ეფრემ ფილოთეველი ანტიქრისტეს მოლოდინზე და ამერიკაში მონასტრების დაარსების მნიშვნელობაზე
ეფრემ ფილოთეველი ანტიქრისტეს მოლოდინზე და ამერიკაში მონასტრების დაარსების მნიშვნელობაზე
მამა ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) ბოლო დროის უდიდესი ათონელი მამის - იოსებ ისიქასტის მოწაფეა. 19 წლიდან ათონზეა. აქ ააღორძინა ფილოთეის სავანე და შემდეგ გაემგზავრა ამერიკის კონტინენტზე, სადაც 19 მონასტერი დააარსა.  მამა იოსებმა უწინასწარმეტყველა მას, რომ ამერიკაში 20 მონასტერს დააარსებდა. მამა ეფრემი ახლა 87 წლისაა. ის არიზონაში ცხოვრობს და უწყვეტად ლოცულობს.
ეს ინტერვიუ 1992 წელს არის ჩაწერილი, თუმცა დღეს კიდევ უფრო აქტუალურია:

- ჩვენი მონასტრის დაარსება აქ მართლმადიდებლური მონასტრული ცხოვრების გამონათებაა. თითოეული მონასტერი უფლის ფორპოსტი და წმინდა მოვლენაა. მონასტერი აკურთხებს იმ ადგილს, სადაც შენდება, აკურთხებს მთელ მსოფლიოს, ამშვიდებს ყველაფერს. დემონები გარბიან, ანგელოზები მოდიან. შრომა, რომელსაც მონასტერი ეწევა, ქრისტიანებს ეხმარება, რათა მათ სწორად იარონ გადარჩენის გზაზე. მონასტერი სულიერი თავშესაფარია, სადაც თავს აფარებს ყოველი სული, რომელსაც გადარჩენა, ნუგეში სურს. ამ სოფელში უმარავი პრობლემაა, განსაკუთრებით დღეს, ყველაზე მეტი კი სულიერი პრობლემებია. აუცილებელია, რომ გადაიჭრას და ამოიხსნას ეს პრობლემები. მონასტერი და აქ მცხოვრები ადამიანები გვაძლევენ მადლს, გვაჩვენებენ, როგორ უნდა დახმარებისთვის მისული ადამიანების გადარჩენა. ასე, რომ ბერმონაზვნობის არსებობა მანათობელია ამ ახალ მსოფლიოში – ასე უწოდებენ ამერიკას, კანადას, სადაც აქამდე არცერთი მართლმადიდებლური მონასტერი არ არსებობდა. ეს არის იმედი სიცოცხლისა, სინათლისა, ხსნისა. მაშ, მოდი ვილოცოთ, რათა ეს მონასტრები გახდეს მადლის საფუარი, რომელიც გააღვივებს მთელ ამ ახალ მსოფლიოს, გაამრავლებს მონასტრებს, ოაზისებს, სადაც ჩვენი ქრისტიანები მიირბენენ, რათა სულიერად დანაყრდნენ, წყურვილი მოიკლან, იპოვონ ხსნა, რამეთუ ჩვენ ველოდებით ახალ ეპოქას, რომელსაც ანტიქრისტეს ეპოქა ჰქვია.

ახლა უკვე მრავალი ანტიქრისტეა. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ვინ არის ანტიქრისტე? – "ის, ვინც არ აღიარებს განკაცებულ ქრისტეს", ვინც არ აღიარებს, რომ ქრისტე მოვიდა მიწაზე, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი, განკაცდა და გახდა ადამიანი და ღმერთკაცი ზეციურ სამყაროში უფლის სადიდებლად. ის, ვინც ამას არ აღიარებს, არის ანტიქრისტე.

მაშ ასე, ჩვენ ვართ ანტიქრისტეს ეპოქის მოლოდინში, რომელიც, ჩემი მორჩილი აზრით, იქნება მთელი სატანური ძალის განსახიერება. მისი გამოჩენა მოხდება ცენტრში, რომელსაც ჰქვია ნიუ-იორკი, ზღვებსა და მდინარეებს შორის, უკანასკნელ ბაბილონში, რომელზეც აპოკალიფსი გვამცნობს. ეს იქნება მისი ადგილსამყოფელი, მისი ცენტრი და აქედან ექნება ურთიერთობა მთელ მსოფლიოსთან. ეს ანტიქრისტე იწოდება "უფროს ძმად" და მას ტელევიზიის და ოპტიკური კომუნიკაციების საშუალებით ერთდოულად, ერთ მომენტში ექნება ურთიერთობა ყველა ადამიანთან. ეს იმან ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც იმყოფება ოთახში, რასაც არ უნდა აკეთებდეს, მას გამოეცხადება ანტიქრისტე და მისცემს განკარგულებას, რომ მისი იწამოს, რომ დაემორჩილოს დემონურ ენერგიას, რომ მიიზიდოს ეს ადამიანი და რომ ის მისი მიმდევარი გახდეს.

