ადამიანი - გვირგვინი ღვთაებრივი შემოქმედებისა
ადამიანი - გვირგვინი ღვთაებრივი შემოქმედებისა
რატომ შეიქმნა ადამიანი და რა არის მისი მთავარი მისია
ალბათ ყველას გასჩენია კითხვა - რისთვის გავჩნდით ამქვეყნად? ამ კითხვაზე მართებულ პასუხს მხოლოდ ღვთის რწმენითა და სიყვარულით გულანთებული ადამიანები ღებულობენ , სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც აქვთ გააზრებული დანიშნულება დედამიწაზე მოსვლისა, ადამიანის უმთავრესი მისია. ისიც, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ მთავარ მიზანს. სწორედ ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა დავით ქვლივიძე.

- რას ნიშნავს და საიდან წარმოდგა სიტყვა ადამიანი?


- "ადამიანი" "ადამისგან" მომდინარეობს, რაც სიტყვასიტყვით მიწისგან შექმნილს ნიშნავს: ვიცით, რომ ღვთის პირველი ქმნილება ადამი გახლდათ, რომელიც ღმერთმა მიწისგან შექმნა და ადამი - "წითელი მიწა" უწოდა. სწორედ ადამისგან გამრავლდა კაცობრიობა. ამდენად, მის შთამომავალს ადამიანი ეწოდა. ქალს კი, რომელიც ღმერთმა ადამის ნეკნისგან გამოსახა, ეწოდა ევა, რაც ცხოვრებას, სიცოცხლეს ნიშნავს, რამეთუ ის შეიქმნა დედად მთელი კაცობრიობისა.

- ადამიანი სულის, სამშვინველისა და სხეულისგან შედგება. ამის შესახებაც ვისაუბროთ...

- ღმერთმა ადამიანი მიწისგან შექმნა, შემდეგ კი შთაბერა სიცოცხლის სული. და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად. სული, თავის მხრივ, შედგება სამშვინველისა და საკუთრივ სულისგან, სხეული კი ხორცისა და ძვლისგან. სული ღვთის ქმნილებათაგან მხოლოდ ადამიანს აქვს. ღვთისგან შთაბერილი სული ისევ ღვთისკენ მიიწევს, მიილტვის, მიწისგან შექმნილი ხორცი კი კვლავ ხორციელისკენ, მიწიერებისკენაა მიდრეკილი. სწორედ სული იწვევს ადამიანში ლოცვის, გალობის, ღვთის შემეცნების სურვილს. ეს ყველაფერი სულის თვისებაა. სამშვინველის საშუალებით კი კაცი აღიქვამს მშვენიერებას, მოსწონს ლამაზი ბუნება...

- სული სხეულზე ბევრად აღმატებულია, ამიტომ სულზე უფრო მეტად უნდა იზრუნოს ადამიანმა...

- წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებას მოვიშველიებ. რაოდენ ლამაზიც არ უნდა იყოს ადამიანი ხორციელად, ფიზიკურად, თუ სული გაეყრება, რამდენიმე დღის შემდეგ შემაძრწუნებელი სახილველი ხდება. სხეულს სილამაზეს სწორედ სული აძლევს. წარმოიდგინეთ, რამხელა ტვირთის ზიდვა უხდება სულს და რაოდენ მნიშვნელოვანია მასზე ზრუნვა. სამწუხაროდ, ხშირად სხეულზე მეტად ვზრუნავთ, ვაფუფუნებთ - სუნამოებით, კვებით... სულზე კი მცირედს თუ ვფიქრობთ. ზოგიერთი სრულიადაც არ ზრუნავს მასზე.

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხეულზე საერთოდ არ უნდა ვიზრუნოთ და მოვუაროთ; ადამიანის სხეული სულიწმინდის ტაძრად იწოდება, ამიტომ მასზე ზრუნვა გვევალება კიდეც. სხეულზე ზრუნვა ისე უნდა წარვმართოთ, რომ მართლაც სულიწმინდის ტაძრად, სამკვიდროდ იქცეს. სულიწმინდის ჭურჭლად კი მარხვით, ლოცვითა და ღვთის წინაშე მართალი ცხოვრებით განწმენდილი სხეული იქცევა.

