მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში, მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით და მონდომებით უკვე მეექვსე წელია რაც წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიაა დაფუძნებული
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში, მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით და მონდომებით უკვე მეექვსე წელია რაც წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიაა დაფუძნებული
ამ ღვთივსათნო საქმის მიზანია ბავშვები სულიერად და ეკლესიურად აღიზარდონ. გიმნაზიის მოძღვარ-რექტორი მეუფე ილარიონი გახლავთ, ხოლო მეუფის თანაშემწე, დირექტორი, სოფელ ლენჯერის თემის –ნესგუნის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი , დეკანოზი ბასილ ფილფანი. მამა ბასილს მესტიაში სტუმრობის დროს გიმნაზიაში შევხვდი, ჩვენი საუბარიც იქ შედგა. -ჩვენს ეპარქიაში მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით კეთდება მრავალი სასიკეთო საქმე, მე ამ სკოლაში მეუფე ილარიონის წარმომადგენელი გახლავართ,-მითხრა საუბარში მამა ბასილმა და დასძინა.

ჩვენი გიმნაზიის არსებობის მიზანია ბავშვები სულიერად აღიზარდონ და სულიერება წინ წამოვწიოთ. სწორედ ამის გამოა , რომ სასწავლო პროცესში სასულიერო პირები აქტიურად არიან ჩართულები. შეძლებისდაგვარად ოჯახებთანაც ვმუშაობთ...

KARIBCHE

-მამაო, როგორ ფიქრობთ ეკლესიამ უნდა იტვირთოს ეკლესიური თაობის აღზრდა?

- ამ შემთხვევაში ეკლესიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. რა თქმა უნდა ეკლესიამ უნდა იტვირთოს, მაგრამ ამავე დროს განაწილებული უნდა იყოს ეს ტვირთი არამარტო ეკლესიაზე, არამედ ოჯახზეც და სკოლაზეც. მათ შორის ერთობა უნდა იყოს. ჩვენს სკოლაში ეკლესია და სკოლა ერთად დგას... თუმცა, ოჯახთან ურთიერთობა საკმაოდ რთული ყოფილა. ბევრი სირთულეები შეგვხვდა, თუმცა, ეს მაინც არის ცალკეული შემთხვევები და მასიური სახე ამას არა აქვს.

მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით და მისი მონდომებით გაკეთდა ეს ღვთივსათნო საქმე. როცა ეს იდეა გაჩნდა მაშინ გიმნაზიას შენობა არ ჰქონდა. თავდაპირველად პირველი კლასი მეუფე ილარიონის საეპისკოპოსო რეზიდენციის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა. ამის შემდეგ მოხდა საპატრიარქოსთვის მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის ძველი შენობის გადმოცემა უზურფუქტით . საპატრიარქოდან დაფინანსდა აღნიშნული შენობის მთლიანი რეკონსტრუქცია , ეს გახლდათ ორ სართულიანი შენობა, თავისი რამდენიმე ოთახით. ფაქტიურად ეს შენობა მთლიანად დაინგრა და ახალი შენობა აშენდა. ჩვენმა სკოლა –გიმნაზიამ გაიარა ორი საფეხურის ავტორიზაცია , რაც გულისხმობს იმას, რომ მე-9-ე კლასის ჩათვლით გვაქვს უფლება ვაწარმოოთ სწავლება. დღეს ცხრა კლასი გვყავს, ამიტომაც დადგა დღის წესრიგში გავიაროთ მესამე საფეხურის ავტორიზაცია. ამჯერად სკოლაში 76 ბავშვი გვყავს. რაც შეეხება პედაგოგებს, საკმაოდ კვალიფიცირებული პედაგოგები გვყავს. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამასთან ერთად მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, სკოლაში მიმდინარეობს საღვთო სჯულის და ბიბლიის შესწავლა. ორშაბათობით ვიხდით პარაკლისებს. ბავშვებთან ერთად ესწრებიან პედაგოგები. ასევე ვართ ჩართულები რაიონის მასშტაბით – სხვადასხვა ღონისძიებებში . ჩვენს სკოლაში სიახლეა. ჩვენმა გიმნაზიამ გააფორმა მემორანდუმი – " კომაროვის " სკოლასთან , რაც ძალიან დიდი წარმატება და პრესტიჟია როგორც ჩვენი სკოლა–გიმნაზიისთის, ასევე ჩვენი მოსწავლეებისთის , მათმატიკის გაძლიერებული სწავლება , კომაროვის სკოლის გამოცდილი მეთოდებით დიდ სტიმულს აძლევს ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს და მათ მშობლებს. სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ შაბათ დღეს – " შაბათის სკოლის " სახელწოდებით ,სადაც გაერთიანებულია მესამე – მეოთხე და მეხუთე – მეექვსე კლასები.სწავლების დრო განსაზღვრულია – სამი სამუშაო საათით და ერთი შემეცნებითი საათით . ღვთის წყალობით, წლის ბოლოს როდესაც ბავშვები გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ, მათ მიეცემათ სერთიფიკატი, რომ დაამთავრეს კომაროვის " შაბათის სკოლის " პირველი საფეხური.. ფაქტიურად მუშა მდგომარეობაში ვართ, ძალიან ბევრი განცხადებები შემოვიდა, ძალიან ბევრი მსურველია და ღვთის წყალობით, შევუდგებით ამ საქმიანობასაც.