ამქვეყნად არსებობენ სატანისტები, ერეტიკოსები, ანტიქრისტეები, არსებობენ... არსებობენ... არსებობენ... ასეთ სიტუაციაში მოდის, გაიზრდება ანტიქრისტე, რომელსაც ველოდებით.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არქისტრატიგი ქრისტე გაგვაერთიანებს ამ ბრძოლისათვის თავის მიმდევართ, რჩეულთა ვაჟკაცურ ლაშქარს, რომლებიც სატანას პირისპირ შეხვდებიან და ეს ლაშქარი უბრალო ქრისტიანებსაც მიიმხრობს, რათა მათ შექმნან უფლის სახე და ლაშქარი.

ეს რჩეულები და მიმდევრები ბერ-მონაზვნები არიან, მათი ციხესიმაგრეები კი მონასტრები იქნება. მათ საფარველში იქნება მსოფლიო, რათა დაიცვან ბოროტი ძალისაგან.

ამიტომ ამ მონასტრებს, ლაშქარსა და ეკლესიას ესხმიან თავს, რათა მონასტრები არ გამრავლდეს, რომ მოაახლოვონ ანტიქრისტეს მოსვლა. ჩვენ დავდგებით რწმენის უარყოფის საფრთხის წინაშე, რადგან წამების მეთოდები მეტად მკაცრი იქნება მეცნიერებისა და ტექნიკის ახალი მიღწევების გამოყენების გამო. სატანა დიდი გამოცდილებით იმანიპულირებს ამით.

ამიტომ გვეუბნება წმინდა სახარებაში ქრისტე: "როცა მოვა ძე კაცისა, იპოვის კი რწმენას ამქვეყნად? იპოვის კი მორწმუნე ადამიანებს?" არა მხოლოდ სიტყვით, არამედ გულით და ვაჟკაცობით. ამიტომ არის აუცილებელი, რომ დავაარსოთ მონასტრები, თუ გვინდა რომ ჩვენ, ჩვენი შვილები და გარშემომყოფები ვიყოთ უსაფრთხოდ და დაცულნი იმ უბედურებებისგან, რაც მოგველის, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან ამას ამბობს წმინდა წერილი.

წმინდა წერილი სულიწმინდისგან არის და ეს ყველაფერი ახდება. ასე, რომ ჩვენ გვჭირდება მონასტრები და მასში მცხოვრები ადამიანები, ჩვენ მოვალე ვართ, დავეხმაროთ მათ, რომ იარსებონ. ვილოცებთ და გამრავლდებიან ისინი ვაჟკაცურ სულებად, რომლებიც აქტიურად დაუპირისპირდებიან სატანას და მის მხედრობას და ქრისტიანებისთვის კი იქნებიან რწმენის მაგალითები, რათა ჩვენც შევძლოთ გავხდეთ ქრისტეს ახალმოწამეები.

ეს მოწამენი იქნებიან გაცილებით უფრო სახელოვანნი პირველი საუკუნის წამებულებთან შედარებით. ისინი, ვინც გადარჩებიან ბოლო ჟამს, მზეზე უფრო მეტად გაბრწყინდებიან, პირველწამებულებზე უფრო მეტად, რადგან ტანჯვა მეტია, რწმენა სუსტი, ბოროტება ბევრი, ამიტომ ის, ვინც ჩაერთვება ბრძოლაში, იქნება ღვთისგან რჩეული.

უწინ რწმენა გამყარებული იყო სასწაულებით, წმინდანებით, მოციქულებით და იყო სასწაულები... სასწაულები... ბოროტება იყო ცოტა, ტანჯვა არ იყო ასეთი აშკარა და აქტიური. ახლა რწმენა სუსტია, ბოროტება ბევრი, ბევრია ცოდვა, სიბნელე, ცოტა წინამძღოლი, სულიერი ადამიანი იშვიათობაა. ჩვენ ვიმყოფებით უბადრუკ სულიერ მდგომარეობაში, მაგრამ ის, ვინც ეწამება ქრისტესთვის, გახდება დიდი, იქნება პირველწამებული, მოიპოვებს დიდებას და ღირსებას პირველ წმინდანებს შორის.



ბეჭდვა
1კ1