- საინტერესოა, რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი მიწისგან?

- რათა ამპარტავნებისგან დაეცვა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა რომ არ შექმნოდა, ადამიანს უნდა სცოდნოდა, რომ მიწისგანაა შექმნილი. ღმერთმა ამით მიანიშნა და დღესაც მიგვანიშნებს, რომ არაფერს წარმოვადგენთ, მხოლოდ მიწა და ნაცარი ვართ. ამის სრულყოფილი გააზრება ამპარტავნებისგან დაგვიცავს.

- რატომ იწოდება ადამიანი უფლის უმაღლეს, განსაკუთრებულ ქმნილებად, ღვთაებრივი შემოქმედების გვირგვინად?

- ღმერთმა ყველა ქმნილება სიტყვით შექმნა - თქვა ღმერთმა და იქმნა. ადამიანის შექმნა კი სხვაგვარად, განსაკუთრებულად ინება: "და შექმნა ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმან ქუეყანისაგან..." (შეს. 2,7) - მოიღო მტვერი მიწისგან და გამოძერწა კაცი ხატად და მსგავსად თვისა. ღმერთმა ადამიანი შექმნა არა სიტყვით, არამედ პირდაპირი მოქმედებით, თვითონ უშუალოდ გააკეთა ეს ყველაფერი და შთაბერა მას "სული სიცოცხლისა". ისეთი "შრომა", ადამიანის შექმნაზე რომ გასწია, შემოქმედს არაფერზე გაუწევია.

მოსე წინასწარმეტყველი ადამიანის წარმოშობას ასე გადმოგვცემს: ყველა მიწიერი არსების შექმნის შემდეგ "თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ..." (შეს. 1,26-27). თვით ის ფაქტიც, რომ ღმერთი ადამიანის შექმნის წინ ბჭობს, მიუთითებს, რომ ადამიანი განსაკუთრებული ქმნილება უნდა ყოფილიყო. მის უმაღლეს დანიშნულებაზე ისიც მიანიშნებს, რომ ღმერთი მას ქმნის ხატად და მსგავსად თვისა. თანაც ადამიანი "უკანასკნელ ყოველთა დაბადებულთა" მოევლინა ქვეყნიერებას. სწორედ ის გახლდათ გვირგვინი ღვთაებრივი შემოქმედებისა.

- ადამიანი დედამიწის, ყოველთა დაბადებულთა მეფედაც იწოდება. იმთავითვე იყო განსაზღვრული, რომ ის იქნებოდა "მეფე დაბადებითგანვე მისით". წმინდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: ეს ისე უნდა წარმოვიდგინოთ, გაწყობილ სუფრაზე რომ მოუწოდებენ წარჩინებულთო...

- როდესაც ღმერთმა ადამიანი ედემის ბაღში დაამკვიდრა, უთხრა - ფლობდე, ხელმწიფებდე ყოველივეზეო. სახელებსაც ადამი არქმევდა ყველაფერს: მას უშუალოდ ეცხადებოდა ღმერთი, უხსნიდა ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობას, არსსა და წარმომავლობას, როგორ, რისგან და რატომ შექმნა, შემდეგ კი ადამი არქმევდა სახელს. ადამი იყო ყველაფრის უფროსი, მეფეც. მთელი სამყარო მას ემორჩილებოდა. ყველაფერი მისთვის იყო შექმნილი. ადამის მემკვიდრენი - ადამიანებიც დედამიწის, ყოველთა დაბადებულთა მეფედ იწოდებიან.

- როგორ უნდა გვესმოდეს - ადამიანი როგორც ხატება და მსგავსება ღვთისა?

- "ხატად" ნიშნავს, რომ ადამიანი ღმერთს გარეგნულადაც ემსგავსება. ხატებაში იგულისხმება თავისუფალი ნება, ის რომ კაცი თავისუფალი არჩევანის მქონე არსებაა. ღვთის ხატად ყველა ადამიანი იბადება, მსგავსება კი პოტენციურად გვაქვს მოცემული, მსგავსება უნდა შევიძინოთ. ჩვენი საქმეებით უნდა ვემსგავსოთ უფალს - მოწყალებით, თავმდაბლობით, მორჩილებით...

