ცხოვრების დაჩქარებულ რიტმში ჩართულ ადამიანს უკვე აღარ სცალია სულიერზე, სიკეთეზე იფიქროს
ცხოვრების დაჩქარებულ რიტმში ჩართულ ადამიანს უკვე აღარ სცალია სულიერზე, სიკეთეზე იფიქროს
გვესაუბრება მესტიის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრისა და ლაღამის ფერისცვალების ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლუკა ბუცხრიკიძე:
- დრო თითქოს დაჩქარდა... ცხოვრების დაჩქარებულ რიტმში ჩართულ ადამიანს უკვე აღარ სცალია სულიერზე, სიკეთეზე იფიქროს. სიკეთე თითქოს გაძევებულია ადამიანთა ცხოვრებიდან. როგორც წმინდა მამები ამბობენ, დაჩქარებული დრო იმან გამოიწვია, რომ ეშმაკის აღსასრული არისო. მცირე ჟამიღა დარჩა და აქედან გამომდინარეა ეს დაჩქარებული დრო, აქედან გამომდინარეა ტექნოლოგიური პროგრესი. თითქოს ეშმაკი ცდილობს, ადამიანებს ყველაფერი მოასწრებინოს, ყველაფერი გააკეთებინოს, ყველაფრით დააინტერესოს, გარდა სულიერებისა. ადამიანებს სითამამეს აჩვევენ. სითამამეს ჩაცმაში, საქციელში.

მორწმუნე ადამიანები უნდა ვეცადოთ, არ გაგვიტაცოს ცხოვრების მდინარემ. შეიძლება დაგვეტაკოს ნიაღვრის ტალღა საცდურებისა, თუ საზრუნავისა, მაგრამ ჩვენი გულის სიღრმეში, ჩვენს გულში უნდა ჩავღრმავდეთ და იქ ვნახავთ ჩვენს ნათელ წერტილს.

უფალი ბრძანებს: "ცათა სასუფეველი თქვენს შორის არის". ცათა სასუფეველი ჩვენს გულშია. ღმერთი თითოეული ჩვენთაგანის გულშია. თუ ადამიანი გულში ჩაღრმავდება, იქ აღმოაჩენს ღმერთს და საკუთარი უბედურების მიზეზსაც. ვგულისხმობ ცოდვიან, დაცემულ, გაუბედურებულ მდგომარეობას.

ეშმაკი ცდილობს, ადამიანს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ჩაუღრმავდეს საკუთარ გულს და დაუფიქრდეს საკუთარ თავს. წუთისოფელი ცდილობს გაგვართოს ფერად-ფერადი საზრუნავებით და არ ვეძიოთ შინაგანი. უფალი ბრძანებს, რა სარგებელია თუ ადამიანმა სოფელიც შეიძინოს და სული თვისი იზღვიოსო. ჩვენი ცხოვრების დრო, წამზომი ჩართულია. წამი წამს მისდევს, წუთი წუთს და როდის დამთავრდება თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება არავინ ვიცით. უფალი იმას არ გვთხოვს, მთელი დღე ლოცვა-ვედრებაში გავატაროთ. უფალი გვთხოვს, არ დაგვავიწყდეს ჩვენი უძლურება, არ დაგვავიწყდეს ჩვენი უკვდავი სული, რომელიც აუცილებლად ერთ მშვენიერ დღეს ხორცს გაეყრება, ამ წუთისოფელს დატოვებს და მარადიულში გადასახლდება. მარადიულში წაგვყვება ჩვენი სულიერი მდგომარეობა, წაგვყვება ის, რაც დღეს ვართ. თუ ვართ ცოდვაში, წაგვყვება ცოდვა. თუ ვართ მადლში, წაგვყვება მადლი.

ბეჭდვა
1კ1