ღვთის სიყვარულის, ღვთის მცნების დაცვის და მოყვასის სიყვარულის გარეშე, სანთლის ანთება ადამიანს სარგებელს არ მოუტანს
ღვთის სიყვარულის, ღვთის მცნების დაცვის და მოყვასის სიყვარულის გარეშე, სანთლის ანთება ადამიანს სარგებელს არ მოუტანს
ღვთისმსახურების ტიპიკონი გვიჩვენებს წესებს თუ როდის უნდა დაინთოს სანთელი, მწუხრის, ცისკრის და სხვა მსახურებების პერიოდში. გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

-მსახურებისას არა თუ ვანთებთ, ხელშიც გვიპყრია სანთელი, აღდგომის დღესასწაულზე ჯვარზეა მთლად მიმაგრებული სამი სანთელი. დიდ პარასკევს, ცისკრის მსახურებისას, როდესაც იკითხება 12 - ვნების სახარება, მლოცველებს უპყრიათ ანთებული სანთელი, აღსანიშნავად ჩვენი ნათელი რწმენისა და აღდგომად მარადიული ცხოვრებისათვის. ასევე, აღდგომის დღესასწაულზე 3-გზის ტაძარს შემოვუვლით, აღსანიშნავად იმ უდიდესი დღისა, როდესაც სასანთლეებით მივიდნენ მენელსაცხებლე დედები ქრისტეს საფლავთან. მღვდელმთავრის მსახურებისას გამოიყენება სასანთლე-სანთლით. ინთება ,,დიკირი" (ორსანთლიანი შანდალი), აღნიშნავს მაცხოვრის ღვთაებრივსა და კაცობრივ ბუნებას და ,,ტრიკირი" (სამსანთლიანი შანდალი), სიმბოლურად წმინდა სამების საპატივცემლოდ გამოიყენება (ტაძარში მდგომარი მრევლი ილოცება მღვდელმთავრის მიერ დიკირ-ტრიკირით), ამის გარდა ანთებენ პრიმიკირს (კანდელი), რომლითაც დიაკონი ან სტიქაროსანი დგას აღსავლის კართან. ჯვრისა და სანთლის სიღრმე, ქრისტიანისთვის უდიდესია. ნათლისღების დროს ემბაზზე მაგრდება სამი სანთელი, ნიშნად იმისა, რომ საიდუმლო სამების სახელით სრულდება. ემბაზს, სამგზის შემოუვლიან ნათლიები მღვდელთან ერთად, რომლის დროსაც უკავიათ ანთებული სანთლები ნიშნად სიხარულისა, რადგანაც ქრისტეს ეკლესიას კიდევ ერთი წევრი შეემატა. ძველი ქართული წესით (რუსებიც იჩემებენ), ეკლესიაში მისული აღმსარებელი, აღსარების საიდუმლოს წინ, მოძღვართად მიდიოდა რა, მიჰქონდა აუნთებელი სანთელი, მიართმევდა ძღვენს როგორც ღვთისადმი შეწირულს, ასევე ნიშნად იმედისა, რომ მიიღებს შენდობას უფლისგან. სხვა საიდუმლოებებზეც მცირედით უნდა ითქვას, ჯვრისწერის ჟამს, სიძისა და პატარძლის მიერ ანთებული სანთელი განასახიერებს მათ სულიერ, უხილავ სიყვარულს ერთმანეთისადმი და სურვილს, რომ იცხოვრებენ ეკლესიის კურთხევით - წმინდად, სინათლეში და სიხარულში. ქრისტეს სიყვარულში უნდა ,,დაიწვას" მათი ერთობა. მიცვალებულს როდესაც დაასვენებენ ტაძარში, მას ოთხივე კუთხით სანთელს უნთებენ, ჯვრის სახით, ვინაიდან მიცვალებული იყო მორწმუნე და ღვთისმოსავი. ნათელი მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ეს სახეა ცათა სასუფევლის, ღვთიური ნათლის. განსაკუთრებულად ის მიგვანიშნებს ღმერთზე, ქრისტეზე, როგორც ნათელი ქვეყნისა, ნათელი ნათლისაგან, ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად. ღვთის სიყვარულის გარეშე, ღვთის მცნების დაცვის გარეშე, მოყვასის სიყვარულის გარეშე, სანთლის ანთება ადამიანს სარგებელს არ მოუტანს, იქნება კაენის მდგომარეობაში, რომელმაც ღვთის წინაშე უგულოდ მიიტანა ძღვენი. უფალი არ საჭიროებს ჩვენგან სანთელს, ღმერთი ჩვენგან სიყვარულს ელოდება, რამეთუ ყოველივე მისი არს, მთელი სამყარო, ზეციური და ქვეყნიური (1ტიმ. 6.16). ანთებული სანთელი ტრაპეზზე, სიმბოლოა სამების ხელთუქმნელი ნათლისა - წმინდა იოანე კრონდშტანდტელი. ასევე, სახარების დროს ანთებული სანთელი, მეორე მნიშვნელობით აღნიშნავს ქრისტეს ნათელს, რომელიც განანათლებს ყველას. მთელს ტაძარში ინთება სანთლები, სახარების დაწყებამდე, ასევე კანდლები. მაგრამ თუ ყოველივე აღნიშნული ხმაურის გამომწვევია, ამ შემთხვევაში უმჯობესია დაველოდოთ მსახურების დამთავრებას და მერე დავანთოთ, ვიდრე ჩავუქროთ მლოცველებს ღვთისადმი ანთებული გული, ჩვენი უხერხული ნაბიჯებით და შფოთით ტაძარში.
ბეჭდვა
1კ1