- ედემის ბაღში - სამოთხეში დამკვიდრებული ადამიანები სრულ ნეტარებაში ცხოვრობდნენ, მთელი სამყარო ადამს ემორჩილებოდა, ერთადერთი, რაც ღმერთმა აუკრძალათ, სამოთხის შუაგულში მდგარი "ცნობადის ხის" ნაყოფის ხმევა იყო. რატომ აუკრძალა უფალმა პირველ ადამიანებს ამ ხის ნაყოფის გასინჯვა?

- წმინდა წერილის თანახმად, დასაბამიდან "ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (დაბ. 1,1). წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მიწაში მოიაზრება ხილული სამყარო, ცაში - უსხეულო, ზეციური სამყარო ანგელოზებისა.

როცა ღმერთმა სამყაროს შექმნა განასრულა, უფალთან ყველაზე ახლოს მდგომმა ანგელოზმა - ლუციფერმა, რაც ნათლის ანგელოზს ნიშნავს, თავად მოინდომა ღვთის ნამოქმედარის მითვისება, საკუთარი თავი ღმერთად წარმოაჩინა და გარშემო მყოფ ანგელოზებს მოსთხოვა, მისთვის ღვთაებრივი პატივი მიეგოთ. ზეცაში დიდი არეულობა და ჯანყი მოხდა. აჯანყებული მთავარანგელოზი და ანგელოზთა მესამედი, ვინც ლუციფერს მიემხრო, უფალმა მთავარანგელოზ მიქაელის ხელით ზეციდან გადმოყარა (მიწაზე გადმოგდებულთ დაცემული სულები - დემონები ეწოდათ, მთავარ მოჯანყეს, ლუციფერს - სატანა, რაც ღმერთის მოწინააღმდეგეს, წინაღმდგომს ნიშნავს).

ზეციურ არსებათა რიცხვი რომ შევსებულიყო, უფალმა შექმნა ადამიანი და დედამიწაზე დაარსებულ ედემის ბაღში დაასახლა. როგორც მოგახსენეთ, ადამს უშუალოდ ეცხადებოდა ღმერთი და სამყაროს შესახებ ესაუბრებოდა. ადამი თანდათან იძენდა სამყაროს ცოდნის სიბრძნეს. მას აკადემიური ცოდნა ჰქონდა, ყველაზე განათლებული იყო, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე. ადამის მთავარ დანიშნულებას ღმერთთან საუბარი და მისი დიდება ანუ ლოცვა წარმოადგენდა. ერთადერთი, რაც ეკრძალებოდა - ცნობადის ხის ნაყოფის ჭამა იყო. ამით უფალმა ზღვარი დადო საკუთარ თავსა და ადამიანს შორის, რათა კაცი არ გაამპარტავნებულიყო და ღმერთად გახდომის სურვილი არ გასჩენოდა - ის არ მოსვლოდა, რაც ლუციფერს დაემართა. ადამიანი ხვდებოდა, რომ ყველაფრის უფლება არ ჰქონდა.

- თუმცა ცოდვით დაცემა მაინც მოხდა და სამყაროშიც ყველაფერი შეიცვალა. შეიცვალა ადამიანის მდგომარეობა და ყოფაც...

- გველის სახით გამოცხადებული ბოროტი სულისგან ცდუნებული ადამიანები ღვთის ნებას აკრძალული ხის ნაყოფის ხმევით შეეწინააღმდეგნენ, რომლის უკანაც ღმერთად გახდომის სურვილი იდგა. გავიხსენოთ, რას ეუბნება ბოროტი სული ევას: ღმერთმა ამ ხილის ჭამა იმიტომ აგიკრძალათ, რომ მისი ხმევის შემდეგ კეთილისა და ბოროტის გარჩევა გეცოდინებათ და იქნებით, ვითარცა ღმერთი. ღმერთს კი არ სურს, მასავით ყოვლისმცოდნენი იყოთო. სწორედ ამის შემდეგ გასინჯა ჯერ ევამ, შემდეგ კი ადამმა ცნობადის ხის ნაყოფი. ადამის ცოდვა გახლდათ სურვილი ღმერთად გახდომისა. ისიც იმავე ცოდვით დაეცა, რომლითაც ანგელოზი.

