რისთვის მოგვეცა დრო?
რისთვის მოგვეცა დრო?
ადამიანის მიზანია იცხოვროს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით
გვესაუბრება ღირსი მამა ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია):

- მამაო, რისთვის მოგვეცა დრო ამ ქვეყანაზე?
- რათა ღვთისადმი მადლიერებით გავატაროთ წუთისოფელი. ადამიანებს მუდამ გვახსოვდეს ქრისტესშობა, ჯვარცმა და აღდგომა. გვახსოვდეს, რომ ჩვენი ხსნისათვის მაცხოვარი განკაცდა, ჯვარს ეცვა და გამოგვისყიდა ცოდვებისაგან. მადლობას უნდა გამოვხატავდეთ ცხოვრების წესითაც. ცხოვრების წესს კი ბიბლიიდან ვგებულობთ. ბიბლია დაწერილია სულიწმიდით და სულიწმიდითაა განმარტებული წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა თეოფილაქტე ბულგარელის და სხვა წმინდა მამათა მიერ. რას გვასწავლის ბიბლია, - რომ ღმერთი გვიყვარდეს ყველაზე მეტად და მოყვასი როგორც საკუთარი თავი. თუ საკუთარი თავივით გეყვარება სხვა, მაშინ დედამიწაზე არ იქნება ნარკომანია, შური, ქურდობა, ყაჩაღობა, ნარკომანია, ლოთობა, მეუღლის ღალატი, სიძულვილი და სხვა ბოროტება. რატომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი ყველაზე მეტად? რადგან მიკერძოებით სიყვარული ადამიანს აბრმავებს და იწვევს სიძულვილს მტრებისადმი ან ხდები კერპთაყვანისმცემელი. ზოგს დროის დაკარგვად მიაჩნია ლოცვა ან წირვა-ლოცვაზე სიარული. წმინდა ნინოს მაგალითზე ჩანს, თუ რა დიდი ძალა აქვს ლოცვას. მისი ლოცვით კერპთაყვანისმცემლები მეფე მირიანი და დედოფალი ნანა გახდნენ ქრისტიანები. დედის ლოცვით მეძავი და მწვალებელი ავგუსტინე გახდა ჭეშმარიტი აღმსარებელი და წმინდანი.

ადამიანის მიზანი წუთისოფელში
ადამიანის მიზანია იცხოვროს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ვერ შეიცნეს ქრისტე, რადგან მათთვის მთავარი მატერიალური კეთილდღეობა და რომაელებისაგან განთავისუფლება (ებრაელები იყვნენ რომაელების ბატონობის ქვეშ) იყო. უფალი კი ასწავლიდა, რომ სულის განწმენდის გარეშე ეგოიზმისა და ამპარტავნებისაგან თავისუფლებას სიკეთე არ მოაქვსო. მაგალითად, სსრკ-ს დაშლის შემდეგ ვერ გამოვიყენეთ მოქმედების თავისუფლება და მივიღეთ სამოქალაქო ომი. საქართველოს ტელევიზიაც, გარდა საეკლესიო არხისა, ვერ იყენებს მოქმედების თავისუფლებას და სულიერად ანადგურებს მოზარდ თაობას, ლათინოამერიკული თუ სხვა სერიალების ჩვენებით, რომელთა შინაარსია საკუთარი მეს მსახურება (ეგოიზმი). ეგოიზმის შედეგია ნარკომანია, სიძვა, მრუშობა, ყაჩაღობა, ქურდობა, შური, სიძულვილი, ანგარება, სხვების წინაშე თავის გამოჩენა და სხვა ბოროტება. ბავშვები უნდა გავზარდოთ წმინდანთა ცხოვრებებით, რომელთაგანაც ისწავლიან იცხოვრონ უანგაროდ, სიყვარულით ღვთისა და მოყვასის მიმართ. მაგრამ საკუთარი ძალებით ეგოიზმისა და ამპარტავნების დაძლევა შეუძლებელია, ამიტომ ვლოცულობთ, ვითხოვთ დახმარებას ღვთისაგან, რომ წუთისოფელში ვიცოხვროთ სიყვარულითა და სიწმინდით.

მონასტრული დრო, ტიპიკონი
მონასტერში განსაზღვრულია ძილის, ლოცვის და შრომის დრო. მონასტერში სტუმრები მოდიან, რათა განეშორონ მიწიერ საზრუნავებს და სული განიწმინდონ. მონასტრული ცხოვრების საძირკველი მორჩილებაა. მორჩილებით, საკუთარი ნების უარყოფას ვსაწავლობთ. მორჩილებით ემსახურები ძმებს, სწავლობ სიყვარულით ემსახურო ძმებს, სძლიო ეგოიზმს. მარხვით ვსწავლობთ, რომ სული განეგდოს სხეულს. ხშირი აღსარებები მოძღვრის დახმარებით ადამიანს ეხმარება შეიცნოს საკუთარი თავი, რაც აუცილებელია სულის განწმენდისათვის ცოდვებისაგან.


ბეჭდვა
1კ1