამიანი უსუსურია.

-მამაო, რატომ ხდება ოჯახებში, ურთიერთდაპირისპირება, გაუტანლობა?
-ქრისტიანული ოჯახი იდეალურად იქმნება, მაგრამ წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს რომელი ოჯახის წევრი შეიშლება ჭკუიდან. კარგი საცოლე შესაძლოა ცუდი ცოლი აღმოჩნდეს ან პირიქით, ცუდი საცოლე - კარგი ცოლი. სხვადასხვა მიზეზია კონფლიქტის, შესაძლოა უყურადღებობამაც გადაიყვანოს ადამიანი ჭკუიდან, ეჭვიანობის ნიადაგზე უამრავი ძალადობის ფაქტებია აღძრული.

-შესაძლოა ოჯახში იყოს კამათი, მაგრამ ეს მკვლელობამდე უნდა მიდიოდეს? რა ხდება ამ დროს ადამიანის გონებაში ასეთ ნაბიჯს რომ დგამს?
-პირველი მკვლელობა, ჩვენ ვიცით ბიბლიიდან - კაენმა შურის გამო მოკლა აბელი. შურს რა აღძრავს? შური მაშინვე ჩნდება, როდესაც არ გვისმენენ, "კაპრიზებს" არ გვისრულებენ. გონება კვდება ფიქრისთვის: "ეს ჩემი ძმაა", "ეს ქმარია", "ეს შვილია". მხოლოდ ერთი მიზანია: მტერი უნდა განადგურდეს. ყოველი მკვლელი კაენის ცოდვას, შურისძიების ცოდვას იმეორებს. ამ შურს რა იწვევს ან ვინ იწვევს, სხვა საკითხია, ჩვენ შედეგზე ვსაუბრობთ, მაგრამ გამომწვევ მიზეზებს იშვიათად ვაგნებთ.

-რა სანუგეშოს გვეტყვით, როგორ ვიცხოვროთ?
- ქრისტიანული ცხოვრების წესი, ღვთისადმი მოშიშება სინანულს აღძრავს. ახალგაზრდა მეფე სედეკია, გარყვნილებით ცხოვრობდა, მას იერემია წინასწარმეტყველი მუდმივად ამხელდა შეენანა ცოდვები, იერემიასი არ ისმინა, უფალმა დაუშვა ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მძლავრი ხელი და სედეკიას სამეფო დაიშალა, ევედრებოდა სედეკია იერემიას ელოცა, მაგრამ იერემიამ არ ილოცა: არღარა იქმნეს საკურნებელ... გვიან იყო "სინანული"... სანამ დროა, ოჯახმა უნდა იაქტიუროს და მეტად დაუთმონ ერთმანეთს. მცირედი დაუთმენლობა დაუნდობლობაში გადაგვდის და ერთმანეთს სასიკვდილოდაც ვიმეტებთ. ცოდვის აღზევება პერიოდულად იშობა და შემდგომ გვახრჩობს, თოკის გაწელვამდე სინანულის ცეცხლით შევწვათ და ვეღარ ჩამოგვახრჩობს მძიმედ დაწნული სახრჩობელა.

ბეჭდვა
1კ1