პირველქმნილ ცოდვაში მთელი სამყაროს ცოდვები იყო. ადამში ყველა ადამიანმა შესცოდა და მისი ცოდვა მთელ კაცობრიობაზე გავრცელდა. ადამიანმა დაკარგა სამოთხე და დაშორდა ღმერთს. ადამის მოდგმა ცოდვის, ეშმაკის მონობასა და მარადიული სიკვდილის ტყვეობაში მოექცა - დაკარგა ცხონების შესაძლებლობა.

უკვდავად გაჩენილი ადამიანი სიკვდილსა და ხრწნილებას დაემორჩილა. პირველი სიკვდილი ის იყო, რომ ღმერთს დაშორდა, მარადიული სიკვდილის ტყვე შეიქმნა. კაცი ფიზიკურ სიკვდილსაც დაემორჩილა და ხრწნადი სხეულით შეიმოსა, მისი ბუნება კი ცოდვისკენ მიიდრიკა. დამძიმდა ადამიანის ყოფაც - სამოთხიდან გამოძევებულ ადამს ღმერთმა უთხრა, რომ მიწა ეკალ-ბარდს აღმოუცენებდა და საზრდოს ოფლით მოიპოვებდა, მძიმე შრომით შეჭამდა პურს. ევას მიმართა: სატანჯველს გაგიმრავლებ, ორსულობას გაგიძნელებ და ტკივილით შობ შვილებსო. გველს კი უთხრა, რომ ამიერიდან მტრობას ჩამოაგდებდა მასა და ადამიანს შორის და დედაკაცისგან ნაშობი თავს გაუჩეჩქვავდა - ეს იქნებოდა მხსნელი, აღთქმული მესია, განკაცებული ღმერთი, კაცთათვის მარადიული ცხოვრების მომნიჭებელი, მაცხოვარი იესო ქრისტე, რომელიც ადამიანს კვლავ დააბრუნებდა სამოთხეში.

- ეს იყო ღმერთსა და ადამიანს შორის დადებული პირველი აღთქმა. ამის შემდეგ მთელი კაცობრიობა ათასწლეულების მანძილზე ელოდა აღთქმულ მხსნელს. როდესაც ღმერთის პირობა აღესრულა - მოხდა გამოხსნა, ადამიანმა კვლავ დაიბრუნა სამოთხე, უფლის ჭვრეტის, უფალთან საუბრისა და ყოფნის უნარი, შესაძლებლობა სასუფეველში მოხვედრისა, სულის ცხონებისა...

- ბეთლემში ქალწულისგან ნაშობმა მაცხოვარმა გოლგოთაზე დაღვრილი სისხლით მთელი კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა, მთელი კაცობრიობის ცოდვა იტვირთა, ადამის ცოდვა აღხოცა და სამოთხის კარი გაგვიღო. და ჩვენც - ადამიანებს, ვინც გოლგოთის მსხვერპლის თანაზიარი გავხდებით, საშუალება მოგვეცა ზეციურ სახლში დაბრუნებისა, მარადიულად ღვთის წინაშე ცხოვრებისა - ცხონებისა. ამიტომაც ჰქვია ქრისტეს მაცხოვარი. ის ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მომცემელია - უფალთან დაკარგული კავშირის აღმდგენელია, რომელიც ადამმა გაწყვიტა.

სწორედ სასუფეველში დაბრუნება უნდა იყოს ადამიანის მთავარი მიზანი. ის ხომ სწორედ იმისთვის ჩნდება ამქვეყნად, რომ სამოთხეში იცხოვროს - ცხონდეს. ეს არის ადამიანის მთავარი მისია. ადამიანისთვის სამოთხეში ყოფნა ბუნებრივი მდგომარეობაა.

- მაგრამ ეს ჩვენ თვითონ უნდა გვინდოდეს. გამოხსნის შემდეგ ხომ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, მოიწადინებს თუ არა სამოთხეში მოხვედრას...