KARIBCHE

-მამაო, რას მიიჩნევთ მომავალი თაობის პრობლემად?

-ძირითადი პრობლემა მაინც ის არის, რომ ბავშვებს უკვე ბავშვობა აღარ აქვთ. არ ცხოვრობენ იმ წესებით, იმ კანონებით, რომლითაც უნდა ცხოვრობდნენ. ძირითადად მიდრეკილება და დამოკიდებულება აქვთ კომპიუტერის მიმართ. მაგალითად, ჩვენს ბავშვობაში შეიძლება არ იყო კომპიუტერისადმი ასეთი წვდომა, ინტერნეტი არ იყო, მაგრამ უფრო ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. უფრო ვმეგობრობდით ერთმანეთთან, ნათესაობა უფრო გვქონდა. დღეს ეს ნელ-ნელა იკარგება. ამიტომ არის ამ შემთხვევაში ეკლესიის როლი აუცილებლად გამოსაყენებელი, რომ ეს არ დაიკარგოს. მაგალითად, ჩვენს სკოლაში, პირველ კლასში არ ვასწავლით ინგლისურს. ვფიქრობთ, ჩვენმა ბავშვებმა პირველად მშობლიური ენა უნდა შეისწავლონ კარგად და შემდეგ შეისწავლონ სხვა ენებიც. მეორე კლასიდან უკვე საშუალება ექნებათ ინგლისური ისწავლონ. არ დავურიგეთ კომპიუტერები, ე.წ. ბუქები . შეიძლება ამაშიც არის კარგი, მაგრამ ჩვენ ვუთანხმდებით გიმნაზიის მოძღვარ–რექტორს , მეუფე ილარიონს , ასევე ვხელმძღვანელობთ მეუფე იოანეს (გამრეკელი) რეკომენდაციებით, რომელიც საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელია. არ ვარღვევთ ძირითად ნორმებს , რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია მითითებული , მაგრამ ჩვენს სასწავლო პროცესში მცირე ცვლილებები შეგვაქვს.

-გლობალიზაცია შეეხოთ ბავშვებს?

-გლობალიზაცია ისეთი თემაა, რომ არამარტო ბავშვებს, სამწუხაროდ, ყველას ეხება, მაგრამ ალბათ შეიძლება რაღაცნაირად თავდაცვა მოხდეს იმ ჩვევებიდან, იმ შემოსული მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც გლობალიზაციას შემოაქვს. ალბათ შეიძლება მისგან კარგიც ავიღოთ და არა ის, რასაც გვთავაზობს სულისთვისა და ხოცისთვის არასასარგებლოს.

KARIBCHE

***
ჩვენი გიმნაზიის აღსაზრდელებს მაქსიმალურად ვცდილობთ შევუქმნათ კარგი გარემო. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, შევიძინეთ მიკროავტობუსი , რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა გადაადგილებას , თუნდაც რაიონული ცენტრიდან მოშორებული სოფლებიდან , მაგალითად, სოფელ ლენჯერიდან დადიან ბავშვები, მესტიის ყველაზე მაღალი დასახლებიდანაც . ჩვენს გიმნაზიაში ფუნქციონირებს უფასო ჭიდაობის და ცეკვის წრეები. ეს არის ჯერ–ჯერობით მაქსიმუმი რაც შეგვიძლია მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს, თუმცა გვაქვს ახლო მომავლისთვის – ბევრი სასარგებლო და საჭირო გეგმა , რომელსაც ღვთის შეწევნით განვახორციელებთ . რაც ყველაზე მთავარია , სკოლაში კარგი სწავლისთის ყველანაირი პირობა გვაქვს. ბავშვები იზრდებიან ჯანსაღ გარემოში ! 2016 წლისთვის ვემზადებით მესამე საფეხურის ავტორიზაციის გასავლელად.

ღმერთმა გაგახაროთ, ღვთის წყალობით ჩვენი თაობა მომავალი გაზრდილიყოს ისეთი , რომელიც აუცილებლად გაუძლებს იმ გამოწვევებს, რაც დღევანდელ მსოფლიოში დგას.მთავარია ჩვენმა თაობამ არ დაკარგოს ეროვნულობა, არ დაივიწყოს თავისი წინაპრები,რათა შემდეგ არ დაისვას ისეთი კითხვა, ერთ დროს დიდმა ილია მართალმა რომ დასვა – "ჩემო კარგო ქვეყანა რაზედ მოგიწყენია"?!

ბეჭდვა
1კ1