- რადგან სამოთხეში ყოფნა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ამის შინაგანი სურვილი და მისწრაფება ყველას გვაქვს, მაგრამ მხოლოდ სურვილი არ კმარა, საჭიროა თავის იძულებაც - სასუფეველი იიძულების და რომელმან აიძულოს თავი, მან მიიტაცოს იგიო, - ბრძანებს უფალი. სასუფეველში შესვლა მრავალ ჭირთა თმენით ხდება, ძალით, იძულებით უნდა მივიყვანოთ თავი ღმერთთან, მაცხოვრის, იესო ქრისტეს მიერ მოცემულ მცნებათა დაცვა-აღსრულებითა და სწავლა-მოძღვრებით.

მთელი მსოფლიოს მბრძანებელიც რომ იყოს კაცი, თუ ქრისტეს არ მისდია და სიკვდილის შემდეგ ვერ ცხონდა, მის ცხოვრებას აზრი ეკარგება.

ღმერთი იმას კი არ გვავალდებულებს, სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე დღედაღამ ილოცე და იღვაწეო; უფალმა უწყის ჩვენი მიწიერი მისწრაფებები, ის, რომ დედამიწაზე ყოფნის ჟამს ადამიანი მიწიერებისკენ არის მიდრეკილი, ამიტომ მცნებადაც კი დაგვიდო - ექვს დღეს იქმოდე და ქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, მეშვიდე დღე - კვირა კი მე მომიძღვენიო. სამწუხაროდ, უმეტესობას ესეც უძნელდება...

- სამოთხისკენ, ღვთისკენ სვლა, სასუფევლისთვის მზადება ნათლისღებით იწყება. სწორედ ნათლისღებისას ვიმოსებით ქრისტეთი - ვიღებთ ქრისტეს უღელს და შევუდგებით მას, როგორც აღვუთქვამთ ნათლისღების ჟამს. ნათლობით მოგვეტევება პირველქმნილი, ადამის ცოდვაც, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა ყველა ადამიანს...

- ნათლისღების გარეშე ცხონება გამორიცხულია. ისევე, როგორც შეუძლებელია ეს გოლგოთისა და ჯვარცმის გარეშე, ქრისტეს გარეშე: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი", ვერავინ მივა ღმერთთან, თუ არა ჩემით, - ბრძანებს მაცხოვარი. იესო ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის გარეშე სამოთხეში ვერავინ დაბრუნდება. ჩვენი ერთადერთი გადამრჩენი, მხსნელი და მარადიული ცხოვრების მომცემელი არის უფალი იესო ქრისტე, მისი ჭეშმარიტი რწმენა - მართლმადიდებელი სარწმუნოება და მის მიერ მოცემულ მცნებათა აღსრულება. მართლმადიდებლური წესით ნათლისღება მხოლოდ ცხონების შესაძლებლობას გვაძლევს, გვიხსნის სასუფევლის კარს, მაგრამ დავიმსახურებთ თუ არა იქ შესვლას, ჩვენზე, ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებაზეა დამოკიდებული.

ნათლისღების შემდეგ ადამიანმა ქრისტეს გზით უნდა იაროს. შესაძლოა, მონათლული იყოს, მაგრამ თუ აღმსარებელი, მაზიარებელი, სხვა ქრისტიანულ საიდუმლოებათა თანამონაწილე და საკუთარ თავზე განმცდელი არ არის, ამ გზაზე ვერ ივლის.

ქრისტეს შედგომა რას ნიშნავს? აკეთო ის, რისკენაც მოგიწოდებს უფალი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნაუწყები სწავლა-მოძღვრებით.

- წყლითა და სულიწმინდისგან ნათლისღების გარდა, რომლის შესახებაც ბრძანებს უფალი: "ვინც არ იშვების წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში", - არსებობს სისხლით ნათლისღებაც...

- გავიხსენოთ, რას ეუბნება უფალი თავის მოციქულებს ჯვაცმის წინ: "ძალგიძთ იმ ნათლისღებით ნათლისღება, რომლითაც მე?" აქ სწორედ სისხლით ნათლისღებაზე, სისხლის დათხევაზეა ლაპარაკი - ქრისტე ჯვარცმას ნათლისღებას უწოდებს. ორივე ნათლისღების შემთხვევაში ადამიანი ჯვარცმად გამზადებულ მაცხოვარს ემსგავსება. წყლით ნათლისღების დროსაც ამის ნიშნად დგას მოსანათლი თავშიშველი, თმაგაშლილი, ფეხშიშველი და თეთრი კვართით იმოსება.

- როგორც ბრძანეთ, ადამიანის ამქვეყნად მოსვლის მთავარი მიზნის - სულის ცხონების შესაძლებლობას მხოლოდ მართლმადიდებლური წესით ნათლისღება იძლევა, რაც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში აღესრულება. მსოფლიოში კი ადამიანთა უმეტესობა მართლმადიდებელი არ არის...

- ყველა არამართლმადიდებელი მოძღვრება ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, რომელიც სულიწმინდის კარნახით არის დაწერილი. ისინი კი, ვინც წმინდა წერილს მცდარად განმარტავს და არასწორად ასწავლის, ეწინააღმდეგებიან და გმობენ სულიწმინდას. სახარების თანახმად კი: ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება, სულიწმინდის გმობის გარდა (იგულისხმებიან ამ მძიმე ცოდვით ამა სოფლიდან წასულები. თუკი ვინმე მოინანიებს, ჭეშმარიტ რჯულზე მოექცევა - უფალი მიუტევებს). ამიტომ ცხონებისთვის აუცილებელ პირობას სწორი სარწმუნოების პყრობა-აღმსარებლობა წარმოადგენს. სულიწმინდის გმობის გამო კი არამართლმადიდებლები ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, სწორედ სულიწმინდის გმობაა უმთავრესი მიზეზი მათი ვერცხონებისა.

წარღვნის დროს დედამიწის ყველა მცხოვრები დაიხოცა, მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი გადარჩნენ. აქედან გამომდინარე, გადარჩებიან ისინი, ვინც ღმერთს მართლად, სწორად ადიდებს, ისე, როგორც გვასწავლის მართლმადიდებელი სარწმუნოება, და უფლის მცნებებს აღასრულებს.

- წუთისოფელში ყოფნისთვის ზოგს დიდი დრო ეძლევა, ზოგს - მცირე. რის მიხედვით ხდება ასე?

- წმინდა მამები ბრძანებენ, რომ ადამიანი ღმერთს იმ დროს გაჰყავს ამ ქვეყნიდან, როცა მისი სული ყველაზე მეტად არის მზად ცხონებისთვის და მეტს ვეღარ მიაღწევს, პირიქით, მეტად მოიმრავლებს ცოდვებს. ზოგი სულაც ჩვილობისას გაჰყავს. დაიბადება და მოინათლება თუ არა - გარდაიცვლება. ამით ღმერთი მათ სულს წარწყმედისგან იხსნის, რადგან უფალი წინასწარ ჭვრეტს ყოველივეს, იცის, რომ ვერ გაუძლებს წუთისოფელთან ჭიდილს და დაიღუპება.

უფალი ყველანაირ პირობას გვიქმნის და გვიწყობს ხელს ცხონებაში. დაბადებითაც სწორედ იმ დროს ვიბადებით და საცხოვრებელ პირობებსაც ისეთს გვაძლევს, რომელთა საშუალებითაც ყველაზე იოლად მოვიპოვებთ ცხონებას.

ადამიანი ან ღვთისკენაა მიდრეკილი, ან შმაკისკენ. მასში ან სულიწმინდის მადლი უნდა მყოფობდეს, ან ეშმაკი მკვიდრობდეს. ის ცარიელი ვერ იქნება. ადამიანში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს, ღვთის ანგელოზსა და ეშმაკს შორის. რა ზომითაც მივუახლოვდებით უფალს, იმ ზომით განვდევნით ბოროტ სულს. ბრძოლას თუ არ შევწყვეტთ, არ შევწყვეტთ ღვთისკენ სვლას, საბოლოოდ განვდევნით ბოროტს და გავიმარჯვებთ - აღვასრულებთ მთავარ მისიას, რისთვისაც მოვედით დედამიწაზე.
ბეჭდვა
1კ1